რეხა - მისტიკური სოფელი
რეხას შესახებ შესაძლოა ბევრს არც არაფერი გსმენიათ. სოფელი, როგორც წარსულში, ახლაც თვალს მოფარებულია. ამ სოფლიდან უახლოეს სოფლამდე უკაცრიელი მანძილი 15 კილომეტრზეა გაშლილი და ბორცვებისა და მდელოების გარდა, არც არაფერი შეგხვდებათ. სხვათა შორის, 1795 წელს აღა-მაჰმად-ხანის რბევას (10000 ქართველი წაიყვანა ტყვედ) ეს ერთადერთი ქართული სოფელი გადაურჩა. ასე იყო რუსულ იმპერიაშიც: როდესაც რუსეთმა თრიალეთის გაუკაცრიელებულ 48 სოფელში ბერძენ-სომეხები ჩამოასახლა, მათ შორის ერთადერთი რეხა ინარჩუნებდა ქართულობას. ამით ეს პატარა სოფელი ერთგვარ გლობალიზაციის ცენტრადაც იქცა: ვინ აღარ მოდიოდა და ცხოვრობდა აქ: ბერძნები, სომხები, თურქები, რუსები, ქურთები და ა.შ., მაგრამ რეხას ქართული ძირი ნედლი რჩებოდა. პირიქით, ყველაფერი "გადახარშა" და გაანეიტრალა, მათ შორის თურქული ენის ზეობაც, რომელიცA თურქეთიდან უკან მობრუნებულ სამცხე-ჯავახეთის ქართველობას მოჰყვა. თურქულად მოსაუბრე თანასოფლელების ხსოვნა დღემდე შემორჩა გულიკო საბაძეს. ის ერთადერთია, ვინც რეხას მისტიკურ ისტორიას სწავლობს.
- ამხელა თურქობაში, მთელი თრიალეთის დაცლის დროს, ერთადერთი სოფელი რეხა არ დაიცალა, თანაც იდენტობა შეინახა. შემოსევებისას მოსახლეობადაცლილ ნასოფლარებსა და ხევებს აფარებდნენ თავს, მერე კი უკან ბრუნდებოდა. ამ სოფლიდან არიან ღვინიაშვილები, ვახტანგიშვილები, საბაძეები, გოგალაძეები, ბაკურაძეები... 1830-იან წლებში, როდესაც რუსეთმა თურქეთიდან სომხები და ბერძნები ჩამოასახლა, მათთან ერთად სამცხეში ქრისტიანი, მაგრამ უკვე თურქულენოვანი ქართველობაც დაბრუნდა. ისინი სოფელ რეხაში დასახლდნენ. მათ მართლმადიდებლობა სასწაულის ძალით ჰქონდათ შერჩენილი. სამაგიეროდ, ქართული აღარ ახსოვდათ. ამის გამო სოფელში მეორე სასაუბრო ენად თურქული იქცა. თითქოს ახლაც ჩამესმის მათი უხუცესების თურქული საუბარი, რომელსაც ძალიან ღრმა და მწარე ფესვები ჰქონდა: სამცხე-ჯავახეთის ქართველობა ხომ ერდოიან-გვირგვინიან სახლებში ცხოვრობდა, ანუ ერდოზე ოჯახის ხმაური მშვენივრად ისმოდა. ამით სარგებლობდნენ თურქები, ღამით მიეპარებოდნენ, ერდოზე გაწვებოდნენ და ოჯახის საუბარს უგდებდნენ ყურს. თუკი ამ დროს ვინმე ქართულად დაილაპარაკებდა, მთელ ოჯახს მაშინვე ამოწყვეტდნენ. ჩემი წინაპარი საბაძეების სოფელი სწორედ ქრისტიანობის შენახვისთვის ამოხოცეს თურქებმა ერთ ღამეში. მათგან ჩემი წინაპარი საბაძეები ბებია ულუმპიას გადაურჩენია, - არავინ იცის, როგორ გამოაპარა სამი შვილიშვილი ღამით და ახალციხის სოფელ ხეოთში შეაფარეს თავი. მერე კი, როცა მოძლიერდა, სოფელში წმინდა ბარბარეს XVI საუკუნის ეკლესიას სამრეკლო აუშენა, წარწერით "ულუმპიამ აღაშენა". დედაჩემი ხშირად ახსენებდა დიდ ბებია ულუმპიას. მაშინ ეს სახელი სხვა ასოციაციას იწვევდა, ვფიქრობდი, ოლიმპია ხომ ბერძნული სახელია, ალბათ, ულუმპიაც ბერძენი იყო და მეც ბერძნული სისხლი მაქვს-მეთქი. როდესაც ხეოთის ეკლესიის წარწერა ვნახე, მაშინ უკვე ჩემი წინაპრების ტრაგედიის სიღრმეც მთელი ძალით შევიგრძენი. შესაძლოა ამიტომაც გადავწყვიტე ჩემი სოფლის ისტორიის შესწავლა. წლებია ვიკვლევ და რაც დრო გადის, უფრო და უფრო მიკვირს, რამხელა ტკივილი გადაუტანია ამ ხალხს. დრო რომ გავიდა, იმ სამი ძმა საბაძეების შთამომავალი სოფელ რეხაში ამოსახლდა, სადაც მეც დავიბადე. საფიქრალადაც კი ძნელია, 48 სომხურ და ბერძნულ ოჯახს შორის ერთადერთმა შეინარჩუნო ქართველობა. ძნელია არ გაითქვიფო ამდენ ხალხში: თქვენ წარმოიდგინეთ, არა მარტო ბერძნები და სომხები, რუსეთის იმპერიას თურქეთიდან ქურთები და თურქებიც ჰყავდა ჩამოსახლებული. მათი სოფლები რეხის მიმდებარედ იყო. ქურთებმა და თურქებმა თრიალეთში ცხოვრებაზე მხოლოდ იმიტომ თქვეს უარი, რადგან რუსეთმა ისეთივე გადასახადები დაუწესა, როგორც სხვა ხალხს. არ ვიცი, რა მოლაპარაკება იყო რუსეთის იმპერიასა და მათ შორის, რატომ არ უნდა ჰქონოდათ გადასახადები, მაგრამ ასე კი იყო. მათმა დაუბეგრაობამ დიდი უკმაყოფილება გამოიწვია ბერძენთა და სომეხთა სოფლებში.
რეხაში ქრისტემდე 3 ათასი წლის ციკლოპური ციხეებია ტონიანი ქვებით მშრალად ნაშენი. მეტსაც გეტყვით, 2002 წელს აქ მკვლევარმა ნიკოლოზ ვაჩეიშვილმა ქვაზე ე.წ. რეხის ურჩხულის გამოსახულება აღმოაჩინა და კვლევაც გამოაქვეყნა. "ურჩხული" ნასკას უდაბნოში აღმოჩენილ გამოსახულებებს უახლოვდება. ესე იგი, ამ მანძილებით დაშორებულ ხალხს ურთიერთობა Hჰქონდა და, რომელ ეპოქაში - პერუს გამოსახულებების ასაკად ქრისტეს წელთაღრიცხვამდე 1800 წელია ნავარაუდები. ვინ იცის, ამ ათასწლეულებში აქ ხალხმა რა გაიარა.
XIX საუკუნის საზოგადო მოღვაწე ილია ალხაზიშვილი რეხელების მდგომარეობას ისე აღწერს, ტირილი მოგინდება: "გავიარეთ მდინარე ქცია და ვიპოვეთ აქ ერთადერთი ქართული სოფელი რეხა, რომელშიც 160 კომლი ქართველობა ასახლია. გამეხარდა, ვიფიქრე, სულ არარაობას, წამლად ხომ დარჩენილა ქართველობა წალკაში, მაგრამ ისე თქვენი მტერი და დამაწყევარი დაღონდეს, როგორც მე ამ რეხელების ნახვამ დამაღონა. აჰა, შენი ნაფლეთები მრავალტანჯულო საქართველო! რეხელებმა ქართული საყველპუროდ ძლივსღა იციან და ამათაც ღვიძლი დედაენის, ქართულის მაგიერ დედინაცვლად თათრული ენა გახდომიათ. მღვდელი ბერძენი ჰყავთ, რომელიც ეკლესიაში ბერძნულად სწირავს. თუმცა თვითონაც არ ესმის, რასა სწირავს, რადგან ბერძნული ლაპარაკი არ იცის, ეს მღვდელი სახარებასაც კი უთარგმნის თავის მრევლს ბერძნულიდან თათრულად და ქადაგებასაც თათრულ ენაზე ამბობს, რადგან რეხელებმა არც ერთი სიტყვა არ იციან ბერძნული. მღვდელმაც ქართული არ იცის, ამიტომ აღსარებასაც თათრულ ენაზე ეუბნებიან".
- ღმერთო, რამხელა უბედურება გვაქვს გადატანილი, მართლაც ძალიან მყარი გადარჩენის "იმუნიტეტი" გვქონია!
- უპირველესად ეგ ღვთის ძალით არის, მერეა დანარჩენი ყველაფერი, რაც არ გვასვენებს და გვაფხიზლებს. მაგალითად, დედაჩემის ბიძა, თომა საბაძე, სიზმრად გამოცხადებებმა არ მოასვენა, სანამ რეხის ძველი, მიწით დაფარული ნაეკლესიარი ადგილი არ აღმოაჩენინა და გაათხრევინა. ჯერ ბავშვი იყო, ღვთისმშობელი რომ ნახა სიზმრად, ხალხი წაიყვანე და ესა და ეს ადგილი გათხარეთო. რატომ მაინცდამაინც თომას დაემართა ეს, არ ვიცი, მაგრამ ერთს კი გავიხსენებ: როგორც დედა ამბობდა, თომას დედა ეფემია თომას დაბადებიდან ერთი წელიწადი სულ ძილ-ბურანში ყოფილა და ვერ ფხიზლდებოდა. ერთი წლის შემდეგ უცებ გამოფხიზლებულა და ბალახეულობით სოფლის მკურნალობა დაუწყია, ძილში ვისწავლეო. რეხელები დღესაც მოგიყვებიან, ეფემიას ბალახებით ვინ იყო სოფელში გადარჩენილი. მოკლედ, თომას მამამ 40 კაცი წაიყვანა და სიზმრად ნაჩვენები ადგილი გათხარა. გორის არქივში მოვიძიე ის დოკუმენტაცია, სადაც ამ ხალხის სახელებია ჩამოწერილი, ოღონდ იქ წერია, ეს 40 კაცი ბოლშევიკურ ხელისუფლებას არ ემორჩილება, გამოხატავს ამბოხს მუშურ-გლეხური ხელისუფლების წინააღმდეგ და ზღაპრებს ჰყვებაო. ამ დროს კი განათხრელში მართლაც აღმოჩნდა ნაეკლესიარი საძირკველი, ჩუქურთმიანი ქვები და საეკლესიო მოღვაწეთა ნაწილები. სხვათა შორის, კურნებებიც შესრულდა. ამიტომაც აქაურობას ხალხი მიაწყდა და წმინდა ადგილს ძვირფასეულობას სწირავდა. ამ ძვირფასეულობით სოფლის მღვდელმა გიორგი დარჩიამ ნაეკლესიარზე ახალი ეკლესია ააშენა. ეს ყველაფერი სიტყვასიტყვით წერია 1925 წლის გაზეთ "კომუნისტში". ამ ყველაფრის გამო თომა საბაძე, დედამისი ეფემია და მღვდელი გიორგი დარჩიაც დაიჭირეს, გაასამართლეს და მეტეხის ციხეში ჩასვეს, მათი ჩვენებები კი თანამედროვე პრესაში დაბეჭდეს, მღვდელი გიორგი საბაძე სასამართლოზე კანტისა და ჰეგელის ციტატებით ლაპარაკობსო. საკვირველი ის იყო, რომ მაშინ სამივე ციხიდან გამოუშვეს. ამასობაში სომხებმა გიორგი დარჩიას აშენებული ღვთისმშობლის შობის ტაძარი დაანგრიეს, რასაც უცნაური ამბავი მოჰყვა - შინ მისვლამდე ერთ მნგრეველს კისერი მოეღრიცა და ვეღარ გაასწორა, რის გამოც ეს ხალხი ისევ ჩვენს ოჯახს ამოადგა, დანაშაული გამოგვასყიდვინეთ, ეკლესიას ჩვენი ფულით ავაშენებთო. მშენებლობას ამჯერად ჩემი პაპა, გიორგი საბაძე ჩაუდგა სათავეში და სომხების გაღებული ფულით ახალი ტაძარი ააშენა. ამ მონანიე ხალხის შთამომავალები ისევ დადიან რეხის ამ ეკლესიაში სალოცავად. მოგვიანებით ეს ეკლესია კვლავ დააზიანეს, მაგრამ ისევ ააშენებინა თავი.
- მღვდელმა გიორგი დარჩიამ საიდან იცოდა კანტი და ჰეგელი?
- დამოუკიდებლობის დროს რეხელებმა პატრიარქ ამბროსი ხელაიას სთხოვეს, სოფელში ქართველი მღვდელი დაგვინიშნეო, და მანაც გიორგი დარჩია გამოუშვა. დარჩია ათონის მთაზე მოღვაწე ბერი იყო, ათონიდან ბერძნებმა ქართული საქმისთვის ბრძოლის გამო გამოაძევეს. რეხელებს ისე შეუყვარდათ ბერი დარჩია, მის მოგონებაზე ტიროდნენ. მეც ბევრი მიტირია მის გამო - 1937 წელს მაინც დახვრიტეს 77 წლის მოხუცი. იცით, რატომ? სტალინს მისწერა, რა დაგიშავათ რეხელმა ქართველობამ, წალკაში მხოლოდ ისინი იჩაგრებიან, მათ გარდა ხმა ყველას ამოეღებაო.
ერთ ამბავსაც გეტყვით: 1998 წელს მეგობართან ერთად რეხიდან 5 კილომეტრით დაშორებულ სოფელ ავრანლოში (ძველი ქართული სოფელი თეზი) გახლდით წირვაზე, სადაც ერთი ბერძენი ქალი, ანა სოტიროვა გამოგველაპარაკა. მიხვდა, რომ ქართველები ვიყავით და ამიტომ მოვიდა ჩვენთან. გვითხრა, გამომყევითო და ძველი ეკლესიის საძირკველზე წამოწყებული ახალი ეკლესიის თითქმის დასრულებული მშენებლობა გვაჩვენა. არ გაგიკვირდეთ, არავინ იცოდა, თუ აქაურ მიწაში რამე იყო, მაგრამ სოფელში ერთ კაცს ღვთისმშობელი გამოეცხადა და ამ ადგილის გადათხრა უბრძანაო. გავოცდით, როდესაც მიწაში ნაეკლესიარი, მისი ჩუქურთმიანი ქვები და საფლავები აღმოვაჩინეთ, მაშინვე ძველი ეკლესიის ადგილზე ახლის მშენებლობა წამოვიწყეთო. ეს ეკლესია ქართველებისაა და თქვენ უნდა მოუაროთო. დღეს იქიდან ბერძნები წასული არიან, ქართულ ფუძეზე მათი აშენებული ეკლესია კი ისევ დგას. აი, ასე ავღორძინდებით კვლავაც, რადგან რაც მოგვიტანია, იოლად არ მოგვიტანია, ჩვენი წინაპრების ლოცვით, ბრძოლითა და თავების დაჭრით მოვიტანეთ.
თომა საბაძე, სიზმრად გამოცხადებებმა არ მოასვენა, სანამ რეხის ძველი, მიწით დაფარული ნაეკლესიარი ადგილი არ აღმოაჩენინა და გაათხრევინა. განათხრელში მართლაც აღმოჩნდა ნაეკლესიარი საძირკველი, ჩუქურთმიანი ქვები და საეკლესიო მოღვაწეთა ნაწილები. სხვათა შორის, კურნებებიც შესრულდა. ამიტომაც აქაურობას ხალხი მოაწყდა და წმინდა ადგილს ძვირფასეულობას სწირავდა. ამ ძვირფასეულობით სოფლის მღვდელმა გიორგი დარჩიამ ნაეკლესიარზე ახალი ეკლესია ააშენა. მოგვიანებით სომხებმა გიორგი დარჩიას აშენებული ღვთისმშობლის შობის ტაძარი დაანგრიეს, რასაც უცნაური ამბავი მოჰყვა - შინ მისვლამდე ერთ მნგრეველს კისერი მოეღრიცა და ვეღარ გაასწორა, რის გამოც ეს ხალხი ისევ ჩვენს ოჯახს ამოადგა, დანაშაული გამოგვასყიდვინეთ, ეკლესიას ჩვენი ფულით ავაშენებთო. მშენებლობას ამჯერად ჩემი პაპა, გიორგი საბაძე ჩაუდგა სათავეში და სომხების გაღებული ფულით ახალი ტაძარი ააშენა. ამ მონანიე ხალხის შთამომავალები ისევ დადიან რეხის ამ ეკლესიაში სალოცავად...