რა შეცდომებს უშვებს ოპოზიცია პარლამენტში - კვირის პალიტრა

რა შეცდომებს უშვებს ოპოზიცია პარლამენტში

2020 წლის არჩევნებიდან მოყოლებული ოპოზიცია ვადამდელ არჩევნებს ითხოვს და პარლამენტში შესულები თითქმის მუდმივ ბოიკოტში არიან. ამ დროს ხელისუფლება ხან ხმაურით და ხანაც უხმაუროდ ახერხებს­ ის აკეთოს, რაც უნდა. რამდენად უწყობს ამას ხელს ოპოზიცია, რა შეცდომები აქვს დაშვებული და რა გავლენას მოახდენს ყოველივე ეს პოლიტიკური პროცესების განვითარებაზე, ამ საკითხებზე კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ხმალაძეს ვესაუბრეთ.

საპარლამენტო სიების ჩახსნა

- ოპოზიციამ პარლამენტში საქმიანობა საარჩევნო სიების ჩახსნით დაიწყო. შეიძლება­ თუ არა ეს ოპოზიციის მთავარ შეცდომად ჩაითვალოს?

- თავიდანვე მიმაჩნდა, რომ პარლამენტის მანდატებზე უარის თქმა შეცდომა იყო. არადა, მაშინ თითქმის ყველა ოპოზიციური პარტია აცხადებდა, რომ არჩევნები იყო გაყალბებული. ამიტომ ისინი არ აღიარებენ ამ არჩევნების შედეგებს და უარს ამბობენ მანდატებზე. მე მესმის მათი განწყობა­ რატომაც იყო ასეთი, მაგრამ გასათვალისწინებელი ის იყო, თუ როგორ მიიღებდა ამ პროტესტს საერთაშორისო საზოგადოებრიობა და უპირველესად ევროკავშირი... იმ შემთხვევაში, თუ ისინი ასეთ გადაწყვეტილებას მიიჩნევდნენ არასწორად, რისი ალბათობაც დიდი იყო და რეალურად ასეც მოხდა, ოპოზიციას არ ექნებოდა მათი მხარდაჭერა და შესაბამისად, პერსპექტივა იმისა, რომ "ოცნება" რიგგარეშე არჩევნებზე წავიდოდა, არ იარსებებდა. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ევროპამ­ და ამერიკამ არ თქვეს, რომ არჩევნები გაყა­ლბდა, მხოლოდ რამდენიმე დარღვევა­ დაფიქსირდაო, ის იყო, რომ დარღვევები მოხდა არა არჩევნების დღეს, არამედ მანამდე, რაც, ძირითადად, გამოიხატებოდა ამომრჩევლების მოსყიდვასა და დაშინე­ბაში, არჩევნების შემდგომ კი საჩივრების განხილვებისადმი მიკერძოებულ დამოკიდებულებაში როგორც საარჩევნო კომისიებში, ასევე სასამართლოში. არჩევნების დღემდე რაც ხდებოდა, იმის მონიტორინგის საშუალება უცხოელ დამკვირვებლებს ნაკლებად ჰქონდათ და სრულად ვერ ხედავდნენ დარღვევების სურათს, მაგრამ ამ ტიპის დარღვევები იმდენად სერიოზული იყო, არჩევნების შედეგებზე მნიშვნელოვანი­ გავლენა­ მოახდინა. ფაქტობრივად არ ყოფილა სასამართლო­ გადაწყვეტილებების მათი მონიტორინგიც, რაც საარჩევნო დავების განხილვას უკავშირდებოდა. შესაბამისად, მანდატებზე უარის თქმის მხარდაჭერა არ იყო, მაგრამ მივაქციოთ ყურადღება იმას, Yთუ ეს ყველაფერი როგორ მოხდა - თავიდან ითქვა, რომ თუ ხელისუფლება­ არ დათანხმდებოდა რიგგარეშე არჩევნებს, მაშინ უარს იტყოდნენ მანდატებზე და ეს ქმედითი რომ ყოფილიყო, პარტიებს თავიანთი პარტიული სიები უნდა გაეუქმებინათ, რადგან თუ არჩეული დეპუტატები მანდატებზე უარს იტყოდნენ და სიები გაუქმებული არ იქნებოდა, მათ ადგილს ისინი დაიკავებდნენ, მათ შემდგომ ვინც ეწერა. ამის ალბათობა­ კი არცთუ მცირე იყო. ამიტომ არსებობდა ალბათობა, რომ სიიდან მანდატებზე უარს ყველა არ იტყოდა და ამით მიზანი მიღწეული ვერ იქნებოდა. ამიტომაც, ბოიკოტირების გადაწყვეტილება შეცდომა იყო, სიის ჩახსნა კი უკვე ამ არასწორი გადაწყვეტილების შედეგი.

"ნაციონალების" უარი მიშელის შეთანხმების ხელმოწერაზე

- თუმცა საბოლოოდ მაინც შევიდნენ პარლამენტში, მაგრამ ფაქტობრივად მუდმივად ბოიკოტის რეჟიმში არიან.

- დიახ, შევიდნენ პარლამენტში და მუდმივად იყო ბოიკოტი, რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნა, რაც 2021 წლის გაზაფხულზე, იმით დამთავრდა, რომ საქართველოში რამდენჯერმე ჩამოვიდნენ ევროკავშირის წარმომადგენლები, საბოლოოდ კი შარლ მიშელი, რომელმაც მოახერხა ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეთანხმება, რასაც ხელი მოაწერეს როგორც "ოცნების", ასევე საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების წევრებმა, გარდა "ნაციონალური მოძრაობისა". ეს იყო მეორე შეცდომა, რადგან მოგვიანებით "ოცნებამ" ეს საბაბად გამოიყენა იმისთვის, რომ ხელშეკრულების შესრულებაზე უარი ეთქვა. თუმცა რაღაც ნაწილი, რაც საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანას უკავშირდებოდა, ამ დროისთვის შესრულებული იყო. პირველი მოსმენით მიღებული იყო არჩევნებთან დაკავშირებული კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებაც. შესაბამისად, ამ უკანასკნელის განხილვა აღარ გაგრძელებულა. პარალელურად დაიწყო ოპოზიციონერ პარლამენტართა საწინააღმდეგო სხვადასხვა მოქმედება. მაგალითად, უფლებამოსილება შეუწყვიტეს შალვა ნათელაშვილსა და ბადრი ჯაფარიძეს, ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენელმა უარი თქვა პარლამენტზე და მათი უფლებამონაცვლეები პარლამენტში ვეღარ შევიდნენ, რადგან სია ჩახსნილი იყო. ასე რომ, პარლამენტში ოპოზიციონერთა რაოდენობა შემცირდა და პრობლემა შეექმნა ისეთ საკითხებს, რომელთა გადაწყვეტა მხოლოდ ოპოზიციას შეეძლო უმრავლესობის გარეშე. სიების გაუქმება, მიშელის შეთანხმებაზე დროულად ხელმოწერაზე "ნაციონალური მოძრაობის" უარი და ისიც, რომ ოპოზიციის ზოგიერთმა წარმომადგენელმა ნებით თქვა უარი მანდატზე, რითიც კიდევ უფრო შეასუსტა ოპოზიციური ფრთა, არსებითი შეცდომები იყო.

საგამოძიებო კომისიების არ/ვერ შექმნა და საპარლამენტო ტრიბუნის გამოუყენებლობა

- 50 ხმა ოპოზიციას ახლა "ევროპელი­ სოციალისტების" გარეშეც აქვს და კომისიების არ თუ ვერშექმნა განპირობებულია მხოლოდ იმით, რომ შესაძლოა ხმები არ ეყოთ? საკითხი ისევ რომ დააყენონ, საზოგადოება იმას მაინც ხომ დაინახავს, ვინ უჭერს მხარს თუნდაც ოპოზიციიდან და ვინ არა.

- საკითხის დაყენებას აზრი აქვს მაშინ, როცა გარანტია გაქვს, რომ 50 წევრი დაუჭერს მხარს. ასე მარტივად არ არის საქმე. ოპოზიციაც არ არის ერთგვაროვანი და ლამის მისმა ყველა წევრმა უნდა დაუჭიროს მხარი, რომ კომისია შეიქმნას.

როდესაც მხარდამჭერი იმდენია, რომ საკითხი მაინც გავა, მოწინააღმდეგე რამდენი იქნება, არა აქვს მნიშვნელობა. რაც შეეხება საკითხის განხილვას და ამ პროცესში ოპოზიციის მონაწილეობას, საპარლამენტო ტრიბუნის გამოყენება აუცილებელია, რომ საზოგადოებას დაანახო, რა არის არასწორი, რა იქნებოდა სწორი ან რა ზიანი შეიძლება მოიტანოს ამა თუ იმ კანონის მიღებამ. როდესაც ამას აკეთებს ოპოზიციის მხოლოდ ერთი ან ორი წარმომადგენელი, შეიძლება საზოგადოებისთვის ნაკლებად დამაჯერებელი იყოს, ბევრის შემთხვევაში დამაჯერებლობა იზრდება. რაც უფრო კონსოლიდირებული იქნება ოპოზიცია ამა თუ იმ კანონის შეფასებაში, მით უფრო დამაჯერებელი იქნება ეს ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოებისთვის. ე.წ. აგენტების რუსულ კანონზე ოპოზიცია ერთსულოვანი იყო და დავინახეთ, რა რეაქციაც გამოიწვია საზოგადოებაში. რატომ იყო ის ცუდი და რატომ არ შეიძლებოდა მისი მიღება. ამის დემონსტრირება სწორედ ოპოზიციურმა პარტიებმა მოახდინეს საპარლამენტო ტრიბუნის გამოყენებით. ცხადია, მედიის როლიც უაღრესად მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ შედეგი ოპოზიციის ერთსულოვნებამ მოიტანა.

საპარლამენტო კონტროლის შეუძლებლობა

- ოპოზიცია ასრულებს პარლამენტში თავის მოვალეობას?

- ყველა ქვეყანაში, ყველა პარლამენტში არსებობენ უმრავლესობა და ოპოზიცია. დემოკრატიულ ქვეყნებში უმრავლესობა ძირითადად კოალიციურია და საპარლამენტო მუშაობა არ ნიშნავს, რომ ერთმანეთის ნათქვამი ყოველთვის არასწორად მიიჩნიონ. რაც სწორია, თქმა ყველას უნდა შეეძლოს, ხოლო რაც სწორად არ მიაჩნიათ, უნდა დაასაბუთონ და შეეცადონ მეორე მხარეს აზრი შეაცვლევინონ. თუკი ამას ვერ მიაღწიეს, არ დაუჭირონ მხარი - ანუ პარლამენტში უნდა იყოს კამათი და დისკუსია, რათა საკითხისადმი სხვადასხვაგვარი დამოკიდებულების დროს გამოიძებნოს ყველასთვის მეტ-ნაკლებად მისაღები გადაწყვეტილება. მეორე მხარეა საპარლამენტო კონტროლი, რასაც სრულფასოვნად ვერ იყენებენ და ამის ერთ-ერთი მიზეზია ოპოზიციის სხვადასხვა ნაწილის პერმანენტული ბოიკოტი. პარლამენტში გამოდიან მთავრობის წევრები ანგარიშებით და ოპოზიციას მათთან კამათით შეუძლია გავლენა მოხდინოს საზოგადოებრივ აზრზე.

მაგრამ ყველაზე მძლავრი მექანიზმი არის დროებითი საგამოძიებო კომისია, რაც ოპოზიციამ ხელიდან გაუშვა.

შეუძლებელი თუ შესაძლებელი თანამშრომლობა?

- თანამშრომლობა ახსენეთ და, "ოცნებას" თუ დაუსვამს ისეთი საკითხი, რომელზეც ოპოზიციას თანამშრომლობა შეეძლო?

- 2021 წლის ზაფხული "საარჩევნო კოდექსში" ცვლილებების შეტანა და პირველი მოსმენით მიღებულ საკონსტიტუციო ცვლილება. საკონსტიტუციო ცვლილებას ცალკე ვერც მმართველი პარტია მიიღებდა და ვერც ოპოზიცია, რადგან ხმები არ ეყოფოდათ. თუმცა მას შემდეგ, რაც "ოცნებამ" მიშელის შეთანხმება დახია, 2021 წლის ბოლოს ეს შეთანხმებული კანონიც შეცვალა და ჩაწერა ისეთი ნორმა, რომელიც დღეს მმართველ პარტიას საშუალებას აძლევს, ცესკოს თავმჯდომარედ ჰყავდეს ის პირი, რომელსაც ვადა გაუვიდა. წლების განმავლობაში ეყოლებათ, ვიდრე ხელისუფლებაში იქნებიან. მე მოვიტანე მაგალითი იმისა, როდესაც გადაწყვეტილების მიიღეს შეთანხმებით, მაგრამ როცა იღებენ პრინციპით "მე ვარ და ჩემი ნაბადი", ვაკეთებ იმას, რაც მინდა და არ მაინტერესებს, თქვენ რას ფიქრობთ ამაზე, დაუშვებელია.

- 12 პუნქტის შესრულებაზე ოპოზიციის უმეტესობამ სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობა ფაქტობრივად არ მიიღო და ამის არგუმენტად დაასახელა, რომ აზრი არ ჰქონდა მონაწილეობას. იყო ეს შეცდომა?

- კარგად მესმის ოპოზიციის. გავიხსენოთ, "ლელოს" წარდგენილი ჰქონდა კანონპროექტები, სანამ 12 პუნქტი დადგებოდა დღის წესრიგში, მაგრამ გავიდა თვეები და ამ კანონპროექტის განხილვაც არ დაწყებულა. ასეთ პირობებში არ არის გასაკვირი, რომ ოპოზიცია უარს ამბობს სამუშაო ჯგუფში მონაწილეობაზე. თუმცა მაინც მგონია, რომ ოპოზიციამ ნერვები უნდა მოთოკოს და მუშაობაში ჩაერთოს. მესმის, რომ ამის პერსპექტივა ძალიან დაბალია და ერთ მაგალითს მოვიყვან - 2012-2016 წლებში, როდესაც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე და კოალიციური უმრავლესობის წარმომადგენელი ვიყავი, პარლამენტში ფარულ მოსმენებთან დაკავშირებული 2 კანონპროექტი იყო. ერთი მოიწონა იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, მეორე კი, რომელიც ასევე უმრავლესობის ორმა წევრმა წარადგინა, დაიწუნა. სინამდვილეში ის შსს-სა და პროკურატურის მომზადებული იყო და პარლამენტმა სწორედ მას დაუჭირა მხარი და არა იმას, რომლის ერთ-ერთი ავტორი მე გახლდით და კომიტეტმა მოიწონა - ანუ იმ უმრავლესობაში, რომლის წევრიც მე ვიყავი, მხარდაჭერის მოპოვება ვერ მოვახერხე, რადგან ამით პრობლემები შეექმნებოდათ სამართალდამცავებს უკანონო ფარული მოსმენების სურვილის გაჩენისას. შედეგად რა გვაქვს? ხან პოლიტიკოსების, პარტიების, მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციების, სასულიერო პირების და ა.შ. გამოჟონილი ფარული მოსმენები.

სამომავლო პერსპექტივა

- პარლამენტში დღევანდელმა სიტუაციამ რა გავლენა შეიძლება მოახდინოს 2024 წლის არჩევნებზე?

- მანამდე წელიწად-ნახევარია და ამ პერიოდში იმდენი რამ შეიძლება მოხდეს, დღეს რასაც ვიტყვით, შესაძლოა ზუსტად ამის საპირისპიროდ განვითარდეს მოვლენები. ვინმე წარმოიდგენდა, რომ 7-9 მარტს ასეთი მასშტაბის პროტესტი იქნებოდა? მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ჩვენში არის რაღაც ღილაკები და თუ ვინმე შეეხება, ეს ჩვენს მკვეთრ პროტესტს იწვევს. ეს ღილაკები სხვადასხვანაირია, სადღაც ერთიანია და ვაი იმ ხელისუფლებას, რომელიც მას შეეხება.

რუსა მაჩაიძე