„პრეზიდენტმა სამაგალითო პოლარიზაციას ჩაუყარა საფუძველი“
ფსიქოლოგის და პოლიტიკური მიმომხილველის რამაზ საყვარელიძის აზრით, 12-პუნქტიანი რეკომენდაციების გამო შექმნილი ამბავი "ჭიქაში ატეხილი ქარიშხალია" და ამ საკითხს სერიოზულ პოლიტიკასთან საერთო არაფერი აქვს.

- ჩვენ ხომ ვიცით, რომ ის მოთხოვნები, რომელთა შეუსრულებლობის გამო სტატუსი არ მოგვცეს, არც უკრაინას და მოლდოვას ჰქონდა შესრულებული?! ევროკავშირმა ამ საკითხზე პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო, ეს პუნქტები მიზეზი კი არა, საბაბი გახლდათ, ასეთ საბაბს კი ნებისმიერ ქვეყანას უპოვი, თუ მისთვის რაიმეზე უარის თქმა გსურს. ისმის კითხვა, გასულ წელს ევროპას არ უნდოდა საქართველოსთვის სტატუსის მოცემა, მაგრამ რა იქნება წელს? წელს მოინდომებენ და მოგვცემენ! იმიტომ, რომ უფრო და უფრო ღონივრად ამუშავდა საქართველოზე გამავალი სატრანზიტო ხაზი, რომელზეც ინდოეთიდან და ევროპიდან მომავალი ტვირთები ევროპისკენ გადის. ყველა ლოგიკით ევროპას უნდა უნდოდეს კავკასიასთან ახლო კონტაქტი. თუ ასე არ იქნება, ის 12 პუნქტი სულ ზედმიწევნით რომ შევასრულოთ, მაშინვე გამოჩნდება მეცამეტე, მეთოთხმეტე და მეთხუთმეტეც.
- მაშინ რას ნიშნავს ევროპელი პოლიტიკოსების მუდმივი მოწოდებები რეკომენდაციების შესრულებაზე? ან რატომ თქვეს, რომ ხალხი იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, მიუხედავად მისი ხელისუფლების ქმედებებისა?
- ასეთი განცხადებები ევროპელი პოლიტიკოსების ერთმა ნაწილმა გააკეთა. ისინი თავიდანვე კრიტიკულად იყვნენ განწყობილი "ოცნების" მიმართ. დასავლელი პოლიტიკოსების კრიტიკას ვერაფრით ახსნი, გარდა იმისა, რომ ხელისუფლებას დიდი ხარვეზები აქვს დასავლეთთან, ისევე როგორც საკუთარ ხალხთან ურთიერთობაში. "ოცნებას" არ უვარგა პიარი და ამიტომაც არიან ცუდ დღეში.
- ოპოზიცია სხვა მიზეზებთან ერთად იმასაც ასახელებენ, რომ "ოცნების" მმართველობის სტილი მიუღებელია დასავლეთისთვის და შესაბამისად, არც მხარდაჭერა ექნება.
- სააკაშვილის მმართველობის დროსაც არ იყო დემოკრატია საქართველოში, მაგრამ მას მხარს უჭერდნენ როგორც ამერიკელი, ისე ევროპელი პარტნიორები. ასე რომ, არასწორია ფორმულა, რომელსაც ოპოზიცია გვთავაზობს... რუსეთს სულ არ ანაღვლებს საქართველოში დიქტატურა იქნება თუ დემოკრატია.
- სინამდვილეში რუსეთს სულაც არ აწყობს მეზობლად დემოკრატიული ქვეყანა.
- როგორი სტილის მმართველიც არ უნდა ჰყავდეს ქვეყანას, ყველას სურს ძლიერ სივრცესთან ნორმალური ურთიერთობა. რაც შეეხება რუსეთს, ის დღეს ყველა სივრციდან განდევნილია. ასეთი მოცემულობის ფონზე, საქართველოს რატომ უნდა სურდეს რუსეთის სასარგებლოდ გეზის შეცვლა.
- ფაქტია, სალომე ზურაბიშვილმაც კი საპარლამენტო ტრიბუნიდან განაცხადა, რომ თბილისისა და მოსკოვის განცხადებები საეჭვოდ ემთხვევა ერთმანეთს და "ქართულ ოცნებას" "ფერი აქვს შეცვლილი".
- დღეს ევროპაში ერთგვარ მოდად იქცა საქართველოს დადანაშაულება რუსეთის სასარგებლოდ ფერისცვალებაში. პრეზიდენტმაც ფეხი აუწყო ამ ტენდენციას.
- ზურაბიშვილმა უმკაცრესად გააკრიტიკა ხელისუფლება, მაგრამ სიტყვაც არ დასცდენია ბიძინა ივანიშვილზე.
- ზურაბიშვილი საკმაოდ ჭკვიანია საიმისოდ, რომ პოლიტიკიდან ოფიციალურად წასული პირი არ გააკრიტიკოს. მხოლოდ ოპოზიციაში მყოფი პოლიტიკოსები არიან იმ ჭკუაზე, რომ პოლიტიკიდან წასულ კაცს ედავებიან, გადადექიო. სასაცილო მდგომარეობაში იგდებენ თავს, ზურაბიშვილი კი ასეთ მდგომარეობაში თავს არ ჩაიგდებს.
- მმართველი გუნდის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პრეზიდენტს უთხრა, რომ მან სტარტი მისცა პოლარიზაციის ახალ ტალღას.
- მართალია მდინარაძე. პრეზიდენტმა სამაგალითო პოლარიზაციას ჩაუყარა საფუძველი.
- როდესაც ზურაბიშვილი პრეზიდენტი გახდა, თქვით, რომ ის ერთ დღეს ივანიშვილის თავსატეხად გადაიქცეოდა.
- ეს პროცესი დაგვიანდა, მაგრამ ახლა ნამდვილად გაუჩნდა ივანიშვილსა და მმართველ გუნდს თავსატეხი. ზურაბიშვილი პარლამენტში გაკეთებული განცხადებების შემდეგ უკვე არის ოპოზიციონერი ლიდერების გუნდში.
- როგორ გგონიათ, გვარამიას და სააკაშვილს შეიწყალებს?
- სააკაშვილის რა მოგახსენოთ, მაგრამ შეიძლება გვარამია შეიწყალოს. რამდენიმე წლის წინ შეიწყალა ოქრუაშვილი, უგულავა და რურუა, მაგრამ არ დაქცეულა ქვეყანა. ფაქტია, ქვეყანას მაინც ვერ ღუპავენ და ჯანდაბას, ითამაშონ სახელმწიფობანა.
- გაბრაზებული ხართ?
- მარტო მე არ ვარ ამ დღეში, ძალიან ბევრი ანალიტიკოსია უკმაყოფილო ქართული პოლიტიკითა და პოლიტიკოსებით. უბრალოდ, მე ოპოზიციით უფრო უკმაყოფილო ვარ. ფეხბურთში რომ სათადარიგო სკამია, იქ ჩამომსხდარ ფეხბურთელებს ჰგვანან. ვხედავ, რომ მოედანზე კარგად ვერ თამაშობენ, მაგრამ სათადარიგო სკამზე მჯდომიც არავინ ვარგა. ხელისუფლება ცუდად თამაშობს, მაგრამ მისი შეცვლა არ ხერხდება. ოპოზიციის უნიჭობის შედეგია, რომ ხელისუფლების შეცვლაზე ლაპარაკი შეუძლებელია... პოლარიზაცია კი პარალელურად ღრმავდება, პოლიტიკურმა მხარეებმა დისკრედიტაციის ახალი შტამი გამოიგონეს - აჩრდილი დადის საქართველოში, "კეზერას" აჩრდილი... ვისაც არ ეზარება, ყველა იყენებს კეზერაშვილის სახელს იმის დისკრედიტაციისთვის, ვინც არ მოსწონს. სინამდვილეში რა "კეზერა" ხალხნო, ვინმეს ჰგონია, რომ ის სერიოზული პოლიტიკური ფიგურაა?! ეს ხომ სასაცილოა - სჯობს ქართველი პოლიტიკოსები შეეშვან ვირტუალურ თამაშებს. ბოროტმოქმედიდან პოლიტიკურ საფრთხობელამდე - ეს არის კეზერაშვილის გზა ქართულ პოლიტიკაში!“
“ხათუნა ბახტურიძე