„ოცნება“ უნდა დაფიქრდეს, რამ მიიყვანა პრეზიდენტი ამ დონემდე“
როგორ უნდა დაიძლიოს ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები და როგორი უნდა იყოს ამაში ოპოზიციის როლი, "ლელოს" ერთი-ერთი ლიდერი დავით უსუფაშვილი გვესაუბრება:
- სახელმწიფო მხოლოდ მაშინ დაემსგავსება სახელმწიფოს, როდესაც გამოვკვეთთ სამი ინტერესის სფეროს - ეს არის კერძო ინტერესი, რომელიც უკავშირდება ჩვენი ახლობლების კეთილდღეობას, მერე პოლიტიკური ინტერესები, რომლებიც უკავშირდება მიმდინარე თემებზე კამათს, კონკურენციას, არჩევნებში გამარჯვებას თუ დამარცხებას და მესამეა ეროვნული ინტერესები! ეროვნული ინტერესების თაობაზე სხვადასხვა ერი და საზოგადოება წლების განმავლობაში ყალიბდება და ამ ყველაფერს თავს უყრის კონსტიტუციაში. ეს უნდა დავაყენოთ ყველასა და ყველაფერზე მაღლა. საქართველოს კონსტიტუციაში შავით თეთრზე წერია ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაცია და მშვიდობიანი თანაარსებობა ცივილიზებულ სამყაროსთან. ამის მიღწევა შეუძლებელია ერთიანობის გარეშე. აი, ეს არის დეპოლარიზაცია, და არა ის, რომ პოლიტიკურ პარტიებს თავიანთი შეხედულებები არ ჰქონდეთ. მთავარია პოლიტიკურმა ოპონენტებმა ერთმანეთი მოსისხლე მტრებად, მოღალატეებად, ჯაშუშებად არ წარმოვაჩინოთ, სახელმწიფო შუაზე არ გავხლიჩოთ.
- ამას ამბობს ყველა პოლიტიკოსი, მაგრამ სიტუაცია ყოველდღიურად მწვავდება..
- რა იყო ამის მიზეზი? ე.წ. აგენტების კანონპროექტი ხომ არა? მერე რა, რომ კანონად ვერ მიიღეს, მაგრამ საზოგადოების დაპირისპირება მაინც მოახერხეს. დღემდე გრძელდება განსხვავებული აზრის მქონეთა დემონიზება და მტრებად გამოცხადება. "ქართულმა ოცნებამ" ამ ტალღაზე დიდი მონდომებით გადართო საკუთარი თავი, "ნაცმოძრაობა" კი იმთავითვე ამ ტალღაზე იყო მომართული. ამიტომ გვჭირდება ახალი პოლიტიკური ძალები ქვეყნის სათავეში. სხვაგვარად პოლარიზება ვერ დასრულდება. ევროპამ მოგვცა შანსი, რომელიც თვალსა და ხელშუა ნიავდება. თუმცა ბოლო დროს პრეზიდენტმა ახალი პერსპექტივა გააჩინა - თუ "ოცნება" მიიჩნევს, რომ მხოლოდ მტრობით შეიძლება ხელისუფლების შენარჩუნება, ჩვენ შეგვიძლია დასავლელ პარტნიორებს დავანახოთ, რომ სხვა რაღაცაც შეგვიძლია.
- რას გულისხმობთ?
- ხელისუფლება ამბობს, 12-პუნქტიანი რეკომენდაციები შევასრულეო. ჯერ ერთი, სრულად არ არის შესრულებული, ამასთან, ბევრი ცუდად შესრულდა. არც იმას უარვყოფ, რომ ზოგი კარგადაც არის შესრულებული. მაგრამ ევროპელებს ის კი არ უთქვამთ, კანონები ქაღალდზე მიიღეთ და მერე თაროებზე დააწყვეთო, არამედ ხედვები შეცვალეთო. მე ვერ ვხედავ შეცვლილ ხედვებს სასამართლოსთან, ოპონენტებთან, სამოქალაქო სექტორთან, მედიასთან, დასავლელ პარტნიორებთან ან თუნდაც ერთმანეთთან დაკავშირებით. ამიტომ "ოცნების" მოცემული საქაღალდე ვერ იქნება საკმარისი, საჭიროა მეორე საქაღალდე. ამ საქაღალდეში კანონების დამდებნი ქმედებებით დაადასტურებენ, რომ არც პოლარიზებული არიან, არც ოლიგარქები და არც კორუმპირებულიები.
- რას ალტერნატივას გვთავაზობთ?
- არაფრის ალტერნატივას არ გთავაზობთ. მე საპარლამენტო ორგანოში იმიტომ ვზივარ, რომ ხალხმა ამირჩია. პრეზიდენტიც ხალხის არჩეულია. ალტერნატიულ ხელისუფლებაზე კი არა, ალტერნატიულ ხედვებზე გელაპარაკებით. მაგალითად, ახლა ჩვენ რომ მოლდოვაში არსებულ სიტუაციას განვიხილავდეთ და გვესმოდეს, რომ ამ ქვეყნის ხელისუფლება არ არის პროევროპული, მაგრამ პროევროპულია ოპოზიცია და ისინი გვიზიარებდნენ ალტერნატიულ ხედვებს, რა არის ამაში ცუდი?!
- ვადამდელი არჩევნების შესახებ რამდენჯერმე შეიცვალა "ლელოს" აზრი. ახლა რას ფიქრობთ?
- "ლელო" ყოველთვის მზად არის არჩევნებისთვის, მაგრამ ვადამდელის მოთხოვნას და დემონსტრაციების გამართვას არ ვაპირებთ. ამასთან დაკავშირებით ჩვენი პარტია ავანგარდში იყო საპარლამენტო არჩევნების შემდგომ. ახლა ამის საჭიროებას ვერ ვხედავთ. მაშინ "ლელო" ავანგარდში იყო მიშელის შეთანხმების შედგენასა და შემდეგ მის შესრულებაშიც, მაგრამ გახსოვთ, ალბათ, როგორ დაგვაღალატეს "ნაციონალებმა", მერე სააკაშვილი დაგვეცა თავზე და საკუთარი თავიც დააზარალა და ქვეყანაც.
- მრჩება განცდა, რომ ზურაბიშვილის განცხადებებმა სტიმული მოგცათ. არადა, დღემდე ამბობდით, რომ მისი განცხადებები განცხადებებად რჩებოდა...
- ვერ დაგეთანხმებით, რომ მე ზურაბიშვილმა მომცა სტიმული. როდესაც მან პარლამენტში წლიური ანგარიში წარადგინა, ვუთხარი კიდეც, კარგია, გაბრაზებული რომ ხართ, მაგრამ ჯობდა ცოტა ადრე გაბრაზებულიყავით-მეთქი. მას საიმისო განათლებაც აქვს და გამოცდილებაც, რომ დროულად დაენახა "ქართული ოცნების" ლიდერების არაევროპული პოლიტიკა, მათი ზღვარგადასულობა. ვინც ზურაბიშვილს კარგად იცნობს, იცის, რომ ის არ არის პიროვნება, რომელსაც შეუძლია მშვიდად ჩაჰყვეს მსგავს პროცესს. მისი, როგორც პოლიტიკოსის პერსონალური იმიჯი და რენომე ყოველთვის მაღალი იყო. მე მას შევეპასუხე, როდესაც თქვა დამოუკიდებელი კანდიდატი ვიყავიო. მასზე უფრო დამოკიდებული პრეზიდენტობის კანდიდატი არ მახსოვს, მაგრამ ასე დამოკიდებული ადამიანიც კი ასეთ ზომამდე რომ მივიდა, ეს სიმპტომურია.
- თავადვე თქვით, რომ მისი ცოდნისა და გამოცდილების მქონე პოლიტიკოსს ადრეც უნდა დაენახა "ქართული ოცნების" ფერისცვალება. როგორ გგონიათ, რატომ ვერ დაინახა და რამ გააბრაზა ახლა?
- ზურაბიშვილი ახლა ვინმეზე კი არ არის გაბრაზებული, გაბრაზებულია იმით, რომ საქართველო, რომელსაც უნიკალური შანსი მიეცა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამყარებისთვის გადადგას უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი, ამ ვითარებას ამ გაუგებრობაში შეხვდა. კარგი იქნება, "ოცნების" ლიდერები თუ დაფიქრდებიან, რამ მიიყვანა პრეზიდენტი ამ დონემდე. ზურაბიშვილს წლების განმავლობაში ასეთი აღშფოთება არ გამოუხატავს ბევრ რამეზე, მათ შორის იმაზე, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბადრი ჯაფარიძე თვალთმაქცური მეთოდებითა და გადაწყვეტილებებით გააძევეს პარლამენტიდან. რაღაცებს ითმენდა, რაღაცების სჯეროდა, მაგრამ უკვე შეუძლებელია თვალის დახუჭვა. "ლელო" მიესალმება მის ასეთ პოზიციას და ამიტომაც მივმართე, რომ ჩვენთან ერთად დადოს ევროპასთან სულისკვეთებით, ღირებულებებით სავსე საქაღალდე.
- რას იტყვით 9 აპრილს დაანონსებულ აქციაზე?
- 9 აპრილს დამოუკიდებლობას შეწირული ახალგაზრდების ხსოვნას მივაგებთ პატივს. რაც შეეხება სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის დაგეგმილ ღონისძიებას, "ლელო" არაფერ შუაში არ არის.
ხათუნა ბახტურიძე