"შვილს ელოდებოდა... რამდენი გეგმა და ოცნება დარჩა განუხორციელებელი" - ვინ არის უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი?
უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლთა რიცხვი სამწუხაროდ იზრდება. 31 მარტს, ქალაქ ბახმუტთან კიდევ ერთი ქართველი, 29 წლის მიხეილ მაზანაშვილი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, იმ ადგილას ჭურვი აფეთქდა და მიშა მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა. მაზანაშვილი გამოცდილი სამხედრო იყო. მან წლების განმავლობაში იმსახურა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში, იყო მისიით ავღანეთშიც და ერთი წელია რაც უკრაინაში წავიდა საომრად.
"მიჭირს ამ ამბის დაჯერება. მიშა ძალიან კარგი ადამიანი იყო. ძალიან ვღელავდი უკრაინაში რომ წავიდა. სულ ვწერდი, ვკითხულობდი როგორ იყო. აქეთ მამშვიდებდა, ნუ გეშინია, ყველაფერი კარგად იქნება და მალე ჩამოვალო. არ ვიცი ამას როგორ გადაიტანს დედამისი, ძალიან კარგი დედა ჰყავს, რა უნდა ვუთხრა. თავზარდამცემი ამბავია. 10 წელი ჯარში მსახურობდა, ავღანეთშიც იყო წასული. შარშან წავიდა უკრაინაში და იქაც სულ ყველაზე ცხელ წერტილებში იბრძოდა. პატრიოტი ბიჭი იყო. საოცრად კარგი ადამიანი. ალალი, კეთილი", - ამბობს უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის ახლობელი.
მიხეილ მაზანაშვილი გორიდან, სოფელ ზერტიდან იყო, იქ ცხოვრობს მისი ოჯახი. სოფელში ჰყავს ძმა. ქართველ მებრძოლს საქართველოში როდის გადმოასვენებენ ჯერჯერობით უცნობია. ოჯახის ახლობლის თქმით, უკრაინაში საქართველოს საელჩო უკვე ინფორმირებულია და ისინი დაეხმარებიან ოჯახს ცხედრის გადმოსვენებაში.
სოციალურ ქსელში ბევრს წერენ მასზე და ყველა განიცდის მომხდარს.
"ამ დღეს, როცა იარაღს ვწმენდდით, ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ ომის წლისთავზე მიშა ბრძოლის ველზე გმირულად დაეცემოდა. ის ყველა ჩვენგანივით საქართველოსა და უკრაინის თავისუფლებისთვის იბრძოდა და ამ გზას, ამ არჩევანს შეეწირა კიდეც. სული მტკივა და ბრაზი მახრჩობს. მხოლოდ ერთი რამის თქმა შემიძლია დაზუსტებით: მის სისხლს არავის შევარჩენთ. ასმაგად და ათასმაგად ვაზღვევინებთ მტერს. მშვიდად განისვენე მიხეილ", - წერს "ფეისბუკში" მისი თანამებრძოლი თორნიკე გოგუაძე.
როგორც ირკვევა, მიხეილ მაზანაშვილმა იქ უკრაინელი გოგო შეირთო ცოლად.
"მიშამ უკრაინელი გოგო შეირთო ცოლად. დიდი ხანი არ არის რაც დაქორწინდა. მეუღლე ფეხმძიმედ ყოფილა და შვილს ელოდებოდა. წარმომიდგენია როგორი ბედნიერი იქნებოდა. ხალისიანი ბიჭი იყო. ვინ იცის რამდენი გეგმა და ოცნება დარჩა განუხორციელებელი. ღმერთო, როგორი ახალგაზრდები ეწირებიან ამ ომს. როდის უნდა დასრულდეს", - ამბობს ახლობელი.
"კვირის პალიტრა" სამძიმარს უცხადებს მიხეილ მაზანაშვილის ოჯახის წევრებს, ახლობლებს და საქართველოს ამ დიდი ტრაგედიის გამო. სამწუხაროდ, უკრაინაში რუსეთის აგრესიას უკვე რიგით 38-ე ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა. დიდება მათ სულებს.
(სპეციალურად საიტისთვის)