"ჯაშუშობის ახალი ერა კიევს უპირატესობას აძლევს: ღია წყაროებიდან მოპოვებული ინფორმაცია ხშირად ძალზე მნიშვნელოვანია"
ბრიტანული გაზეთი "დეილი ტელეგრაფი" (The Daily Telegraph) ბეჭდავს დიდი ბრიტანეთის უშიშროების მინისტრის - ტომ ტუგენდჰატის სტატიას სათაურით - "ჯაშუშობის ახალი ერა კიევს უპირატესობას აძლევს: ღია წყაროებიდან მოპოვებული ინფორმაცია ხშირად ძალზე მნიშვნელოვანია".
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
"გასული წლის თებერვალში აშშ-ის ჰუმანიტარული მეცნიერების ერთ-ერთი პატარა კოლეჯის სტუდენტები პიცერიაში ისხდნენ და Google-ის რუკებს ჩაჰკირკიტებდნენ. სულ რაღაც რამდენიმე დღის წინ მათ TikTok-ზე დადებული ვიდეოკადრები იპოვეს, რომელზეც ასახული იყო ტანკების კოლონა რუსეთის ქალაქ ბელგოროდთან ახლოს, ახლა კი მათ შეამჩნიეს, რომ ბელგოროდიდან უკრაინის საზღვრამდე გზატკეცილი საცობების გაფრთხილებებით იყო "გაწითლებული".
სარგებლობდნენ რა მხოლოდ სოციალური ქსელებით და მსოფლიოში ყველაზე გადატვირთული სამოგზაურო დანართი რუკებით, სტუდენტების პატარა ჯგუფის წევრები პირველები იყვნენ, რომლებმაც რუსეთის უკრაინაში შეჭრა შეამჩნიეს და ეს ყველას გასაგონად განაცხადეს. მას შემდეგ ღია წყაროებიდან მოპოვებულმა ინფორმაციამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა იმაში, რომ უკრაინელებმა ვლადიმერ პუტინის ჯარს ბევრ შემთხვევაში აჯობეს და ამით დაზვერვაზე ჩვენი წარმოდგენები შეცვალეს.
ეს ყველაფერი შესაძლებელი გახდა იმ უდიდესი რაოდენობის ინფორმაციის წყალობით, რომლებსაც მომხმარებლები ინტერნეტში ტვირთავენ. 2017 წელს ამერიკულმა პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიამ დათვალა, რომ ინტერნეტში მსოფლიო მონაცემების 90% მხოლოდ წინა ორი წლის განმავლობაში იყო ატვირთული. ექვსი წლის შემდეგ კი ინტერნეტის გლობალური ქსელის 5 მილიარდი მომხმარებელი ერთმანეთს ყოველი დღის ყოველ წუთში 66 ათას ფოტოსურათს უზიარებს Instagram-ით, 350 ათას ტვიტს - Twitter-ით და 1,7 მილიონ კონტენტს Facebook-ით.
ყოველი მათგანი ერთი დიდი თავსატეხის ნაწილს წარმოადგენს. ჭკვიანი და უნარიანი ადამიანის ხელში მოხვედრისას, საიდუმლოდ მოპოვებულ სადაზვერვო მასალასთან ერთად, ღია წყაროებიდან ამოღებული ინფორმაციებით სრულიად წარმატებით შეიძლება მტრის ჯარების გადაადგილების და მათი მანევრირების გამოცნობა. მოწინააღმდეგეს აღარ აქვს შეუმჩნევლად დარჩენის შესაძლებლობა. ეს ეხება უცხოელ აგენტებსაც, რომლებიც სხვა ქვეყნების ტერიტორიაზე არიან შესულნი - ისინი, დიდი ალბათობით, ხელიდან დასხლტომას ვეღარ შეძლებენ.
მარტივად თუ ვიტყვით, ჩვენ უკვე ისეთ მსოფლიოში ვცხოვრობთ, რომელიც ძალიან განსხვავდება ათი წლის წინანდელი მსოფლიოსაგან და რამდენადაც დრო იცვლება, ჩვენც მის კვალდაკვალ ვიცვლებით. სწორედ ამიტომ, ბრიტანეთის მთავრობამ გამოაცხადა, რომ ინტეგრირებული მიმოხილვების განახლების ჩარჩოებში ქმნის დაზვერვის ახალ ცენტრს "ღია საწყისი კოდით".
განახლებულ კომპლექსურ მიმოხილვაში სამართლიანად არის აღიარებული, რომ ჩვენი, დასავლური დემოკრატიის მქონე სახელმწიფოები წინ უნდა წავიდნენ, რათა გაუსწრონ ისეთ ქვეყნებს, რომლებიც ხელს უწყობენ არასტაბილურობას და კრიზისული სიტუაციების შექმნას. ეს იმიტომაც არის აუცილებელი, რომ ჩვენ ყოველთვის წინა ხაზზე უნდა ვიყოთ, როცა საქმე ეხება ისეთ ტექნოლოგიებს და ინვესტიციებს, რომლებიც მომდევნო ათწლეულების ხასიათს განაპირობებენ.
დაზვერვის ახალი ცენტრი ძლიერი ინსტრუმენტი იქნება ჩვენი მოწინააღმდეგეების გასაგებად. ინტერნეტში არსებული ღია ინფორმაცია ჩვენ ძალიან დიდ სიმდიდრეს და დეტალიზებას გვთავაზობს, რომლებსაც შეავსებს მთავრობის სტრუქტურების მიერ საიდუმლო არხებით მოპოვებული ინფორმაციებიც. ეს ყველაფერი ჩვენს უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. ამგვარი მასალები უკვე საკმაოდ ეფექტიანად გამოიყენება მათ მიერ, ვისაც ჩვენი ქვეყნის დაცვა აქვს დავალებული. მაგრამ, რა თქმა უნდა, ამ საკითხში შეჩერება არ შეიძლება, საჭიროა მუდმივად წინსვლა - უფრო მეტი ყურადღება ტალანტებისადმი, მცოდნე ადამიანებისადმი, პროფესიონალებისადმი. მეტი ყურადღებაა საჭირო უახლესი ტექნოლოგიების მიმართაც - ავტომატური სწავლებისა და ხელოვნური ინტელექტისადმი, რაც, ხატოვნად რომ ვთქვათ, "ჩვენს მშვილდ-ისარს კიდევ ერთ ძლიერ სიმს დაამატებს".
მჭიდროდ უნდა ვითანამშრომლოთ სხვა ქვეყნებთანაც - ჩვენს მოკავშირეებთან - გამოცდილებისა და მოწინავე პრაქტიკის გაზიარების მიზნით. ჩვენ სწორედ ასეთი ურთიერთდამოკიდებულებით განვსხვავდებით ჩვენი მოწინააღმდეგეებისაგან. აუცილებელია ზედამხედველობისა და კონტროლის გაძლიერებაც, რომლებიც ახალ ეტაპზე უნდა გადავიდეს, რომ დიდი მოცულობის მონაცემებზე რეაგირება მოახდინოს. ასეთი მიდგომები ჩვენი ქვეყნის ფასეულობების დაცვისადმი მეტ ყურადღებასაც ითვალისწინებს
ნამდვილი ფაქტებისა და მოვლენების ამსახველი ინფორმაციით დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა სრულიად შესაძლებელია ისე, რომ საიდუმლოება დაცული იყოს. იმდენად, რამდენადაც ვლადიმერ პუტინი ყალბ და ცრუ ნარატივებს უფრო მეტად ითვისებს და ავრცელებს, ხელოვნურად შეთხზული ცრუ ამბებით, ჩვენ მასზე რეაგირება უნდა შევძლოთ. ასევე, უნდა ვაჩვენოთ მოწინააღმდეგეს, რომ მის მიერ გავრცელებული ცრუ ინფორმაციები ისეთივე კრახს განიცდიან, როგორც მათი სამხედრო ოპერაციები. სხვათა შორის, ღია წყაროებიდან მოპოვებული ინფორმაციები შეიძლება საჰაერო ბრძოლების მოგებაშიც დაგვეხმაროს.
რასაკვირველია, ტრადიციული ჯაშუშობა ჩვენი მტრების გეგმების გამოცნობაში კვლავაც ძალიან დაგვეხმარება. ჩვენთვის აუცილებელია ვიცოდეთ, თუ სად და რის დამალვას ცდილობენ ისინი ჩვენგან. მაგრამ ერთი რამ მტკიცედ უნდა ვიცოდეთ: ნამდვილი და ცრუ ინფორმაცია გარეგნულად შეიძლება ერთმანეთს ჰგავდნენ, მაგრამ უნდა გამოვიცნოთ, რომელია ჭეშმარიტი. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება უყურადღებობამ ცუდ შედეგებამდე მიგვიყვანოს.
მოკლედ, ჩემთვის ნათელია, რომ თუ ჩვენ გვინდა, ერთი ნაბიჯით წინ ვიყოთ, მაშინ საქმის კეთების ახალი მეთოდებიც უნდა ავითვისოთ. მსოფლიო უფრო საშიში გახდა, საფრთხეები, რომელთა წინაშეც ვდგავართ, იცვლება. უსაფრთხოება კი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება უზრუნველყოფილი, თუ მუდმივად ჩვენი მოწინააღმდეგეების წინ ვიქნებით". წყარო
მოამზადა სიმონ კილაძემ