თურქეთის პარლამენტმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ფინეთს ნატო-ში გაწევრიანების უფლებას აძლევს - კვირის პალიტრა

თურქეთის პარლამენტმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ფინეთს ნატო-ში გაწევრიანების უფლებას აძლევს

თურქეთის პარლამენტმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ფინეთს ნატო-ში გაწევრიანების უფლებას აძლევს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ამრიგად, თურქეთი გახდა ალიანსის წევრი ბოლო, 30-ე ქვეყანა, რომელმაც ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების რატიფიცირება განახორციელა, მას შემდეგ რაც რამდენიმე დღის წინ უნგრეთმა მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო.

„ნატო-ს წევრობა გააძლიერებს ფინეთის უსაფრთხოებას და გააუმჯობესებს სტაბილურობას და უსაფრთხოებას ბალტიის ზღვის რეგიონსა და ჩრდილოეთ ევროპაში“, - ნათქვამია ფინეთის მთავრობის განცხადებაში, რომელიც თურქეთის პარლამენტში გამართული კენჭისყრის შემდეგ გავრცელდა.

ფინეთმა და შვედეთმა ნატო-ში გაწევრიანებაზე განაცხადი შარშან, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ გააკეთეს. ნებისმიერი ქვეყნის ალიანსში გასაწევრიანებლად საჭიროა, მისი განაცხადის რატიფიცირება ნატო-ს ყველა წევრის პარლამენტებმა მოახდინოს.

IPN