„მალე ქიზიყი ტურისტებისთვის განსაკუთრებულად მიმზიდველი გახდება“
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერმა მალხაზ ბეგიაშვილმა რამდენიმე წლის წინ მითხრა, სიყვარულის ქალაქი ფესტივალების მექად უნდა ვაქციოთო. შარშან უძველეს გალავანშემოვლებულმა ისტორიულმა ქალაქმა არაერთ ფესტივალს უმასპინძლა. როგორც შევიტყვეთ, წელს გრანდიოზული სიღნაღური კულტურული ღონისძიებები უფრო ხშირად გაიმართება.
- ჩვენი ეკონომიკის ხერხემალი ტურიზმია. ვცდილობთ მუნიციპალიტეტში ეს დარგი ისე გავმართოთ, რომ მასზე აიკინძოს ეკონომიკის სხვა დარგები, მათ შორის სოფლის მეურნეობის სხვადასხვა მიმართულება. ამისთვის დაწყებული საქმიანობის ერთ-ერთი გამოხატულება იყო ფესტივალები, რომლებიც გასულ წელს ჩავატარეთ და წელს უფრო მეტ ასეთ ღონისძიებას ვგეგმავთ.
ტურიზმის განვითარების ერთ-ერთი მიმართულებაა ინფრასტრუქტურული პროექტები. სოფელ მაღაროში აშენდა სპორტული ცენტრი, წნორში მალე გაიხსნება დასასვენებელი პარკი და სპორტული კომპლექსი. გასულ წელს სიღნაღის მუნიციპალიტეტში მოასფალტდა 25 კილომეტრამდე გზა. გამოვარჩევ სიღნაღი-ქვემო მაჩხაანის უმოკლეს მაგისტრალს, რომელიც სიღნაღს იმ სოფელთან აკავშირებს, რომელიც მალე ქიზიყის ტურისტული ცენტრი იქნება. ეს პროექტი ინტეგრირებული რეგიონების საპილოტე პროგრამის ეგიდით, ევროკავშირის გრანტით გაკეთდა.
ქვემო მაჩხაანში აღრიცხული გვაქვს მე-19 საუკუნის 50-მდე საინტერესო არქიტექტურის სახლი. გვინდა ყველას ჩავუტაროთ რეაბილიტაცია და დავუბრუნოთ პირვანდელი იერი. ეს სახლები ისეა შემონახული, შეიძლება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსიც მიენიჭოს. მაჩხაანში ასევე არის მე-19 საუკუნის თეატრის შენობა, სადაც სანდრო ახმეტელმა სტუდენტობის პერიოდში პირველი სპექტაკლი დადგა და მსახიობებად ადგილობრივი მოსახლეობა გამოიყენა. შენობაც მოსახლეობის შენაწირით ააშენეს. თეატრს ჰქონდა მოძრავი სცენა. გზის პირას უამრავი დუქანი მდგარა. გვინდა ეს ყველაფერი გავაცოცხლოთ და სტუმრებისთვის საინტერესო გავხადოთ. სოფელი ორ მთას შორისაა შეყუჟული. მას ორი შესასვლელი აქვს - სოფელ ბოდბისხევიდან და ტიბაანის მხრიდან. ალაზნის ველიდან რომ გამოიხედოთ, ქვემო მაჩხაანი არ ჩანს, ამიტომ მტერს მის მოსაძებნად თურმე გზირი სჭირდებოდა. თავდასხმების დროს მისი მოსახლეობა ორივე შემოსასვლელს კეტავდა და ადვილად ახერხებდა მტრისგან თავდაცვას. სოფელში იყო სიღნაღის მაზრის ადმინისტრაცია და პირველი თვითმმართველობაც აქ შეიქმნა. რწმენას, რომ ეს პროექტი ყველასთვის სასიკეთო იქნება, გვიძლიერებს სიღნაღის მაგალითი - აქტივობებისგან დაცლილი ქალაქი ტურისტულად აქტიური და საინტერესო გახდა. ამჟამად ქიზიყში ჩამოსული ტურისტები მხოლოდ სიღნაღს ათვალიერებენ, ქვემო მაჩხაანის რეაბილიტაციის შემდგომ კი ტურისტული ნაკადი უფრო ფართო არეალზე გაიშლება.
ქვემო მაჩხაანში ტურისტი რომ ჩავა, ნახავს, როგორი იყო ქიზიყური სოფელი. მერე ქვემო მაჩხაანიდან გადავა ოზაანში და მოინახულებს ჯვარგუმბათოვან ამაღლების ტაძარს. ლეგენდის მიხედვით, ტაძრის აღმოსავლეთ კედელზე გამოსახულ ღვთისმშობლის ფრესკას მხოლოდ ისინი ხედავდნენ, ვინც სუფთა გულით შედიოდა ტაძარში. ტურისტი გზად გაივლის მირზაანს, ნიკო ფიროსმანის სახლ-მუზეუმს. ტიბაანში ნახავს მეექვსე საუკუნის ხირსის მონასტერს, სადაც წმინდა ასურელი მამის, სტეფანე ხირსელის საფლავია, წმინდა ნინოს წყალში განიბანება და ისევ ისტორიულ ქალაქში დაბრუნდება. სიღნაღი-ქვემო მაჩხაანის მოკლე გზაზე ვაკეთებთ პარკინგს და ალაზნის ველზე გადასახედს, ასევე გარე განათებას.

- როგორც ვიცი, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებშიც არის საინტერესო ტურისტული ობიექტები და სიწმინდეები. მათ ჩართვას ტურიზმის განვითარების კამპანიაში არ აპირებთ?
- ქიზიყში რამდენიმე ჯვარგუმბათოვანი ტაძარი გვაქვს, დანარჩენები ბაზილიკური ტიპისაა. ყველაზე დიდი და საინტერესო ბაზილიკაა ვაქირის ნათლისმცემლის სახელობის ტაძარი, რომელიც მასშტაბით ბევრ ჯვარგუმბათოვან ტაძარზე დიდია.
ქართული თეატრის ფუძემდებელი სანდრო ახმეტელი სოფელ ანაგაშია დაბადებული, სადაც მისი მუზეუმიც გვაქვს. წარმოუდგენელი იყო, ანაგაში საფუძველი არ ჩაჰყროდა თეატრალურ ფესტივალს. ჩვენმა მონდომებამ ნაყოფი გამოიღო და კულტურის მინისტრმა დააანონსა თეატრალური ფესტივალის სიღნაღში ჩატარება. პროექტი უკვე დამტკიცდა, ბიუჯეტიც გამოიყო და წელს სიღნაღში საფუძველი ჩაეყრება საქართველოში თავისუფალი თეატრების ფესტივალს. ამ ღონისძიებას ყოველ წელს, ივნისის ბოლო კვირას, სწორედ ახმეტელის მშობლიური კუთხე უმასპინძლებს.
გამოჩენილი მსახიობი ვასო გოძიაშვილი ვაქირიდან იყო და იქ მისი მუზეუმიც არის. ამიტომ თეატრალურ ფესტივალში ვაქირიც ჩაერთვება. გოძიაშვილის მუზეუმთან არის დიდი რეკრეაციული სივრცე, სადაც დგას კულტურის სახლის ძველი შენობა, რომლის აღდგენაც იგეგმება. შეიძლება ამ ყველაფრის გაკეთება ერთბაშად ვერ მოხერხდეს, მაგრამ ვცდილობთ საფუძველი მაინც ჩავუყაროთ, რათა მისი ბოლომდე მიყვანა შესაძლებელი გახდეს.
რამდენიმე წელია სიღნაღში ჯაზფესტივალიც იმართება. გასულ წელს ის სრულად აღარ დაუფინანსებია მუნიციპალურ ბიუჯეტს და ინვესტიციის ნაწილის მოსაზიდად ჩაიდო კომერციული ელემენტი - დაიდგა სავაჭრო ჯიხურები. იქაურ მეწარმეებს ვთხოვეთ რეკლამის სანაცვლოდ სპონსორობა გაეწიათ ფესტივალისთვის. სიღნაღმა ფესტივალებითა და აქტიურობით უნდა გააჩინოს ისეთი შესაძლებლობები, რომ ყველას ჰქონდეს ინვესტირების სურვილი.
შარშან სიღნაღში ჩავატარეთ ფესტივალი ,,ფიროსმანი" და ბულვარში გავხსენით ნიკო ფიროსმანის ბიუსტი. ფესტივალზე ბავშვების დახატული სიღნაღის პეიზაჟებიც გამოვფინეთ. ეს ფესტივალიც არ გვეთმობა, ამიტომ, ჯერ ვფიქრობთ, ცალკე ჩავატაროთ თუ არტფესტივალთან ერთად. სიღნაღში კვლავ გაიმართება ,,არტფესტივალი", ,,ზაფხულის ღამის ფესტივალი“ და ,,ღვინის ფესტივალი". გასულ წელს ჩვენს ქალაქში გაიმართა ბიძინა კვერნაძის ახალგაზრდა კომპოზიტორთა კონკურს-ფესტივალი. მისი სულისჩამდგმელი შემოქმედებით ჯგუფთან ერთად იყო მსოფლიოში ცნობილი ახალგაზრდა პიანისტი ჩვენი მუნიციპალიტეტიდან ნიკა ნიკვაშვილი. ეს ფესტივალიც ყოველ წელს გაიმართება.
სიღნაღში ფესტივალები მაისიდან დაიწყება და გვიან შემოდგომამდე გასტანს. წელს აღვადგენთ საქართველოს ბულბულის, ვანო სარაჯიშვილის სახელთან დაკავშირებულ ,,ვანოობის ფესტივალს". წლების წინ მაისის ბოლო კვირას სიღნაღში ყოველთვის იმართებოდა ეს ღონისძიება, მაგრამ შემდეგ შეწყდა. ამიერიდან კი ყოველწლიურად გაიმართება ,,ვანოობა".
თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიამ გადაწყვიტა სიღნაღში გააკეთოს აკადემიის რეზიდენცია. მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია ყოფილი პოლიკლინიკის შენობა და სწორედ იქ დაიდებს ბინას. იქვე იქნება ხელოვნების სასწავლებელიც. სამხატვრო აკადემიის რეზიდენცია არის თანამედროვე ტიპის ორგანიზაცია, რომელიც გააჩენს შესაძლებლობას, მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან ჩამოვიდნენ მაღალი დონის მხატვრები, ერთხანს დარჩნენ სიღნაღში და იმუშაონ. ისინი ჩვენს მხატვრებს, ასევე ხატვით გატაცებულ ბავშვებს შეხვდებიან და მასტერკლასებს ჩაუტარებენ.
- სიღნაღურ ფესტივალებს სპორტული მიმართულებაც ექნება?
- მუნიციპალიტეტის თითქმის ყველა სოფელში ავაშენეთ სპორტული მოედნები. ინფრასტრუქტურის გაჩენა იწვევს სპორტის კონკრეტული სახეობით დაინტერეებას, რასაც მოსდევს წარმატებები. ნუკრიანში სრულდება სპორტული მოედნის კეთილმოწყობა და მერიის გუნდი ვითამაშებთ ფეხბურთს. მეც მაცვია ხოლმე ფეხბურთელის მაისური.
- იგებთ თუ აგებთ?
- ახალგაზრდებთან გვიწევს შეჯიბრება და დიდსულოვნად ვაგებთ. ასეც უნდა იყოს, მომავალ თაობას ეკუთვნის ასპარეზი. ჩვენ კი ვცდილობთ მათ ღირსეული მემკვიდრეობა დავუტოვოთ.
ნელი ვარდიაშვილი