"მოიშორეთ თავიდან ცუდი ფიქრები! ყველა ფიზიკური ავადობის საწყისი ფსიქოლოგიურ ტრავმაში დევს" - რას ჰყვება "იტალიურ სინდრომზე" ფსიქოკონსულტანტი იტალიიდან? - კვირის პალიტრა

"მოიშორეთ თავიდან ცუდი ფიქრები! ყველა ფიზიკური ავადობის საწყისი ფსიქოლოგიურ ტრავმაში დევს" - რას ჰყვება "იტალიურ სინდრომზე" ფსიქოკონსულტანტი იტალიიდან?

„...იმედია, სულ მალე საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება. ემიგრაციის მასობრივი დაბრუნებაც გარდაუვალი იქნება და "იტალიურმა სინდრომმა" ხელი რომ არ შეუშალოს ადამიანების ხელახალ ინტეგრაციას საკუთარ ქვეყანაში, სახელმწიფომ და სპეციალისტებმა უნდა იზრუნონ სრულყოფილ რეინტეგრაციის პროგრამებზე. ჯერჯერობით მიჩუმათებული ეს სოციალური დეპრესია საქვეყნო პრომლემად არ იქცეს", - ამბობს პედაგოგი, ტრანსფორმაციული ქოუჩი, ფსიქოკონსულტანტი - ნონა მაჭარაშვილი. მისი თქმით, ბევრი იშრომა, რომ ადამიანებს ამ და მსგავსი პრობლემების გადაჭრაში დაეხმაროს... იგი ათი წელია, იტალიაში ცხოვრობს და იტალიელები იცნობენ, როგორც Nina Georgiana-ს...

ნონა მაჭარაშვილი ამ პრობლემებზე იტალიიდან გვესაუბრა:

- ტიციანა ფრანჩესკა ვაკარომ და ელენა მისტრელომ კომიქსებისგან შედგენილი წიგნი გამოსცეს, რომლის მთავარი გმირის სახელია ვასილისა. ის რუმინეთიდან იტალიაში სამუშაოდ ჩავიდა, რამდენიმე წლის შემდეგ სახლში დაბრუნებულს კი იდენტობა სრულიად დაკარგული აღმოაჩნდა. მას "იტალიური სინდრომი" სჭირს...

"იტალიური სინდრომი" არის დასახელება იმ სოციალური დეპრესიული ფორმისა, რომელიც 2005 წელს უკრაინელმა ფსიქიატრებმა იმ ქალბატონებში აღმოაჩინეს, რომლებიც დასავლეთ ევროპის ქვეყნებიდან (ძირითადად, იტალიიდან) წლების შემდეგ დაბრუნდნენ. სამშობლოში დაბრუნებულებს, ყველას თითქმის მსგავსი სიმპტომები აღენიშნებოდა.

"იტალიური სინდრომის" შესახებ ვრცელი საუბრები ჯერ კიდევ არ დაწყებულა, არადა, ქართულ ემიგრაციაშიც საკმაოდ მწვავე, თუმცა მაინც კულუარული თემაა... სოციალური დეპრესიის ამ ფორმას, როგორც აღვნიშნე, სწორედ უცხო ქვეყანაში ყოფნის დროს უყალიბდება პირველადი, და არა მხოლოდ პირველადი, სიმპტომები...

337468188-1680598160.jpg

ეს სიმპტომებია: წონის უეცარი კლება, ძილის დარღვევა, შიში, შფოთვა, აპათია, სევდა, ფიზიკური და გონებრივი ასთენია, სიცილიდან ტირილზე უეცარი გადასვლა ან - პირიქით და, ზოგ შემთხვევაში, სიკვდილზე ან თვითმკვლელობაზე ფიქრი...

სინდრომის გამოვლინების უპირველესი ნიშანი კი არის ზოგადი დემოტივაცია ცხოვრებაში.

- რა მიზეზები სახელდება?

- მიზეზები შესაძლებელია იყოს: მანძილი - საყვარელი ადამიანებისგან შორს ყოფნა, უცხო გარემოში მოხვედრა; ენის ბარიერი; შრომის კოდექსის და სხვა კანონმდებლობის არცოდნა, რაც, რიგ შემთხვევაში, არა მხოლოდ ფსიქოლოგიური ტრავმისა და დეპრესიის, არამედ - დისკრიმინაციის მიზეზიც ხდება...

"იტალიური სინდრომი", ფაქტობრივად, სრულყოფილ ფორმას იძენს სამშობლოში დაბრუნების შემდეგ. არადა, თითქმის ყველა ემიგრანტის ოცნებაა სამშობლოში დაბრუნება. სწორედ ეს სინდრომია მიზეზი იმისა, სხვა გარემოებებთან ერთად, რომ ოჯახში დაბრუნებულნი უცხოდ გრძნობენ თავს და სხვადასხვა, მათთვის ამოუხსნელი ფსიქოლოგიური გამოვლინებებით ისევ დაუფიქრებლად იღებენ ბილეთს უკან დასაბრუნებლად ან რჩებიან გაუცხოებულ გარემოში და, მიუხედავად ოჯახში ყოფნისა, დაკარგულად და არასრულყოფილად გრძნობენ თავს. რთული ფორმების შემთხვევაში კი მეტი არასასიამოვნო სიმპტომი ვლინდება, რომელიც ოჯახის წევრებისთვისაც თვალშისაცემი, მაგრამ ამოუხსნელია.

- როგორ ხდება განკურნება?

- ,,იტალიური სინდრომის" განკურნება, დეპრესიის კონტექსტში ხდება. რადგან, როგორც აღვნიშნე, ეს არის სოციალური დეპრესიის ერთ-ერთი სახე. სიცხადისთვის კი დავასახელებ სოციალური დეპრესიის კიდევ ერთ მაგალითს, რომელსაც ჰქვია „დიდი დეპრესია“ და 10 წლის განმავლობაში (1929-39 წწ.) მძვინვარებდა განვითარებად ქვეყნებში. ეს დეპრესია მილიონობით ადამიანს შეეხო, რაც გამოწვეული იყო ეკონომიკური პარამეტრების მიწასთან გასწორებით და მისი თანმდევი პროცესებით, რაც რეკორდული უმუშევრობით გვირგვინდებოდა...ზოგადად, დეპრესია კი არის ადამიანის ფსიქიკური მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება ნეგატიური განწყობით, სევდით, დათრგუნულობით, თვითშეფასების გაუარესებით, ცხოვრებისადმი ინტერესის დაკარგვით. დეპრესია შეიძლება გამოიწვიოს ბიოლოგიურმა, ფსიქოლოგიურმა, სოციალურმა და ცხოვრების წესთან დაკავშირებულმა სხვადასხვა ფაქტორმა. ის მოქმედებს როგორც ადამიანის ქცევაზე, ისე - გრძნობებსა და ფიქრებზე. ღრმა ფორმამ კი შესაძლებელია გამოიწვიოს ინტერესის სრული დაკარგვა ყოველივე იმის მიმართ, რაც ადამიანს უყვარდა და სიამოვნებას ანიჭებდა, ე.წ. ანჰედონია...

დეპრესია დგება სხვადასხვა გაუნეიტრალებელი ფსიქოლოგიური ტრავმების, ემოციების შაბლონებისგან, რომლებიც დაგროვდა ადამიანში, როგორც სისტემაში და დეპრესიის სახით მისი გადაწვა გამოიწვია. ბევრია სასაუბრო იმაზეც, თუ რა ფიზიკურ დაავადებებს იწვევს ფსიქოლოგიური ტრავმები - არც ერთი დაავადება არ ჩნდება, ფსიქოლოგიური მოცემულობის გარეშე, ყველა ფიზიკური ავადობის საწყისი ფსიქოლოგიურ ტრავმაში დევს.

- როგორ შეიძლება პრევენცია?

- თუ ადამიანს უკვე აქვს ზემოთ აღნიშნული სიმპტომები, არ უნდა დათრგუნოს და მიაჩუმათოს, არამედ, უნდა აღიაროს და განსაზღვროს, თუ რომელ ემოციებში აგდებს მას ეს სიმპტომები და გადარჩენის რომელ ინსტინქტებამდე მიჰყავს. მაგალითად, თუ აქვს შიში ან შფოთვა, რისი გაკეთება უნდა ამ დროს მის სხეულს, სახელი უნდა დაერქვას, ეს მნიშვნელოვანია თვითგამორკვევისთვის. თუ ადამიანს ამის გაკეთება დამოუკიდებლად უჭირს, უნდა მიმართოს ფსიქოკონსულტანტს...

დეპრესიის ნებისმიერი ფორმა და მათ შორის, სოციალური დეპრესიის ეს ფორმაც, 99%-ით განკურნებადია, საწყის ფორმებში ფსიქოკონსულტირებით, შედარებით სიღრმეებში კი - ფსიქოთერაპიით და მედიკამენტური ჩართულობით...

33678-1680598196.jpg

უპირველესად, მოიშორეთ თავიდან ცუდი ფიქრები.

ერთმა ფილოსოფოსმა ადამიანის ფიქრები ჩიტებს შეადარა:

,,რა თქმა უნდა, ჩვენ არ შეგვიძლია, დავუშალოთ ჩიტებს ჩვენს თავზე გადაფრენა, მაგრამ ბუდეს გაიკეთებენ თუ არა, ეს მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული".

სწორედ ასეთი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს ადამიანს ფიქრებთან მიმართებაში და ცუდ აზრებს არ მისცეს გონებაში ჩასახლების საშუალება. ხშირად შეივსეთ ენერგია, შეიყვარეთ საკუთარი თავი, მოეფერეთ, გაუფრთხილდით მას და გაანებივრეთ ხანდახან დამსახურებული, თუნდაც პატარა საჩუქრებით; აკეთეთ საყვარელი საქმე, დაკავდით ჰობით, ისეირნეთ ბუნებაში, იქონიეთ კავშირი მიწასთან და შეიგრძენით თავი დიდი სამყაროს ნაწილად და არა - საიდანღაც მოწყვეტილად და დაკარგულად;

გამოიყენეთ თქვენს ხელთ არსებული შესაძლებლობები კარგი კუთხით - შეიმეცნეთ სამყარო და ის ქვეყანა, სადაც გიხდებათ ყოფნა;

ჩაეწერეთ ენის კურსებზე;

წინასწარ შეუთანხმდით დამსაქმებელს სამუშაო პირობებზე და აუცილებლად დაიტოვეთ დასვენების დღე;

დაისახეთ მიზნები და იღვაწეთ მის შესასრულებლად, რომ სამშობლოში ღირსეულად დაბრუნდეთ და არა - დეპრესიის ღრმა ფორმით შეპყრობილი;

ინტეგრაციისთვის კი წაიღეთ შეძენილი გამოცდილება და არა - "იტალიური სინდრომი"...

- ადამიანს ემიგრაცია დეპრესიაში არ უნდა აგდებდეს?

- ემიგრაცია არც ციხეა და არც დაკარგული წლები, როგორც ამას ემიგრანტების 80% უწოდებს, ემიგრაცია ეს არის ცხოვრების აკადემია, სადაც ძალიან ბევრს სწავლობ... ქალბატონებისთვის, ძირითადად, 42-49 წელი (ემიგრანტების უმრავლესობა სწორედ ამ ასაკის ქალბატონები არიან), ეს არის ცხოვრების გადაფასების ეტაპი, ე.წ. ბალზაკის ასაკი, როდესაც ეს წლები შენ უნდა გამოიყენო იმისათვის, რომ რაც არ მოგწონდა ცხოვრებაში, შეცვალო და უკეთეს ვექტორზე გადაერთო, დამოუკიდებლობის ზენიტს მიაღწიო და ხარისხიანი ცხოვრებით იცხოვრო, უფრო მეტად დააფასო და შეიყვარო შენი თავი, თუნდაც ამ ნაბიჯისთვის,

აიღო სრულიად ახალი სტარტი.

მით უმეტეს, ევროპული ქვეყანა გაძლევს ამის შანსს...

თუმცა, ამ ყველაფრის რეალიზება დამოუკიდებლად არც თუ ისე მარტივია, დეპრესიის პირობებში. მე ბევრი ვიშრომე იმისათვის, რომ ადამიანებს დავეხმარო ამ და მსგავსი პრობლემების გადაჭრაში. პრაქტიკული ფსიქოლოგია და რპტ თერაპია საუკეთესოდ მუშაობს აღნიშნულ საკითხებთან მიმართებაში. მაქვს, როგორც პირადი, ასევე - ჯგუფური სესიები და საუკეთესო შედეგებს ვდებთ. უზომოდ ბედნიერი ვარ, როდესაც ვხედავ ადამიანების ცვლილებებს უკეთესობისკენ და მათი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების მაგალითებს.

იმედია, სულ მალე საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება, ემიგრაციის მასობრივი დაბრუნებაც გარდაუვალი იქნება და "იტალიურმა სინდრომმა" ხელი რომ არ შეუშალოს ადამიანების ხელახალ ინტეგრაციას საკუთარ ქვეყანაში, სახელმწიფომ და სპეციალისტებმა უნდა იზრუნონ სრულყოფილ რეინტეგრაციის პროგრამებზე, რომ ჯერჯერობით მიჩუმათებული ეს სოციალური დეპრესია, საქვეყნო პრობლემად არ იქცეს.

(სპეციალურად საიტისთვის)