"თბილისი ცოტა შავი პარიზია"
გრით სეიმური, გერმანელი მოდელი, დიზაინერი და მოდის დიზაინის პროფესორი ბერლინის Hochschule für Technik und Wirtschaft Berlin (HTW) უნივერსიტეტში სტუდენტებს მოდის ინდუსტრიაში ახლის შექმნის გარდა, მოდის მდგრადობასა და ეკომეგობრული პროდუქციის შექმნას ასწავლის. მისი შემოქმედებითი ცხოვრება აღმოსავლეთ ბერლინიდან იწყება, დევნით, თვალთვალით, თავისუფალი სიტყვისთვის ბრძოლითა და დასავლეთ ბერლინში გაქცევით. შემდეგ იყო სწავლა ლონდონის პრესტიჟულ უნივერსიტეტებში. გრით სეიმური სხვადასხვა წელს იყო Donna Karan-ის, Hugo Boss-ისა და Wolford-ის კრეატიული დირექტორი.Mმის სახელს უკავშირდება ჰუგო ბოსის ქალის ხაზის პირველი კოლექციის შექმნა. მე და გრით სეიმური ერთმანეთს ბერლინის წვიმიან დღეს შევხვდით დასავლეთ ბერლინში, სწორედ იმ ქუჩაზე, სადაც მრავალი წლის წინ აღმოსავლეთ გერმანიიდან გადაპარულმა გოგონამ პირველად დადგა ფეხი და დღემდე ახსოვს ის ემოცია, რომელიც ტყვეობიდან გამოქცეულ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს თავისუფლებით გაჟღენთილი ჰაერის ჩასუნთქვისას.
- მე დავიბადე ქალაქ ჰალეში, ბერლინიდან 2 საათის სავალზე. 18 წლის ვიყავი, როდესაც დასავლეთ ბერლინში გადმოვედი საცხოვრებლად. რამდენიმე წლის წინ საქართველოში ვიმოგზაურე და ძალიან მეცნო ის ატმოსფერო, რომელიც აღმოსავლეთ ბერლინში იყო, განსაკუთრებით იმ პერიოდში, როდესაც ბერლინის კედელი დაეცა. მაშინ, ჩვენ წინაშე ახალი გამოწვევები გაჩნდა, ახალი შესაძლებლობები და ცოტა შიშნარევი სიხარული.
ძალიან ვისიამოვნე საქართველოში გატარებული დღეებით. თბილისი ცოტა შავი პარიზია. მოდურად ჩაცმული ბევრი ქალი ვნახე.
- ექიმი გინდოდათ გამოსულიყავით, მაგრამ შეიცვალეთ აზრი. აღმოსავლეთ ბერლინში ცხოვრობდით, როდესაც დიზაინერობა გადაწყვიტეთ.
- მაშინ აღმოსავლეთ გერმანიაში ყველაფერი რეგლამენტირებული, მკაცრად განსაზღვრული იყო. იმდენ ადამიანს იღებდნენ უმაღლეს სასწავლებელში, რამდენი სამუშაო ადგილიც იყო. ასე რომ, უმუშევარი არავინ რჩებოდა. წელიწადში მოდის დიზაინის ფაკულტეტზე მხოლოდ 3 სტუდენტს იღებდნენ, რადგან ყოველ წელს ინდუსტრიაში 3 სამუშაო ადგილი იყო. მუშაობდა ძალიან ბევრი ფაბრიკა, რომლებიც ადგილობრივ ბაზარს ამარაგებდნენ. რამდენიმე მათგანის ნაწარმი ექსპორტზეც გადიოდა.
- იმ სამი სტუდენტიდან ერთ-ერთი თქვენ აღმოჩნდით?
- დიახ, მაშინ ეს ჩემთვის ახდენილი ოცნება იყო. ჩემი კოლეჯი თანამშრომლობდა ერთ-ერთ ცნობილ კომპანიასთან. კოლეჯში მოდის დეპარტამენტის უფროსი ამ კომპანიის დირექტორი იყო. საუკეთესო სტუდენტები იქ იწყებდნენ მუშაობას და ჩემი მიზანიც სწორედ ეს იყო, მაგრამ, სამწუხაროდ, ძალიან ცოტა დრო გავატარე კოლეჯში, პოლიტიკური შეხედულებების გამო გამომრიცხეს.
- არ ეთანხმებოდით საბჭოთა პოლიტიკას?
- არ ვეთანხმებოდი. საბაზისო საგნების გარდა, ჩვენ რუსულ კონსტრუქტივიზმსაც ვსწავლობდით. მე იმ ოპოზიციური მოძრაობის წევრი ვიყავი, რომელიცმაშინდელი მთავრობის იდეოლოგიას არ ეთანხმებოდა. ეს იყო იატაკქვეშა მოძრაობა. მაშინ ბევრი გააძევეს დასავლეთ გერმანიაში. თვლიდნენ, რომ ამით მოაგვარეს პრობლემა. ერთხელ კოლეჯში პოლიცია მოვიდა და ყველა წაიყვანეს, ვისაც ჩვენი მოძრაობის სიმბოლო ჰქონდა მიმაგრებული. მე მოვასწარი ჟაკეტის ჩაცმა და გადავრჩი. სასწავლებლიდან გარიცხვის შემდგომ ფაბრიკაში გამამწესეს მკერავად. ასეთი იყო სასჯელი, როგორც მითხრეს, უნდა დამემტკიცებინა, რომ შევიცვალე აზრი და გავხდი კარგი მოქალაქე. ბერლინში ჩასვლაც ამიკრძალეს, მაგრამ შაბათ-კვირას მაინც ვიპარებოდი და უქმეებზე მოდელად ვმუშაობდი. ერთხელ ფაბრიკის დირექტორმა ჟურნალის ყდაზე ნახა ჩემი ფოტო და მიხვდა, რომ ბერლინში ვიპარებოდი ხოლმე. აღმოსავლეთ ბერლინის სპეცსამსახურებმა, შტაზის წევრებმა დამიბარეს და მითხრეს, თუ მსურდა სწავლის გაგრძელება, მათთან უნდა მეთანამშრომლა. ეს გულისხმობდა ჩემი კოლეგების, ოჯახის წევრების, მეგობრების დასმენას. უარის შემთხვევაში, დამემუქრნენ, ცხოვრების ბოლომდე ფაბრიკაში მკერავად მოგიწევს მუშაობაო. სპეცსამსახურებს თანამშრომლობაზე უარი ვუთხარი და გადავწყვიტე როგორმე ქვეყნიდან გამეღწია. სამწლიანი ცდის შემდეგ დასავლეთ ბერლინში ჩამოვედი. მახსოვს, ნოემბერი იყო, საღამოს 8 საათი. აი, სწორედ ამ ქუჩაზე ჩამოვედი, სადაც ახლა ჩვენ ვართ, კურფიურსტენდამზე. აღმოსავლეთ ბერლინში საღამოობით ქუჩებში შუქი არ ინთებოდა, ყველაფერი მუქი, ნაცრისფერი იყო. აქ კი ყველაფერი გაჩახჩახებული დამხვდა. აღფრთოვანებულმა მაშინვე დედას დავურეკე და მოვუყევი, როგორი იყო დასავლეთი ბერლინი. თითქოს მძიმე ლოდი ჩამოვიშორე, ბოლოს და ბოლოს, შემეძლო თავისუფლად მეთქვა ის, რასაც ვფიქრობდი, შემეძლო ჩემი ცხოვრება მე შემექმნა, მემოგზაურა და არავის ეთვალთვალა. მიუხედავად ამ ბედნიერი განცდისა, ფრანგი, ინგლისელი და გერმანელი სპეცსამსახურები მაინც ეჭვით მიყურებდნენ, ფიქრობდნენ, რომ აღმოსავლეთიდან მოვლენილი ჯაშუში ვიყავი.
- შემდეგ იყო სწავლა ლონდონში და ის საოცნებო სამსახურები, რაზეც პატარა გოგონა ოცნებობა.
- დიახ, ასე იყო. ჯერ იყო "მაქსმარაში" მუშაობა, სადაც ახალი ხაზი განვავითარე, შემდეგ იყო "დონა კარანი" და "ჰუგო ბოსი".
- თქვენ შექმენით "ჰუგო ბოსის" ქალის ხაზის პირველი კოლექცია.
- ქალის ხაზი მილანში გამოვიდა და ეს იყო დიდი დასაწყისი. თავიდან, როდესაც მუშაობა დავიწყე, დიზაინის დეპარტამენტში სულ ხუთი კაცი მუშაობდა, ნახევარი წლის შემდეგ კი - 115. დიზაინის დეპარტამენტი მე მებარა და ჩემი მიზანი იყო მისი განვითარება. სანამ "ჰუგო ბოსის" ქალის კოლექცია ოფიციალურად გამოვიდოდა, შეიქმნა სატესტო ვერსია, რომელმაც გაამართლა და დავიწყეთ ქალის პირველ კოლექციაზე მუშაობა. კოლექციის ჩვენება მილანში გაიმართა და ძალიან კარგად მიიღო საზოგადოებამ. ჩემი შთაგონება იყო 1920-იანი წლების ბერლინი, მარლენ დიტრიხი, ძლიერი, თუმცა ამავე დროს ნაზი ქალი.
- თქვენ გიმუშავიათ მილანში, ნიუ-იორკში, პარიზში, სამ სრულიად განსხვავებულ ქალაქში კულტურით, მოსახლეობით, გემოვნებით. როგორია მუშაობის თავისებურებები სხვადასხვა ქალაქში - ჯერ მათ გემოვნებას, კულტურას ითვალისწინებთ და შემდეგ ურგებთ მოდას მათ ინტერესებს? თუ მხოლოდ კომერციაა მიზანი?
- ორივე ფაქტორი გასათვალისწინებელია. პარიზში მუშაობისას, რა თქმა უნდა, შევისწავლე პარიზელების გემოვნება, შეხედულებები მოდაზე და ერთი მხრივ, გავითვალისწინე, თუმცა ასევე აინტერესებდათ ჩემი, გერმანული ხედვაც.
პარიზიც ინტერნაციონალური და ყველაზე მოდური ქალაქია. იქ ყველას ძალიან ანაღვლებს მოდა.
- სტუმრობთ ხოლმე იმ ბრენდების მაღაზიებს, რომელთა კრეატიული დირექტორი იყავით?
- ზოგჯერ.
- მოგწონთ, ახლა რასაც ქმნიან?
- ზოგჯერ კი, ზოგჯერ არა. მოდა შეიცვალა, თუმცა ჩემი სტილი არ იყო დროს მორგებული, უფრო კლასიკური მიმართულება მქონდა, რაც ყოველთვის აქტუალურია.
ყველაფერი, რაც გაქვს გარდერობში და გიყვარს, რაც შენთვის კომფორტულია, არასოდეს დაკარგავს თავის ხიბლს.
- დღევანდელი მოდის ინდუსტრიის პრობლემა რაშია?
- როდესაც მუშაობა დავიწყე, ყოველ წელს 2 კოლექციას ვაკეთებდით, ახლა 12 კეთდება. ეს ძალიან ბევრია. მოდის ინდუსტრია მეორე უდიდესი გარემოს დამაბინძურებელია ნავთობის ინდუსტრიის შემდეგ. დღეს მე ვასწავლი ჩემს სტუდენტებს, რომ აქცენტი გააკეთონ უფრო ეკომეგობრულ გადაწყვეტილებებზე. მაგალითად, ნაქსოვ პროდუქციაზე, რადგან ის არ არის გარემოს დამაბინძურებელი. არ გიწევს მისი გადაგდება, შეგიძლია დაშალო და ახალი მოდელი შექმნა. ასევე ყურადღება მიაქციეთ ვინტაჟურ, გადამუშავებულ სამოსს. ძველიდან ახლის შექმნა დღეს პრობლემის მოგვარების ერთ-ერთი გზა. დღეს მოდის დიზაინის ფაკულტეტზე სწავლების დროს მხოლოდ შექმნაზე არ კეთდება აქცენტი. საინტერესოა რა მოხდება მას შემდეგ, რაც პროდუქცია შეიქმნება, როგორი იქნება სამოსის "ცხოვრება"? სიცოცხლის ფაზა, სამოსს 9 წელი აქვს - საშუალოდ 9 წელს იცვამს ადამიანი სამოსს, რომელიც მოეწონა და შეიძინა. პირველი 3 წელი მოდურია, შემდეგი სამი წელი აღარ არის აქტუალური, მაგრამ მაინც აცვია, და ბოლო სამი წელი შეიძლება ბაღში ჩაიცვას ან სამზარეულოში სადილის კეთების დროს. ყავლგასული სამოსი არ უნდა გადააგდოთ, უნდა ჩააბაროთ სპეციალურ პუნქტში, სადაც მას გადაამუშავებენ და დაიბადება ახალი სამოსი.
- თქვენ რომელ ბრენდს ირჩევთ დღეს?
- ისეთ ბრენდებს, რომლებიც უფრო მომავლის კონცეფციით არიან დაინტერესებული. აქცენტს აკეთებენ ახალ ქსოვილზე, ფიქრობენ, რა გავლენა ექნება მათ მიერ შექმნილ სამოსს ინდუსტრიაზე, ხალხის ცხოვრებაზე. დღეს მოდას სოციალურ-კულტურული მოძრაობები ცვლიან.