მოყვარული წნორელი მებაღის ზღაპრული დეკორაციები - კვირის პალიტრა

მოყვარული წნორელი მებაღის ზღაპრული დეკორაციები

მოყვარულ მებაღე-დეკორატორ მარიკა ხუციშვილს ქალაქ წნორში, საკუთარი სახლის ეზოში წალკოტი აქვს, რომელსაც მისივე ხელით შექმნილი დეკორაციები ამშვენებს. ხშირი მნახველის აღფრთოვანება მარიკას სტიმულს აძლევს, ყვავილნარი კიდევ უფრო გაამშვენიეროს და გაამდიდროს. "ბევრ საქმეს ვარ შეჭიდებული, 5 ბავშვის მინდობით აღზრდა ვიკისრე და 7 წელია დედასავით ვუვლი", - მითხრა მარიკამ და თავისი გოგო-ბიჭები გამაცნო. დავათვალიერეთ ბაღი. აგურით ნაშენები დიდი სახლის თეთრ ოთახში ზღაპრული სამყარო დაგვხვდა. ბუხრის დეკორაციასთან პატარა, ფერად-ფერადი ქოხებია. როგორც აღმოჩნდა, ხელოვანის ერთ-ერთი გატაცება პატარა ქოხების აშენებაც ყოფილა. მარიკამ გვიამბო, რა გზა გაიარა, სანამ ასეთ წალკოტს შექმნიდა.

- 15 წელიწადს თბილისში ვიცხოვრე. ქიზიყის სახლის ეზო მენატრებოდა და ბოლო დროს ქალაქური ცხოვრებაც გაუსაძლისი რომ გახდა, დაბრუნება გადავწყვიტე. საფერშლო სასწავლებელი მაქვს დამთავრებული, მაგრამ რეგიონებში სამსახურის შოვნა ჭირს. საქმე თავად გამოვიჩინე და მინდობით ბავშვების მოვლის პროგრამაში ჩავერთე. 5 მცირეწლოვანი ბავშვის, დედმამიშვილების "დედობა" ვიტვირთე.

- თავადაც ხომ გყავთ შვილები?

- ორი ქალიშვილი და 5 შვილიშვილი მყავს. მინდობილი ბავშვების შინ მოყვანის ღამე არ დამავიწყდება - შემეშინდა, ამდენი პატარა არსებისთვის როგორ უნდა მიმეხედა. ყველაზე უმცროსი 2 წლის იყო. პატარამ როცა გაიღვიძა, ნამძინარევი გამოიქცა ჩემთან და ჩამეხუტა. ხუთივე ბავშვს შვილიშვილებთან ერთად ვზრდიდი და ერთმანეთისგან არ ვასხვავებდი. ბავშვებიც ისე დამეგობრდნენ, უერთმანეთოდ ვეღარ ძლებენ. ღმერთს მადლობა, ასეთი კეთილი საქმე რომ შემაძლებინა.

ბავშვები წამოიზარდნენ და ტვირთი შემიმსუბუქდა. პატარაობიდანვე მიყვარდა ხელსაქმე, სხვადასხვა დეკორაციის, მორთულობების კეთება და ოთახების მოკაზმვა. ტყეში ლამაზ ტოტებსა და ყვავილებს ვაგროვებდი და სახლში მომქონდა. სტუმრად თუ წავიდოდით, მასპინძელს ძველ ნივთებს ვთხოვდი, მათთვის ახალი სიცოცხლე რომ მიმენიჭებინა. ახლობლებმა იცოდნენ, რომ მუყაო არ უნდა გადაეგდოთ, რადგან მისგან პატარა სახლებს ვამზადებდი. ისეთ დეკორაციებს ვქმნიდი, ყველას უკვირდა, საიდან მოიფიქრაო.

პირველი დეკორაცია შობისთვის გავაკეთე - ბაგაში ახალშობილი იესო ჩავაწვინე, ძველი ცოცხისა და ხის ნაფოტებისგან დამზადებულ ქოხს თავზე ცისკრის ვარსკვლავი დავასვი. დეკორაციაში დაწნული ღობე ღვედკეცისგან დავამზადე. ეს მცენარე ალაზნის ახლოს, ვენახებთან ხარობს და ადვილად იწვნება. მე, ჩემი მეუღლე და ბავშვები მივდივართ ხოლმე და ვჭრით დეკორაციებისთვის. ყველაფერს ვიყენებ: ვაზის ტოტებს, ძველ ტანსაცმელს, ქვებს, ბალახს...

სიმართლე გითხრათ, ამ საქმეს ისეთი სიყვარულით ვაკეთებ, დეკორაციის გაჩუქება ძალიან მიჭირს, მაგრამ ერთ-ერთი საშობაო სახლი მოძღვარს მივართვი. კურიოზული სიტუაციებიც მაქვს ხოლმე. სიძეს როცა ვთხოვ, ქვა, მიწა მინდა და მომატანინე-მეთქი, მეხუმრება, სიდედრო, ასი წლის მერე იმ ქვეყნად რომ წახვალ, ქვა და მიწა იქაც გეყოფაო.

- ზღაპრულ სამყაროში ყოფნა ყოველდღიური პრობლემების დაძლევაში გეხმარებათ?

- არაერთხელ უთქვამთ, შენს ქოხებს რომ ვუყურებთ, კარგ ხასიათზე ვდგებითო. ქუჩაში სხვისთვის შეუმჩნეველ, გადაგდებულ ნივთს რომ დავინახავ, უკვე ვიცი, მისგან რას გავაკეთებ. გირჩებისგან ისეთი მორთულობები დავამზადე, ყველა აღფრთოვანდა. საშობაოდ ან სააღდგომოდ სახლის მორთვას რამდენიმე კვირით ადრე ვიწყებ. ზღურბლს გადმოაბიჯებ და ზღაპრულ სამყაროში მოხვდები.

წნორში ცოტა ხნის წინ ერთმა არაჩვეულებრივმა გოგომ, თამთა კუსრაშვილმა, სოციალური საწარმო გახსნა. მე და თამთამ მიზნად დავისახეთ, შშმ ბავშვების დედები დაგვესაქმებინა. გვეცოდებოდნენ, შვილების გამო ჩაკეტილი რომ იყვნენ შინ. ზოგი ხელმარჯვე აღმოჩნდა, ზოგსაც შევასწავლეთ ხელსაქმე. დედებთან ერთად მივდიოდით მინდორში, ტყეში და დეკორაციებისთვის საჭირო მასალა მოგვქონდა. მერე საამქროში ერთად ვამზადებდით დეკორაციებს, გამოფენა-გაყიდვებს ვმართავდით და შემოსულ თანხას შემდგომი დეკორაციებისთვის ვიყენებდით. დასაქმებული დედები კმაყოფილი იყვნენ და საქმიანობის განვითარებაზეც ვფიქრობდი, მაგრამ, სამწუხაროდ, ვეღარ გავაგრძელეთ...

dekor3-1680431221.jpg

- მარიკა, როდესაც სიღნაღის მუნიციპალიტეტში ყველაზე ორიგინალურად მოწყობილი ბაღის ძებნას შევუდექი, თქვენთან სტუმრობა ბევრმა მირჩია. მართლაც საოცარი გარემო გაქვთ შექმნილი. მომიყევით, როგორ აშენებდით ამ სამოთხის ბაღს?

- წლების განმავლობაში სოფლის სახლში არავინ ცხოვრობდა და ეზო მოუვლელი იყო. ჯერ ბალახი მოვაცილე და დავგეგმე, სად რომელი ყვავილი დამერგო. სახლის ზოგიერთი ხარვეზი ხვიარა მცენარეების ფარდებით დავფარე. ხვიარების უამრავი სახეობა ხარობს ჩემს ბაღში. ნიავი რომ დაუბერავს, ზღვასავით ლივლივებენ. რომ ჩავიფიქრებდი, ერთ კუთხეში ქოხი ჩამედგა და დეკორაცია გამეკეთებინა, ღამეებს გავათენებდი, სანამ არ დავასრულებდი.

თავდაპირველად ქოთნის ყვავილების გაშენება დავიწყე. პირველი ყვავილი კაქტუსი იყო, რომელსაც "ქაჯეთის ციხეს" ეძახდნენ. შემდეგ მეზობლებს, ნაცნობებსა და ახლობლებს ყვავილებზე ტოტებს ვატეხვინებდი,­ ვაკალმებდი და ვრგავდი, ყვავილებით 120 ქოთანი გავავსე. მათი გამოზამთრების პრობლემა რომ შემექმნა, მერე მივხვდი, ეზოს ყვავილების შეგროვებაზე უნდა გადავსულიყავი. ზუსტად ვერ გეტყვით, რამდენი ჯიშის მცენარე ხარობს ბაღში. ბოლო წლებია, მხოლოდ მოყვავილე და მარადმწვანე მცენარეებს ვრგავ. კვიპაროსები ვიყიდე და როცა გამყიდველმა ჩემი ბაღის ამბავი შეიტყო, პატარა ველოსიპედი მაჩუქა, დეკორაციისთვის გამოიყენებო. ლურჯად შევღებე, ზედ ყვავილების ქოთნები დავამაგრე და ულამაზესი დეკორაცია შევქმენი. მეზობელმა ხის კარი გადააგდო, შევღებე და ცისფერი კუთხე მოვაწყვე. ძველებურ ლამპასა და დოქებს მივუდგამ ხოლმე ყვავილებს. ძველი ნივთები არსებულ გარემოს კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის. ისე ვიყოჩაღე, რომ ორ წელიწადში ჩემს ეზოს ვეღარ იცნობდით. პატარა ხელოვნურ ტბაში წყალმცენარეები ხარობს. ბაღი დიდი არ არის, მაგრამ ფართობი სავსებით საკმარისია, რომ ადამიანმა სილამაზით დატკბობა შეძლოს.

- ყვავილების მოშენება და მისი მოვლა სოფლად არ გიჭირთ?

- გაზაფხულიდან მთელ დღეს მიწევს შრომა და ცხადია, ვიღლები კიდეც. მცენარეებს ნაკელი სჭირდება, ამიტომ ზოგჯერ მიწით სავსე ტომრების თრევაც მიწევს. აქაურმა ხელისუფლებამ საუბნო გზების მოპირკეთება რომ დაიწყო, რამდენიმე დიდი ქვა დარჩა. რომელ ქვასაც ვერ მოვერიე, მეუღლეს შევეხვეწე და მოვატანინე ბაღში გაზონებისთვის. წლების განმავლობაში მუდმივი წყალიც არ გვქონდა და მოსარწყავად წყლის მოტანა წყაროდან ვედროებით მიწევდა. თავად ბევრ რამეზე ვამბობდი უარს, მაგრამ მცენარეებს მოვლა-პატრონობას არ ვაკლებდი. ასე შევქმენი ჩემი სამოთხის ბაღი.

dekor2-1680431221.jpg

როცა ოჯახის წევრები იძინებენ, ბაღში გავდივარ და ჩემი შექმნილი წალკოტით ვტკბები, ვისვენებ და უარყოფითი ემოციებისგან ვიცლები. ასე მგონია, ყვავილების გარეშე ვეღარ ვიცოცხლებ. ყვავილებს ველაპარაკები, ვეფერები, შეიძლება არ დამიჯეროთ, მაგრამ მათ სუნთქვასაც ვგრძნობ. თითოეულს ჩემებურ სახელებს ვეძახი - ჭრელფოთოლა, ცისფერთვალება, წითელგულა, სამფერა და ა.შ. მათი ყვავილობისას ჩვენს სახლში სტუმარი არ ილევა, მოდიან მეგობრები, მეზობლები, ახლობლები... მიხარია, ჩემი ბაღი ყველას რომ მოსწონს.

- სიღნაღის მუნიციპალიტეტში სადღესასწაულო სუფრებს აფორმებთ, ამ საქმესაც მარტო უძღვებით?

- თავდაპირველად ჩემი დის ქორწილის სუფრა გავაფორმე, შემდეგ მეზობლის. როცა დავხელოვნდი, გადავწყვიტე, საქმე შემოსავლის წყაროდ მექცია. გაფორმებაში ჩემი ბავშვებიც მონაწილეობენ - ბიჭები კონსტრუქციებს ქმნიან, მე კი ვალამაზებ. ზოგი კლიენტი მეუბნება, ამა და ამ ადგილას რომ გააფორმეთ სუფრა, ჩვენც ისეთი გვინდაო, მაგრამ ჩემი მორთული არც ერთი ქორწილისა და დაბადების დღის დეკორაცია ერთმანეთს არ ჰგავს, ყველა განსხვავებული და ორიგინალურია.

ნელი ვარდიაშვილი