"ბევრ პოლიტიკოსს, მათ შორის ოპოზიციონერებსაც, აქვთ მიქირავებული ბინა რუსებისთვის"
სიტყვა "რიელტორი" ინგლისური ენიდან მოდის. ამ პროფესიის წარმომადგენელთა გასამრჯელო წინასწარ შეთანხმებული ფიქსირებული თანხაა რეალიზებულ პროდუქტზე. რუბრიკა "პროფესიის" სტუმარია რიელტორი ნინი მამაგულაშვილი:
- ჩემი მოვალეობაა მოქალაქეებს ბინების ყიდვა-გაყიდვასა და ქირაობა-გაქირავებაში დავეხმარო. ამ საქმეში ფეხის მოსაკიდებლად აუცილებლად უნდა იყო კომუნიკაბელური, ზრდილობიანი, ცოტა ფსიქოლოგობაც გჭირდება, და რა თქმა უნდა, იღბალი.
ტექნიკური უნივერსიტეტი რომ დავამთავრე, მაშინ დაიწყო 90-იანი წლების არეულობა და აღარავის სჭირდებოდა ქიმიკოსი. იმხანად დავოჯახდი, ბავშვები შემეძინა და ქმარს რომ გავცილდი, თავი ხომ უნდა მერჩინა, ამიტომ დავიწყე რიელტორობა. სადაც ვცხოვრობდი და ვმოძრაობდი ბავშვობაში, სტუდენტობაში, იმ უბნებს, ვაკეს, ვერას, საბურთალოს, კარგად ვიცნობ და ამიტომაც მიადვილდება მუშაობა.
- რა უმთავრესი თვისება უნდა ჰქონდეს განვითარებული რიელტორს?
- ინტუიცია ჩვენს საქმეში საჭირო და მნიშვნელოვანია. რომ დაგირეკავენ, მაინცდამაინც ეს ბინა მინდაო, შენ გონებით უკვე ტვინში ხაზავ, აქ თუ არ მოეწონა, მერე რომელ ბინაში წაიყვან. ხალხთან ხშირი ურთიერთობის წყალობით უკვე გიმუშავდება ინტუიცია, უმრავლეს შემთხვევაში შეგიძლია გამოიცნო, ვინ რისი გადამხდელია. ხვდები, ღირს თუ არა მასთან თანამშრომლობა, თორემ ზოგი ისეთია, წლობით ათვალიერებს გასაყიდ ბინებს და ამ დროს ფული ხელში არ უჭირავს. ერთს თეთრი კარკასის შეძენა უნდოდა. მივიყვანე, დაათვალიერა და მეუბნება, ამ ვარიანტს დიდი ნაკლი არა აქვს, მაგრამ მაინც სხვა ბინები მანახეო. რამდენი ხანია ბინას ეძებთ-მეთქი? 3 წელიო. მაშინ მივხვდი, რომ არასდროს არაფერს იყიდდა.
არიან ისეთები, გეუბნებიან, ხვალ გეტყვი პასუხსო, მერე კი ბრუნდება ბინის პატრონთან ან გამქირავებელთან და ეუბნება, დამიკელი, რაც რიელტორს უნდა მისცეო.
მეც მქონდა შემთხვევა. გოგოს ბანკი უყიდდა ბინას, ტირილით მოვიდა, მიშველეთო. სასწრაფოდ დავახვიეთ მთელი თბილისი და ბინა რამდენიმე დღეში ისეთ ფასად გავაყიდვინეთ, გამოსახლების ალბათობაც მოეხსნა და ოროთახიანის ყიდვის შანსიც მიეცა. რამდენიმე ვარიანტი ვაჩვენეთ და მოვიფიქრებო, გვითხრა. ამის მერე დაიკარგა. 5 დღის შემდეგ ერთი ოროთახიანის მეპატრონე მოგვადგა ოფისში და ჩვენი გასამრჯელო მოგვიტანა, ჩემი ბინა თქვენმა მოყვანილმა გოგონამ შეიძინა და მომსახურების თანხა მოგიტანეთო. ასეთი წესიერი იყო ის კაცი, ბინის დაკარგვას გადარჩენილი გოგონა კი უსინდისოდ მოგვექცა.
ერთხელ ბაგებში ბინის საყიდლად მივიყვანე ახლობელი. მეორე დღეს მისულა მეპატრონესთან, რიელტორის თანხა დამიკელი და სულ ჩავხსნათ ჩვენი მოლაპარაკებიდანო. დამირეკა იმ ადამიანმა და მითხრა, ეგეთ ხალხს აღარ ენდო და სხვა მყიდველი მომიძებნეო.
- ამბობენ, უკრაინა-რუსეთის ომის გამო ძალიან მოიმატა ფასებმაო.
- ომის პირველ თვეებში არაადეკვატური ფასები იყო, ახლა ცოტა დაიწია. ვინც ახლა შემოდის, უფრო ღარიბი ფენაა. ძველი შემოსულებიც, რომლებიც კოლოსალურ თანხად გაურიგდნენ მეპატრონეს, შედარებით იაფ ბინებს ეძებენ.
- რა მოთხოვნები აქვთ დამქირავებლებს?
- თანამედროვე ბინები, აუცილებელია გათბობა, კონდიციონერი. არიან ძალიან მდიდრები, რომლებიც 2-3-ათასიან ბინებში შედიან და პრემიუმკლასს ითხოვენ. სხვათა შორის, ბევრს მოსწონს "სტალინკები", მაღალჭერიანი ბინები.
- დაქირავების მსურველებში რუსი უფრო მეტია თუ უკრაინელი?
- რუსები ჭარბობენ. ერთი უკრაინელი გოგონა ქმარ-შვილთან ერთად 300 დოლარად დავაბინავე. მომსახურების თანხა არ გამომირთმევია, დედა ვარ და ომს გამოქცეულის ვარამზე როგორ მოვითბობდი ხელს.
- ტრანსპორტში მოვისმინე, "სპალნი" რაიონს ვეძებთო. რას გულისხმობდნენ?
- "სპალნი" რაიონს ვაჟა-ფშაველას კვარტალებს უწოდებენ, თან ცენტრში რომ არიან და თან ხმაური არ შედის სახლში. სიწყნარე უნდათ, იმიტომ, რომ აქ შემოსულთა 80% შინიდან ონლაინ მუშაობენ.
- რთულია რიელტორობა?
- მძიმე სამუშაოა, მთელი დღე ქუჩაში ხარ და ბინებს ნახულობ, მერე მყიდველი ან დამქირავებელი უნდა მიიყვანო, საბუთები შესწავლილი უნდა გქონდეს და უნდა გახსოვდეს ყველაფერი, ტელეფონის ნომრებიც კი... იცი, რა აქვს ამ პროფესიას ცუდი? შეიძლება 2 თვე მაგრად იმუშაო და მერე 3 თვე ტყუილად იარო. შემოსავალი არასტაბილურია. 1 წელია ყველამ რიელტორობა მოინდომა ომის გამო. ბევრი პირდაპირ საზღვრებთან ხვდებოდა ქვეყანაში შემოსულებს. ყველა სასტუმროსთან რიელტორები იდგნენ. ბევრი ამბობდა, მთელ ბინებს რუსები ყიდულობენო, უფრო სწორად კი უფრო შერეული ოჯახები ყიდულობენ. მყავდა კლიენტი, რომელსაც რუსული გვარი ჰქონდა, მაგრამ მამა ჯოხაძე ჰყოლია. მართალია, გვარი არ მომცა, მაგრამ წელიწადში 3 თვეს საქართველოში ვატარებდი და ახლა დადგა დრო, სამუდამოდ აქ დავსახლდეო.
- რამდენიმე პოლიტიკოსს წამოაძახეს, სხვანაირად ჭიკჭიკებ და სინამდვილეში თვითონაც სარფიანად გაქვს ბინები რუსებზე მიქირავებულიო. ვითომ სიმართლეა?
- ბევრ პოლიტიკოსს, მათ შორის ოპოზიციონერებსაც, აქვთ მიქირავებული ბინა რუსებისთვის. სხვათა შორის, ყველაზე ძვირად ღირებული ბინები "კოვიდის" დროს გაიყიდა.
- ჩამოსულები აქ დიდი ხნით რჩებიან თუ მაინც გარკვეული დროით, რომ აზრზე მოვიდნენ და დაგეგმონ მომავალი ცხოვრება?
- უკრაინელები უმთავრესად კანადაში მიდიან, ბევრიც აშშ-ში, საბერძნეთში, გერმანიაში... რუსები ევროპისკენ იხედებიან. უკრაინაში ომი რომ დაიწყო, იმ დროს ჩემი შვილი სომხეთში იყო მივლინებით. იქაც ზუსტად ისეთივე ვითარება შექმნილა - მითხრა, მოსკოვში მეგონა თავი, სულ რუსული მესმოდაო.
- ბევრი ომს გამოქცეულის პირადი ისტორია გეცოდინებათ...
- მე ვისთანაც მქონდა ურთიერთობა, უმრავლესობა ახალგაზრდა, Iთ-სპეციალისტები იყვნენ. 2 ბიჭი მყავდა, 2014 წლიდან მიტინგებზე ვდგავართ, ახლა იქ რა გაგვაჩერებდაო. ერთმა აკადემიკოსმა მითხრა, ჩემი ქვეყანა მეცოდებაო. რატომ-მეთქი? იმიტომ, რომ პროგრესულად მოაზროვნე ვინც ჰყავდა, წამოვიდა და რუსეთში მხოლოდ მასა დარჩაო.
ერთ ლენინგრადელის ოჯახს მივაქირავე ბინა და რამდენი ხნით გავაფორმო კონტრაქტიო, მკითხეს. მე რა ვიცი, ეგ საკითხი თქვენს პრეზიდენტთან შეათანხმეთ-მეთქი, გავეხუმრე. ეგ ჩვენი პრეზიდენტი არ არის, არავის აგვირჩევიაო! აბა, პრეზიდენტი როგორ გახდა-მეთქი? როგორც ხდებიანო...
- ყველაზე მეტად რა გაბრაზებთ თქვენს საქმიანობაში?
- განცხადებაში ტექსტი "მაკლერი არ გამომეხმაუროს!", მაგრამ ბოლოს მაინც ჩვენ გვირეკავენ. მაცოფებენ ისეთი მომხმარებლები, რომ მეუბნებიან, გამიქირავე ბინა და პატივს გცემო. რას ჰქვია პატივს მცემ?! მე გასამრჯელოს გაწეული შრომისთვის ვიღებ.
ქართველებს თუ არ ჩავთვლით, პოსტსაბჭოთა ქვეყნების მოქალაქეებთან, განსაკუთრებით აზერბაიჯანელებსა და ბალტიისპირელებთან, თურქებთან მირჩევნია მუშაობა. აი, ინდუსებისთვის ბინების შოვნა კი ჭირს. ძალიან მძაფრი სუნელები აქვთ. მათ რომ გაისტუმრებ, რემონტი თუ არ გააკეთე, სუნს ვერ მოაშორებ სახლს. კიდევ მქონდა რამდენიმე შემთხვევა ირანელებსა და ჩინელებთან. გეტყვიან, 2 კაცი ვიცხოვრებთო, არადა, 8-10 კაცი ცხოვრობს. ისეთი დამქირავებელიც მინახავს, კორპუსის სამოთახიანში, მისაღებ ოთახში, მწვადს რომ წვავდა პარკეტზე დადგმულ რკინის თასში.
ამბობენ, აპრილიდან ბინის ფასები შეიცვლებაო. მაისიდან კი აგარაკების დაქირავება დაიწყება. ათასი, 5 ათასი და 10 ათასიც ღირს, სახლს გააჩნია. უფრო ქართველები ქირაობენ. სხვათა შორის, ყველაზე მაღალი ფასებია წყნეთში, მერე მოსდევს ოქროყანა. კიკეთსა და კოჯორში ფასი ნაკლებია. მცხეთასა და საგურამოშიც კარგად ქირავდება - ანუ ისეთ ადგილებს ეძებენ, რომ თბილისში სამსახურში ადვილად იარონ.
ამ ბოლო დროს ინტერნეტთაღლითობამ იმატა. ბევრი რიელტორებისთვის ვერ იმეტებს ფულს, ამიტომ დამოუკიდებლად ათავსებს საიტზე განცხადებას. ჰაკერი ასეთებზე ნადირობს, თუ ამა თუ იმ ნომერს მხოლოდ ერთი განცხადება უდევს, ე.ი. გამოუცდელია, უკავშირდება საზღვარგარეთის ნომრით, ეუბნება, მომეწონა თქვენი ბინა, 1 კვირაში ჩამოვალ და მომაქირავეთ. ახლავე გირიცხავთ პირველი და ბოლო თვის საფასურსო. ბინის მფლობელი აძლევს ბანკის ნომერს, მოდის ლინკი, ვითომ დასადასტურებლად, და როგორც კი ლინკს გახსნი, წამებში მთელ თანხას გიხსნიან ანგარიშიდან.
- რა მოლოდინი გქონდათ, სანამ რიელტორობას დაიწყებდით და რა სურათი დაგხვდათ?
- მეგონა, ავშენდებოდი, მაგრამ.... თუმცა მადლობა ღმერთს, იმდენი გვაქვს, არ გვშია, არ გვწყურია, არ გვაწვიმს და არ გვათოვს.