"მე ჩემს სათქმელს ყოველთვის მუსიკით ვამბობ" - კვირის პალიტრა

"მე ჩემს სათქმელს ყოველთვის მუსიკით ვამბობ"

საქართველოში ჯაზი აკრძალულიც კი იყო, თუმცა ქართველების დიდ ნაწილს ყოველთვის მოსწონდა თავისუფლების ეს მუსიკა, რომელიც სხვადასხვა­ ხალხის კულტურებს­ შორის საზღვრებს შლის. დღევანდელი ჩვენი რესპონდენტი გამორჩეული ჯაზმენი ქალი, კომპოზიტორი,­ თბილისის კონსერვატორიის პროფესორი დინი ვირსალაძეა, რომლის გარეგნობა, დახვეწილობა და ქარიზმატულობა შეუძლებელია თვალში არ მოგხვდეს. ასეც მოხდა. 2003 წელს მას ბატონმა გივი გაჩეჩილაძემ სთხოვა თბილისის ბიგ-ბენდში დაეკრა. მას შემდეგ 20 წელი გავიდა და დინი ყოველდღე სიხარულით მიდის რეპეტიციებზე.

- მუსიკა ჩემი ცხოვრებაა, ის, რაც მაბედნიერებს. გარდა იმისა, რომ არაერთ დიდ დარბაზში დამიკრავს, ვუკრავ სხვადასხვა ჯაზკლუბშიც. მუსიკალურ ოჯახში გავიზარდე. ჩემი დიდი ბებია, ანასტასია ვირსალაძე, საქართველოში საფორტეპიანო სკოლის ფუძემდებელი იყო. პეტერბურგის კონსერვატორიის დამთავრებისთანავე ჩამოვიდა თბილისში და უამრავი სახელოვანი პიანისტი გაზარდა. მათ შორის ელისო ვირსალაძე, ჩემი მამიდა. დედაც მუსიკოსი იყო, მამა, მიუხედავად იმისა, რომ ექიმია, ძალიან კარგად უკრავს. როცა ელისო საქართველოში ჩამოდიოდა, ხშირად მივდიოდით მასთან სტუმრად. მახსოვს, როგორ ვუსმენდი მამიდას მეცადინეობას. არაერთ მის რეპეტიციასაც დავსწრებივარ. პირველად რომ მომისმინა, ისე ვნერვიულობდი, საშინლად დავუკარი. მითხრა, 6 თვეში ჩამოვალ და ისევ მოგისმენო. ადრე უფრო ხშირად ჩამოდიოდა. ახლა სულ გადარბე­ნებზეა. მიუნხენის, მოსკოვისა და ფლორენციის კონსერვატორიის პროფესორია, ამას დაამატეთ საკონცერტო ცხოვრება, გასტროლები.

- ჯაზი ვინ შეგაყვარათ?

- დედაჩემის ძმამ, რომელიც მელომანი იყო და უიშვიათესი ფირფიტები ჰქონდა.

- ნიჭიერთა ათწლედში გაიცანით ულამაზესი ლიკა ქავჟარაძე, რომელთანაც დიდი მეგობრობა გაკავშირებდათ.

- ლიკა ათწლედში მოგვიანებით გადმოვიდა. მახსოვს, პირველად რომ დავინახე რუსთაველზე, ისე მომეწონა, უკან გავყევი. საოცრად თავმდაბალი და მიამიტი ადამიანი იყო, როცა რამეს ეტყოდი, მართლაო, ისე გულწრფელად შეგეკითხებოდა, გაოცდებოდი. გული მწყდება, ასე ჩუმად რომ წავიდა. ნუთუ ასე ძნელია ხელოვნების სფეროში ლიკას სახელობის ჯილდო დაარსდეს ან ბროწეულის ხეივანი გაკეთდეს?

- 90-იანებში, თქვენ ისეთი კედლები გაარღვიეთ, რომ დღემდე ამბობენ, ეს როგორ შეძლოო...

- 1993 წელს, ფილარმონიის დიდ დარბაზში ჩემი, როგორც ჯაზის შემსრულებლის დებიუტი შედგა და ჩემი ცხოვრებაც შეიცვალა. ერთ თვეში საერთაშორისო ჯაზფესტივალზე გამიშვეს და მას შემდეგ აღარც გავჩერებულვარ. ყველა კონცერტი გამორჩეულია ჩემთვის, თუმცა არასოდეს დამავიწყდება პანდემიის პერიოდში ჩატარებული კონცერტი ჯანსუღ კახიძის სახელობის დარბაზში. ვსარგებლობ შემთხვევით და თითო­ეულ ჩემს მსმენელს, გულშემატკივარს, მადლობას ვუხდი იმ დიდი სიყვარულისთვის, ყოველ ნაბიჯზე რომ ვგრძნობ.

იმ პერიოდში ხშირად ვხატავდი და პურის ცხობაც კი დავიწყე. ახლაც მენატრება იმ პურის გემო, მაგრამ დრო აღარ მაქვს. ვუყურებდი ფილმებს და რა თქმა უნდა, ვუკრავდი. ასე გადავიტანე ის პერიოდი.

ახლახან ჩემი ახალი ნამუშევრების გამოფენა მქონდა. შემდეგ სტენვეი-ცენტრშიც, სადაც სოლო კონცერტი გავმართე, ჩემი ნახატებიც გამოიფინა.

- როგორ ახერხებთ, მით უმეტეს, ამ სფეროში, ასე უხმაუროდ მუშაობას?

- არასოდეს მითხოვია ვინმესთვის კონცერტის გამართვაში დახმარება. არ შემიძლია ინიციატივის გამოჩენა. ჯაზის ლეგენდა მანოლო ბადრენა, რომელთან ერთად ნიუ-იორკში დისკი ჩავწერე, თვითონ დამიკავშირდა და მთხოვა ჩემივე მუსიკის ჩაწერა. ასე რომ, თუ ვინმე რამეს შემომთავაზებს, მზად ვარ! მე ჩემს სათქმელს ყოველთვის მუსიკით ვამბობ. ასე ვემსახურები ჩემს ქვეყანას.

რუსუდან შაიშმელაშვილი