"ლაზარე გრიგორიადისი შერჩევითი სამართლის მსხვერპლია - თუ რამეს შეიძლება ბოროტება დაარქვა, არის საკუთარი პოლიტიკური ამოცანებისთვის შხამის დათესვა 21 წლის ბიჭის წინააღმდეგ" - კვირის პალიტრა

"ლაზარე გრიგორიადისი შერჩევითი სამართლის მსხვერპლია - თუ რამეს შეიძლება ბოროტება დაარქვა, არის საკუთარი პოლიტიკური ამოცანებისთვის შხამის დათესვა 21 წლის ბიჭის წინააღმდეგ"

„ევროპული საქართველოს” ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე ბრალდებული ლაზარე გრიგორიადისი შერჩევითი სამართლის მსხვერპლია.

ბოკერია მთავრობის კანცელარიასთან იმყოფება, სადაც გრიგორიადისის მხარდამჭერი აქცია უნდა გაიმართოს.

„ჩემთვის და ჩემი თანამოაზრეებისთვის, ყველა ფაქტორი გვერდით რომ გადავდოთ, აღშფოთების მიზეზი იყო ის ამაზრზენი საქციელი, რაც ივანიშვილის რეჟიმის პროპაგანდისგან ვიხილეთ, კობახიძისგან და სხვებისგან, როცა ეს ბიჭი, რომელიც ციხეში გაუშვეს, ამაზრზენი დემონიზების კამპანია მიაყოლეს, საუბარია სატანიზმზე, ალტერნატიულ ორიენტაციაზე. თუ რამეს შეიძლება ბოროტება დაარქვა, არის საკუთარი პოლიტიკური ამოცანებისთვის ამ შხამის დათესვა 21 წლის ბიჭის წინააღმდეგ. ეს იყო გადამწყვეტი ფაქტორი, თუ რატომ იქცა ამ ბიჭის ამბავი პრინციპულ საკითხად. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ამ ბიჭის მიმართ მტკიცებულებები შემოწმდება და აღმოჩნდება, რომ ეს მტკიცებულებები რეალურია, უზარმაზარი საკითხი რჩება შერჩეული სამართლის, როცა წლებია, ვხედავთ რეჟიმის მიერ დაორგანიზებულ შავრაზმულ პუტინისტურ ბრბოს, რომელიც ყველგან დაუსჯელად ძალადობს. ეს ორი მიზეზი საკმარისია, რომ ეს იყოს ჩვენი პრინციპული საკითხი პროტესტის გამოსახატად", - განაცხადა ბოკერიამ.