"კოცნის ეპიზოდის გადაღებისას მუცელში პეპლებს ვგრძნობდი, ვღელავდი... გამოგიტყდებით, ტეკილით ვიყავი ძალიან მთვრალი, როდესაც მილას პირველად ვუთხარი - მე შენ მიყვარხარ"
ჰოლივუდის ფერად ეკრანზე ყველა და ყველაფერი ბრჭყვიალა და ლამაზი ჩანს, რეალური ცხოვრება კი ხანდახან უფერული და არც ისეთი პრინცესულია ხოლმე. ეშტონ კაჩერისა და მილა კუნისის ჰოლივუდური წყვილი დიდ სამსახიობო სამყაროში ერთი პატარა იმედია, რომ ეკრანზე ნანახი ლამაზი სიყვარულის ამბავი, შესაძლოა, რეალურ ცხოვრებაშიც შთამბეჭდავი და დაუვიწყარი აღმოჩნდეს. ტაბლოიდები წლების განმავლობაში წერდნენ, რომ მათი ურთიერთობაც, ბევრის მსგავსად, ყალბი და შექმნილი იყო და რეალობას საზოგადოება მალე გაიგებდა, თუმცა სწორედ წლებმა აჩვენა, რომ სიყვარულს, რომელსაც ეშტონი და მილა ერთმანეთს უზიარებენ, ისეთივე ბედნიერი გაგრძელება აქვს, როგორსაც მულტფილმებსა და ფილმებში ვხვდებით.
ეშტონისა და მილას სიყვარულის ამბავი 1998 წელს დაიწყო, როდესაც ამერიკის ტელეეკრანებზე “70-იანების” სერიალი გამოჩნდა. სერიალისთვის მთავარ როლზე ეშტონი განიხილებოდა, თუმცა პარტნიორი გოგონა, რომელიც სცენარის მიხედვით ეშტონის შეყვარებული უნდა გამხდარიყო, ჯერ ნაპოვნი არ ჰყავდათ. სინჯებზე მილა მივიდა, გადასაღებ მოედანზე ასაკი მოიტყუა და იმდენად კარგად ითამაშა, რომ როლიც მიიღო. მაშინ მილა 14 წლის იყო, ეშტონი კი - 21-ის ხდებოდა. გადაღებები დაიწყო და სერიალის ერთ-ერთ სერიაში აღმოჩნდა, რომ მილასა და ეშტონის გმირებს კოცნის ეპიზოდიც უნდა გადაეღოთ, რაც ერთი შეხედვით, არც ისეთი მარტივი გადასაღები იქნებოდა. წლების შემდეგ People magazine-თან ინტერვიუში მილამ გაამხილა, რომ მისი პირველი კოცნა გადასაღებ მოედანზე შედგა და ეშტონისადმი სიმპათიებიც სწორედ სერიალის გადაღებებზე გაუჩნდა.
“რომ დავინახე, ვთქვი, რა საყვარელია, კელვინ კლეინის მოდელს ჰგავს-მეთქი, შემდეგ მითხრეს, რომ მისთვის უნდა მეკოცნა. ვინერვიულე, არ მინდოდა შემემჩნია, რომ აქამდე არავისთვის მქონდა ნაკოცნი, თან ეშტონის მიმართ სიმპათიასაც ვგრძნობდი”, - იხსენებს მილა ინტერვიუში.
მარტო მილა არ ღელავდა კოცნის ეპიზოდზე, 20 წლის ეშტონსაც არანაკლებ ადარდებდა ის ფაქტი, რომ გოგონა, რომელიც მისთვის პატარა დასავით იყო, ნელ-ნელა უყვარდებოდა.
“მეც ვღელავდი, მილა საოცრად ირგებდა როლს, ისე თამაშობდა, იფიქრებდით, რომ ეს როლი უკვე შესრულებული ჰქონდა. კოცნის ეპიზოდის გადაღებისას მუცელში პეპლებს ვგრძნობდი და თან ვფიქრობდი, ჩემზე პატარაა და მას უნდა ვაკოცო-მეთქი”, - ამბობს ეშტონი People-თან ინტერვიუში.
გადაღებები დამთავრდა, რამდენიმე წელში სერიალიც დასრულდა და მილასა და ეშტონის სასიყვარულო გზები გაიყარა, ერთმანეთის მიმართ გაუმხელელი გრძნობები თითქოს იქვე, გადასაღებ მოედანზე დარჩა. წყვილი ერთმანეთს დაჯილდოებებსა და წვეულებებზე ხვდებოდა, მეგობრობდნენ, თბილად, სიხარულით კითხულობდნენ ერთმანეთს, თუმცა სასიყვარულო ურთიერთობისგან შორს იყვნენ.
2005 წელს ეშტონ კაჩერმა დემი მურს ცოლობა სთხოვა. ეს მოულოდნელი ამბავი მთელ კინოინდუსტრიას მალევე მოედო, დემი ეშტონზე ასაკით დიდი იყო, თუმცა მათ სიყვარულს ხელს არაფერი უშლიდა. მილაც ბედნიერი იყო - კუნისის ფანები მის გვერდით ყველასთვის საყვარელ მაკოლეი კალკინს ხედავდნენ. მილა და მაკოლეი ურთიერთობას არ მალავდნენ, ეშტონი და დემი კი უკვე ოფიციალურად ცოლ-ქმრის სტატუსს ირგებდნენ.
2011 წლის 3 იანვარს მილა კუნისი და მაკოლეი კალკინი ერთმანეთს დაშორდნენ, 8-წლიანი ურთიერთობის შემდეგ წყვილმა ჩუმად დაასრულა ურთიერთობა. ბედის ირონია იყო დემი მურისა და ეშტონ კაჩერის დაშორების ამბავიც. 2011 წლის 17 ნოემბერს მურმა გამოაცხადა, რომ ის და ეშტონი განქორწინდნენ.
“სამწუხაროა, გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი ექვსწლიანი ქორწინება დავასრულოთ”, - უთხრა მურმა ჟურნალისტებს.
“მუდამ დავაფასებ იმ დროს, რომელიც დემისთან გავატარე. ქორწინება ერთ-ერთი ყველაზე რთული რამაა სამყაროში და, სამწუხაროდ, ზოგჯერ მარცხით მთავრდება”, - გაამხილა კაჩერმა ერთ-ერთ ინტერვიუში.
2012 წელს ოქროს გლობუსის 69-ე ყოველწლიურ დაჯილდოებაზე მილა და ეშტონი ერთმანეთს შეხვდნენ. უკვე თავისუფალი და ბედნიერი მილა და ეშტონი ამ შეხვედრას ინტერვიუებსა და პირად საუბრებში დღემდე იხსენებენ.
“ირგვლივ ვიყურებოდი და ზურგიდან ლამაზი მამაკაცი შევნიშნე, მახსოვს ვთქვი, რა ლამაზი კაცია-მეთქი, შემდეგ შემობრუნდა და ეშტონი დავინახე, ღმერთო, ჩემო ეს ხომ კუჩია-მეთქი, - ჩემთვის გავიფიქრე. ყველაზე უცნაური შეხვედრა იყო, დავინახე უცხო ადამიანი, რომელიც ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე ძველი მეგობარი აღმოჩნდა, მაშინ მე და ეშტონი წლების შემდეგ პირველად შევხვდით ერთმანეთს”, - თქვა მილამ მარკ მარონის პოდკასტში.
2012 წლის იანვარში ჰოლივუდის სასიყვარულო ისტორია ხელმეორედ დატრიალდა, ეშტონი და მილა პაპარაცების ობიექტივში ერთად გამოჩნდნენ და წლების შემდეგ საჯაროდ წყვილის ხელმეორე კოცნაც შედგა. "ოქროს გლობუსის" ცერემონიის შემდეგ ეშტონმა სახლში წვეულება მოაწყო, სადაც მილა და სხვა რამდენიმე მეგობარი დაპატიჟა. კაჩერს უნდოდა, მილა თავისი მეგობრისთვის გაერიგებინა, თუმცა რას წარმოიდგენდა, რომ გოგონა გადასაღები მოედნიდან მისი ცხოვრების სამუდამო მეგზური გახდებოდა.
“ჩემი ქმარი თავისი მეგობრის გასაცნობად ბრმა პაემანზე მეპატიჟებოდა, თუმცა ჩვენი ხელმეორედ გაცნობა გამოვიდა, მივედი, მისი მეგობარიც გავიცანი, თუმცა ეშტონის გარდა არავინ მაინტერესებდა”, - იხსენებს მილა the late show-ში.
2011 წლის ბოლოს, მილამ ფილმში “friend with benefits” ითამაშა, კაჩერმა კი “No Strings Attached” მსგავსი შინაარსის ფილმში მთავარი როლი შეასრულა. ორივე ფილმის სცენარი მსახიობების რეალური ცხოვრება გახდა. თითქოს მეგობრობდნენ, თუმცა მეგობრობის უკან უკვე დიდი სიყვარული იმალებოდა.
“თავიდან ვთქვით, მოდი, გავერთოთ, ორივე მარტოხელები ვართ, ორივე ერთმანეთს ვენდობით, სამყარო ისედაც მშვენიერია, თუმცა გართობა მალე სიყვარულში გადაიზარდა”, - თქვა მილამ მარკ მარონის პოდკასტში.
2012 წლის ბოლოს წყვილი საცხოვრებლად ერთად გადავიდა, მილა ქორწინების წინააღმდეგი იყო, კაჩერსაც არ სურდა ცოლის შერთვა, თავს ერთად კარგად გრძნობდნენ, არც სიყვარულს და არც გრძნობებს არ მალავდნენ, თუმცა ქორწინების საჭიროებას ვერ ხედავდნენ. 2014 წელს, 2 წელიწადში, მათი ხედვა შეიცვალა და ჰოლივუდში ხმა გავარდა, რომ წყვილი დაინიშნა. კუნისი თითზე დიდი ბრილიანტის ბეჭდით დააფიქსირეს. როგორც ეშტონისა და მილას ახლობლები ამბობდნენ, ნიშნობა ტრადიციულად შედგა და კაჩერმა მილას ხელი შობის ღამეს სთხოვა. მათი გრძნობები ნამდვილი იყო, ურთიერთობა ორივეს გააზრებული ჰქონდა და დაოჯახებაც მყარ ნიადაგზე გადაწყვიტეს.
2014 წლის მაისში მილა ამერიკელ ტელეწამყვანს, ელენ დეჯენერესს შოუს დროს გამოუტყდა რომ ორსულად იყო და მთელი დღე მჟავე კომბოსტოს ჭამაში ატარებდა. მილას ორსულობა საზოგადოებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, წყვილის დაქორწინებას და შემდეგ მათ პირველ შვილს ასე მალე ნამდვილად არ ელოდნენ.
1-ელ ოქტომბერს წყვილს ქალიშვილი - უაიტ იზაბელ კაჩერი შეეძინა. ეშტონმა სოციალურ ქსელში სამყაროს ახარა, რომ ის და მილა უკვე მშობლები იყნენ.
“მინდა, მივესალმოთ ჩვენს შვილს - უაიტ იზაბელ კაჩერს. დაე, შენი ცხოვრება იყოს საოცრებებით, სიყვარულით, სიცილით, ჯანმრთელობით, ბედნიერებით და ცნობისმოყვარეობით სავსე, ჩემო გოგონა”, - დაწერა კაჩერმა სოციალურ ქსელში.
ასევე, ეშტონმა ფანების დასაბნევად ახალშობილის რამდენიმე ფოტო გამოაქვეყნა.
“აბა, გამოიცანით, რომელია ჩვენი შვილი, თუმცა ამას რა მნიშვნელობა აქვს, ყველა ბავშვი საყვარელია”.
და აი, სწორედ 1-ელი ოქტომბრიდან კაჩერების ოჯახში ბევრი რამ შეიცვალა, მილა და ეშტონი შვილს პაპარაცებისგან მოშორებით, ჩუმად ზრდიდნენ, ცდილობდნენ, ბავშვები არც არავის შეეწუხებინა და არც მათი ფოტოები ენახა საზოგადოებას. 2015 წლის 4 ივლისს ეშტონისა და მილას ფარული ქორწინებაც შედგა. ქორწილი საიდუმლოდ, პატარა ბაღში მოაწყვეს, სადაც მილამ და უაიტმა - დედა-შვილმა თეთრი კაბები მოირგეს.
2016 წლის 30 ნოემბერს წყვილის ცხოვრებაში მეორე შვილი გამოჩნდა, მილა მეორედ გახდა დედა, კაჩერებს დიმიტრი პორტვუდ კაჩერი შეეძინათ.
2017-2018 წლები ისე გავიდა, რომ კაჩერების შესახებ ბევრი არაფერი იყო ცნობილი. წერდნენ, რომ წყვილი შვილებს ზრდიდა, ჩუმად, პაპარაცებისგან მოშორებით, ცდილობდნენ, შვილებისთვის ნორმალური ცხოვრება მოეწყოთ, სადაც არა ცნობილი დედ-მამის, არამედ, ჩვეულებრივი ამერიკული ოჯახის შვილები იქნებოდნენ.
2019 წელს ტაბლოიდები ალაპარაკდნენ, რომ კაჩერი და კუნისი დაშორდნენ და მათი ამბები სწორედ ამიტომ იმალებოდა. ამ ამბავს წყვილი სახალისო ვიდეოთი გამოეხმაურა, სადაც ეშტონი მილას ავტომობილში ვიდეოს უღებს და ეუბნება, გაიგე? დავშორდით? რა ხდება? ჩვენ შორის ყველაფერი დასრულდა? ღმერთო ჩემო, რას ვაპირებთ?
ვიდეო ნიშანი იყო იმის, რომ წყვილს შორის ყველაფერი იდეალურად მიდის, უბრალოდ, მათ პაპარაცებთან ერთად ცხოვრება არ სურთ და თავიანთ პირად სივრცეს საგულდაგულოდ უფრთხილდებიან.
2019 წელს წყვილმა დახურული წვეულება მოაწყო, სადაც ეშტონის იუბილე აღნიშნეს და მეგობრების გარემოცვაში, ისევ პაპარაცებისგან მალულად, სასიამოვნო საღამო მოიწყვეს.
2020 წლის ბოლოს ერთად გამოჩნდნენ ამერიკული ცნობილი ჩიფსის სახალისო რეკლამაში, 2021 წელს კი კაჩერი და კუნისი სოციალურ ქსელში ისევ სახალისო ვიდეოთი დაუბრუნდნენ ფანებს, სადაც შვილებზე, მათ მუდმივ ზრუნვაზე და ცხელ შხაპზე ილაპარაკეს.
“ბავშვობაში ცხელი წყალი არ მქონდა, ამიტომ ხშირად არც ვბანაობდი, ახლა ჩვენს შვილებს ერთ პატარა ჭუჭყზეც კი აბაზანაში მივარბენინებთ”, - ამბობს კუნისი ვიდეოში.
“ბავშვებს ცხელი წყლით ბან, რა გინდა, რომ გაადნო?”, - ხუმრობით ყვირის კაჩერი იმავე ვიდეოში.
რთულია ამ წყვილის ურთიერთობით არ მოიხიბლო, შენც არ შეგიყვარდეს ეშტონის იუმორი და მილას სიყვარულით სავსე თვალები, რომელიც კაჩერსა და ოჯახზე ზრუნვით არის აციმციმებული. კაჩერებმა სამყარო უკვე დაარწმუნეს იმაში, რომ რაც უნდა მოხდეს, მათი გრძნობები არ გაქრება, რამდენი ჭორიც არ უნდა აუგორონ, მათი გიჟური იუმორი, შვილების მიმართ სიყვარული და ერთმანეთის პატივისცემა არ შეიცვლება.
2022 წელს ეშტონმა მილას მიმართ მისი გრძნობების გამხელა გაიხსენა და სამყაროს შეახსენა, რომ არასდროს შეწყვეტს კუნისისთვის იმის შეხსენებას, რომ იღბლიანია და გოგონა გადასაღები მოედნიდან ისევ ისე ძლიერ და თავდავიწყებით უყვარს.
“გამოგიტყდებით, ტეკილა მქონდა დალეული, ძალიან მთვრალი ვიყავი, როდესაც მილას პირველად ვუთხარი, მე შენ მიყვარხარ, მან კი მკითხა, მეორე დღეს, როდესაც ნაბახუსევზე გავიღვიძებდი, ისევ მეყვარებოდა თუ არა იგი.
ორივე ნასვამები ვიყავით.
მეორე დილით გავიღვიძე, გადავხედე და ვუთხარი, იცი, ისევ მიყვარხარ-მეთქი.
ასე იყო და დღემდე ასეა, ერთმანეთი გვიყვარს“, - ეშტონ კაჩერი.
(სპეციალურად საიტისთვის)