"გაერთიანების უნარს ვკარგავთ, ამას აფხაზებიც ამჩნევენ და ფრთხილობენ"
ქვეყანაში, მათ შორის ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე პოლიტიკურ და საზოგადოებრივ პროცესებზე კულტურის ყოფილი მინისტრი, მწერალი გურამ ოდიშარია გვესაუბრა:
- გასულ კვირას ერევანში გვქონდა შეხვედრა, აფხაზებიც იყვნენ ჩამოსული, მათ შორის ჩემი თაობისა და ახალგაზრდა მწერლები. მე და ჩემს აფხაზ კოლეგასა და მეგობარს დაურ ნაჭყებიას გვაქვს ორი ანტისაომარი ნაწარმოები, ჩემი - "პრეზიდენტის კატა" და დაურის - "ღამის ნაპირი," რომელიც ქართულ მხარესაც გამოიცა. დაურმა ჩემი რომანი თარგმნა აფხაზურად, მე მისი ქართულად და ერთ წიგნად გამოვეცით. ახლახან გამოვიდა გერმანიაში და მალევ გამოვა იტალიაშიც. ამ რომანებით ევროპის კიდევ რამდენიმე ქვეყანა დაინტერესდა.
რამდენად წინ გადადგმული ნაბიჯია, ძნელი სათქმელია, მაგრამ ამ ბოლო დროს ქართველი მწერლებით დაინტერესებაა აფხაზეთში. რეგიონში ძალიან გააქტიურდნენ ქალები, რომლებიც ომის შემდგომ პრობლემებზე წერენ. ეს ის თაობაა, რომლებიც 90-იან წლებში პატარა გოგონები იყვნენ და წერენ იმაზე, რაც ყველაზე მძაფრად შემორჩა მათ მეხსიერებას - რა ხდებოდა ქალაქსა და რეგიონში, ომის გავლენა მოსახლეობაზე... ზოგს შვილი ჰყავს, მაგრამ ხედავს, რა გარემოა აფხაზეთში და ღელავს, რადგან არ იცის, რა მომავალი ექნებათ. მათ ყველა სიტყვაში, კითხვაში ჩანს, რაც აწუხებთ.
აფხაზეთში ამ მძიმე წლებში ნიჭიერი თაობა წამოსულა, რაც მათ მხატვრულ ნაწარმოებებშიც იგრძნობა. ძალიან მიხარია, რადგან ლიტერატურას ძალიან დიდი ძალა აქვს და ქართველი და აფხაზი მწერლები ერთმანეთს მეტს გააგებინებენ. ვიღაცებს, პოლიტიკოსებს, შესაძლოა ეს არ მოსწონთ და ამიტომაც აპირებენ ყველანაირი მეთოდებით მათთვის გზებით ჩაკეტვას, მაგრამ ეს შეუძლებელია. რამდენ ხანსაც არ უნდა დააგუბო, ერთხელ მაინც გასკდება. ქართველებსა და აფხაზებს მთელ სამხრეთ კავკასიაში ყველაზე მეტი საერთო აქვთ. მათ იმაზე მეტი უშენებიათ ერთად, ვიდრე 90-იანი წლებიდან მოყოლებული დაანგრიეს და ამას ვერავინ გააქრობს, რადგან ომის დროსაც კი ორივე ხალხი ერთმანეთის გადარჩენას სიცოცხლის ფასად რისკავდა.
მას შემდეგ, რაც ჩვენი სასიქადულო ბიჭი ხვიჩა კვარაცხელია მსოფლიომ გაიცნო, აფხაზები მას ინტერესით და სიყვარულით ადევნებენ თვალს. არაერთხელ უთქვამთ, ხვიჩაც ჩვენიაო.
აფხაზი კვარაცხელიები გუდაუთის რაიონის სოფელ დურიფშიდან არიან. ახალგაზრდობაში, როდესაც გაზეთის კორესპონდენტი ვიყავი, ნამყოფი ვარ მათთან. თურქეთშიც შევხვედრივარ მწერალ ქალს, ბედიზ კვარაცხელიას, რომელიც სამოქალაქო აქტივისტია, ქალთა უფლებების დაცვაზე მუშაობს.
- აფხაზი კვარაცხელიებიც გულშემატკივრობენ ქართველ ფეხბურთელს?
- დიახ, არა მარტო კვარაცხელიები, ძალიან ბევრი აფხაზი ქომაგობს. როდესაც ხვიჩაზე საუბრობენ, ვრწმუნდები, რომ ფეხბურთს საზღვრები არ გააჩნია. მათ ჰყავდათ ნიაზბეგ ძიაბშბა, ძალიან უყვარდათ ტრაგიკულად დაღუპული ვიტალი დარასელიაც, დღემდე პატივს სცემენ ნანბას, ცნობილ მეკარე მარღანიას. გაგრაში ერთ ქუჩაზე ორი ძალიან ძლიერი ფეხბურთელი ცხოვრობდა, ვლადიმერ ბარქაია და გიორგი სიჭინავა.
პატარა ბიჭი ვიყავი, როდესაც საბჭოთა კავშირი და ბრაზილია ერთმანეთს შეხვდნენ. საბჭოთა ნაკრებში სიჭინავა და ბარქაია თამაშობდნენ. მაშინ ლეგენდარულმა პელემ ერთ-ერთი თამაშის შემდეგ ბარქაიას მაისური გაუცვალა... ხვიჩას არც უფიქრია, მისი თამაში ამდენ რამეს თუ შეცვლიდა, მაგრამ როგორც დიდ დიპლომატს ან მწერალს შეუძლიათ ვითარების შეცვლა, ასევე შეუძლია დიდ ფეხბურთელსაც. ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში ძალიან დიდი როლი ჰქონდა ფეხბურთს. ახლა კვარაცხელიას თამაშით იკლავენ ნოსტალგიას.
ასე რომ, ძალიან მართებული იქნებოდა, თუ პოლიტიკოსები ცოტა ხნით შეისვენებენ. ამას აფხაზებიც ხშირად ამბობენ.
- როდესაც ძველ მეგობრებს, ან მათ თანმხლებ პირებს ხვდებით, იმედი გიჩნდებათ, რომ პერსპექტივა ჯერ კიდევ არსებობს?
- იმედი არასდროს დამიკარგავს, რადგან მათთან კომუნიკაცია არასდროს შემიწყვეტია. როდესაც ჩემი წიგნი "დევნილთა უღელტეხილი" გამოვიდა, გარკვეული დროის შემდეგ აფხაზებს შევხვდი და ერთმა ქალმა მითხრა, წავიკითხე თქვენი წიგნი და ვიტირე, ჩვენ გამო რამდენი გადაგიტანიათო. მაშინ, წლების წინ, აფხაზისგან ამას ვერავინ წარმოიდგენდა, მაგრამ დრომ, რომელიც ულმობელია, ბევრ რამეს ნათელი მოჰფინა. რაც დრო გადის, ხვდებიან, რომ რუსეთს არც არასდროს უნდოდა იქ შვეიცარიის მოწყობა. მთავარია, დანაღმულ მინდორზე სწორად ვიაროთ და პატარ-პატარა შანსები თუ იმედი სიჩქარით თუ სიხისტით არ ჩავაქროთ.
სოხუმში ჩემი ოჯახის სასაფლაო დამრჩა, ისე, როგორც უამრავ ქართველს, მაგრამ რაც მთავარია, ის ადამიანური ურთიერთობები დაგვრჩა, რომელსაც გვეგონა, რომ ვუფრთხილდებოდით. ჩემს სახლში ახლა აფხაზი ოჯახი ცხოვრობს. სოხუმში ყოფნისას რამდენჯერმე მითხრეს იქაურმა მეგობრებმა, წამოდი, შენს სახლში წაგიყვანთო, მაგრამ უარი ვუთხარი, იქ ჩემი ოჯახი აღარ ცხოვრობს, ვინც არის შესახლებული, უნდა დაიძაბოს. სახლი როგორ არ მენატრება, მაგრამ გადამწყვეტი არ არის. სახლი თბილისშიც მაქვს და ბულაჩაურშიც, ლიტერატურული სახლი, სადაც აფხაზები არაერთხელ მყავდა სტუმრად. მხოლოდ რუსეთის პოლიტიკას ვერ დავაბრალებთ იმ ტრაგედიას, ჩვენც უნდა ვაღიაროთ, სად შევცდით, თუნდაც იმიტომ, რომ შემდეგში არ დავუშვათ იგივე.
იცით, ბრაზი რამ ჩამიქრო?.. მთელი ომის განმავლობაში არაერთი შემთხვევა იყო, როდესაც ქართველმა აფხაზი გადაარჩინა და პირიქით. სოხუმში ცხოვრობდა ჩემ თვალწინ გაზრდილი ქართველი ბიჭი, თენგო ვადაქარია, რომელსაც აფხაზი მეგობარი ჰყავდა, ვოვა. ერთად იყვნენ გაზრდილი. ომი დროს ვოვასთვის თენგო პურსა და სხვა სურსათს ეზიდებოდა, ქართველი მეომრებისგან იცავდა, ჩემი ძმააო, ეუბნებოდა. როდესაც ქალაქში აფხაზები შემოვიდნენ, მათ ვოვა დახვდა და ბავშვობის მეგობარზე უთხრა, ჩემი ძმააო. პირველად შემოსულებს უთქვამთ, ჩვენ არაფერს დავუშავებთ, მაგრამ ფრთხილად იყავით, უკან სხვა ეროვნების მებრძოლები მოდიანო. მართლაც რომ შემოსულან, თენგო კედელთან რომ დაუყენებიათ, ვოვა გადაეფარა თურმე. რამდენჯერმე გააფრთხილეს, მოშორდი, თორემ გესვრითო, მაგრამ ვერ ააგლიჯეს. ნახევარ საათს გრძელდებოდა გაწევ-გამოწევა. ბოლოს ორივე დახოცეს. ჯერ თენგოს ესროლეს, შემდეგ ვოვას. ასეთი ვერაგია ომი. აფხაზ ვოვას ხომ შეეძლო თენგო მიეტოვებინა, თავი გადაერჩინა, ან ეთქვა, მე ვცადე, მაგრამ არ გამომივიდაო, მაგრამ ისე, როგორც თავის დროზე თენგომ, მანაც ვერ გადააბიჯა სინდისს, ზნეობას, რომელიც ახლა ძალიან აკლიათ ადამიანებს. ვერც ერთი ვერ იცხოვრებდა იმ ტვირთით, რასაც ღალატი ჰქვია. თენგოსნაირ ქართველებსა და ვოვასნაირ აფხაზებზე არავინ წერდა მაშინ, მომგებიანი არ იყო.
- არც მწერლები, არც ჟურნალისტები?
- ომს ერთადერთი ახალი წელი ჰქონდა, როდესაც გუმისთის აქეთ-იქით ქართველები და აფხაზები იყვნენ. რადგან ახალი წელი მოდიოდა, სროლა შეწყდა. ერთი ქართველი ბიჭი დათვრა, ღვინოსა და კახეთიდან გამოგზავნილ ჩურჩხელებს წამოავლო ხელი და გუმისთის იქით გადავიდა - ახალი წელი ერთად უნდა აღვნიშნოთო. მათ შორიდანვე დაუძახა, არ მესროლოთ, სამტროდ არ მოვდივარო. დატვირთული ხელი აუწევია, უჩვენებია, უიარაღო ვარო. იქეიფეს და აფხაზებმა ქართველებთან ღვინო და სხვა მისაყოლებელთან ერთად, კარდალით ღომიც გამოაყოლეს. ეს ამბავი ორივე მხარისთვის ცნობილი გახდა. ერთმა მწერალმა, რომელიც საბედნიეროდ, ცნობილი არ არის, დაწერა, ახალი წლის ღამეს ქართველი ბიჭი აფხაზებთან ღვინითა და ჩურჩხელებით გადავიდა, იქეიფეს, მაგრამ უკან გამობრუნებულს ზურგში ესროლეს და მისი ცხედარი მდინარემ წაიღოო. აფხაზმა ავტორმა დაწერა, ჩვენებური გადავიდა ქართველებთან ნობათით, იქეიფეს, მაგრამ უკან წამოსულს ესროლესო. ეს ამბავი მერე გავიგე, აფხაზთან საუბრის შესაძლებლობა არ მქონია, ამიტომ ქართველს ვკითხე, ხომ იცის, ასე არ მომხდარა, სინამდვილეში, ქართველი მშვიდობით დაბრუნდა თავის მეგობრებთან-მეთქი. რას ამბობ, ეს რომ მეთქვა, არ დამიჯერებდნენ, მაინც არ იყო მომგებიანი, მაშინ პოლიტიკას ასე სჭირდებოდაო. მწერალი, რომელიც პატივს არ სცემს სინამდვილეს, რომელიც პოლიტიკის მძევალია და იმიტომ, რომ საქმეს, გარემოებას სჭირდებოდა, ფაქტს ამახინჯებს, იმ პოლიტიკოსზე არანაკლებ სცოდავს, ვინც ომი წამოიწყო. ორივე მხარეს ასობით ადამიანი გადაურჩა ტყვიას, მაგრამ ვერ გადაურჩა ომის სინდრომს. გავიდა დრო და მათ ყველაფერი სხვაგვარად გაიაზრეს. მშვიდობაზე, ერთმანეთის მონატრებაზე წერა ერთგვარ მოდად იქცა. საბჭოთა წლებში კომკავშირული სულისკვეთებაც კი გამახსენდა, საზოგადოებრივ ტრანსპორტსაც რომ "მშვიდობა" ეწერა. სიყალბეში გადასული ტრაფარეტული ფრაზები თავის დანიშნულებას კარგავს. ეს მხოლოდ ქართული მხარის პრობლემა არ იყო. ეს ისტერიკა აფხაზეთშიც იყო და ახლაც არის, მაგრამ რაღაცების გადააზრებას და ხმამაღლა საუბარს იწყებენ, რაც იმედს მაძლევს.
ჩვენი თაობა ვალშია შვილებისა და შვილიშვილების თაობის წინაშე, როგორც ქართველები, ისე აფხაზები. ყველაზე დიდი გამარჯვება ომის თავიდან არიდება იქნებოდა, მაგრამ ვერ შევძელით. როგორც აფხაზები ამბობენ, იქნებ ახლა მაინც შევძლოთ, რომ ომამდელი ურთიერთობები გენეტიკურ მეხსიერებაში ჩავუდოთ მათ. ხშირად მეკითხებიან, რა იქნება, როდესაც ის თაობა არ იქნება ცოცხალი, ვისაც ქართველებთან ურთიერთობა ახსოვსო. არსებობს გენეტიკური მეხსიერების კოდი, რომელიც ჩვენს ხალხებს აქვთ ჩადებული, შერეული ოჯახები და ის რეალობაც, რომელშიც მათ ახლა ცხოვრება უწევთ. შესაძლოა ის რუსული პოლიტიკა ახლა მიზნების მიღწევას რუსეთში განათლებამიღებული ახალგაზრდების ხელით ცდილობდეს, მაგრამ მათ მიმართ მოსახლეობის უმეტესობა უარყოფითად არის განწყობილი, იმავდროულად, არიან ადეკვატური ახალგაზრდები, რომელთაც იარაღი არ სჭერიათ. მათ ქართველი თანატოლების ცხოვრება, პრიორიტეტები აინტერესებთ. დასავლეთი სწორედ უკეთეს ცხოვრებასთან, კანონის წინაშე თანასწორობასთან ასოცირდება. ერთი აფხაზის ფრაზას გავიხსენებ - საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სხვა ქვეყნებმაც მოიპოვეს დამოუკიდებლობა, ისე, რომ ერთმანეთისთვის არ უსვრიათ, საქართველო მაშინ გაიპო, როდესაც თქვენ ერთმანეთს ესროლეთო.წლებია ჩვენთან დუღილი არ სრულდება, სხვადასხვაობა ყველა ქვეყნის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ სივრცეშია, მაგრამ სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი თემის გარშემო ერთიანდებიან, რასაც ჩვენ ვერ ვახერხებთ, არც ლიდერები გვყავს, ვინც ამას შეძლებს. თუ ერთი მხარე შეეცდება აფხაზებთან საუბარს, მეორე მისთვის ხელის შეშლას ცდილობს, დიალოგს ამძიმებს. როდესაც ასეთი და ამდენი პრობლემის წინაშე ვართ, ასეთი დაყოფა ვის წისქვილზე ასხამს წყალს, ძნელი გამოსაცნობი არ არის. გაერთიანების უნარს ვკარგავთ. ამას აფხაზებიც ამჩნევენ და ფრთხილობენ. შიშით ადევნებენ თვალს უკრაინის ომს. ევროპა ძალიან აინტერესებთ. ისედაც ძალიან ცოტანი დარჩნენ, 90-იან წლებში დიდი დანაკარგი განიცადეს, ამიტომაც ნერვიულობენ და ძალიან ფრთხილობენ. მათი გადარჩენა ჩვენი გადარჩენაც არის, ამიტომაც ერთმანეთის მაშველი რგოლები უნდა ვიყოთ, რომელსაც ჩხვლეტა კი არა, გამყარება სჭირდება.