„ხაბეიშვილის სასარგებლოდ დიდი ფული დაიხარჯა“
"ნაცმოძრაობაში" ისევ აზრთა სხვადასხვაობაა. ახალი თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილისა და ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას გუნდები მკვეთრად განსხვავებულ შეხედულებებს აფიქსირებენ. გავრცელდა ხმა, რომ პარტიიდან ხატია დეკანოიძესთან ერთად მელიაც მიდის. მავანმა ისიც კი გვაცნობა, რომ ყოფილი პრემიერი ნიკა გილაური ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით ახალ პარტიას ქმნის და "ნაციონალების" ყოფილი ლიდერებიც, მელია და დეკანოიძეც, იქ აპირებენ პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელებას. რა მიზანი ჰქონდა ასეთი ვერსიების გავრცელებას, რა არის ტყუილი და რა მართალი, ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ბაჩო დოლიძე გვესაუბრა:
- ამ ამბების მთავარმა გმირებმა ეს ყველაფერი უარყვეს. ფაქტია, ეს ჭორები მიზანმიმართულად გავრცელდა და გარკვეულ მიზანსაც ემსახურებოდა. თუ რა იყო ეს მიზანი, გამოჩნდება. ჩემზეც ითქვა, რომ პარტიიდან წასვლას ვაპირებ. არადა, მე და ჩემმა მეგობრებმა ათასჯერ ვთქვით, რომ პარტიაში ჩვენი პოზიციების გაძლიერებისთვის ვემზადებით.
- სხვათა შორის, ანალიტიკოსებიც ამბობდნენ, ლევან ხაბეიშვილი ვერ შეინარჩუნებს პარტიის ინტელექტუალურ ნაწილსო.
- ძალიან ბევრს, ყველაზე მეტად კი ბიძინა ივანიშვილს, აწყობს ჩვენი პარტიიდან გასვლა და "ნაცმოძრაობის" დასუსტება. ზოგიერთი ჩვენი თანაპარტიელი ამ მოცემულობას შესაბამისად ვერ აღიქვამს და გულუბრყვილო, უცნაურ განცხადებებს აკეთებს. ახლა ჩვენ უნდა შევძლოთ პარტიაში კოალიციური მმართველობის შექმნა, იმიტომ, რომ ძალიან დიდი აზრთა სხვადასხვაობაა. ეს "ნაცმოძრაობისთვის" ტესტი იქნება. ჩვენ სულ ვამბობდით, რომ ხელისუფლებაში კოალიციური მთავრობა უნდა შეგვექმნა. თუ პარტიაში ვერ მოვახერხებთ ამას, უფრო დიდი მასშტაბით როგორ შევძლებთ?! ასე რომ, ერთპიროვნული მმართველობა გუშინდელი დღეა და ამას რაც უფრო დროულად გაითვალისწინებს ზოგიერთი, უკეთესი იქნება. რადგან პარტიის ნახევარს განსხვავებული აზრი აქვს, არა მგონია, სწორი იყოს, ამდენ ხალხს გამოუცხადო, რომ დატოვონ ორგანიზაცია. ეს ძალზე არაკორექტულია მათთან, ვინც პარტიაში მაშინ მოვიდნენ, როდესაც "ნაცმოძრაობა" ხელისუფლებაში აღარ იყო. ურთულესი პერიოდი გამოვიარეთ, ყველა კატაკლიზმა შეგვეხო, რაც "ქართულმა ოცნებამ" სხვადასხვა დროს შეგვიქმნა. თითოეულ ჩვენგანს ჩვენი წვლილი გვაქვს შეტანილი ამ პარტიის ბიოგრაფიის დაწერაში. რადგან ახალ მენეჯმენტს არ ვეთანხმები, ეს არ ნიშნავს, რომ წავალ პარტიიდან.
- ხაბეიშვილმა მელიას გუნდს პარტიის დატოვება მოგთხოვათ?
- პირდაპირი მოწოდება არ ყოფილა, მაგრამ ჯერ კიდევ არჩევნების დროს ამბობდნენ, რომ მელიას დამარცხების შემთხვევაში ჩვენც ულაპარაკოდ დავტოვებდით პარტიას. ახლა საერთოდ სასწაული ჭორები გამოგვიგონეს - ჯერ ვითომ "ლელოში" გადავდიოდით, ახლა გილაური ქმნის თურმე ახალ პარტიას... ყველაზე წარმოუდგენელი ის იყო, თითქოს გადავდიოდით პარტიაში, რომლის უკანაც ივანიშვილი დგას. აბსურდია, რატომ უნდა გვინდოდეს წაგებული მოთამაშის მხარეს გადასვლა?! არა, ბატონებო, ჩვენ ახალ სტანდარტებს შევქმნით პარტიაში. ჩვენ ძალიან დემოკრატიული პრინციპით ჩავატარეთ შიდაპარტიული არჩევნები. შესაბამისად, ასევე დემოკრატიული პრინციპებით მოვითხოვთ პოლიტსაბჭოს შექმნას და მომავალი არჩევნების ჩატარებას.
- ხატია დეკანოიძემ უარყო, რომ ნიკა გილაურის ან ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებულ პარტიაში აპირებდა გადასვლას, მაგრამ "ნაცმოძრაობიდან" წასვლა თავადვე გამოაცხადა და მოტივად ვანო მერაბიშვილის გავლენა დაასახელა.
- კი, ვანო მერაბიშვილი ბევრისთვის არის ბარიერი. მეც არ შევეპუები მისი გავლენის გაძლიერებას და ვეცდები იმ პოზიციების გაძლიერებაში მივიღო მონაწილეობა, რომელსაც დღემდე ვახმოვანებდით. ჩემი დამოკიდებულება არ შეცვლილა, ისევ ვფიქრობ, რომ იმ კონფიგურაციაში, სადაც მერაბიშვილი წინა პლანზეა, პარტია განწირულია მუდმივად ოპოზიციაში ყოფნისთვის.
- ამ გადმოსახედიდან რას ფიქრობთ, რა იყო ხაბეიშვილის გამარჯვების მიზეზი?
- ცხადია, ხაბეიშვილის სასარგებლოდ დიდი ფული დაიხარჯა, მაგრამ ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენი ამომრჩეველი დაარწმუნეს, სააკაშვილის დახსნა ჩვენ გაცილებით მალე შეგვიძლიაო. ეს იყო მათი მთავარი გზავნილი. ახლა ყველა ვხედავთ, როგორც ვითარდება პროცესი. დანაპირები ვერ შეასრულეს და უბრუნდებიან იმ გზავნილებს, რომლებსაც ჩვენ ვახმოვანებდით, რომ სააკაშვილის დახსნა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ საერთაშორისო პარტნიორები მთავრობაში მყოფ პირებზე მოახდენენ ზეწოლას. ძალიან ბევრი ამომრჩეველია მათ გამო იმედგაცრუებული.
- თავად რას ამბობენ?
- სიმართლე გითხრათ, მათთან კომუნიკაცია იშვიათად მაქვს. პარტიის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს სოციალური მედიით ან ტელევიზიით ვიგებთ. დღეს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს მხოლოდ ვიწრო ჯგუფი იღებს.
- "ნაციონალურ მოძრაობაში" რევანშს უნდა ველოდოთ?
- მე ამას პოლიტიკურ რევანშს არ დავარქმევდი, მაგრამ არავის მივცემ საშუალებას, რომ განსხვავებული შეხედულებების გამო ადამიანები განდევნონ ამ პარტიიდან, ან რაიმე ტიპის ზეწოლის მსხვერპლი აღმოჩნდნენ. ჩვენ არსად წასვლას არ ვაპირებთ, პირიქით, ვეცდებით მნიშვნელოვან საკითხებზე ფოკუსირებას.
- 9 აპრილისთვის დაგეგმილ აქციაში თუ აპირებთ მონაწილეობას?
- ამ აქციასთან დაკავშირებული საკითხიც ჩვენთან შეუთანხმებლად გადაწყდა. პირადად მე მიმაჩნია, რომ ისეთი მნიშვნელოვანი თარიღის პრივატიზაცია, როგორიც 9 აპრილია, დაუშვებელია. ამ პოლიტიკურ ინიციატივებში ვერავის ვერ ავყვები.
ხათუნა ბახტურიძე