„არ მოგვწყინდა ეგ სიძულვილი?! არ დავიღალეთ?!“
"სიძულვილს წერტილი უნდა დაესვას! - ამბობს "კვირის პალიტრასთან" პოეტი ერეკლე საღლიანი. სიძულვილის ენა და თითზე ჩამოსათვლელი ქართველების გათითოკაცება იქნება დღეს ჩვენი საუბრის თემა.
- არაფერი არ არის ისეთი იოლი, როგორიც სიძულვილის ენაზე საუბარი. არაფერი არ არის ისეთი იოლი, როგორიც ბოროტების ქმნა, იმიტომ, რომ არც სიძულვილს, არც ბოროტებას ფიქრი არ ახლავს. ფიქრი ურთულესი თვითგანმწმენდი პროცესია. მახსოვს, როცა წარსულში გამოვთქვი უკმაყოფილება იმდროინდელი ხელისუფლების გამო, ხანდაზმულმა სვანმა აი, ასეთი პასუხი გამცა: შვილო, შენ ამათგან ფიქრს ითხოვ, ესენი კი თავის საქმეს აკეთებენო. აი, ეს ყველაფერი, რაც ხდება დღეს ქვეყანაში, ფიქრის მიღმა დარჩენილი ქმედებაა. ამ ადამიანებს ფიქრი რომ შეეძლოთ, ასე არ მოიქცეოდნენ.
ჩემთვის პირადად ყოველგვარ ზღვარს არის გაცდენილი ის სამარცხვინო კამპანია, რომელიც გაჩაღებულია ეკლესიისა და უწმინდესისა და უნეტარესის მიმართ. ძვირს რომ იტყვი მართლაც ჩვენი ეკლესიის მესაჭე, სანთელივით ანთებულ, ყოველი ჩვენგანის ცოდვის მტვირთველ სასულიერო პირზე, რომელსაც სიმძიმედ აწევს ის უბედურებები, რაც ქვეყანაში ხდება, იმაზე რომ ენა მოგიბრუნდება, აბა, რა უნდა ვილაპარაკოთ სხვებზე?! სიძულვილის ენით ლაპარაკი იოლია, მაგრამ ძალიან ძნელია სიყვარულის ენაზე ილაპარაკო. სიყვარული იმ ქვეყნიდან მოყოლილი თვისებაა. განა იმიტომ, რომ დედამიწაზე არ უნდა იყოს სიყვარული, არამედ იმიტომ, რომ ის უფლისგან, მფარველი ძალისგან მოდის, სულიერი სამყაროს პირმშოა და როცა სიყვარული გაქვს, ის რწმენას ემყარება. რწმენა სიყვარულს ბადებს ჩვენში. მიაქციეთ ყურადღება, რაც რწმენას მოკლებულია, როგორი მაგარიც არ უნდა იყოს, მოკლებულია ღვთაებრივ შთაგონებას. როდესაც გიყვარს, მთლიანად ითავისებ მოყვასს. შეიძლება არ გიყვარდეს ის ბოროტება, რომელიც ადამიანშია, მაგრამ როცა ადამიანი გძულს, შენ გძულს უფლის ერთი ქმნილება. ჩემთვის გაუგებარია საინფორმაციო საშუალებების ბოროტი მიზნისთვის გამოყენება. რა სიამოვნებას უნდა განიჭებდეს ის, რომ ვიღაცას გული მოუკლა?! არ ჯობს შენი მოქმედებით მოყვასს დღე გაულამაზო?
- რა გვჭირს ადამიანებს, რატომ გავხდით ასეთები, ეს რისი ბრალია, პოლიტიკის, სოციალური მდგომარეობის, ფსიქიკური მდგომარეობის, იქნებ ყველაფრის ერთად?...
- ადამიანი არის ის, რაც არ შედგა. ქვეცნობიერი სამყაროს კვლევამ ადამიანი დატოვა ქვეცნობიერის დონეზე. ვერ განვსაზღვრეთ ერთი - ქვეცნობიერი სამყაროს კვლევას აზრი აქვს მაშინ, თუ ქვეცნობიერს აიყვან ზეცნობიერში. ჩვენ კი რა გავაკეთეთ?
დღევანდელი კაცობრიობა მაგონებს იმ ავადმყოფს, რომელიც მიდის ექიმთან, ექიმი უსვამს დიაგნოზს, მაგრამ როგორ იმკურნალოს, არაფერს ეუბნება. დავტოვეთ ადამიანი ამ მდგომარეობაში, შევატოვეთ მსოფლიო პოლიტიკას, პრაგმატულ ინტერესებს, ფულის კულტს...
გაიხსენეთ რას წერს რუსთაველი, რას უწოდებს ოქროს - "კვერთხი ეშმაკთა ძირისა". ოქრო რომ ახმაურდება, იქ ყველაფერი ჩუმდება. ფაქტობრივად, მსოფლიო ამაზეა გადასული. არ შეიძლება არ გავიხსენოთ დიდი მოაზროვნის (ტოლსტოის) სიტყვები, რომელმაც ეს საფრთხე ხელოვნებაშიც დაინახა. სანამ ხელოვნების ტაძრიდან არ განიდევნებიან ოქროს მაძიებელი ვაჭრუკანები, მანამდე ხელოვნებაც ამ მდგომარეობაში იქნება. ეს ხდება დღეს მსოფლიოში - რწმენა მინიმუმამდეა დასული. საუბედუროდ კაცობრიობის უმეტესობა ბუნებით ათეისტია. არ ვგულისხმობ იმ ქვეყნებს, სადაც არის რწმენა, მაგრამ, სამწუხაროდ, ფანატიკური, და არა ჯანსაღი. ამის უნარი დაკარგა ადამიანმა, ჯანსაღი რწმენის, ცოცხალი განცდა ამ ყველაფრისა და ბუნებრივია, როცა აირევა ყველაფერი, მერე ეს გამოძახილს პოულობს პოლიტიკაშიც, ხელოვნებაშიც, ეკონომიკაშიც, ყველგან. საქართველოშიც იგივე ხდება. ჩვენც ხომ დედამიწის შემადგენელი ნაწილი ვართ. სხვათა შორის, მტკივნეულად განვიცდით ყველაფერს. შორს აღარაა ის დრო, როცა შეიძლება აბრეშუმის გზის ფუნქცია დაგვიბრუნდეს, ამას მარტო ჩვენ კი არა, სხვებიც გრძნობენ და ხედავენ. ესე იგი საქართველოს ტერიტორია ერთდროულად საინფორმაციო ომისა და ინფორმაციათა გაცვლის სარბიელი გახდა. ამიტომაც შემოდის ჭარბად ინფორმაცია. ჩვენი უბედურება ის არის, რომ ამ ინფორმაციის სიჭარბეში ორიენტაცია დავკარგეთ და გვიჭირს სწორი გზის მოძებნა, ვერ ვხვდებით, რომელ გზას დავადგეთ, როგორ მოვიქცეთ. ვერ ვხვდებით, რომ ჩვენნაირ მცირერიცხოვან ერს სჭირდება რწმენა, სულიერება, ერთმანეთის გვერდში დგომა, მაღალი დონის განათლება, ტექნიკური საშუალებების დაუფლება. მე არა ვარ მომხრე, რომ ავდგეთ და მეათე საუკუნეში გადავსახლდეთ, მაგრამ რაც მეათე საუკუნიდან გამოგვყვა, უნდა შევინარჩუნოთ. პირდაპირ მშურს იაპონელი ერის, ისე შეუწყვეს ერთმანეთს თანამედროვე ტექნიკური მიღწევები და დაამყნეს ეროვნულ საძირეზე. ამიტომ თავისთავადია ყველაფერი, რასაც ეს ქვეყანა ქმნის. წარმოიდგინეთ, ის ცუნამი, რაც დაატყდა ამ ქვეყანას, ეკონომიკას არც დასტყობია. როგორი ძლიერი უნდა იყოს ქვეყანა, რომ ეს ყველაფერი მოინელოს და ისევ იაროს იმ ტემპით, რომლითაც მიდიოდა. ეს მაგალითი უნდა იყოს ჩვენთვის. გახსოვთ, ალბათ, როგორ გამოყოფდნენ ხოლმე ქართული მწერლობაო, ქართული კინოო, ფეხბურთზეც კი, რომელიც საყოველთაო სპორტია, ამბობდნენ, ქართული ფეხბურთიო, იმიტომ, რომ ხელწერა იყო ჩვენი, ამით გამოარჩევდნენ. ასე უნდა ვიყოთ ყველაფერში.
- ერთმანეთისკენ თითის გაშვერა, გათითოკაცება, როგორ უნდა აღმოვფხვრათ ერმა, რომელიც თითზე ჩამოსათვლელი ვართ და რომელსაც არაფერი უნდა გვქონდეს გასაყოფი?
- მაგას გაცნობიერება სჭირდება. ერის დიდმა ნაწილმა უნდა გააცნობიეროს, რომ როდესაც ქვეყნის უღელში შეებმები, საკუთარი თავი აღარ უნდა გახსოვდეს. თუმცა უღელში შებმის შემდეგ ჩნდება ამბიციები, საკუთარი პერსონის განდიდება და ნებისმიერი საქმე, სანახევროდაც რომ არ გაკეთებულა, იშლება.
საუკუნეების განმავლობაში გვიწევდა დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა. ქართველი კაცი ყანაში რომ გადიოდა, ცალ ხელში თოხი ეჭირა, მეორეში იარაღი და იქაც კი საფრთხეს გრძნობდა. შორს რომ აღარ წავიდეთ, გავიხსენოთ, როგორ მოიტაცეს გურამიშვილი, განა მუშების დასახედად არ მიდიოდა ლამისყანაში? ასე გამოვატარეთ ჩვენი თავი საუკუნეებში და სახელმწიფოს აშენებას ახლა ვიწყებთ და ვეჩვევით. არა ვარ კმაყოფილი იმ ყველაფრით, რაც დღეს ხდება, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ცდები არ არის. არის, ავად თუ კარგად. თუმცა სიძულვილის ენა რომ ნაკლები იყოს, შედეგი მეტი იქნებოდა. ხანდახან ისეთი განცდა მაქვს, რომ ერთმანეთში დამნაშავეს ვეძებთ და საერთო საქმე გვავიწყდება. მაინც იქ მივდივართ, რითაც დავიწყე - ფიქრთან. ფიქრს ყოველთვის ის ახლავს, რომ შენ ჯერ საკუთარ თავში უნდა აღმოაჩინო დამნაშავე. ქართველთა დიდი წიგნი, "ვეფხისტყაოსანი" გავიხსენოთ - ავთანდილმა 2 წელიწადზე მეტი დრო მოანდომა ტარიელის ძებნას. მოხვდა ისეთ ადგილას, რომ ერთი თვე კაცი არ ენახა. ამ ხნის განმავლობაში ის თავის თავს ესაუბრებოდა, ფიქრობდა ყველაფერზე და ამ ერთთვიანმა საკუთარ თავთან დიალოგმა ავთანდილი ტარიელთან შესახვედრად მოამზადა. რატომ ვერ ხვდებოდა მანამდე ტარიელს? იმიტომ, რომ არ იყო მზად შესახვედრად. ვკითხულობთ ამ გენიალურ წიგნის ტექსტს, მაგრამ ვერ ვკითხულობთ მის ქვეტექსტს. იმას კი არ ვამბობ, რომ გავცვივდეთ ბუნების წიაღში და ერთი თვე მარტო ვიყოთ. მარტოობის მიღწევა, საკუთარ თავთან დიალოგი ოჯახშიც შეიძლება, ოთახშიც, ტრანსპორტშიც... წინ უნდა გავიხედოთ, რას რა მოჰყვება. დოჩანაშვილი გავიხსენოთ, რას გვეუბნება მისი ნაწარმოების გმირი - მე დროს არ ვკარგავ, სადაც არ უნდა ვიყო, ლიტერატურაზე ვფიქრობ, ნაწარმოების ამა თუ იმ გმირზე, ყველაფერზე ვფიქრობო. კაცობრიობა ფიქრს გადაეჩვია და გადავიდა დროს ტარებაზე. ნუ დაგვავიწყდება, რომ ამ უმიზნო და თავაშვებულმა დროის ტარებამ იმსხვერპლა ძველი რომი, ბიზანტიის იმპერია, იმსხვერპლა ყველა დიდი სახელმწიფო...
ქართველებო, წინ წინაპრებისკენ, რუსთველისკენ, გურამიშვილისკენ, ილიასკენ, აკაკისკენ, ვაჟასკენ, გალაკტიონისკენ, მიხეილ ჯავახიშვილისკენ, კონსტანტინე გამსახურდიასკენ, ჭაბუა ამირეჯიბისკენ, გურამ რჩეულიშვილისკენ, გურამ დოჩანაშვილისკენ, მუხრან მაჭავარიანისკენ, მურმან ლებანიძისკენ, შოთა ნიშნიანიძისკენ, ბესიკ ხარანაულისკენ, ტარიელ ჭანტურიასკენ... თურმე მერცხალმა ერთი წელიც რომ არ გადასცეს თავის ბარტყს ბუდის შენების საიდუმლო, სამყარო მთლიანად დაკარგავს მერცხლობას. ჩემი დიდი ნატვრა იქნება, რომ გადავცეთ ჩვენს თაობას ის, რაც გადაგვარჩენს და ქართველობას შეგვინარჩუნებს. ჩვენ ჩვენი ქართული კოლორიტით ვამდიდრებთ საკაცობრიო კულტურას. ეს რომ მოიშალოს, მოისპობა ქვეყნიერებაზე მრავალფეროვნება. ერთფეროვანი გახდება ყველაფერი.
სიძულვილსა და მის ენაზე საუბარს წერტილი უნდა დაესვას! არ მოგვწყინდა ეგ სიძულვილი?! არ დავიღალეთ?! არ დავიქანცეთ?! არ დავიტანჯეთ?! ნუთუ პატარა სინათლე მაინც არ გენატრებათ? რატომ ვტანჯავთ ერთმანეთს და რატომ ვტანჯავთ საკუთარ სულს, რატომ ვიმეტებთ მას ჯოჯოხეთისთვის?!