"ჩვენს ქვეყანაში მსხვერპლს უფრო ხშირად ლანძღავენ, ვიდრე - მოძალადეს. როგორ დავეცით იმ დონემდე, რომ მოძალადეს ვამართლებთ - მსხვერპლს გამომწვევად ეცვა, თამამად იქცეოდა და ღირსი იყოო" - კვირის პალიტრა

"ჩვენს ქვეყანაში მსხვერპლს უფრო ხშირად ლანძღავენ, ვიდრე - მოძალადეს. როგორ დავეცით იმ დონემდე, რომ მოძალადეს ვამართლებთ - მსხვერპლს გამომწვევად ეცვა, თამამად იქცეოდა და ღირსი იყოო"

"არავინ გაბედოს ჩვენი შვილების თაობაზე აუგის თქმა!"

"ჩვენს ქვეყანაში მსხვერპლს უფრო ხშირად ლანძღავენ და განიკითხავენ, ვიდრე - მოძალადეს. ყველას წაგვიკითხავს ან მოგვისმენია ფრაზები - "ალბათ, ღირსი იყო და იმიტომ სცემეს, ღირსი იყო და იმიტომ აწამეს, ღირსი იყო და იმიტომ მოკლეს... არც კი ვიცი, როდის და როგორ დავეცით ამ დონემდე!" - გვითხრა მამა პეტრე კვარაცხელიამ (კოლხი), რომელსაც ამ უმწვავეს თემაზე ვესაუბრეთ:

- მამაო, რატომ ხდება მსგავსი რამ, რატომ ამართლებენ ადამიანები ისეთ მძიმე ცოდვას, როგორიც სუსტზე ძალადობაა?

- ეს იმიტომ ხდება, რომ ჩვენს ქვეყანაში ძალადობა ყველაზე გავრცელებული გზაა საზოგადოებაში ადგილის დასამკვიდრებლად. ჩემი სიტყვები ეხება არა მარტო საერო დაწესებულებებს, ეს ეხება ჩვენი ეკლესიის ნაწილსაც. ვფიქრობ და მიკვირს: როგორ დავეცით იმ დონემდე, რომ მოძალადეს ვამართლებთ; რომ მსხვერპლს გამომწვევად ეცვა; რომ თამამად იქცეოდა; რომ ღირსი იყო და საკადრისად მოექცნენ... ამ ლოგიკით მკვლელებიც იმართლებენ თავს: მოკლულმა მდგომარეობიდან გამომიყვანა, სხვა გზა არ დამიტოვა და უნდა მომეკლაო! ან რას ნიშნავს თამამად და თავისუფლად ჩაცმა? - მე როგორც მინდა, ისე ჩავიცვამ, მაგრამ შენ რატომ აძლევ თავს უფლებას, რომ ჩემი გარეგნობის ან სამოსის გამო დამამცირო?! რას ნიშნავს ეს ყველაფერი და რატომ გვაქვს პრეტენზია, რომ ცივილიზებულ სამყაროში ვცხოვრობთ, თუკი ადამიანებს ასე მოვექცევით?!

- როგორ უნდა ვუშველოთ ამ სიტუაციას?

- თუ ყველაფერს ერთად არ გავაპროტესტებთ, თუ მთელი საზოგადოება ერთმანეთს მხარში არ ამოუდგება, შეუძლებელია, ეს სიმახინჯე აღმოიფხვრას. ამ დრომდე, მხოლოდ ერთეულები აქტიურობდნენ და ისეთი სიტუაცია იყო, როგორიც "დათა თუთაშხიას" ერთ-ერთ ეპიზოდშია: მგზავრებს ყაჩაღები შეიპყრობენ და იქ მყოფი ქალები გადაწყვეტენ, ყველამ ერთხმად იკივლოს. ბოლოს მარტო ერთი დაიწყებს ყვირილს, დანარჩენები კი - გაჩუმდებიან. კარგია, რომ ახლა ყველაფერი სხვაგვარად მოხდა: ერთ ახალგაზრდა გოგონას, რომელმაც მოძალადე ამხილა, სხვებიც აჰყვნენ და ყველაფერი სასამართლომ უნდა გაარკვიოს. სამწუხაროა, რომ ბევრმა ამ გოგონების განკითხვა და დამცირება დაიწყო, სამწუხაროა, რომ ჩვენი საზოგადოება ამდენად მოუმზადებელია სიმართლის მოსასმენად! ოღონდ, რეალური სურათი მიჩქმალოს და ზოგიერთი მზადაა, ძალადობა გაამართლოს. ამ ფონზე, ჩემთვის სასიამოვნო მოულოდნელობა იყო სალომე ზურაბიშვილის პოზიცია, რომელმაც ძალადობა დაგმო და საზოგადოებას სიმართლის დაცვისკენ მოუწოდა. ვიდრე ჩვენი საზოგადოების ყველა ფენა არ დაგმობს ნებისმიერი ფორმის ძალადობას, დიდია ალბათობა, რომ ხვალ და ზეგ მსხვერპლი ჩვენი ოჯახის წევრიც გახდეს. ეს ნამდვილად არ არის ხელწამოსაკრავი თემა, რადგან ყველა ბოროტება, ყველა უსამართლობა, ყველა დაპირისპირება თავს იჩენს იქ, სადაც ძალადობას ამართლებენ. ყველა მოძალადე სათანადოდ და სამაგალითოდ უნდა დაისაჯოს.

- თუმცა საქართველოში თანამდებობის პირებს და გავლენიან ადამიანებს გაცილებით მეტის უფლება აქვთ, ვიდრე ჩვეულებრივ მოქალაქეებს...

- უფლებამოსილების გადაჭარბება ყველაზე ცუდი მოვლენაა, რადგან საჯარო მოხელეს საზოგადოების მიერ მიღებული წესების და კანონების დაცვა ყველაზე მეტად მოეთხოვება. კანონის წინაშე ყველას თანაბრად მოეთხოვება, რადგან ჩვენ დღეს სულ სხვა მოცემულობის წინაშე ვიმყოფებით. რას ვგულისხმობ? - ჩვენი შვილების თაობას: ეს თაობა მშობლების მიერ გამოვლენილ ძალადობასაც აპროტესტებს და პატრულში რეკავს, თუ ხედავს, რომ ერთი ადამიანი მეორეს ცუდად ექცევა. ეს თაობა თავისუფალ საქართველოში დაიბადა, გაიზარდა და სულ სხვა მენტალობა აქვს - ის უცხო ადამიანს კი არა, ოჯახის წევრსაც არ აპატიებს უღირსად მოქცევას. სასტიკად ცდება ის, ვინც ფიქრობს, რომ თანამდებობა აქვს და მისი უფლებები შეუზღუდავია, ვისაც ჰგონია, რომ ადამიანები მარიონეტები ან თოჯინები არიან და როგორც სურთ, ისე ათამაშებენ. ეს ბიუროკრატიული, საბჭოური სისტემა უკვე დასრულდა, დღეს სულ სხვა მოცემულობაში ვცხოვრობთ, დღეს შეუძლებელია, ძალადობა რაიმე ფორმით იყოს გამართლებული.

- თანამედროვე ახალგაზრდებს ამის გამო ხშირად აკრიტიკებენ: ისინი სიმართლეს არ მალავენ, რაც ბევრს არ მოსწონს...

- ზოგ-ზოგიერთებმა რაც უნდა ამტკიცონ, რომ ეს თაობა უზრდელი და თავხედია, რომ მიტინგზე გამოვიდნენ და ურნები წააქციეს, ის მაინც სუფთა და სამართლიანია. ნაგვის ურნების წაქცევაა დღევანდელი საზოგადოების მთავარი პრობლემა? ჩვენ რა მაგალითს ვაძლევთ ამ ბავშვებს? - ახალგაზრდებს რას ვთხოვთ, როცა მათი მამები პარლამენტში ერთმანეთს ცხვირ-პირს ამტვრევენ?! ეკლესიაში - ძალადობა, პარლამენტში - ძალადობა, ქუჩაში - ძალადობა, ოჯახში - ძალადობა... და რატომ გვიკვირს, ამგვარ გარემოში მოძალადეები რომ იზრდებიან?! ჩვენ გარშემო ტყუილი და ფარისევლობა მეფობს და ყველაზე დიდი პრობლემა, თურმე, წაქცეული ურნები ყოფილა! რატომ დაგვავიწყდა ტყვიით დაცხრილული ქაშუეთი, ნახევრად ჩამონგრეული პარლამენტის თუ პირველი სკოლის კედლები?! 1990-იან წლებში ქართველები ერთმანეთს რომ ხოცავდნენ, ჩვენ იმ თაობის შვილები არ ვართ? ჩვენი გაზრდილი შვილები, რომლებიც სტრესში, აგრესიასა და ძალადობაში დაიბადნენ, როგორები იქნებიან? ამიტომ, არავინ გაბედოს და ამ თაობაზე ცუდი არ თქვას! ყველამ სარკეში ჩაიხედოს, საკუთარი მახინჯი სახე დაინახოს და ეს ახალგაზრდები მერე განიკითხოს!

- მამა პეტრე, მოძალადეები ყველა დროში არსებობდნენ და იარსებებენ, ამ მოცემულობას ვერსად გავექცევით.

- გეთანხმებით, მოძალადეები ყოველთვის არსებობდნენ, მაგრამ ტრაგედია, იცით, რა არის? - ძალადობის წახალისება. მოძალადეს უნდა ეშინოდეს მის მიერ ჩადენილი დანაშაულის თუ უსამართლო ქმედებისა. მართალია, ადამიანი მის მიერ ჩადენილი უსამართლობის გამო პასუხს აუცილებლად აგებს სამყაროს და ღვთის წინაშე, მაგრამ ეს საკმარისი არ არის: მოძალადემ უნდა იცოდეს, რომ ის აქვე, ახლავე, კანონის ძალით დაისჯება. როგორ შეიძლება სუსტ, დაუცველ ადამიანზე ვინმემ იძალადოს?! ან ამის გამართლება როგორ შეიძლება?! ის, ვინც ამ ბოროტებას ამართლებს, ვერასდროს დაინახავს სიმართლეს!

ვაი მას, ვინც მზეს ხედავს, მაგრამ არ უნდა, რომ დაინახოს!

- და მაინც, როგორ ყალიბდებიან მოძალადეებად?

- მოძალადედ ადამიანი ოჯახში ყალიბდება - როგორც ჩანს, თავის დროზე მასზეც იძალადეს. ეს სუსტი ადამიანების სინდრომია, მოძალადე თავის კომპლექსებს ვერ ერევა, თავისი უფლებებით სარგებლობს, მაგრამ რა გავლენა ან როგორი თანამდებობაც უნდა ჰქონდეს, ის მაინც სულმდაბალი ადამიანია. ამიტომ მოძალადე საზოგადოებამ უნდა ამხილოს და სათანადო პასუხი გასცეს, რომ მომავალში მსგავსი შეცდომები აღარ დაუშვას. თუ პასუხი დღესვე არ გაეცემა, საზოგადოებაში დაუსჯელობის სინდრომი გაღვივდება და ხვალ ან ზეგ უარესი რამ მოხდება. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ახალი თაობა უსამართლობას ვერ შეეგუება, რომ ეს ბნელი, მოძველებული აზროვნება ჩვენს ქვეყანაში სამუდამოდ დასამარდება.

ხათუნა ჩიგოგიძე (სპეციალურად საიტისთვის)