"თავის კაბინეტში მყოფმა მხოლოდ ერთხელ აღნიშნა და მას შემდეგ იყო დევნილობაში... მხოლოდ ორი წელი იცოცხლა, იყო გროზნოში და ცხადია, ალბათ, ცრემლით აღნიშნავდა"
არქივი, ჩაწერილია 2023-03-31
31 მარტს, საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია 84 წლის გახდებოდა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი დილით მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში იმყოფებოდნენ და საქართველოს პირველი პრეზიდენტის ხსოვნას პატივი მიაგეს.
ყველამ კარგად იცის, რომ ზუსტად 32 წლის წინ, 1991 წლის 31 მარტს, ზვიად გამსახურდიას მმართველობის დროს ჩატარდა რეფერენდუმი და ამომრჩეველთა უდიდესმა უმრავლესობამ დადებითი პასუხი გასცა კითხვას: "თანახმა ხართ თუ არა, აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე". სწორედ რეფერენდუმზე მიღებული შედეგები გახდა საქართველოს სახელმწიფო დამოუკიდებლობის გამოცხადების საფუძველი. მაშინ რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო ე.წ. სამხრეთ ოსეთის ყოფილი ოლქისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობამაც. სრულიად საქართველოს მოსახლეობამ მსოფლიოს გასაგონად განაცხადა, რომ მხარს უჭერს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას. სწორედ 31 მარტის რეფერენდუმის შედეგები დაედო საფუძვლად უზენაესი საბჭოს მიერ 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აქტის მიღებას და რეფერენდუმმა ჩაუყარა მყარი საფუძველი დამოუკიდებელი საქართველოს შემდგომ განვითარებას. სიმბოლურია, რომ სწორედ ამ დღეს არის დაბადებული ქვეყნის პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია.
ამ თარიღს დაემთხვა კონსტანტინე (კოკო) გამსახურდიას წიგნის გამოსვლაც - "ბიბლუსის" მაღაზიებში იყიდება ზვიად გამსახურდიას ბიოგრაფიული პორტრეტი, რომელიც დააინტერესებს მკითხველს. ნაწარმოებში საინტერესოდ და შეულამაზებლადაა აღწერილი ზვიად გამსახურდიას სრული ბიოგრაფია - როგორც დისიდენტურ-პოლიტიკური მოღვაწეობა, აგრეთვე - პირადი ცხოვრება და ადამიანური შტრიხები. როგორც ბატონი კოკო გამსახურდია ამბობს, მასში წაიკითხავთ და გაეცნობით ისეთ ფაქტებსა და მოვლენებსაც, რომლის შესახებ ჯერ არსად დაწერილა. ბატონი კონსტანტინე (კოკო) გამსახურდია საქართველოს დესპანია გერმანიაში და მას იქ დავუკავშირდით.
კონსტანტინე გამსახურდია:
- უპირველეს ყოვლისა, თქვენ, ყველა საქართველოს მოქალაქეს ვულოცავ ამ დღეს, 31 მარტს. ყველა ქართველისთვის ნამდვილად დიდი დღეა, რადგან ამ დღეს, ფაქტობრივად, საფუძველი ჩაეყარა ქართულ სახელმწიფოებრიობას. ის გამარჯვება, რაც 9 აპრილის ღამეს ეროვნულმა განმათავისუფლებელმა მოძრაობამ მოიპოვა, გაფორმდა სწორედ 1991 წლის 31 მარტს. რა თქმა უნდა, 9 აპრილის დამოუკიდებლობის დეკლარაციის გამოქვეყნებასთან ერთად ეს იყო ქართული სახელმწიფოს მატრიცის შექმნა. ზოგადად, ზვიად გამსახურდიას მთელი მოღვაწეობა, განსაკუთრებით 28 ოქტომბრიდან მოყოლებული ბოლომდე, ეს არის ამ მატრიცის შექმნა, რომელიც დღესაც ძალაშია. ქართული სახელმწიფო დგას ავად თუ კარგად ფეხზე თავისი მნიშვნელოვანი მიღწევებით და ეს სწორედ ამ პერიოდში გადადგმულ სწორ სახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებებთან არის დაკავშირებული და იმ მართებულ ნაბიჯებთან, რომელიც მაშინ გადაიდგა ურყევი თანმიმდევრული ნებით, გადაიდგა სამშობლის სიყვარულით, წარსულის პატივისცემით და მომავლის იმედით.
- რეფერენდუმის შემდეგ როგორ აღნიშნავდა 31 მარტს, თავის დაბადების დღეს?
- სამწუხაროდ, მას მხოლოდ ერთ წელს მოუწია მშვიდ და შედარებით საქმიან ვითარებაში ამ დღის აღნიშვნა. თავის კაბინეტში მყოფმა, მხოლოდ ერთხელ აღნიშნა ეს დღე და მას შემდეგ იყო დევნილობაში. მას მერე მხოლოდ ორი წელი იცოცხლა, იყო გროზნოში და ცხადია, ალბათ, ცრემლით აღნიშნავდა. 1992 წლის 6 იანვრის შემდეგ ეს დღე ცრემლიანი დღე გახდა მისთვის, რადგან იმ ადამიანებმა, რომლებმაც დაამხეს საქართველოს ხელისუფლება, საქართველო გადაისროლეს წარსულში და დააბრკოლეს საქართველო რამდენიმე ათეული წლით. ფაქტობრივად, 31 მარტის და 9 აპრილის განეიტრალებაც სცადეს, მაგრამ ეს მათ არ გამოუვიდათ. ამის უკან იდგა რუსეთის იმპერია, რუსეთის იმპერიის გენშტაბი და ის ორგანოები, რომლებსაც არ შეიძლება საქართველოსთვის სიკეთე უნდოდეთ. საეჭვოა და საკითხავია, მათ თავისი თავისთვის თუ უნდათ სიკეთე? საქმე გვაქვს პირდაპირ ბოროტებასთან.
- თქვენ შვეიცარიაში, ემიგრაციაში მყოფი, როგორ აღნიშნავდით 31 მარტს?
- შვეიცარიულ ემიგრაციაში ყოველთვის აღვნიშნავდით ამ დღეს, როგორც დიდი გამარჯვების დღეს. ვმღეროდით საგალობლებს, ვმღეროდით სიმღერებს, ყველანი, ემიგრაციაში მყოფნი, ისევე, როგორც საქართველოში. ზოგადად, ეს დღე საქართველოში მაშინ, ძირითადად, აღინიშნებოდა მიტინგით. 2000 წლამდე ამ მიტინგებს არბევდნენ, ამის მერე ნაკლებად არბევდნენ, თვითონ საქართველოს ოფიციოზმა შეცვალა პოზიცია. 1999 და 2000 წლიდან უკვე ისინი ალაპარაკდნენ ამ დღის მნიშვნელობაზე. ზვიად გამსახურდიას მოღვაწეობა განსხვავებულად შეფასდა ოფიციოზის მხრიდანაც.
- დღეს თქვენ იმყოფებით ბერლინში, ალბათ, ნახეთ, ხელისუფლების წარმომადგენლები ავიდნენ პანთეონში და პატივი მიაგეს ქვეყნის პირველ პრეზიდენტს.
- მივესალმები ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებმაც ეს ნაბიჯი გადადგეს და დგამდნენ. ეს მისასალმებელი ტენდენციაა და დიდ წვლილს შეიტანს ჩვენი ქვეყნის წინსვლაში. ჩვენი ქვეყანა გაიმარჯვებს.
- როგორი გახსოვთ ბატონი ზვიადი რეფერენდუმის დღეს?
- რაც შეეხება თავად ზვიად გამსახურდიას, როდესაც გამოცხადდა რეფერენდუმი (სხვათა შორის, ამ დღეს ნაკლებად ემოციური იყო), უხაროდა, მაგრამ ის ყველას მაინც გვაფრთხილებდა და ამბობდა, ბრძოლა ახლა იწყება და ყველაზე საშინელი მომენტები ჯერ კიდევ წინ არის, რადგან მტერი საქართველოს დამოუკიდებლობას არ შეეგუებაო. რუსთაველსაც კი ციტირებდა თავის გამოსვლაში, სადაც ქრისტიან ბრძენზე საუბრობს რუსთაველი, რომელსაც ქონება სხვაგან აქვს, სხვაგან არის თვითონ და სხვაგან სძინავს. უბედობა, არც ბედი, მასზე არ მოქმედებს. თითქოს გვამზადებდა ამ დიდი ბრძოლისთვის. ზოგადად, ზვიადის და მერაბის პოზიცია ასეთი იყო, ჩვენ დამოუკიდებელ საქართველოს მოვესწრებით, მაგრამ ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ, რომ დავიცვათ იგი, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება, ჩვენ დამოუკიდებლობა წაგვართვანო.
ხალხს ყოველთვის უხაროდა ამ დღის აღნიშვნა, იყო ცეკვა-თამაში. ამ დღეს თბილისის ქუჩებში ადამიანები იყვნენ დიდი იმედებით აღვსილები. ეს იყო ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის მუხტი. საოცრებაა, რომ ადამიანთა ძალიან დიდი რაოდენობა, აბსოლუტური უმრავლესობა, დააკავშირა ერთმანეთს ერთი იდეით და იმედებით. ჩვენ წინ გველის ახალი და ახალი გამარჯვებები და მიღწევები. ცხადია, ეს არ შეგვარჩინეს მაშინ, იანვრის სამხედრო კრიმინალური გადატრიალების შედეგად და ეს მოვლენები ყველასთვის ცნობილია, მაგრამ მე მჯერა, რომ ისინი საქართველოს ვერ დაამარცხებენ.
- მამის გარდაცვალების შემდეგ როგორ აღნიშნავთ?
- მას შემდეგ ეს დღე გაიგივებულია რეფერენდუმთან და ვულოცავ ამ დღეს ყველა ქართველს. დღეს ბერლინში, საქართველოს საელჩოში აღვნიშნავთ ამ დღეს. ჩემი უფროსი ვაჟი, დემეტრე შეასრულებს თავის კომპოზიციას ამ დღესთან დაკავშირებით. დემეტრე შვეიცარიაში ცხოვრობს. ბერლინში გადმოსულია ჩემი უმცროსი ვაჟი, ზვიადი და აქ ცხოვრობს.
- ბატონო კოკო, თქვენს ახალ წიგნზე გვიამბეთ.
- 2 დღეა, გამოსულია წიგნი და მისი შეძენა შეიძლება "ბიბლუსის" ქსელში, ძალიან დიდხანს ვმუშაობდი და, პრაქტიკულად, ყველა საკითხი არის ჩაშლილი ამ წიგნის 116 თავში და 6 ნაწილში. წიგნი, დაახლოებით, 750 გვერდამდეა და შეიძლება ითქვას, რომ იქ საუბარია ყველაფერზე. ზვიად გამსახურდიას ცხოვრების ყველა პერიოდს თავისი ძირითადი შეკითხვები აქვს და არის მცდელობა, რომ ამ შეკითხვებს გაეცეს პასუხები. ეს იქნება დისიდენტობის და უფლებადამცველური მოძრაობის პერიოდი, უფრო ადრინდელი თუ შემდგომი წლები. ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა და მისი ორი გზა, ასევე, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადება, გადატრიალება, ემიგრაცია, უცხოეთში მოგზაურობა და დაბრუნება სამშობლოში, რომელიც მისი გარდაცვალებით დასრულდა.
ოპონენტებსაც ვთავაზობ ამ წიგნს, შეიძლება ისინი არ დამეთანხმონ, მაგრამ მე ვცდილობ, ისტორიული ფაქტები გადმოვცე ისე, როგორც ეს მომხდარა და თავად დავუტოვო ინტერპრეტაციის საშუალება მკითხველს. ვცდილობ, ობიექტური ვიყო. ეს მნიშვნელოვანია. ასე რომ, მათთვისაც იქნება საინტერესო ბევრი რამ. ბევრი ისეთი ამბავია, რომელიც არ იცის საზოგადოებამ და მხოლოდ ამბები არ არის, აქ მხოლოდ მოგონებები არ არის, ეს არის ჰიბრიდული წიგნი, აქ არის მოგონებები რომელიც მახსოვს, როგორც უშუალო მონაწილეს და, ამავე დროს, არის ის საქმე, რომელიც მე მოვიკვლიე. ყოველთვის ვიკვლევდი სხვა მხარის მოსაზრებებსაც. მეორე მხარის არა ერთი დოკუმენტი მაქვს გამოყენებული ამ წიგნში. მაგალითად, ისეთი, როგორც შევარდნაძის ბიოგრაფია, ჯაბა იოსელიანის მემუარები, გენერლების მოგონებები და ა.შ. ეს წიგნი ორი დღეა, გამოვიდა, "პალიტრა L"-ის გამოცემაა და მისი შეძენა "ბიბლუსის" ქსელშია შესაძლებელი.
(სპეციალურად საიტისთვის)
თეა ხურცილავა