რა საფრთხის წინაშე შეიძლება აღმოჩნდნენ მარტოხელა მოხუცები - კვირის პალიტრა

რა საფრთხის წინაშე შეიძლება აღმოჩნდნენ მარტოხელა მოხუცები

მარტოხელა, ასაკოვან ადამიანებს, რომლებიც პენსიის ამარა არიან დარჩენილი, თავის რჩენა უჭირთ. ამიტომ ხშირია შემთხვევები, როცა მარტოხელა კეთი­ლსინდისიერ ადამიანს ეძებს, რომელიც მასზე იზრუნებს. სანაცვლოდ მზად არის გარდაცვალების შემდეგ მას თავისი ქონება დაუტოვოს. აქ მეორე მხარის დაინტერესება ცალსახაა, მას ბინა აინტერესებს, სამაგიეროდ, მოხუცს ჰპირდება, რომ სიცოცხლის ბოლომდე მის ჯანმრთელობასა­ და ეკონომიკურ პირობებზე იზრუნებს. ხშირად მარჩენალს ისეთი ადამიანებიც ეძებენ, ვისაც მემკვიდრეები ჰყავთ, მაგრამ რადგან ისინი სათანადოდ არ ზრუნავენ მათზე, განაწყენებული მოხუცები სხვა ადამიანს ეძებენ. მხარეები მოილაპარაკებენ მოვალეობებზე, მაგრამ ასეთი გარიგების დროს იმის შიშით, რომ მემკვიდრემ არ წაართვას ქონება, ან მარტოხელა მოხუცის გარდაცვალების შემდეგ არ შეექმნას პრობლემები, ადამიანები მოხუცებს წინასწარ სთხოვენ ბინის გადაფორმებას, ან ჩუქებას, მაგრამ ასეთი გარიგებების დროს ხშირად მოხუცები ზარალდებიან. ბევრმა ისიც კი არ იცის, რომ ასეთ დროს ყიდვა-გაყიდვის და ჩუქების ხელშეკრულებას ხელი არ უნდა მოაწეროს, რადგან სიტყვიერად აღებული რჩენის ვალდებულება შეიძლება მეორე მხარემ არ შეასრულოს, მოხუცი კი ქუჩაში აღმოჩნდეს.

თემქის ხანდაზმულთა პანსიონატში ერთი ასაკოვანი ქალი გავიცანი. როგორც მიამბო, დამ და დისშვილმა თავიანთ ბინაში გადასვლა შესთავაზეს, ჩვენთან შენი ოთახი გექნება და მოდი, შენი ბინა გავყიდოთო. გადავიდა და მისი ბინაც გაყიდეს. წუხდა, ლოჯიაში დამიდგეს საწოლი, დაახლოებით ერთი წელი ვიცხოვრე მათთან, შემდეგ ჩემი და აწუწუნდა, ვიწროდ ვართო. არადა, 4-ოთახიანი ბინა ჰქონდათ, არც მშვიდად მოსვენების საშუალება მქონდა, ამიტომ იძულებული გავხდი წამოვსულიყავი. მეგობარმა შემიფარა, დიდხანს სხვას ხომ არ შევაწუხებდი და ახლობელი დამეხმარა ამ თავშესაფარში დაბინავებაშიო. მას შემდეგ დიდი ხანი გავიდა, მაგრამ ეს ამბავი­ სულ მახსოვს.

ასეთი და უფრო მძიმე ისტორიაც ბევრია­. ხშირად მიზეზი ის არის, რომ მოქალაქეებმა არ იციან სპეციალური კანონი, რომელიც ამ საკითხს არეგულირებს და მას სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება ჰქვია.

ამ საკითხზე სისხლის სამართლის საქმეების, ასევე სამოქალაქო და ბავშვთა უფლებებში ლიცენზირებული ადვოკატი თამარ ფირცხალავა გვესაუბრება:

- რას ნიშნავს სამისდღეშიო რჩენა?

- სამისდღეშიო რჩენა გულისხმობს, როდესაც ერთი ადამიანი (მარჩენალი) მეორე ადამიანის (სარჩენის) სიცოცხლის ბოლომდე რჩენის ვალდებულებას იღებს. მარჩენალი ვალდებულია სარჩენს სიცოცხლის მანძილზე გადაუხადოს სამისდღეშიო სარჩო ფულადი ან ნატურალური სახით. კვებით, მოვლით და სხვა აუცილებელი დახმარებით, ხოლო სარჩენი, მხარეთა შეთანხმებით, მარჩენალს სანაცვლოდ უძრავ ქონებას გადასცემს. ასეთ დროს ხელშეკრულება აუცილებლად წერილობით უნდა დაიდოს. თუკი ხელშეკრულება უძრავ ქონებას ეხება, მხარეები უნდა მივიდნენ ნოტარიუსთან და სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულება საჯარო რეესტრში უნდა დარეგისტრირდეს. უნდა მიმართონ იუსტიციის სახლს და თან უნდა იქონიონ განცხადება (ელექტრონულ განცხადებას ადგენს საბუთების მიმღები ოპერატორი); პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და სანოტარო წესით დამოწმებული სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება უძრავი ქონების გადაცემის თაობაზე; ხელშეკრულებაში უნდა იყოს გაწერილი მხარეთა ვალდებულებები და მოვალეობები. ამგვარი გარიგების დადებაში მათ ნოტარიუსი დაეხმარება და განუმარტავს დეტალებს. სასურველია ხელშეკრულება არ იყოს ზოგადი სახის. ყველაფერი კონკრეტულად უნდა იყოს გაწერილი, რათა არც მარჩენალი დაზარალდეს და არ სარჩენი. ვთქვათ სარჩენმა მოინდომა ხელშეკრულების გაწყვეტა და თქვა, ეს ადამიანი ვერ მივლის სათანადოდ და მინდა ხელშეკრულების გაწყვეტაო. ამ დროს მარჩენალს სასამართლოში შეიძლება შეექმნას პრობლემები და მან ვერც დაამტკიცოს, რა ხარჯი გასწია და რომ საკმარისი იყო სარჩენის უზრუნველსაყოფად.

- მარჩენალი ვერ დაიცავს თავს?

- თუ მტკიცებულებები ექნება, დაიცავს, მაგრამ სარჩენი უფრო მეტად დაცულია ასეთ დროს, მას არ უწევს მტკიცება.­ ამიტომ ჯობია ეს დეტალები წინასწარ გაითვალისწინონ მხარეებმა. ვთქვათ გაფორმდა ხელშეკრულება, უვლის სარჩენს, მაგრამ ხომ შეიძლება გამოჩნდა ვიღაც სხვა და ეუბნება სარჩენს, მე მოგივლი მასზე უკეთესადო და დაარღვევინოს ხელშეკრულება, ან შეიძლება სარჩენს არ აკმაყოფილებდეს ის, რასაც მარჩენალი აკეთებს და უფრო მეტი მოთხოვნები გაუჩნდეს. ასეთი დავა სასამართლოში გადაინაცვლებს, მაგრამ სასამართლო გადაწყვეტილებას იმის მიხედვით მიიღებს, ვის რა მტკიცებულებები ექნება. თუკი მარჩენალი ვერ დაამტკიცებს, რომ სათანადოდ უვლიდა, ხელშეკრულება გაუქმდება და სარჩენს დაუბრუნდება ქონება და დაზარალდება მარჩენალი. თუ ხელშეკრულებაში წინასწარ არ არის მითითებული­, რომ მარჩენალს აუნაზღაურდეს ხარჯი, მას არავინ აუნაზღაურებს. ამიტომ მარჩენალსაც ვურჩევ ჩადოს ხელშეკრულებაში დეტალური პირობები.

- როგორ დაამტკიცებს რამდენი დახარჯა?­

- კანონი არ ითხოვს, რომ ასეთ დროს მხარემ აგროვოს მტკიცებულებები, მაგრამ თუკი მარჩენალი ფიქრობს, რომ მომავალში შეიძლება შეექმნას პრობლემა, შეუძლია შეინახოს ქვითრები, გააკეთოს ჩანაწერი და ასე მოაგროვოს მტკიცებულებები.

როდესაც სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება იდება, თითქმის ყველა ნოტარიუსს ხელშეკრულების ერთნაირი ბლანკები აქვთ და ამის მიხედვით ავსებენ მხარეები შეთანხმებას, მაგრამ მათ შეუძლიათ მოსთხოვონ ნოტარიუსს დამატებითი ვალდებულებების ჩაწერა. თუკი იურისტიც ეყოლებათ გაფორმების დროს, ის უფრო მეტად დაეხმარება ხელშეკრულების უკეთ გამართვაში. სარჩოს ოდენობა სრულადაა დამოკიდებული მხარეთა შეთანხმებაზე­. სარჩო შეიძლება დადგინდეს ფულადი ან ნატურალური სახით, მათ შორის: ბინით, კვებით, მოვლით და სხვა დახმარებით.

- თუ ყველაფერი ხელშეკრულებით გაწერილია და სარჩენი მაინც ამბობს, რომ მარჩენალი სათანადოდ არ ზრუნავს, ასეთ დროს მარჩენალმა თავისი სიმართლე როგორ უნდა დაამტკიცოს?

- ამიტომ გითხარით, პრობლემების თავიდან ასარიდებლად მარჩენალს ვურჩევ­ აგროვოს მტკიცებულებები, რომელიც­ დაეხმარება უფლებების დაცვაში. სამისდღეშიო სარჩოს გადახდა შეიძლება სადავო გახადონ სხვა პირებმაც, რომელთაც ჰქონდათ კანონიერი უფლება, მიეღოთ სარჩო მარჩენლისაგან, მაგრამ ვერ მიიღეს იმის გამო, რომ მარჩენალი იხდის სამისდღეშიო სარჩოს.

- ხშირად სამისდღეშიოს ნაცვლად ყიდვა-გაყიდვა ფორმდება, ეს რა რისკებს შეიცავს?

- დიახ, ხშირად ფორმდება ყიდვა-გაყიდვა, ან ჩუქება. თუ დავა წარმოიქმნება, ბინის ყოფილ მეპატრონეს უხდება იმის მტკიცება, რომ ეს არ იყო უბრალოდ ყიდვა­-გაყიდვა და მას უნდა მოევლო სიცოცხლის ბოლომდე. როცა მეორე მხარეს არაკეთილსინდისიერი პირია, ის დაიწყებს მტკიცებას, რომ მან ბინა იყიდა და არანაირი გარიგება არ ჰქონია. სასამართლოში მოსამართლე უნდა დარწმუნდეს, რომ ეს არ იყო უბრალოდ ყიდვა-გაყიდვა, მაგრამ ამის დამტკიცება უჭირთ მოხუცებს.

- შესაძლებელია თუ არა გადაცემული ქონების გასხვისება?

- სარჩენის სიცოცხლეში მარჩენალს უფლება არა აქვს გაასხვისოს, დააგირაოს ან სხვაგვარად დატვირთოს გადაცემული ქონება სარჩენის წერილობითი თანხმობის გარეშე. მარჩენალის ვალების გამო გადახდე­ვინების მიქცევა ამ ქონებაზე დაუშვებელია. როცა სარჩენი მარჩენალს გადასცემს უძრავ ქონებას, მაშინ მოთხოვნის უზრუნველსაყოფად მას აქვს იპოთეკის უფლება ამ ქონებაზე.

- შესაძლებელია თუ არა ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანა?

- სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებაში ცვლილების რეგისტრაცია ხდება მაშინ, როდესაც ხელშეკრულების მონაწილე­ მხარეები ურთიერთშეთანხმებით მიიღებენ საამისო გადაწყვეტილებას, შეცვალონ სამისდღეშიო სარჩო ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა პირობები. ცვლილების დამადასტურებელი დოკუმენტი იდება წერილობითი ფორმით და მოწმდება მხოლოდ ნოტარიუსის მიერ. სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება იდება სიცოცხლის ბოლომდე.

- შესაძლებელია შეწყვეტა?

- მოთხოვნა გაუქმება უნდა მოხდეს მხოლოდ ურთიერთშეთანხმებით სათანადო­ წესით დამოწმებული ხელშეკრულებით. მხარეთა შეუთანხმებლობის­ შემთხვევაში გადაწყვეტი­ლებას იღებს სასამართლო. გადაცემული უძრავი ქონება ხელშეკრულების შეწყვეტისას უბრუნდება სარჩენს. სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება­ ასევე წყდება სარჩენის გარდაცვალებით და მარჩენალი იკავებს მესაკუთრის (სარჩენის) ადგილს.