რუსებს მეექვსე ოცმილიონიანი "ზოოპარკიც" აუფეთქეს... - კვირის პალიტრა

რუსებს მეექვსე ოცმილიონიანი "ზოოპარკიც" აუფეთქეს...

სიმართლე გითხრათ, 26 წლის წინ, როდესაც მასზე ზემოდან დავძვრებოდი და დეტალურად ვათვალიერებდი, მიკვირდა, "ზოოპარკი" (Зоопарк-1М) რა დასარქმევია-მეთქი, თუმცა რუსი კონსტრუქტორები მარწმუნებდნენ, რომ მათი "ზოოპარკი" მომავალ ომებში ყველაფერს თავდაყირა დააყენებდა და მოწინააღმდეგის არტილერიის ყველა მსროლელ ნაღმსატყორცნსა თუ ჰაუბიცას წამებში გამოავლენდა...

მას შემდეგ მეოთხედ საუკუნეზე მეტი გავიდა და უკრაინასთან ომში უკვე მეექვსე, ძვირად ღირებულ "ზოოპარკს" კარგავენ რუსი ოკუპანტები.

რუსული "ზოოპარკი" კონტრსაბატარეო ბრძოლის მობილური რადიოლოკაციური კომპლექსია, რომელიც განკუთვნილია მოწინააღმდეგის არტილერიის (ნაღმსატყორცნების, საარტილერიო დანადგარების, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების) საცეცხლე პოზიციების ზუსტი კოორდინატების დასადგენად, საკუთარი არტილერიის ცეცხლის კორექტირებისთვის და საჰაერო სივრცის გასაკონტროლებლად.

"ზოოპარკის" მოქმედების პრინციპი შემდეგია - მუხლუხიან მსუბუქად შეჯავშნულ გამწევზე დამონტაჟებული სამკოორდინატიანი ფაზირებულანტენიანი რადიოლოკაციური სადგური აღმოაჩენს გასროლილ ჭურვს და რაკეტას, ხოლო მანქანის შიგნით ჩამონტაჟებული "კომპიუტერული ცენტრი" ოციოდე წამში ითვლის მათი ფრენის ტრაექტორიას და დაცემის ადგილს. ამით ცნობილი ხდება გასროლის ადგილის ზუსტი კოორდინატები, რომლებსაც "ზოოპარკის" გათვლა ავტომატურ რეჟიმში აწვდის სამეთაურო ცენტრს და, მისი ბრძანებით, ამ კოორდინატების მიმართულებით იხსნება საპასუხო საარტილერიო ცეცხლი...

რუსი სამხედროების მტკიცებით, მათ მოდერნიზებულ Зоопарк-1М-ს 81მმ და 120 მმ კალიბრის ნაღმსატყორცნების ნაღმების ფრენა 18-22 კმ-ის სიშორიდან შეუძლია დააფიქსიროს,105 და 155 მმ კალიბრის საარტილერიო ჭურვების 15-20 კმ-იდან, 122 და 240 მმ კალიბრის უმართავი რაკეტებისა - 25-35 კმ-იდან, ხოლო ტაქტიკური რაკეტების კი - 40-45 კმ-იდან.

თითქოს რუსული "ზოოპარკის" ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლები არცთუ ურიგოა, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ არანაკლებ ექვსი ასეთი რუსული "ზოოპარკის" განადგურება უკრაინელებმა დრონი-კამიკაძეებითაც შეძლეს, რომლებიც, წესით, ასეთ ნაქებ რუსულ მობილურ რადიოლოკატორს ადრევე უნდა აღმოეჩინა და თავის დაცვაზე ეფიქრა...

საქმე ის არის, რომ რუსულ "ზოოპარკზე" დაყენებული, აქტიურ რეჟიმში მომუშავე ფაზირებულანტენიანი რადიოლოკატორი თავადაც დიდი სიმძლავრის რადიოტალღებს გამოასხივებს და შედარებით ადვილი აღმოსაჩენი ხდება მოწინააღმდეგის რადიოელექტრონული დაზვერვის მიერ.

ამასთან, "ზოოპარკის" რადიოლოკატორი ვიწრო სექტორში ასხივებს, საიდანაც მოსალოდნელია მოწინააღმდეგის არტილერიის მუშაობა, ამიტომაც ზურგსუკან ის "ბრმაა", რითაც კარგად სარგებლობენ უკრაინული კამიკაძე-დრონების ოპერატორები.

აღსანიშნავია, რომ "ზოოპარკის" "სამშობლო" მარტო რუსეთი როდია, - უკრაინაცაა...

2-zooparki-1680259840.png

უკრაინელებმა თავის „ზოოპარკ-3“-ში რადიოლოკატორი და მართვის პუნქტი სხვადასხვა მანქანებზე განათავსეს, რითაც გაზარდეს გათვლის წევრების გადარჩენის შანსები მოწინააღმდეგის სარაკეტო დარტყმის შემთხვევაში

გასული საუკუნის 80-იან წლებში საბჭოთა არმიამ მოინდომა, ჩაენაცვლებინა კონტრსაბატარეო ბრძოლის მოძველებული მობილური რადიოლოკატორი "რისი"(ფოცხვერი) უფრო თანამედროვე ანალოგით და ეტყობა, ამიტომაც დაარქვეს მას "ზოოპარკი", რომელსაც უნდა გაერთიანებინა "რისისა" და სხვა ლოკატორების შესაძლებლობები.

თუმცა ახალი მობილური რადიოლოკატორის შექმნა ერთდროულად დაავალეს, როგორც რუსეთის, ისე - უკრაინის ტერიტორიებზე მოქმედ ორ სხვადასხვა საბჭოთა საკონსტრუქტორო ბიუროს.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთის არმიამ შეიარაღებაში მიიღო სწორედ"ზოოპარკი" (Зоопарк-1М), ხოლო უკრაინამ კი ჯერ "ზოოპარკი"-2 )Зоопарк-2) , ხოლო შემდეგ კი - "ზოოპარკი"-3 (Зоопарк-3).

უკრაინული "ზოოპარკ-3" იმით სჯობს რუსულ "ზოოპარკ-1მ"-ს, რომ მისი რადიოლოკატორი ცალკე გამწევზეა დამონტაჟებული, ხოლო მართვის პუნქტი კი სხვა მანქანაზეა და თუკი მოწინააღმდეგე ანტირადიოლოკაციურ მართვად რაკეტას გამოუშვებს რადიოლოკატორის გამოსხივების წყაროსკენ, შეიძლება განადგურდეს მხოლოდ რადიოლოკატორის ანტენა, სამაგიეროდ, გათვლის წევრები გადარჩებიან, მაშინ, როდესაც რუსულ "ზოოპარკში" მსხდომებს გადარჩენის შანსი არ აქვთ, თუკი რაკეტამ მათი ლოკატორი "მოძებნა"...

3-zooparki-1680259874.png
უკრაინის ფრონტზე აფეთქებული რუსული „ზოოპარკებიდან“ ერთ-ერთი...

სხვათა შორის, 2022 წლის სექტემბერში, როდესაც ხარკოვის მიმართულებიდან უკრაინის არმიამ წარმატებული სწრაფი კონტრშეტევები წამოიწყო, უკრაინელი სამხედროების ხელში სხვა, მიტოვებულ რუსულ საბრძოლო ტექნიკასთან ერთად, ალაფში ერთი 20 მლნ-დოლარიანი რუსული ზოოპარკი-1მ -იც აღმოჩნდა...სრულ საბრძოლო მზადყოფნაში.

სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ რუსეთის საოკუპაციო არმიასაც აქვს განადგურებული უკრაინელების ის კონტრსაბატარეო მობილური რადიოლოკაციური სადგურები, რომლებსაც უკრაინის არმიას პენტაგონი აწვდის.