„შვილები მენატრება, მაგრამ ახლა სენტიმენტების დრო არ არის“
ნახევარ წელზე მეტია ბახმუტში ბრძოლები გრძელდება. უკრაინული არმიის წინააღმდეგ იბრძვიან როგორც რუსეთის არმიის დანაყოფები, ასევე ვაგნერელები და კადიროველები, თუმცა უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, უკრაინული არმია ქალაქის დაცვას განაგრძობს. პროფესიით თარჯიმანი, ჯერ კიდევ ომამდე სამხედრო მიმომხილველი სოფია კოლოსაროვა, რომელიც სამი შვილის დედაა, ომის დაწყების დღიდან უკრაინის დაცვის სამსახურშია.
- მას შემდეგ, რაც კიევის ოლქი რუსებმა დატოვეს, იქ ნამდვილი ჯოჯოხეთი დაგვხვდა - ხალხი, რომელთაც დღეების განმავლობაში დღის სინათლე არ უნახავთ, არ ჰქონდათ წყალი, პური და რაც მთავარია, გადარჩენის იმედი. არ იცოდნენ რამდენი დღე გაატარეს ამ მდგომარეობაში. იმის გათვალისწინებით, რომ ორასზე მეტი ცხედრის იდენტიფიცირება დღემდე ვერ მოხერხდა, ეს ნიშნავს, რომ იქ ბევრად მძიმე სიტუაცია იყო. სამი მცირეწლოვანი ბავშვის დედა ვარ და მე ვნახე 12-13 წლის ბიჭები, რომელთაც რუსეთის არმიის ჯარისკაცები გაშლილ ხელებს ბეტონზე ადებინებდნენ, ზედ ახტებოდნენ, თითებს უმტვრევდნენ და ეუბნებოდნენ, ეს იმიტომ, რომ როდესაც გაიზრდებით, ჩვენს წინააღმდეგ ამერიკული იარაღი არ გაისროლოთო. გოსტომელში ერთ სარდაფში ვნახე საკუთარ სისხლში ამოსვრილი მოზარდი, არ ვიცი, რამდენ ხანს იჯდა ასე. სწყუროდა და როდესაც ბოთლი მივაწოდე, ხელში ვერ დაიჭირა, ათივე თითი სახსარში ჰქონდა გადამტვრეული. ვნახე ახალგაზრდა ქალიც, რომელსაც გულში ჩაკრული ჰყავდა, ალბათ, ერთ წლამდე ბავშვი. როგორც მითხრეს, ოჯახის სხვა წევრები საკვებისა და წყლის მოსატანად წასულან, რა დროსაც დახოცეს, დედა-შვილი კი, პირველადი ექსპერტიზის თანახმად, დიდი ალბათობით, შიმშილითა და სიცივით მოკვდა.
როდესაც მეკითხებიან, ქალისთვის ომში ყოფნა რთული არ არისო, ამ დროს ეს კადრები გამირბენს ხოლმე თვალწინ - ძალიან რთულია, რადგან ხანდახან რამდენიმე დღე ისე გავა, ჩემი შვილების ხმას სულ რამდენიმე წუთით თუ მოვისმენ. ყოფილა შემთხვევა, კვირაში ერთხელ დავლაპარაკებივართ ერთმანეთს, მაგრამ როდესაც ჩემს შვილებს ვესაუბრები, სულ მახსოვს, რომ ათასობით ადამიანს, უკრაინელი იქნება თუ სხვა ეროვნების, შვილი აღარ ჰყავს. მათ ხმას ვეღარასდროს გაიგონებს, მხოლოდ იმიტომ, რომ რუსეთმა ერთ დღეს ჩვენი დაპყრობა და თავის ჭაობში შეთრევა განიზრახა, ჩვენ კი, ამაზე უარი ვთქვით ისე, როგორც თავის დროზე საქართველომ. მაშინ ამას მთელმა დასავლეთმა წაუყრუა, კომფორტს ვერ შეელივნენ.
- დღეს ბევრი ამბობს, რომ 2008 წელს რომ ეაქტიურათ, რუსეთი 2014 და 2022 წლებში უკრაინას თავს არ დაესხმებოდა... დღეს საკმარისს აკეთებს დასავლეთი?
- ის, რომ უკრაინა წელიწადზე მეტია რუსეთის ვითომ მსოფლიოში ნომერ მეორე არმიას უმკლავდება, დასავლეთის, ამერიკის დახმარებაა. რომ არა მათი მხარდაჭერა, უკრაინა კიდევ უფრო უარეს დღეში იქნებოდა. ახლა დასავლეთი რუსეთის ბოროტებას სწორედ უკრაინაში ამარცხებს, ჩვენი ხალხის სისხლის, ტანჯვის ფასად, რომელიც როდის დასრულდება, არ ვიცით.
მე ვყოფილვარ ავღანეთსა და შემდეგ სირიაში სპეციალური მისიით. ვნახე, როგორ იქცეოდა "აისისი" და "თალიბანი", რუსული არმიის დანაყოფებიც იმავეს აკეთებდნე ბუჩაში, ირპენსა და გოსტომელში. წყლისთვის გამოსულ ხალხს ზურგში ესროდნენ, სარდაფში ხელშეკრული და დახვრეტილი ადამიანები ვიპოვეთ. ცხედრებზე ნაღმებს ამაგრებდნენ, რათა მათ დასამარხად გამოსული სამოქალაქო პირები დაეხოცათ. ვნახე სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი ბიჭები, რომლებიც ომის შემდეგ კოლეგებს, დაჭრილი ადამიანების მოვლაში ეხმარებოდნენ, ორი მათგანი დაიჭირეს და აწამეს მხოლოდ იმიტომ, რომ დაჭრილ სამხედროებს უმკურნალეს. მათი ცხედრები ხეზე მიკრული ნახეს, ისე, როგორც შუა საუკუნეებში ან ნაცისტები აკეთებდნენ.
შვილები მენატრება, მაგრამ ახლა სენტიმენტების დრო არ არის. მათ არ უნდა იცხოვრონ რუსეთის რეჟიმში. ვხედავთ და ვიცით, რაც რუსეთში ხდება, როგორ არაფრად უღირთ ადამიანის სიცოცხლე. ამიტომაც, სანამ თუნდაც ერთი უკრაინელი მაინც არსებობს, ის მოძალადე რუსს თავის მიწაზე შემოსვლის უფლებას არ მისცემს... საშინელებებს სჩადიან, ყურადღების გადასატანად მშვიდობიან მოქალაქეებს ბომბავენ, რომ შეაშინონ, გატეხონ. ჩემი შვილები მოხუცი დედ-მამისთვის მყავს ჩაბარებული და ყოველ წუთს ვფიქრობ, რომ შეიძლება ერთ დღესაც ვეღარ ვნახო...
- მეუღლეც ომშია?
- დიახ, ის "აზოველია", მისი მისია დონეცკის რეგიონის, ლებედინსკის, შიროკინოს დაცვა იყო, სადაც დაიჭრა, მაგრამ ორთვიანი მკურნალობის შემდეგ სანგარს დაუბრუნდა. მას ორჯერ ჰქონდა კონტუზია, მე - სამჯერ. მესამე წინა ორთან შედარებით მძიმე იყო და ამიტომ ერთთვიანმა მკურნალობამ მომიწია. ძალიან მინდოდა შვილებთან ვყოფილიყავი და ისე მემკურნალა, მაგრამ შესაძლოა მათ საფრთხე შევუქმნა.
- რას გულისხმობთ?
- კოლაბორაციონისტებს რა გამოლევს. ქვეყანაში ომია და უსაფრთხო ადგილი არსად არის. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი უშიშროების სამსახური აქტიურად მუშაობს, ისინი მაინც პოულობენ საყრდენს.
- ვიცი, რომ ბახმუტში იბრძოდით. კონტუზიაც იქ მიიღეთ?
- დიახ, წელიწადზე მეტია ფრონტის ხაზზე ვარ. ყველგან ძალიან რთული მდგომარეობა იყო, მაგრამ ბახმუტი, რომლის აღებაც რუსებისთვის პრინციპული გახდა, მარიუპოლის და აზოვის ქარხნის არ იყოს, ცალკე ეპიზოდად შევა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. საბრძოლო მასალები ჯერჯერობით მხოლოდ შეტევის მოსაგერიებლად გვყოფნის, მაგრამ კარგი კონტრშეტევისთვის გაცილებით მეტია საჭირო. სწორედ ამისთვის დგას ბახმუტი, დრო იწელება შეიარაღების შესაგროვებლად. ვემზადებით ძლიერი კონტრშეტევისთვის და არა ლოკალურისთვის. რუსეთი უიმედობის დანერგვას ცდილობს, აცხადებს, თითქოს ბახმუტის საკითხზე დაპირისპირებაა უკრაინის სამხედრო და პოლიტიკურ ხელმძღვანელებს შორის.
ბახმუტში უმძიმესი ბრძოლების მიუხედავად, რუსეთი ვერ აღწევს მიზანს, უკრაინული ქალაქი ვერა და ვერ დაიმორჩილა. არადა, რამდენიმე ფლანგიდან უტევს. ვაგნერელები, კადიროველები, რუსეთის შეიარაღებული ძალების დანაყოფები დამოუკიდებლად ცდილობენ შეტევას. ყველა ნაბიჯზე ეტყობათ, რომ ერთმანეთთან დაპირისპირება აქვთ. შოიგუ, პრიგოჟინი და კადიროვი ცალ-ცალკე ცდილობენ გამარჯვება მიიწერონ, მაგრამ არც ერთს არ გამოსდის. ზაფხულში ერთი წელი შესრულდება, რაც რუსი სამხედროები და კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერი" ბახმუტის აღებას ცდილობენ.
- რუს ტყვეებთან გქონიათ ურთიერთობა?
- პირადად არა, მაგრამ ვიცი, რას ამბობს უმრავლესობა, რომ უკანდასახევი არა აქვთ. "დაზღვევაზე" კადიროველები მუშაობენ და იქვე ხოცავენ დეზერტირებს. საფრთხე ემუქრება მათ ოჯახებსაც. ამბობენ, რომ როდესაც შინ რეკავენ, მათ ეფ-ეს-ბე უსმენს. რაიმე "საეჭვოს" შემთხვევაში, "არმიის დისკრედიტაციის" ბრალდებით ქონების კონფისკაციით, ბინიდან გამოსახლებით, სამსახურიდან გაშვებით, იზოლატორში გადაყვანით ემუქრებიან. ამის მიუხედავად, რუსეთის მოსახლეობის 80%-ისთვის უკრაინის ომი მაინც "ღირსების საქმეა". ამიტომაც ვამბობთ, რომ ჩვენ არასდროს ვყოფილვართ ერთი ერი და არც ვიქნებით.
რუსი სამხედროების ახალი ტაქტიკა ასეთია - უკრაინელი სამხედროების ფორმაში ან სამოქალაქო ტანსაცმელში გადაცმულები იწყებენ ლოკალურ შეტევებს. თავდაპირველად, ამას ჰქონდა შედეგი, მაგრამ ახლა მათი გაშიფვრაF ადვილია - ვიცით, როგორ განვსაზღვროთ, ვინ სად არის. ქალაქში 5-6-კაციანი ჯგუფებით შემოსვლას ცდილობენ. სხვადასხვა შენობაში, მაღაზია იქნება თუ ჯიხური, ბანაკდებიან და იქიდან ლოკალურ ბრძოლას მართავენ. ბევრს მხოლოდ ხელყუმბარა და "კალაშნიკოვი" აქვს. მათი ამუნიცია იმდენად უბადრუკია, ხანდახან ვერც ვიჯერებ, როგორ უშვებენ მინუს ოც გრადუსში ასე ჩაცმულებს ფრონტის ხაზზე. ტყვიას თუ გადაურჩნენ, უკრაინას დაავადებულები დატოვებენ. უამრავ მათგანს არასდროს გამოუყენებია ღამის ხედვის აპარატურა, ოპტიკური მოწყობილობები, მათი უპირატესობა მხოლოდ რაოდენობაშია. როგორც ამბობენ, ბოლო ხანებში ბახმუტში პატიმარი ქალებიც შემოიყვანეს. ადვილი წარმოსადგენია, მათი სამხედრო მომზადება როგორია. ალბათ, ავტომატის დაჭერა ასწავლეს და რაღაც პოზიციაზე დააყენეს.
მე ვიცი, რომ ქართველ სამხედროებსა და მოხალისეებს არა მარტო ბახმუტის ბრძოლებში, არამედ სხვაგანაც პოზიციების შენარჩუნებაში უდიდესი წვლილი მიუძღვით. აფხაზეთში მეგობრებთან ერთად დედაჩემის ძმა, ვოლოდიმირ შამრიიც იბრძოდა. ფეხში დაიჭრა, რის შემდეგაც სამშობლოში დაბრუნდა. არასწორად უმკურნალეს და ფეხის მოკვეთამ მოუწია.
მადლობელი ვარ ყველა ქართველის, ყველა დედის, რომელმაც შვილი უკრაინის დასაცვად გამოუშვა. მათ ესმით, რომ ერთ დღესაც შესაძლოა რუსეთს მადა გაეხსნას და თუ ჩვენთან გაიმარჯვა, საქართველოსკენაც გამოიწიოს. რამდენიმე მათგანის ცხედარი, ისევე როგორც ჩვენი ბიჭების, ოჯახებს არ ეღირსა. მათი ხსოვნა მუდამ იქნება ჩვენს გულებში. იმედია, ტერორისტულ სახელმწიფოზე ღირსეულ გამარჯვებას მალე ერთად ვიზეიმებთ.