"მეტროში პლაკატების გაკვრა არის იმის გამოხატულება, რომ ხელისუფლებამ ყველა მტრად გამოაცხადა" - კვირის პალიტრა

"მეტროში პლაკატების გაკვრა არის იმის გამოხატულება, რომ ხელისუფლებამ ყველა მტრად გამოაცხადა"

მეტროში პლაკატების გაკვრა არის იმის გამოხატულება, რომ ხელისუფლებამ ყველა მტრად გამოაცხადა, - ასე შეაფასა „ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა მეტროსადგურებთან პლაკატების გაკვრის ფაქტი, რომლებზეც არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები არიან გამოსახული.

როგორც ნაცვლიშვილმა, „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა, აღნიშნული ფაქტი, ვინც პლაკატზეა გამოხატული მათზე კი არ მეტყველებს ცუდად, არამედ „ქართულ ოცნებაზე“ .

„ამ პლაკატებზე მოხვდა, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი შემქმნელი, დავით უსუფაშვილი და პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია. როდესაც ოპოზიცია გიორგი გახარიას აკრიტიკებდა, კობახიძე ყველას აჯერებდა, რომ საუკეთესო პრემიერი იყო. ცოტა ხანში კი „კოკაინშიკი“ გახდა.

ყველა როგორ შეიძლება მოღალატე და ქვეყნის მტერი იყოს. ხელისუფლებამ საზოგადოებას გამოუცხადა ომი. მათ ასევე ომი გამოუცხადეს ახალგაზრდებს და ყველა მოქალაქეს, ვინც 7-8 მარტის მოვლენების მონაწილე იყო. ომი გამოუცხადეს დასავლელ პარტნიორებს. ყველა ცუდია, მარტო თვითონ არიან უმანკონი.

ხელისუფლების ეს პროპაგანდა არის ჰიბრიდული ომის ნაწილი, რომელიც მიზანმიმართულად აწარმოებს საინფორმაციო ომს საკუთარი საზოგადოების წინაშე. ისე ხშირად „ბომბავს“ საინფორმაციო ნაღმებით, რომ ადამიანებს არაფერზე რეფლექსი არ ჰქონდეთ“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

„მოღალატე ჯაშუშები“ - ამ შინაარსის პლაკატები, რომლებზეც არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები არიან გამოსახული, თბილისში რამდენიმე ადგილას გამოაკრეს.

"ინტერპრესნიუსი"