"2008 წელს ნიუ-იორკში, უოლ-სტრიტზე ვმუშაობდი და რედაქტორმა გამაფრთხილა, რუსეთი ღამით საქართველოს დაბომბავსო" - ქართველი ქალი ამერიკაში ბრწყინვალების მედლით დააჯილდოეს - კვირის პალიტრა

"2008 წელს ნიუ-იორკში, უოლ-სტრიტზე ვმუშაობდი და რედაქტორმა გამაფრთხილა, რუსეთი ღამით საქართველოს დაბომბავსო" - ქართველი ქალი ამერიკაში ბრწყინვალების მედლით დააჯილდოეს

ჟურნალისტი ნინა კიკნაძე 2006 წელს ამერიკაში, კერძოდ კი ტენესის შტატში გაემგზავრა კულტურული პროექტის ეგიდით, სახელად "შმაზი". როგორც ამბობს, იდეა მიზნად ისახავდა მწერლების, პოეტებისა და მუსიკოსების კოლაბორაციას. რაღაც პერიოდი ამერიკაში ქართველი მუსიკოსებისა და ამერიკელი ბლუზმენების პოპულარიზაციით იყო დაკავებული, საბოლოოდ კი ტენესის შტატმა იმდენად მოხიბლა, რომ გადაწყვიტა, ცოტა ხნით იქ დარჩენილიყო...

- ვიფიქრე, აქ ცოტა ხნით დავრჩები-მეთქი, მაგრამ როგორც იცით, ისევ აქ ვარ... ჩამოსვლიდან მალევე მივხდი, რომ ამერიკული განათლების გარეშე კულტურული პროექტების პოპულარიზაციაზე ზრუნვა გამიჭირდებოდა. ამიტომ გადავწყვიტე ტენესის შტატის უნივერსიტეტში, ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტზე ჩამებარებინა. ასე მოვხვდი საერთაშორისო ბიზნესის კათედრაზე, სადაც ვმუშაობდი კიდეც და ვხელმძღვანელობდი მრავალეროვან საგაზაფხულო დღესასწაულს MCFS Spring Celebration.

უნივერსიტეტში დავუმეგობრდი ბევრ პროფესორს, რომლებიც 2011 წელს დამეხმარნენ საქართველოსა და ამერიკას შორის თანამშრომლობის მემორანდუმის (MOU) შემუშავებასა და ხელმოწერაში. მემორანდუმი ითვალისწინებდა სტუდენტური გაცვლის პროგრამას ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსისტეტისა და ტენესის შტატის სასწავლებელს შორის, ბიზნესისა და ეკონომიკის კათედრების სტუდენტებისთვის.

- ამერიკაში თავის დამკვიდრებისას რა სირთულეებთან მოგიხდათ გამკლავება?

- აქ მივხვდი, რომ არაფერი ვიცოდი ამერიკული ენისა და კულტურის შესახებ, ამიტომ პირველი ექვსი თვე ენის და კულტურული წყობის შესწავლას მივუძღვენი. პროფესიით ვერ ვიმუშავებდი, ამიტომ ელემენტარული ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა შევისწავლე, რაც ძალიან გამომადგა. 10 წლის მანძილზე ეს პროფესია იყო ჩემი შემოსავლის წყარო და ამერიკის კორპორაციულ სამყაროში მწვანე ბილეთი.

უნდა აღინიშნოს, რომ დიდხანს ვერ ვპოულობდი სამუშაოს და ვერ ვხვდებოდი, რატომ არ მიღებდნენ, რას მიწუნებდნენ. ყველგან ერთსა და იმავეს მეუბნებოდნენ, რომ ჩემი კვალიფიკაცია "აჭარბებს" პოზიციის მოთხოვნებს, არადა, მე ნებისმიერი სამუშაოსთვის მზად ვიყავი. ერთ დღეს, უკვე სასოწარკვეთილმა ტაქტიკის შეცვლა გადავწყვიტე და ჩაცმის სტილი შევიცვალე, გასაუბრებაზე ბოტასითა და ჯინსით გამოვცხადდი. იმ დღეს სასწაული მოხდა და ადმინისტრაციული ასისტენტის თანამდებობაზე მიმიღეს!

რასაკვირველია, სირთულეების გადალახვა მომიხდა, მაგრამ ახლა ვხდები, რომ სხვებს ჩემზე მეტი გადაუტანიათ, თუნდაც ენის უცოდინარობის გამო. ყველაზე მტკივნეული შვილთან, ელენე გენგიურთან დაშორება იყო და 2008 წლის ომის გადატანა. დღეს არაფერს ვნანობ, რადგან ამერიკა მაძლევს საშუალებას, ჩემს ქვეყანას მორალურად დავეხმარო.

- ქვეყნის მორალურად დახმარებაში რას გულისხმობთ?

- მიმაჩნია, რომ ქართველი ემიგრანტების სულიერი მდგომარეობა უკეთესს იმსახურებს. ამაში ვხედავ ჩემს მორალურ და სულიერ მისიას - ემიგრანტების მხარდაჭერაში.

- რამდენი წლის იყო თქვენი შვილი, როცა აქედან წახვედით? ახლა რას საქმიანობს?

- ჩემი უფროსი შვილი მაშინ 11 წლის იყო. დღეს ის ფოტოგრაფია, ნიჭი მემკვიდრეობით გადმოეცა.

- 2008 წლის ომი ახსენეთ. რა იგულისხმეთ ომის გადატანაში? მაშინ ხომ უკვე ამერიკაში იყავით...

- დიახ, 2008 წელს მე უკვე ნიუ-იორკში ვიყავი და ვმუშაობდი უოლ-სტრიტზე, გაზეთის "ვ ნოვომ სვეტე" რედაქციაში, რომელიც "მასკოვსკი კომსომოლეცის" გამოცემაა ამერიკაში. თუმცაღა, გაზეთის პოლიტიკა სრულიად ეწინააღმდეგებოდა ჩემს პოლიტიკურ შეხედულებებს. ერთადერთი დადებითი ამ პრაქტიკაში ის იყო, რომ მთავარმა რედაქტორმა გამაფრთხილა, რუსეთი ღამით საქართველოს დაბომბავსო. ჩემი ქალიშვილი ელენე მაშინ გორში იყო, ბებიასა და ბაბუასთან ერთად... ალბათ წარმოგიდგენიათ, რისი გადატანაც მომიხდა...

- ახლა რას საქმიანობთ ამერიკაში? როგორ გექცევიან და საერთოდ, რა აზრის არიან ადგილობრივები ქართველებზე?

- ამერიკაში მაქვს საკუთარი ბიზნესი და არასამთავრობო ორგანიზაცია. ასევე, ჩართული ვარ პოლიტიკურ საქმიანობაში და ჯორჯიაში ევროპიდან ჩამოსულ ემიგრანტებს წარმოვადგენ.

- იქნებ დააკონკრეტოთ, თქვენი საქმიანობა რას მოიცავს?

- ჯორჯიაში წარმოვადგენ რესპუბლიკური პარტიის კომიტეტს ემიგრანტების საკითხებში. ფაქტია, ამერიკელებმა არ იციან ჩვენი პრობლემების შესახებ და ჩემს მოვალეობად მიმაჩნია მათ ვაცნობო ჩვენი საჭიროებების შესახებ. ასევე ვხელმძღვანელობ ჯგუფს სახელწოდებით "სერიოზული პარტია", რომლის მიზანი ადგილობრივი ხელისუფლების გაცნობაა. ჩემი ჯგუფის წევრები იცნობენ სენატორებს, კონგრესმენებს და ბევრ ადგილობრივ ოფიციალურ პირს. ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ ჰქონდეთ შესაძლებლობა, საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდნენ ადგილობრივ ხელისუფლებას. ემიგრანტებს უნდა ჰქონდეთ სრული ინფორმაცია გარშემო მიმდინარე იმ მოვლენებისა თუ კანონების შესახებ, რომლებიც ამერიკაში ემიგრანტების ყოფაზე დიდ გავლენას ახდენს...

რაც შეეხება ადგილობრივ ქართველ საზოგადოებას, ჩვენ გვყავს ძალიან ინტელექტუალური, განვითარებული და უნიჭიერესი ხალხი! მოგიყვანთ მაგალითს: ერთ-ერთი ნიჭიერი ქალბატონი, ლიკა ქიმერიძე ისე აღფრთოვანდა ჩვენი კულტურული ფესტივალის იდეით, რომ "ქართული" წინსაფრების გამოშვება დაიწყო და ახლა მათზე დიდია მოთხოვნა!

უნდა გითხრათ, რომ ნიჭიერების მიუხედავად, ჩვენ კიდევ ბევრი რამ გვაქვს ასათვისებელი. სხვა დიასპორებს სულ ვაკვირდები. მაგალითად, ებრაელები და უკრაინელები უფრო გაერთიანებულები არიან და მეტ ინვესტიციას დებენ კულტურულ ცენტრებში. იციან, სხვანაირად ემიგრანტი თაობა ჩამოშორდება თავის კულტურას. ებრაელები თავიდანვე ეხმარებიან ემიგრანტს ამერიკულ მიწაზე დაფუძნებაში, უკვე წარმატებულები კი პოულობენ გზას, რათა თავიანთ დიასპორას უკან დაუბრუნონ მორალური ვალი. ამიტომაც არის, რომ აქ ვერასდროს ნახავთ უსახლკარო ებრაელს. ვოცნებობ, რომ უცხო მიწაზე ჩვენც ერთ მუშტად გაერთიანებულები ვიყოთ.

- ამერიკაში ყველა სურვილი სრულდება?

- საიდუმლოს გაგიმხელთ: ამერიკაში სურვილები სრულდება მხოლოდ მაშინ, როცა ამერიკას ისეთს იყვარებ, როგორიც არის. თუ მზად ხართ, იდეის გამო მსხვერპლად გაიღოთ დრო, ფული, ჯანმრთელობა, ძილი, პირადი ცხოვრება, ოჯახთან დროის გატარება და ა.შ. მაშინ ყველაფერი გამოგივათ. ამერიკას არ მოსწონს ისინი, ვინც მას მხოლოდ სათავისოდ იყენებს. ოცნებები მაშინ ხდება, როცა შეგნებულად აკეთებ ქველმოქმედებას და სადაც უნდა ცხოვრობდე, მთელი გულით ემსახურები საზოგადოებას - ჩემთვის ეს აქსიომა გახდა.

- ამერიკაში ბევრი ქართველია. ხშირად ახერხებთ მათ თავმოყრას?

- დიახ, აქ ნამდვილად ბევრი ქართველია და ძირითადად, ამერიკის ჩრდილოეთ ნაწილში ცხოვრობენ (ნიუ-იორკი, პენსილვანია), სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული ემიგრანტების მასაში. ცოტა ხნის წინ ბრუკლინი შემოვიარე და მხოლოდ ქართული საუბარი მესმოდა, "ბერის" მძღოლიც კი ქართველი შემხვდა. ჩრდილოეთ ნაწილში იმდენი ემიგრანტია, რომ ხშირად, იქ მყოფებს ინგლისურის სწავლაც არ სჭირდებათ. ამიტომ, როდესაც "ნამდვილ" ამერიკაში ჩამოდიან, ახლიდან უწევთ ცხოვრების აწყობა, აქ ენის ცოდნის გარეშე ვერაფერს გააწყობ.

ამერიკას აქვს ცხოვრების გიჟური რიტმი, ამიტომ თანამემამულესთან ხშირად შეხვედრას და გართობას ვერავინ ახერხებს, თუ რა თქმა უნდა, უმუშევარი არ ხარ. ამიტომ, მე შევქმენი ჯგუფი, სადაც ყოველდღიურად ვუკავშირდებით ერთმანეთს, ვუზიარებთ ამბებს, ვეხმარებით და ვსწავლობთ ერთმანეთისგან.

- ახლა ვინმემ რომ დაგისვათ კითხვა, ღირს თუ არა სამუშაოდ ამერიკაში წასვლა, რას ეტყვით? რა პლუსები და მინუსები აქვს საზღვარგარეთ ცხოვრებას?

- ემიგრაციაში ცხოვრებას თავისი კანონები აქვს. რაც უფრო ადრე გაიგებს ადამიანი ამ კანონებს, მით უფრო ადვილი იქნება მისთვის ამერიკაში ცხოვრება და ფეხზე დადგომა. პირდაპირ გეტყვით, არ ვარ მომხრე, როდესაც ამერიკაში "მხოლოდ ფულის საშოვნელად" ჩამოდიან. ადამიანები, რომლებსაც გადაწყვეტილი აქვთ მხოლოდ ამერიკის რესურსების გამოყენება, ვერასოდეს იქნებიან სრულად წარმატებულები, რადგან ისინი თავიანთ ცხოვრებას არ უკავშირებენ ადგილობრივ საზოგადოებას და აქედან გამომდინარე, სურვილიც არა აქვთ, მადლიერება გამოიჩინონ.

- წლები უკან რომ დაბრუნდეს, რაიმეს შეცვლიდით თუ ისევ ემიგრაციის გზას გაივლიდით თავიდან?

- არაფერს ვნანობ. უბრალოდ, მინდა გითხრათ, რომ ჩემი მოქალაქეობა სისხლითა და ოფლით დავიმსახურე.

- და კიდევ, იქნებ ვისაუბროთ იმ ტვირთზე, რომლის ზიდვაც ყველა ემიგრანტს რაღაც დოზით უწევს: ვგულისხმობ ქველმოქმედებას, როცა შენი სამშობლოდან ემიგრაციაში მყოფს დახმარებას გთხოვენ...

- ყველა ემიგრანტი, ასე თუ ისე, ეხმარება თავის ოჯახს სამშობლოში. მე მჯერა, რომ როდესაც ვინმე მოგმართავს დახმარებისთვის, ეს არის დიდი მადლი ღვთისგან, ამიტომ თხოვნა არ უნდა იყოს უგულებელყოფილი.

- როგორია ზოგადად ემიგრანტების განწყობა და პირადად თქვენ, რა შემთხვევაში დაბრუნდებით?

- ძალიან მენატრება საქართველო და ქართული კულტურის ფესტივალი არის ამ მონატრების მცირე მორალური კომპენსაცია ჩვენი გულებისთვის. ჰოდა, ამიტომაც ჰქვია "ქართული სული"! ჩემს თავს ხუმრობით "ორმაგ ქართველს" ვეძახი. მე დავიბადე ქართულ "ჯორჯიაში", მაგრამ ახლა ვცხოვრობ ამერიკულ ჯორჯიაში! ტექნიკურად, ქვეყნიდან არც წავსულვარ!..

საქართველოში აუცილებლად დავბრუნდები, ოღონდ მაშინ, როცა იქ ჩემი ნიჭისა და შესაძლებლობების რეალიზების საშუალება მომეცემა, როცა ღირსეული შემოთავაზება მექნება.

- დაბოლოს, აუცილებლად უნდა გკითხოთ ფესტივალზე, რომელიც 11 მარტს, თქვენი ხელმძღვანელობით ჩატარდა ამერიკაში...

- ქართული კულტურის ფესტივალს განსხვავებული სული და ენერგია აქვს. ვფიქრობ, 11 მარტი ჯორჯიის შტატის ისტორიაში ევროპული, კერძოდ კი ქართული კულტურის დღესასწაულის სახელით შევა. ჩვენი ფესტივალი აქ უკვე მეორედ გაიმართა. მიხარია, რომ მაყურებელი ემოციას ვერ ფარავდა, ტიროდა. საკონცერტო პროგრამა წარმოადგინეს ქართული ესტრადის ვარსკვლავებმა: ნინი წიკლაურმა, ირაკლი რუსიამ, უნიჭიერესმა თვითნასწავლმა მუსიკოსმა პაატა ასათიანმა, ბექა გოგინაშვილმა, ჟურნალისტმა და პოეტმა ლელა ნინუამ, ანსამბლ "ფესვების" წარმომადგენლებმა. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ ქართველი მხატვრები, ქართული ღვინისა და ქართული კერძების ადგილობრივი მწარმოებლები, ემიგრანტების დამხმარე გუნდი სახელად "ფესტივალის ფუტკრები" და ა.შ.

შარშანდელთან შედარებით, წლევანდელი ზეიმი კიდევ უფრო მასშტაბური იყო, რადგან მას ჯორჯიის შტატის ოფიციალურმა პირებმაც დაუჭირეს მხარი. კერძოდ, ჯორჯიის შტატის ქალაქ შუგარ ჰილის მერმა - ბრენდონ ჰემბრიმ, შტატის კომისიონერმა - მეთიუ ჰოლტკამპი, წარმომადგენელთა პალატის წევრმა - მეტ რივზი, ჯორჯიის შტატის თავდაცვის დეპარტამენტის გენერალმა - ტომას კარდენმა და ჯორჯიის შტატის რაგბის ნაკრების პრეზიდენტმა - სტივ მეისმა და ვიცე-პრეზიდენტმა პიტ რედმონდმა.

დღესასწაული დაძმობილებულ ქალაქებს (ატლანტასა და თბილისს) შორის ხელშეკრულების ხელმოწერის 36 წლის იუბილეს მიეძღვნა. ქალაქ შუგარ ჰილის მერი სიხარულით შეხვდა ჩემს წინადადებას, გაფორმდეს კიდევ ერთი მეგობრობის პროკლამაცია. ეს უპრეცედენტო მოვლენა ქვეყნებს შორის კულტურული ურთიერთობების ისტორიაში, ბოლო 36 წლის განმავლობაში პირველად ხდება. დიდი ალბათობით, არჩევანი შეჩერდება თბილისსა და მცხეთაზე. თუმცა მეგობრობის პროკლამაციაში მონაწილეობის სურვილი ყაზბეგიდანაც დააფიქსირეს. ამ ყველაფრის განხორციელებაში სავარაუდოდ, ბატონი დავითი ზალკალიანი - საქართველოს ელჩი ამერიკაში დაგვეხმარება.

არანაკლებ სენსაციურია რაგბის ფედერაციის პრეზიდენტის - სტივ მეისის და ვიცე-პრეზიდენტის, პიტ რედმონდის განცხადება იმის თაობაზე, რომ მალე ქართველ ახალგაზრდა მორაგბეებს შესაძლებლობა ექნებათ ამერიკაში ჩამოვიდნენ, რათა კოლეჯის გუნდს შეეჯიბრონ. ჯორჯიის რაგბის გუნდისგან, როგორც ფესტივალის ორგანიზატორს, ხელმოწერილი მაისური გადმომეცა.

- და კიდევ, თქვენ დაგაჯილდოეს ბრწყინვალების მედლით.

- ეს ჯილდო თავდაცვის დეპარტამენტის გენერალ-ადიუტანტმა, გენერალ-მაიორმა ტომას კარდენმა გადმომცა და დასძინა, რომ ეს მედალი არის მისგან და 50 000 ამერიკელი ჯარისკაცისგან.

ლიკა ქაჯაია

ჟურნალი "გზა"