"მარტოხელა დედა ვარ და სულ მქონდა შიში, რა იქნებოდა მომავალში..." - პოლიტიკოსის აპოლიტიკური ცხოვრება: ხატია დეკანოიძე ოჯახსა და შვილზე
"მარტოხელა დედა ვარ და სულ მქონდა შიში, რა იქნება მომავალში... მამის დაკარგვის შემდეგ დედაზე ვნერვიულობ" - პოლიტიკოსის აპოლიტიკური ცხოვრება: ხატია დეკანოიძე ოჯახსა და შვილზე
ხატია დეკანოიძემ "პალიტრანიუსის“ გადაცემა "ლანჩ თაიმში" არაპოლიტიკურ თემებზე ისაუბრა. პოლიტიკოსისთვის მნიშვნელოვანი თვისებაა, რომ შეცდომები ვაღიაროთ. "გულწრფელობა გვაკლია პოლიტიკოსებს" - ამბობს პოლიტიკოსი გადაცემაში.
ხატია დეკანოიძე:
- ჩემი პირადის გამჟღავნება რთულია საზოგადოებისთვის, მაგრამ როდესაც საჯარო პირი ხარ, ყველა ინტერესდება შენი ცხოვრებით. ესეც ბუნებრივია. მიუხედავად იმისა, რომ სოციალურ ქსელში ყოფილა ბულინგი, შეურაცხყოფები, პირადზე, ოჯახის წევრებზე, ამას უკვე მივეჩვიე. ძალიან ნერვიულობდნენ ამაზე ჩემი მშობლები, მამა განსაკუთრებულად. შარშან გარდაიცვალა და სულ კითხულობდა ხოლმე კომენტარებს, დედაც არ არის ჯანმრთელად და სულ ვეუბნები, ნუ კითხულობ. ჩემს შვილს არ აქვს სოციალური ქსელი, ძალიან აბსტრაგირებულია ამ ყველაფრისგან.
- ბავშვობიდან რას გაიხსენებდით?
- ყველაფერი საუკეთესო, ბებიები, ბაბუები, მშობლები. სხვანაირი სუნი მოდის ბავშვობიდან. ჩემი საყვარელი ადგილი იყო სოფელი, ბაბუა, იმერეთიდან იყო, საჩხერის რაიონი სოფელი ივანწმინდა, მთელ ზაფხულს იქ ვატარებდი, არსად არ მინდოდა წასვლა, არც ზღვაზე, არც მთაში, მინდოდა მხოლოდ ბებიასთან ვყოფილიყავი. ჩემი მშობლები ახალგაზრდები იყვნენ, მე რომ გავჩნდი, უჭირდათ, ბევრი სკოლა გამოვიცვალე. საბჭოთა საქართველოში დავიბადე და ახალგარზდა ოჯახებს ძალიან უჭირდათ, მამა ორ ადგილას მუშაობდა, დედა მუშაობდა, სწავლობდა. დედა მიყვებოდა, ბინის ქირა რომ გადაგვეხადა, დილას მამასთან გტოვებდი, მერე მოვდიოდი და მე გიტოვებდიო. ჩვენ ძალიან პატარა ოჯახი გვაქვს, მაგრამ ძალიან დაკავშირებული ვართ ერთმანეთთან. მყავს ემიგრანტი ძმა, მას ერთი შვილი ჰყავს, მეც.
- პროფესია როგორ შეარჩიეთ?
- ჯავახიშვილში საერთაშორისო ურთიერთობები დავამთავრე, დიპლომატობა და დიპლომატიასთან კავშირი ყოველთვის იყო ჩემი შინაგანი რწმენა. დედა დღემდე ამბობს, რომ ჯობდა კონკრეტული პროფესია მქონოდა, ნერვიულობს შვილი რომ საჯარო ცხოვრებაშია. რთული იყო ჩაბარება, მაგრამ იმდენად ჭკვიანი ახალგაზრდები იყვნენ ჩვენთან, რომ დაამატეს რამდენიმე ადგილი და ასე მოვხვდი უნივერსიტეტში. ცხოვრებაში ბევრი შეცდომა მომსვლია, მაგრამ არაფერი არ მინანია, რადგან გარკვეულ გამოცდილებას ყველა კუთხით იღებ, რომ დამატებითი შეცდომები აღარ დაუშვა. არაფერს არ ვნანობ, ერთადერთი სანანებელია ოჯახის წევრების სიცოცხლე და ჯანმრთელობა.
აქტიურ პოლიტიკაზე არ მიფიქრია, მაგრამ მალე აღმოვჩნდი ახალგაზრდა საჯარო ცხოვრებაში. 2012 წელს განათლების მინისტრი გავხდი, მაგრამ მცირე ხნით, შემდეგ უკრაინაში წავედი სამუშაოდ. 2019 წელს აღმოვჩნდი პარტიაში. პოლიტიკაში ბევრი გამოწვევები აქვს ქალს, თან მე ვმუშაობდი მასკულინურ სფეროში, პოლიციაში, სადაც ითვლება, რომ ცოტა ქალია. ამ დროს უნდა იმუშაო ბევრი, რომ შენი თავი დაიმკვიდრო. განსაკუთრებით უკრაინაში, როდესაც 130 ათასი ადამიანი გემორჩილება, როგორც პოლიციის უფროსს და ყველა კაცია. ჩვენ, ქალებს გვიწევს ბრძოლა პოლიტიკაში. ქალებს უფრო სხვა კუთხით გვაფასებენ. ჩვენ სოციალურ ქსელში რომ შეიხედოთ, ძირითადი შეურაცხყოფა და ბულინგი არის სექსუალური ხასიათის. ბევრი ძლიერი ქალია პოლიტიკაში და ეს კარგია მაგალითის მისაცემად სხვა ქალებისთვის.
- მოვლენა, რომელმაც პიროვნულად შეგცვალათ?
- ალბათ უფრო ტრაგიკული მოვლენები გცვლის, როდესაც სევდა მოდის. მე დავკარგე ძალიან ბევრი ახლობელი ადამიანი. ჩემი შვილის მამა ძალიან ახალგაზრდა გარდაიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ერთად არ ვცხოვრობდით, ვმეგობრობდით და წარმოუდგენელი სევდა წაიღო, ძალიან კარგი ადამიანი იყო. მამა ძალიან ახალგაზრდა გარდაიცვალა და ეს სევდა ჩვენ სახლში სულ არის. ამან შემცვალა ისე, რომ მოვლენები, რომელიც შინაგანად მაფორიაქებდა, გაფერმკრთალდა. ჩვენ სტრესული სამსახური გვაქვს და ჩვენს მსმენელს ნაკლებად წარმოუდგენია, რამხელა სტრესია ხშირ შემთხვევაში. იცვლები, ასაკში შედიხარ გეცვლება დამოკიდებულებები, ის რასაც ანიჭებდი დიდ მნიშვნელობას, ახლა ნაკლებად, რადგან გაიზარდე, სიბერეში შედიხარ.
- დედობამ შეგცვალათ?
- ძალიან ახალგაზრდა ვიყავი, როდესაც თორნიკე გაჩნდა. ჩემი შვილი ჩემი ახლო მეგობარია. 23 წლის არის და გვქონია უთანხმოება, რადგან სხვა თაობაა, იცით, როდის მივაღწიეთ ჰარმონიას, როდესაც აღარ შევეცადე შემეცვალა და ისეთი სრულყოფილი ყოფილიყო, როგორიც მე მინდოდა. გვახასიათებს მშობლებს, რომ ჩვენ რაც გვგონია კარგი, ის გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. როგორც კი ეს გრძნობები წავიდა ჩემთვის და ვთქვი, მოდი, იყოს ისეთი, როგორიც არის. ძალიან ახლო, წარმოუდგნელად ახლო ურთიერთობა გვაქვს, ხშირად არც გონიათ ხოლმე, რომ ჩემი შვილია. დიდია თან, მაღალი, გაგიჟდება საჯაროდ რომ ვლაპარაკობ, ნუ მახსენებო, ერთადერთი რაც ძალიან მომწონს, კაცთმოყვარეა, ემოციური, კეთილია, ყველა უყვარს, ზრუნავს ჩვენზე. თუმცა თავისი ახალგაზრდული რაღაცები ახასიათებს ხოლმე და აღარ ვნერვიულობ.
- გადაწყვეტილების მიღებისას სხვების აზრს რამდენად ითვალისწინებთ?
- ჩემს ცხოვრებაში რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო, რაც არავისთან შემითანხმებია. უკრაინის პოლიციის უფროსი რომ გავხდი, მშობლებმა ტელევიზიით გაიგეს. დამირეკეს, სად მიდიხარო. ზოგადად ვითვალისწინებ, იმ ადამიანების აზრს, ვისშიც ეჭვი არ მეპარება, რომ ვისი მხარდაჭერაც მექნება. შეცდომის აღიარება შემიძლია, ეს პოლიტიკოსისთვის მნიშვნელოვანი თვისებაა, ეს გულწრფელობა გვაკლია პოლიტიკოსებს. ერთ-ერთი ჩემი ძალიან ახლო მეგობარია ჩემი რძალი, ძმის ცოლი, კესოს დედა, გვანცა, რომელიც ჩემი სტუდენტი იყო.
- რაზე ბრაზდებით?
- "ქართულ ოცნებაზე...", მაგრამ საერთოდ ყველაფერზე, ყველა წვრილმანზე, რაც შეიძლება მაღიზიანებდეს. ვბრაზდები თორნიკეზე, რომელიც გვიან მოდის. განსაკუთრებული ანჩხლი არ ვარ. არ მიყვარს კონფლიქტები, ყოველთვის ვერიდები, ვთვლი, რომ არაფერი არ ღირს საჩხუბრად, მათ შორის ადამიანის დასაკარგად. ჩვენ არ გვახასიათებს საუბრის კულტურა, სამხრეთელი, ფიცხი ადამიანები ვართ. (გააგრძელეთ კითხვა)