„შევეცადე, ამ წიგნში გადმომეცა ის, რისი თქმაც მას სურდა საზოგადოებისთვის“ - კონსტანტინე გამსახურდიას ავტორობით ზვიად გამსახურდიას ბიოგრაფიული ნაშრომი გამოიცა
1991 წლის 31 მარტს ზვიად გამსახურდიას ხელმძღვანელობით ჩატარებულ რეფერენდუმში საქართველოს მოსახლეობამ მხარი დაუჭირა დამოუკიდებლობის აღდგენას, სწორედ ეს უმნიშვნელოვანესი ისტორიული დღე ემთხვევა საქართველოს პირველი პრეზიდენტის დაბადების დღეს - ადამიანის, რომელიც სწორედ აღნიშნული რეფერენდუმისა და თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლოა.
ზვიად გამსახურდიას 84-ე დაბადების დღეს უკვე შესაძლებელია მისი შვილის - კონსტანტინე გამსახურდიას ავტორობით საქართველოს პირველი პრეზიდენტის ბიოგრაფიული პორტრეტი სრულ ჭრილში დავინახოთ. კონსტანტინე გამსახურდია ბიოგრაფიულ ნაშრომზე - „სამშობლოსა და ერი-სახელმწიფოსთვის“ წელიწადნახევარი მუშაობდა, საბოლოოდ კი საზოგადოების წინაშეა წიგნი, რომელიც ბევრ კითხვას გასცემს პასუხს.
უფრო კონკრეტულად, რას მოგვითხრობს წიგნი და რა გამოცდილება იყო მისთვის პირველი პრეზიდენტის ბიოგრაფიაზე მუშაობა, ამის შესახებ ისტორიის მეცნიერებათა დოქტორს, ასოცირებულ პროფესორს და სახელმწიფო მრჩეველს კონსტანტინე გამსახურდიას ვესაუბრეთ:
რატომ არის მნიშვნელოვანი საზოგადოება დეტალურად გაეცნოს საქართველოს პირველი პრეზიდენტის ბიოგრაფიას და რა დასკვნების გამოტანა შეიძლება აქედან?
საქმე ისაა, რომ ზვიად გამსახურდიამ 54 წელიც კი ვერ იცოცხლა და 53 წლის ასაკში დაასრულა თავისი მიწიერი ცხოვრება. რა თქმა უნდა, მოვლენები საოცარი სისწრაფით განვითარდა განსაკუთრებით ბოლოს და მან ვერ მოასწრო სრულფასოვანი მემუარების დაწერა.
ის, რაც დაწერა, რუსულ ენაზეა გამოცემული, არის ერთად ჩაყრილი მასალები, თვითონ მისი ტექსტი ალბათ 100 გვერდი თუ იქნება და არის საოცრად მშრალი, მოკლე, პროტოკოლური და დაუმთავრებელი. გასაგებია რატომაც, მძიმე მდგომარეობაში იყო ბოლო წლებში, დევნილობაში იმყოფებოდა და იქ, როგორც ჩანს, ამის საშუალება და დროც არ ჰქონდა. მე ესეც და სხვა ძალიან ბევრი წყარო გამოვიყენე და შევეცადე ამ წიგნში გადმომეცა ის, რისი თქმაც მას სურდა საზოგადოებისთვის. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი რამ არის მის ოფიციალურ განცხადებებში, ოფიციალურ ინტერვიუებში, რომლებსაც ის აძლევდა ტელევიზიებს, სხვადასხვა მედიას, მაგრამ მიუხედავად ამისა, ეს ყველაფერი ერთად შეკრებული არსად არ შემხვედრია. არის კიდევ ცალკეული წიგნები, სადაც ამა თუ იმ მოვლენასა და მის როლზე წერია, მაგრამ, ჩემი აზრით, მე ეს ყველაფერი ერთიანობაში მოვაქციე და 116 თავში გავაერთიანე. ეს არის თემატური ქვეთავები, სადაც კონკრეტული საკითხებია განხილული. განსაკუთრებით ის საკითხები, რომელთა ირგვლივაც იყო პოლემიკა, შეუთანხმებლობა და ა.შ.
რამდენიმე ასეთი საკითხი რომ დაგვისახელოთ, რის გარშემოც პოლემიკა და შეუთანხმებლობა არსებობს და წიგნში თუ გაქვთ მათზე განმარტებები გაკეთებული...
მაგალითად, დისიდენტობის პერიოდში ამერიკელი ჟურნალისტების პაიპერისა და უიტნის შემთხვევა, ე. წ. მონანიებასთან დაკავშირებით. ასევე, ე. წ. ღირსების სასამართლო, რომელმაც დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. რატომ იყო ღირსების სასამართლო, ყველაფერი დეტალურად არის შესწავლილი.
შემდეგ 9 აპრილის ღამე და 4-9 აპრილის აქციები. როგორ წარიმართა ისინი, რა იყო შესაძლებელი, რა არ იყო... რა თქმა უნდა, აქ განხილულია ასევე ზოგადად, ის ტრაგიკული ვითარება, რომელიც შეიქმნა საქართველოში 1991 წლის 2 სექტემბრიდან სახელმწიფო გადატრიალებამდე. გამოყენებულია ძალიან ბევრი ისეთი წყარო, რომელიც შემდეგ გამოვიდა. მაგალითისთვის, გამოყენებულია ედუარდ შევარდნაძის ბიოგრაფია, ჯაბა იოსელიანის მემუარები, სხვა გენერლების ჩანაწერები, მემუარები და სხვა.
ბატონო კონსტანტინე, თქვენთვის, როგორც შვილისთვის, ემოციურად როგორი იყო მისი ბიოგრაფიის შედგენა? როდესაც წიგნის დასაწყისში შეფასებებს გავეცანი, მაგალითად, პროფესორი სოსო სიგუა წერს, რომ თქვენ შეძელით დაგეძლიათ „არაერთი ობიექტური და სუბიექტური ბარიერი“...
შვილი მაინც ცუდ ადვოკატად ითვლება... ის ყველას თვალში ცუდი ადვოკატია, როგორც მომხრეების, ისე მოწინააღმდეგეების. მიუხედავად ამისა, მე ჩვენს ოპონენტებსაც ვთავაზობ ამ წიგნს, რადგან ვცდილობ, რომ მაქსიმალურად ობიექტურად წარმოვაჩინო მოვლენები, როგორც ისინი თურმე მომხდარა (ერთი ცნობილი გერმანელი ისტორიკოსის თქმისა არ იყოს...) და დანარჩენი მათთვისაც სააზროვნო მასალად დავტოვო. ამაზე მეტის თქმა ცოტა გამიჭირდება, ეს უკვე მკითხველმა უნდა შეაფასოს, თორემ ის, რომ ცუდი ადვოკატის იარლიყი თავიდანვე აკრული მაქვს, ეს ცხადია.
რა მოლოდინები გაქვთ მკითხველისგან, როგორ მიიღებენ ზვიად გამსახურდიას ბიოგრაფიულ პორტრეტს?
მაქვს მოლოდინი, რომ ობიექტურობის განცდა ქართველ მკითხველსა და საზოგადოებაში კვლავაც ძლიერია და ისინი წიგნს მართებულად მიიღებენ, ისე, როგორც უნდა მიიღონ.
რამდენად მნიშვნელოვანია, ახალი თაობა იცნობდეს თავისუფალი საქართველოს პირველი პრეზიდენტის ბიოგრაფიას და იმ მოვლენებს, რაც მას სწორედ ამ თავისუფლებისთვის ბრძოლაში გადახდა თავს?
ეს გადამწყვეტად მნიშვნელოვანია, რამდენადაც ახალი თაობა ახლა გამოდის ასპარეზზე, ის უნდა ჩაერთოს სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში, ბევრი მათგანი ალბათ მომავალში თანამდებობებს დაიკავებს და აუცილებელია, მათ ჰქონდეთ ობიექტური სურათი. ყოველ შემთხვევაში, ის სურათი, რაც აქამდე იყო, დამაკმაყოფილებელი არ არის და საჭიროებს დაზუსტებას, კორექტირებას...
რა თქმა უნდა, ამისთვის ერთი წიგნი საკმარისი არ არის, ამ პროცესს უფრო მეტი კვლევა დასჭირდება, მაგრამ მე შევეცადე, რომ ამ საქმეში ჩემი წვლილი შემეტანა.
რა დრო დაგჭირდათ ამ წიგნზე მუშაობისთვის და რამდენად შრომატევადი იყო მის შესადგენად სხვადასხვა მასალის შეგროვება?
დაახლოებით, წელიწადნახევარი დამჭირდა. ვაგროვებდი წიგნებს, დავდიოდი ბიბლიოთეკებში, ვეძებდი გაზეთებს... ეს ყველაფერი, ცხადია, გაბნეული იყო.
წიგნი ჰიბრიდული ხასიათისაა. ერთი მხრივ, ეს არის მოგონება, რომლის მონაწილეც მე თავად ვიყავი და მეორე მხრივ, ეს არის კვლევა.
საუბარია თუ არა წიგნში მის გარემოცვაზე და მათთან დაკავშირებით რა დამატებითი დეტალები შეიძლება გახდეს ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი?
რა თქმა უნდა, მათზე არის საუბარი, თუმცა ურთიერთობები, ცხადია, ჟურნალისტურად არ არის განხილული. აქ ძირითადად მთავარ საკითხებზეა ყურადღება გამახვილებული, რაც შეეხება საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას და ზოგადად დაუმორჩილებლობას საბჭოთა კავშირის მიმართ, რომელსაც ახორციელებდა მაშინდელი საქართველო.
საბჭოთა კავშირის იმპერიის ცენტრის მიმართ დაუმორჩილებლობის გარეშე საქართველოს დამოუკიდებლობაზე საუბარიც ზედმეტი იყო. არავინ ამას არ დაუშვებდა და მთავარი ხაზი მთავარი ხაზი სწორედ ეს არის: ბრძოლა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, ქართული სახელმწიფოებრიობის დამკვიდრებისთვის, ერი-სახელმწიფო არის იგივე, რაც Nation. ამ წიგნის იდეა არის ის, რომ სამშობლო ჩვენ მანამდეც გვქონდა, ასევე, სახელმწიფოებრიობის გარკვეული ფორმაც არსებობდა, რომელიც უკიდურესად შეზღუდული და დესუვერენიზებული იყო, ვგულისხმობ საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკას, მაგრამ აქედან უკვე დამოუკიდებელი ქვეყნის შექმნა ძალიან დიდი საქმე იყო, რომელიც მან განახორციელა.
როგორც დასაწყისში ახსენეთ, მან თავად ვერ მოასწრო სრულყოფილი მემუარების შედგენა და გამოვიდა, რომ თქვენ აღმოჩნდით მისი მემუარების ავტორი... არის თუ არა თქვენთვის ეს ერთგვარი ტვირთი და პასუხისმგებლობა?
რა თქმა უნდა, არის, მაგრამ მე ვთვლი, რომ ჩემს სინდისთან მართალი და პირნათელი ვარ მისი ხსოვნის წინაშე.
შეიძლება თუ არა ამ წიგნმა გააქარწყლოს სხვადასხვა ინტერპრეტაცია და ერთგვარი მითები ზვიად გამსახურდიას შესახებ და გასცემს თუ არა ის ბევრ შეკითხვას პასუხს?
მე ვფიქრობ, რომ ასე იქნება, თუმცა ახლა ისეთი ადამიანებიც შეიძლება გამოჩნდნენ, რომლებისთვისაც არანაირი წიგნი არ იქნება პასუხი და სავარაუდოდ თავიანთ მითოსს და „ფეიქ“ შემოქმედებას არ შეეშვებიან. შეიძლება, ეს ადამიანები ბევრი არ იყვნენ, თუმცა ისინი არიან და ყოველთვის იქნებიან.
(R)