"მგონი, ეს გადამდებია - ჯიშში მოგვყვება" - კვირის პალიტრა

"მგონი, ეს გადამდებია - ჯიშში მოგვყვება"

მომღერალი, მსახიობი და რადიოწამყვანი - ლაშა რამიშვილი თავს გემოვნებიან ადამიანად მიიჩნევს, თუმცა ფიქრობს, რომ გემოვნება ის საკითხია, რომელიც დავას ნამდვილად იწვევს...

- გემოვნებაზე ნამდვილად დაობენ: ზოგს მწვადი მოსწონს, ზოგს ლობიო... ხასიათსაც გააჩნია: შეიძლება ხან მწვადი გინდოდეს, ხან - ლობიო. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ან მწვადია ცუდი, ან - ლობიო არ ვარგა (იცინის).

- თავად როგორი კერძები მოგწონთ?

- ქართული სამზარეულოდან აბსოლუტურად ყველა კუთხის კერძები ძალიან მაგარია. ერთადერთი, კერძში ხორცი უნდა ერიოს - "ხორცისტი" ვარ. ალბათ, ამას ბაბუებმა და ბიძებმა მიმაჩვიეს. ბაბუა (დედის მხრიდან) ღვინიანიძის კაცი გახლდათ. თხას რომ დაკლავდა, გატყავების დროს ქონს ჩამოათლიდა და უმად ყლაპავდა - ჯანმრთელობისთვის კარგიაო! მამაჩემის მამაც ხორცზე გიჟდებოდა, ისე უყვარდა, თუმცაღა ლობიოს ისე ჭამდა, ნერწყვი მოგადგებოდა... ორივე ბაბუა ძალიან მაგარი კაცი იყო!..

- თხას რომ კლავდნენ, სიბრალულის განცდა არ გიჩნდებოდათ?

- არა. ბავშვები ვიყავით და ვერ ვხვდებოდით, რა და როგორ ხდებოდა. ძირითადად, ბავშვებს არ გვაყურებინებდნენ, ცხოველს როგორ კლავდნენ - ახლოს არ გვიშვებდნენ, რადგან ბავშვებისთვის ტრავმა არ მოეყენებინათ...

- ოჯახში თქვენსავით ხორციანი კერძები უყვართ?

- მგონი, ეს გადამდებია - ჯიშში მოგვყვება: ჩემი შვილები გიჟდებიან ხორცზე, ისე უყვართ! არ არსებობს კვირა, რომელშიც 5 დღე მწვადი არ იყოს ჩვენს ოჯახში. თან გვაქვს 2 მაყალი, ბუხარი... მაცივარი ხორცით გამოტენილია. შეიძლება ჩვენს მაცივარში მაგალითად, ხახვი ვერ იპოვოთ, მაგრამ ხორცი და ტყემალი ყოველთვის არის.

- ყველაზე უკეთ რომელი კერძის მომზადება გამოგდით?

- მწვადის, სტეიკის... ბოლო დროს "დავამუღამე": ზეითუნის ზეთში ჩაწყობილ სტეიკს, ოდნავ რომ შეწითლდება, დედაჩემის მიერ მომზადებულ აჯიკას და სხვადასხვა სანელებელს ვუსვამ ხოლმე. ისეთი საოცარი საჭმელია, შეიძლება მზესუმზირასავით ჭამოს კაცმა...

- გარშემო მყოფები ყველაზე ხშირად რასთან დაკავშირებულ რჩევებს გეკითხებიან?

- ყველაფერთან. სამეგობრო წრეში გარკვეულ საკითხზე საუბრისას, განვიხილავთ, რა როგორ ჯობია. მეგობრებს თავად ხშირად ვეკითხები რჩევებს ავტომობილის, სახლის შეძენასთან დაკავშირებით... რა თქმა უნდა, გადაწყვეტილებებს ოჯახი ვიღებთ, მაგრამ მაინც, მეგობრებთან კონსულტაციას წინ არაფერი უდგას.

- რამდენიმე წლის წინ კერძო სახლი შეიძინეთ. რის მიხედვით შეარჩიეთ?

- სახლი 4 წლის წინ შევიძინეთ, ეს მეუღლის სურვილი იყო. უბრალოდ, სახლს რომ ვათვალიერებდით, უკან მოვიხედე და მეუღლის აღტაცებული სახე დავინახე, - რა მაგარიაო! ამიტომ "ბაწარში თავი გავყავით" და 3-სართულიანი სახლი ვიყიდეთ (იცინის), რომლის რემონტიც ახლა მიმდინარეობს. სამეზობლო გვეხმარება - ხელოსნები კარგი ბიჭები არიან... მე თუ მკითხავთ, გემოვნებასთან დაკავშირებით, სახლი დიასახლისისაა. ამიტომ ყოველთვის მეუღლეს ვეკითხები, რა როგორ ჯობია, რა მასალა ვიყიდო... შემდეგ ხარისხზე თავად ვყალიბდები. ჩემს სამეგობროში რამდენიმე ადამიანი სამშენებლო მასალების ბრენდების მფლობელია, რაღაც-რაღაცებს ისინიც მირჩევენ ხოლმე, ოღონდ - ყველაფერი ჩემი მეუღლის გემოვნებით წყდება.

- ძირითადად, რომელ ფერებშია გადაწყვეტილი თქვენი სახლი?

- პირველი სართული (მისაღები და სამზარეულო "სტუდიოს" სტილშია) თეთრია, მეორე - მთლიანად ხეშია გადაწყვეტილი, იქვე ბუხარია... მესამე სართულის რემონტი ჯერ არ დაგვიწყია, მაგრამ სავარაუდოდ, ნათელ ფერებს შევარჩევთ, რადგან იქ ჩემი გოგონას - მართას უზარმაზარი სტუდია უნდა იყოს, ასევე - ჩემი ვაჟების, ლაშა-გიორგის და ერეკლეს ოთახები. მესამე სართულიდან ძალიან ლამაზი ხედი გვაქვს. ფაქტობრივად, მთელი გლდანი-ნაძალადევის ტერიტორია ჩანს... საკუთარ სახლს ბევრი შრომა და ხარჯი სჭირდება... სამწუხარო რეალობაა, რომ მომღერლებს და მსახიობებს ამდენი ფული არ გვაქვს, მაგრამ ვშრომობთ.

- ძირითადად, ეკრანზე აკადემიურად ჩაცმული ჩანხართ...

- ჰო, მაგრამ გააჩნია, რომელ გადაცემაში მივდივარ. როდესაც ადამიანი ეკრანს მიუჯდება, ნაწილობრივ, მისთვის მაგალითი უნდა იყო - ჩაცმითაც, საუბრითაც და ალბათ, ცხოვრების სტილითაც...

- სამოსზე ზრუნვას რამდენ დროს უთმობთ?

- ვაიმე, საერთოდ არ ვუთმობ (იცინის). ჩემი ნება რომ იყოს, ალბათ, 10-15 წელი არაფერს ვიყიდდი. ახალი სამოსი მეუღლის დაჟინებული მოთხოვნის საფუძველზე მაცვია. მაღაზიაში მიდის და ყიდულობს. ამისთვის თვეში 1 დღე აქვს ამორჩეული, როცა ანგარიშზე ხელფასი "მიჯდება". სიმართლე გითხრათ, მის გემოვნებას უფრო ვენდობი, ვიდრე ვუთანხმებ, როგორი სამოსი მიყიდოს. ჩემთვის მნიშვნელოვანია, არ შემცივდეს: რომ გავცივდები, მერე ვერ ვმღერი და ვერ ვლაპარაკობ. თუ არ ვიმღერე, ალბათ ოჯახსაც ვერ შევინახავ, რადგან 2 სახლის გადასახადია დასაფარი, მშობლებზე, ბავშვების სწავლა-განათლებზე ზრუნვაა საჭირო... ეს ყველაფერი ჩემი და ჩემი მეუღლის კისერზეა.

- ლაშა, თქვენს რეპერტუარში ისეთი სიმღერებია, რაც თავად მოგწონთ თუ მარკეტინგულადაა გათვლილი, რომ ხალხმა მოგისმინოთ?

- არის სიმღერები, რომლებიც მარკეტინგულადაა გათვლილი და არის სიმღერები, რომლებიც ნამდვილად სხვა რანგს მიეკუთვნება. მაგალითად, როდესაც ემიგრანტებთან მიდიხარ, აუცილებელია, სახალისო სიმღერა შეასრულო. გიორგი დათიაშვილმა ოთარ რამიშვილის სიმღერის - "მთავარია, გქონდეს ფული" ძალიან კარგი ვერსია გააკეთა, რომელიც შოუს ელემენტებით გავაჯერეთ. თავდაპირველად, მე და გიორგი ვასრულებდით, შემდეგ ვთხოვე და უკვე ცალკე ვმღერი... მაგალითად, ბოლოს სამსონ დიასამიძის ძალიან ლამაზი სიმღერა - "მომენატრა" ჩავწერეთ. ბალადური ვერსიაა. არანჟირება მარიკა ქაცარავამ გააკეთა. ასევე, შოთა მაისურაძის სიმღერა - "დაგხატავ" გემოვნებითაა დაწერილი და ალბათ - შესრულებულიც... ამავდროულად, ემიგრანტებისთვის ვასრულებ სოფი რაფაელას სიმღერას - "ნუ გაიკვირვებ", რომელსაც ბადალი არ ჰყავს... პირადად მე, ძირითადად, ჯაზს ვუსმენ. ელ ჯეროზე ვგიჟდები!..

- სცენაზე თუ კინოში, როგორი როლის შესრულებისას გრძნობთ თავს ყველაზე კომფორტულად?

- მაგალითად, ჩემთვის ერთ-ერთი შესანიშნავი როლია კაპიტანი ფონ ტრაპი ("მუსიკის ჰანგებში"). ვგიჟდები ბენ ჰოპკინსის ფილმში - "მოგზაურობა ყარასტანში" შესრულებულ როლზე ("კაგებეს" თანამშრომელს ვთამაშობ). ფილმის პროდიუსერი ვოვა კაჭარავა გახლავთ... საერთოდ, ყველანაირ როლს რაღაც გასაღებს მოვუნახავ, მაგრამ ალბათ, არის როლები, რომლებსაც ვერ შევეხები: მაგალითად, ჰამლეტის როლს არასოდეს ვითამაშებ, რადგან ასე მგონია, ეს ჩემი სათამაშო არ არის... ალბათ, მუსიკალურ სპექტაკლებში უფრო კომფორტულად ვიგრძნობ თავს.

- შვილებსა და თქვენ შორის აზრთა სხვადასხვაობას რა საკითხები იწვევს?

- ჩემი შვილები არასოდეს ამბობენ, - რაღაც განსაკუთრებული გვინდაო. მაგალითად, ლაშა-გიორგი დამოუკიდებელია, 16 წლის ბიჭია და რომ მეტყვის, - რაღაც მომეწონაო, ანგარიშზე თანხას ვურიცხავ, მიდის და ყიდულობს. ბოლო დროს კარგად გამოწყობილი მოვიდა. ვუთხარი, - რა კარგად გაცვია-მეთქი! - ჰო, რა, გემოვნებით ჩაცმული ვარო (იცინის). შეიძლება, რაღაც არ მომეწონოს - პიჯაკს კედი არ მოუხდეს, მაგრამ მის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ. ალბათ, ისინიც ასე არიან განწყობილი, მაგრამ პიჯაკსა და საცვალში გამოწყობილი გარეთ რომ გავიდე, მგონი მეტყვიან, - მამა, შენი ჭირიმე, ასე ჩაცმული ნუ ივლიო (იცინის). ურთიერთშეთანხმების ამბავია.

- როგორი გემოვნების, მსოფლმხედველობის ადამიანთან ვერ იმეგობრებთ?

- არ ვიცი, ამაზე არ მიფიქრია... ყველანაირ ადამიანს გავუგებ, კონტაქტში შევალ... მთავარია, უზრდელი არ იყოს და თავს უფლება არ მისცეს, ისეთი რაღაც გააკეთოს, რაც მე და ჩემს გარემოცვას შეურაცხყოფას მოგვაყენებს. დანარჩენს რაც შეეხება, არ არსებობს ადამიანი, რომ ვერ გავუგო.

- თქვენი აზრით, როგორი ადამიანია გოიმი?

- ვისაც "თავისუფლება" "გარეგანად" ესმის და არა - ტვინით. თუ ტვინით თავისუფალი არ ხარ, ე.ი. გოიმი ხარ; თუ ტვინით თავისუფალი ხარ, მერე ის გააკეთე, რაც გაგიხარდება... "თავისუფლება" უზრდელობას არ უნდა ნიშნავდეს, გარკვეულ ფორმებში უნდა "ჯდებოდეს". გამოხატვის თავისუფლება სხვაა, უზრდელობა - სხვა...

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი "გზა"