"ვინც იუსუფელში ცხოვრობდა, იქ ვეღარ ჩავა, რადგან უკვე დატბორილია" - რა ხდება იუსუფელში და რომელი ქრისტიანული ტაძრებია საფრთხეში?
"დღეს უკვე ისტორიულ ტაოში, ართვინის პროვინციაში, ქართველთა შთამომავლობის ქალაქი იუსუფელი იძირება. სულ მალე, მის მთებსა და სახლებს წყალი დაფარავს. მდინარე ჭოროხი აქ დაახლოებით 270 მეტრ სიმაღლეზე დაგუბდება, რომლის თავზე ხიდი გაივლის. ხიდის ბურჯები უკვე ზემოდან დაჰყურებს ჩასაძირად განწირულ ქალაქს. ტაოელ ქართველთა შთამომავლობა კერას ემშვიდობება და ნელ-ნელა ახალ იუსუფელში გადადის...", - იუწყებოდა „კვირის პალიტრა“ – 2022 წლის, 4 ნოემბერს...
სამწუხაროდ, იუსუფელი უკვე თითქმის წყლითაა დაფარული... ამ თემაზე გვესაუბრება ეთნოლოგიის დოქტორი - მირიან ხოსიტაშვილი:
- ართვინის პროვინციაში უკვე გაშვებულია წყალი, წყალსატევი რომ აივსოს... გადაწყვეტილება რამდენიმე წლის წინ მიიღეს, რომ იქ დიდი კაშხალი ყოფილიყო. თურქეთს მიზნად ჰქონდა დიდი ჰესის აშენება და მართლაც, ეს თურქეთის ყველაზე დიდი ჰესი იქნება, რომელიც 2023 წელს უნდა გაიხსნას... მთაგორიანი რელიეფი ხელსაყრელი ადგილია ჰესის ასაშენებლად, ამ ხეობაში მდინარე ჭოროხი და პარხლის წყალი შემოდის, თან ნაკლებად დასახლებული ტერიტორიაა. ეს არის ართვინის მხარე, იუსუფელი დაბაა, რომელიც ისტორიულად რამდენიმე ქართულ სოფელს აერთიანებს.
ართვინის მხარეში იუსუფელი ყველაზე დიდი, საქალაქო ტიპის დასახლებული პუნქტი იყო. სანამ იუსუფელი დაიტბორებოდა, მანამდე წყალმა ძველი ნასოფლარები დაიკავა. ისეთები, რომლებიც დღეს სოფლებად აღარ ითვლებოდა. იქ თავის დროზე ეთნიკური ქართველები ცხოვრობდნენ, მოგეხსენებათ, აღნიშნული მხარე ტაო-კლარჯეთის ტერიტორიაა... ახალი გზა კეთდება, რომელიც მაღალ წერტილებში გადის. უამრავი ხიდი აშენდა, გვირაბები გაიჭრა, რომ ამ ჰესს ზედა მხრიდან გადაუაროს... მეც ვიმყოფებოდი და თავად ვნახე სამუშაოები როგორც მიმდინარეობდა.
- იუსუფელის მოსახლეობა უმეტესწილად ქართველებია?
- დიახ, ეთნიკურად ქართველი თურქეთის მოქალაქეები. ასეულობით ოჯახი, რომელთა დიდი ნაწილი ძირითადად ზაფხულობით სტუმრობდა საკუთარ მშობლიურ საცხოვრებელს. წელიწადის მნიშვნელოვან დროს კი თურქეთის დიდ ქალაქებში ცხოვრობენ.
იუსუფელი ცოტა გვიანდელი დაბაა, მეოცე საუკუნის პერიოდის, რომელიც, როგორც მოგახსენეთ, პარხლის ხეობის ქართულ სასოფლო თემებს აერთიანებს, ხევაის, ბალხს და ქობაის, ეს სათემო ცენტრები პატარ-პატარა ქართულ სოფლებს აერთიანებს, სადაც ქართულ ენაზე მოსაუბრე ადამიანებს დღესაც შეხვდებით.
რამდენიმე წლის წინ სამეცნიერო ექსპედიციის წევრი გახლდით და ეს სოფლები შემოვლილი გვაქვს, ამ მხარეში ძალიან საინტერესო დასახლების ტიპი გვხვდება - მთის ფერდობებზე შეფენილი უბნები, რომლებიც მთიანი აჭარის დასახლებისა და განსახლების ფორმებს ჩამოჰგავს.
- ქართული ტაძარი, კავკასიძეების ციხე ჩაიძირება?
- იუსუფელში, ჭალებში, მდინარის პირას იყო პატარა ტაძარი, ერთნავიანი ბაზილიკა, რომელიც სამწუხაროდ, ჩაიძირება... ამ ტაძარში, გარკვეულწილად, ფრესკები შემორჩენილი იყო. ძველი გზები, რომლებიც ოთხთასთან და პარხალთან მიდიოდა, დაიტბორება. ახალი გზებით, ხიდებით იქნება იქ მისვლა შესაძლებელი. რაც იძირება, ის ხომ უმძიმესი შედეგია, მაგრამ ამ სივრცეში ტენიანობა ძალიან მოიმატებს და ამიტომ, ოთხთას განსაკუთრებით დიდი საფრთხე ემუქრება. ისედაც ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო მისი გუმბათი და მომატებული ტენიანობა მის ჩამონგრევას დააჩქარებს, თუ თურქეთის სახელმწიფომ გამაგრებითი სამუშაოები არ აწარმოა... ოთხთას და პარხალს, ამ უძველესს, ქრისტიანულ ტაძრებს დატბორვა არ ემუქრება.
ტაოსთვის, ამ ისტორიული მხარისათვის (სადაც ერთ-ერთი დიდი ქრისტიანული ბურჯი იყო, უამრავი ქრისტიანული ტაძარიც ამაზე მიგვითითებს და ერთიანი სამეფოს, საქართველოს განუყოფელი ნაწილი იყო), რა თქმა უნდა, ასეთი დიდი კაშხლების მშენებლობა არასასურველია.
- ბევრს გაახსენდა ჟინვალის ჩაძირული ტაძარი...
- დიახ, იქაც ის პატარა, ერთნავიანი ბაზილიკა ჩაიძირება... გვიან შემოდგომაზე წყალი რომ დაიწევს, ალბათ იმ დროს გამოჩნდება. ისეთივე მაგალითი შეიძლება იყოს, როგორც ჟინვალში - ტაძარი ხანდახან ჩანს, როცა წყალი დაბლა იწევს.
იქ ქართული სოფლების მოსახლეობის დიდი ნაწილი მუდმივი მაცხოვრებელი არ იყო, განსაკუთრებით მეოცე საუკუნის მეორე ნახევრიდან. ძირითადად, თურქეთის ცენტრალურ ქალაქებში ცხოვრობდნენ, იქ ზაფხულობით, ისტორიულ სოფლებში დასასვენებლად ჩადიოდნენ. ვინც იუსუფელში ცხოვრობდა, იქ ვეღარ ჩავა, რადგან უკვე დატბორილია, მაგრამ მიმდებარე სოფლები, რომლებიც მთის მწვერვალებზე იყო, შედარებით მიუვალ ადგილზეა და ისინი გადარჩება, თუმცა გარემო და კლიმატური პირობები შეიცვლება.
(სპეციალურად საიტისთვის)
ასევე დაგაინტერესებთ სტატია, რომელიც 2022 წელს გამოქვეყნდა - "მათ თვალებში ისტორიული ბედუკუღმართობის დარდია დაგუბებული" - ტაოში, ქართველებით დასახლებული ქალაქი იძირება