"თითქოს არ ვარსებობ, თითქოს სამშობლოს არ მაქვს..." - ვინ არის ქართველი ფეხბურთელი, რომელიც ირანის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონის საუკეთესო მცველად დაასახელეს
ირანული საფეხბურთო კლუბის "პერსეპოლისის" ქართველი ფეხბურთელი გიორგი გველესიანი ირანის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონის საუკეთესო მცველად დაასახელეს. ამის თაობაზე გველესიანმა თავის "ინსტაგრამგვერდზე" დაწერა, რომელშიც ასევე საუბრობს, რომ იმედგაცრუებულია, რომ ეროვნულ ნაკრებში თამაშის საშუალება დღემდე არა და არ ეძლევა.
"გუშინ სპარსეთის ლიგის 22/23 სეზონის საუკეთესო მცველად დამასახელეს და დამაჯილდოვეს. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მაღალი დონის მცველები იყვნენ დასახელებული, საბედნიეროდ, ბევრმა, მათ შორის ფეხბურთის ექსპერტებმა, მიიჩნიეს, რომ მე დავიმსახურე ეს პრიზი. ეს ჩემთვის დიდი მოტივაციაა, როგორც ფეხბურთელისთვის და როგორც ადამიანისთვის, რომელიც სხვა ქვეყანაში თამაშობს, როგორც ლეგიონერი. მოტივაცია და თავდაჯერებულობა ფეხბურთში ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია. მითუმეტეს, როცა არასდროს მითამაშია ჩემი ქვეყნის ნაკრებში, მათ შორის არცერთ ასაკობრივში, 1 წუთიც კი.
შეიძლება იყო დრო, როცა არ ვიმსახურებდი იქ ყოფნას, მაგრამ იყო დროც, როდესაც დავიმსახურე და ეს ფაქტი ყოველთვის ანადგურებდა ჩემს მოტივაციას, თითქოს არ ვარსებობ, თითქოს სამშობლოს არ მაქვს... მათ თვალები დახუჭული აქვთ და ყურები - დახშული... განსაკუთრებით ახლა, როცა აზიის ერთ-ერთი უდიდესი გუნდის, "პერსეპოლისის" წევრი ვარ! წლიდან წლამდე პროგრესი მაქვს და ვინც მიცნობს, ხვდება, რამდენად დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ საქმის მიმართ. ყველა ოცნებობს ნაკრებში თამაშზე, მეც ასე ვარ. ეროვნული ნაკრების წევრობა ბევრ ახალ გზაზე მწვანე შუქს აჩენს და ადამიანს უხსნის უზარმაზარ შესაძლებლობებს კარიერაში, ამის გარეშე, გზა, რომელიც ფეხბურთელმა უნდა გაიაროს, რთული ხდება. შესაძლოა, ისინი ელოდნენ, რომ ვითამაშებდი ევროპის ტოპ 5-ში, ვინ იცის, ალბათ, შემეძლო კიდეც... თუ დამეხმარებოდნენ, მაგრამ არასოდეს უცდიათ ეს. არც ვწუწუნებ, მოწყალებას და მოწვევას არ ვითხოვ. უბრალოდ, ვაგრძელებ მუშაობას, ჩემს ყოველდღიურობას. მადლობელი ვარ ღმერთის ყველაფრისთვის, რაც მაქვს და საბედნიეროდ, ირანიდან და ირანული ფეხბურთიდან რამდენიმე ადამიანი გვერდში მიდგას და მოტივაციას მაძლევენ. მადლობა ჩემს დიდ ოჯახს და ჩემს მეგობრებს ერთგულებისთვის. პრიზი სიმბოლურია, მაგრამ განცდა, რომ შენ შრომა დაფასებულია, ცალსახად სასიამოვნოა, მადლობა დიდი მხარდაჭერისთვის!" - წერს გველესიანი. (წყარო)