ჭკვიანი სათბური ჭკვიანი ბიჭებისგან - კვირის პალიტრა

ჭკვიანი სათბური ჭკვიანი ბიჭებისგან

ისინი სოფლის მეურნეობის პროდუქტს აწარმოებენ, რასაც ნიადაგი... არ სჭირდება. ნიკოლოზ გვარაძემ და მისმა პარტნიორმა ვანო მთიბელიშვილმა ჭკვიანი სათბური შექმნეს, სადაც ფიზიკური შრომის ნაცვლად, სამუშაოები ავტომატიზებულია - ყველაფერს კომპიუტერი, ტელეფონი და სპეციალური სისტემა ისე მართავს, ზოგ დღეებში სათბურში ადამიანის ყოფნაც არ არის საჭირო. ნიკოლოზ გვარაძე მიკროელექტრონიკის ინჟინერია, მუშაობდა ქართულ ტელევიზორებზე, ლედ-ნათურებზე... როდესაც კომპანია დაიხურა, თავი სხვადასხვა პროფესიაში მოსინჯა, პანდემიისას კი აგროსფეროში გადავიდა.

- სტარტი პანდემიის დროს აგიღიათ, ანუ მას შეხედეთ როგორც შესაძლებლობას?

- ერთი სული მქონდა, საქართველოს ბაზარზე რაღაც განსხვავებული შემეტანა და არა გამეხსნა კაფე ან რესტორანი. ახლობლებისგან, რომლებიც სარესტორნო ბიზნესში არიან, ვიცოდი, რა პრობლემებიც ჰქონდათ, მათ შორის არც უცხო კულტურების სტაბილური მიმწოდებელი ჰყავდათ, ამიტომ მე და ჩემმა პარტნიორმა აგროსფეროში აგროტექნოლოგიებით გადავინაცვლეთ.

სპეციალური დანადგარი ჩინეთიდან ჩამოვიტანეთ, ჩავატარეთ ტესტები და პირველი მოსავალი მოვიყვანეთ. როცა ვნახეთ, რომ კარგ და სწრაფ შედეგს იძლეოდა, საქართველოს ბაზარზეც გამოვჩნდით. ვიპოვეთ ამერიკელი ინვესტორიც, რომელმაც 100.000 ევროთი დაგვაფინანსა და ვიყიდეთ 84 დანადგარი, რომლებიც ტელეფონითა და კომპიუტერით იმართება. ყველაფერი ავტომატურად მუშაობს, ხელით მხოლოდ ვთესავთ და მოსავალს ვიღებთ. მცენარეებს ავტომატურად ვუვლით, ყველაფერი ნიადაგის გარეშე, წყალში იზრდება. თავიდან ვაძლევთ იმ კვებას, რომელიც მცენარეს სჭირდება (კალიუმი, მაგნიუმი, რკინა) იმ რაოდენობით, რომ ზრდაში არ ჩამორჩეს და არც გადაიტვირთოს. ამ მეთოდით მოსავალს სწრაფადაც ვიღებთ. მცენარეზე კლიმატიც არ მოქმედებს, ამინდი არაფერში მონაწილეობს.

- რამდენი დასახელების პროდუქტი მოგყავთ?

- ექვსი სახეობა გვაქვს, ძირითადად, აზიური მცენარეები. ბოკ ჩოი, მდოგვი ოსაკა, მდოგვი ტატსოი, წითელი სკარლეტი, მიზუნა, სვისჩარდი და მიკრომწვანილი. ეს მცენარეები ჩვენთან არაპოპულარულია. მათ ვერ შევიძენთ სუპერმარკეტებში, მაგრამ რესტორნებს სჭირდებათ. ჩვენ ბაზარზე ამ პროდუქტის სტაბილურობა შევქმენით.

satburi-1680428374.jpg

- რამდენ ხანში?

- საჭირო დანადგარები ევროპაში დაახლოებით 7-ჯერ ძვირი ღირდა, ვიდრე ჩინეთში. ამიტომ ავირჩიეთ ჩინური და გადავაკეთეთ - იყო ჰიდროპონიკაზე, ანუ გამდინარე წყალზე მომუშავე, ჩვენ კი აეროპონიკა გვინდოდა - შიგნით ნისლი უნდა შეიქმნას. ღრუბელს ვქმნით და ნისლისა და ღრუბლის მეშვეობით მცენარეს ვკვებავთ.

- ამ საქმეში, როგორც ვხვდები, პირველი ხართ?

- ჯერ მსგავსი რამ არავის დაუნერგავს. ამჟამად შენობა იჯარით გვაქვს აღებული, სულ 540 კვმ-ია, წარმოება კი 290 კვმ-ზე მიმდინარეობს. თავიდან მცირედით დავიწყეთ და ყველაფერი ერთი წლის განმავლობაში შევისწავლეთ. ამის სპეციალისტები საქართველოს ბაზარზე არ არიან, ამიტომ ყველაფრის ჩვენით გაკეთებამ მოგვიწია.

- ეს ხომ მომავლის მეურნეობაა.

- ეს სისტემები იმიტომ შეიქმნა, რომ კოსმოსში კოსმონავტებს შესძლებოდათ მისი გამოყენება. ერთი წყალი უნდა და ის წყალიც ცირკულირებს, ანუ წყლის დანაკარგიც არ არის. ამასთან წყალი იფილტრება, ბაქტერიებისგან იწმინდება. არის მხოლოდ აორთქლება და ის, რასაც მცენარე მოიხმარს. მცენარე წყლის ხარჯზე იზრდება - ეს არის მისი კვება.

- წყალს, ალბათ, შევსება სჭირდება?

- თვეში ერთხელ ვცვლით, რადგან წყალი ამ ხნის განმავლობაში სასუქს კარგავს. ისე, სასუქს ცოტას მოვიხმართ. წელიწადში, ალბათ, 1300 ლარისას, ოღონდ ეს არც ჰერბიციდებია ან რამე მსგავსი. თვეში 500 კგ პროდუქტი მოგვყავს. მიწოდებისთვის კვირაში სამი დღე გვაქვს, ვკრეფთ და ახალ-ახალ პროდუქტს ერთ საათში რესტორანს ვაწვდით.

- ფიზიკურად თუ მუშაობთ?

- კომპანიაში სულ ხუთი კაცია დასაქმებული. ისინი თესავენ, უვლიან, ყველა პროცესს მართავენ. თავიდან 100%-ით ვიყავი ჩართული საქმეში, ახლა სხვა მიმართულებით ვმუშაობთ, თან საკუთარი ნაკვეთი შევიძინეთ. გვინდა გავფართოვდეთ, მაგრამ ჯერ ვერ ვახერხებთ. აგროსესხს ველოდებით და მერე 1000 კვმ-ზე გავიშლებით.

satburi3-1680428375.jpg

- თქვენი პროდუქტის შესასყიდი ფასი რამდენია?

- 1 კგ-ის ფასი 15 ლარიდან იწყება და 40 ლარამდე ადის. მიკრომწვანილის ხაზიც შევქმენით. სისტემები ჩვენვე ავაწყვეთ. უცხოელი კოლეგების გამოცდილებას ვაკვირდებით და ვცდილობთ ჩვენც გავაკეთოთ.

ვმუშაობთ პროდუქტის მიწოდების დღეს, დანარჩენ დღეებში სათბური დაკეტილია, ყველაფერი თავისით ირთვება და ითიშება. სისტემა ტემპერატურულ რეჟიმს, ტენიანობას, ჰაერში CO-ს რაოდენობას აკონტროლებს. თუ დანადგარს რამე დააკლდა, სისტემა თავისით გაითიშება.

- ანუ ჭკვიანი სათბურია.

- ასეა. მიწის მეტი რა გვაქვს, მაგრამ რეალურად ბევრი მიწაც არ გვაქვს, თან ხალხიც ხელს არ ჰკიდებს. ამასთან, ნიადაგიც გასატესტია, ჩვენ კი ნიადაგს არ ვეხებით და არც ვაფუჭებთ, ეკოლოგიაზე ზრუნვაც გამოდის. თუ გადავიანგარიშებთ, ჩვენს 500 კვმ მიწაზე 3500 კვმ გამოდის. ციკლი რომ დასრულდება, სისტემა ირეცხება და ახალი ითესება.

- სახელმწიფოსგან ხელშეწყობა თუ გქონიათ?

- არა, რამდენიმე ფაქტი იყო, ჩვენი სახე გამოიყენეს, ბიჭებმა ეს გააკეთესო. ხელშეწყობა არა გვაქვს, ყველაფერს ჩვენი ძალით ვუმკლავდებით. არაფერს ვითხოვთ, მხოლოდ მხარდაჭერას იმისთვის, რომ ახლა აკვაპონიკა დავნერგოთ - თევზისა და მცენარის "ურთიერთობა". თევზს მცენარე კვებავს, სადაც თევზი გაძლევს სასუქს და მცენარე სასუქით იკვებება. ამ შემთხვევაში უკვე სასუქსაც აღარ ამატებ. მოკლედ, აგრომიმართულებებმა ძალიან დაგვაინტერესა, თუმცა ეს ჩემთვის ახლობელი სულ იყო, მიყვარდა მცენარეები. ახალ საწარმოში ბევრ განხრას დავიმატებთ. ერთ-ერთია საკვები ყვავილები, ვაპირებთ მიკრომწვანილის ბრენდირებას. გვინდა რომელიმე ჰიპერმარკეტში შევიდეთ, გავფართოვდეთ, რათა გვქონდეს კომპანიის დასაკმაყოფილებელი რესურსი. ეს არის ჩვენი მთავარი ნიშა - ყველაფერი სტაბილურად უნდა გვქონდეს.

- ასეთი ჭკვიანი სათბურის გამართვა ყველას შეუძლია?

- მე და ვანო ერთმანეთს ვავსებთ, ის ფინანსების კუთხით, მე - ინჟინერიის. მოვინდომეთ, ვისწავლეთ, ბევრი ტესტი გავაკეთეთ, ბევრი შეცდომა დავუშვით, რომელზეც ასევე ვისწავლეთ და ამგვარ საფუძველზე შევქმენით გამართული წარმოება. ახლა აგრარულ უნივერსიტეტთან მემორანდუმის გაფორმებას ვაპირებთ - გვსურს სტუდენტებმა, რომლებიც აგროსფეროს სწავლობენ, გადამზადება ჩვენთან გაიარონ. ბევრმა გამოთქვა კიდეც ჩვენთან უსასყიდლოდ მუშაობისა და სწავლის სურვილი.

ლალი ფაცია