ვისთან საომრად ემზადება ჩინეთის არმია...
30 მარტს მსოფლიოს საინფორმაციო საშუალებები "დაიპყრო" თითქმის სენსაციურმა ინფორმაციამ - Foreign Affairs-ს მტკიცებით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარემ სი ძინპინმა ამ ქვეყნის პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებისას განაცხადა, რომ "ჩინეთის სახალხო-განმათავისუფლებელი არმია და ჩინეთის ხალხი სრულ მზადყოფნაში უნდა იყვნენ შესაძლო ფართომასშტაბიანი ომისთვისო"...
"ჩინეთს ომისთვის ამზადებს" - ასე შეფასდა საერთაშორისო საზოგადოების ნაწილის მიერ ჩინეთის ლიდერის ეს ოფიციალური განცხადება, მაგრამ ვისთან საომრად ემზადება უზარმაზარი ჩინეთი და რა საბრძოლო პოტენციალი გააჩნია მის შეიარაღებულ ძალებს?
რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების წინ რუსეთის არმიას სიძლიერის რეიტინგში, მსოფლიოში მეორე ადგილი ჰქონდა მიკუთვნებული, აშშ-ის შეიარაღებული ძალების შემდეგ.
თუმცა "მსოფლიოს 22-ე"- უკრაინის არმიასთან ერთწლიანი, ნაკლებად წარმატებული ორთაბრძოლის შემდეგ, რუსეთის არმიის სიძლიერის მითი მნიშვნელოვნად ჩაიფუშა და მეორე ადგილზე უცილობლად ჩინეთის არმია გავიდა...
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახალხო-განმათავისუფლებელი არმია რიცხოვნობით მსოფლიოში პირველ ადგილზეა, რადგან მის შტატში 2 მლნ-ზე მეტი სამხედრო მსახურობს.
ჩინეთის სამხედრო ბიუჯეტი 224 მლრდ დოლარს აღემატება, რითაც ჩინეთი მეორე ადგილს იკავებს აშშ-ის თავდაცვის უზარმაზარი ბიუჯეტის შემდეგ.
ჩინეთის შეიარაღებული ძალები ოთხი სახეობისგან შედგება - სახმელეთო, სამხედრო-საჰაერო, სამხედრო-საზღვაო ძალები და სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ჯარები.
ჩინეთის უზარმაზარი ტერიტორია დაყოფილია ხუთ სამხედრო ოლქად, ხოლო სამხედრო-საზღვაო ძალებს სამი ფლოტი გააჩნიათ.
2023 წლის დასაწყისისთვის ჩინეთის სახალხო-განმათავისუფლებელი არმიის რიცხოვნობა 2,035 მლნ ადამიანს შეადგენდა, აქედან სახმელეთო ჯარებში - 965 ათასი, სამხედრო-საჰაერო ძალებში - 395 ათასი, სამხედრო-საზღვაო ძალებში - 260 ათასი, სარაკეტო ჯარებში - 120 ათასი, სტრატეგიული მხარდაჭერის ძალებში - 175 ათასამდე, ხოლო ლოგისტიკურ დანაყოფებში კი - 150 ათასი ადამიანი მსახურობდა.
ჩინეთის სახმელეთო ჯარებში გაერთიანებულია 13 საერთო საჯარისო არმია, რომელთა შეიარაღებაშია 4 800-მდე ძირითადი საბრძოლო ტანკი, 8 450 ქვეითთა საბრძოლო მანქანა, 3 900 ჯავშანტრანსპორტიორი, 4 500-ზე მეტი სხვადასხვა დანიშნულებისა და ტიპის თვითმავალი საარტილერიო დანადგარი, 2 000 ბუქსირებადი ჰაუბიცა,1 300 ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა,1 100 თვითმავალი ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსი, 750 საზენიტო-სარაკეტო და საზენიტო-საარტილერიო დანადგარი, 1 000-მდე დამრტყმელი, სადაზვერვო-დამრტყმელი და სატრანსპორტო შვეულმფრენი.
ჩინეთის სამხედრო-საჰაერო ძალების განკარგულებაშია 400-მდე აეროდრომი, ხოლო შეიარაღებაში კი - 2 500-მდე სხვადასხვა ტიპის საბრძოლო თვითმფრინავი და 860 საზენიტო-სარაკეტო დანადგარი.
ჩინეთის სამხედრო-საზღვაო ძალებში ორგანიზაციულად შედის წყალზედა და წყალქვეშა ძალები, სამხედრო-საზღვაო ავიაცია, სანაპირო დაცვის ძალები და საზღვაო ქვეითების შენაერთი.
ჩინეთს სამი ფლოტი ჰყავს - ჩრდილოეთის, აღმოსავლეთის და სამხრეთის, რომელთა შეიარაღებაშია 60-მდე ატომური და დიზელისძრავიანი წყალქვეშა ნავი (რომლებსაც ბირთვულქობინიანი ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების გაშვება შეუძლით), 3 ერთეული ავიამზიდი, 47 საესკადრო ნაღმოსანი, 46 ფრეგატი, 50 კორვეტი, 89 სარაკეტო კატარღა, 234 საპატრულო კატარღა, 77 სადესანტო ხომალდი.
ჩინეთის სახალხო-განმათავისუფლებელი არმიის სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ჯარების სტრუქტურაში შედის ექვსი ოპერატიული სარაკეტო ბაზა, ბირთვული იარაღის შესანახი 67 და საინჟინრო მომსახურების - 68 ბაზა.
ჩინეთის განკარგულებაშია არანაკლებ 400 სტრატეგიული დანიშნულების ბირთვული ქობინი, რომელთა გადასატანად გამოყოფილია 140 ერთეული საკონტინენტშორისო ბალისტიკური რაკეტა.
გარდა ამისა, საშუალო სიშორისა და წყალქვეშა ნავების ბალისტიკური რაკეტების რაოდენობაც 537-ს აღწევს.
ეჭვს არ იწვევს ჩინეთის არმიის მაღალი საბრძოლო შესაძლებლობები, როგორც ჩვეულებრივი, ისე - ბირთვული იარაღის გამოყენებით, მაგრამ ვინ წარმოადგენს იმ ძირითად სავარაუდო მოწინააღმდეგეს პეკინისთვის, რომ ჩინეთში "დიდი ომისთვის" მზადება ასე ღიად გამოაცხადეს?
ისტორიულად ცნობილია, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას სურს, თავის სუვერენიტეტი აღადგინოს ტაივანის კუნძულებზე, სადაც 1950 წელს მატერიკული ჩინეთიდან გაქცეულმა გომილდანის ხელისუფლებამ "ჩინეთის რესპუბლიკა" გამოაცხადა.
ეს, ნახევრადაღიარებული "ჩინეთის რესპუბლიკა" პეკინისთვის დიდ თავსატეხს წარმოადგენს და აშშ-ში (რომელიც მხარს უჭერს ტაივანზე "მეორე ჩინეთის" არსებობას) შიშობენ, რომ რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ შეიძლება, პეკინმაც გაბედოს ტაივანის ძალით "დაბრუნება".
ამიტომაც, თუკი ოფიციალური პეკინი ღიად აცხადებს "დიდი ომისთვის" ჩინეთის არმიისა და ხალხის მზადებას, მაშინ ის, დიდი ალბათობით, მთავარ მოწინააღმდეგედ სწორედ აშშ-სა და მის მოკავშირეებს პლანეტის ამ რეგიონში - იაპონიას, ავსტრალიას და სამხრეთ კორეას მიიჩნევს?
მაგრამ ეს ხომ უკვე ბირთვული დაპირისპირების მომასწავებელი და მესამე მსოფლიო ომის დაწყების წინა პირობა გახდება, სადაც ჩინეთს შეიძლება, გვერდით დაუდგნენ ჩრდილო-კორეა, ირანი, პაკისტანი და თვით რუსეთიც კი?
პ.ს. თავის დროზე, ამ ბლოგის ავტორი, ჩინეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის მიერ ოფიციალურად იყო მიწვეული ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, სადაც გარკვეული წარმოდგენა შეექმნა ჩინეთის არმიის ძალზე სწრაფი ტემპებით განვითარებისა და გაძლიერების პროცესებზე...