"ზვიად გამსახურდიას ბუნკერში ვიცავდი“
ვენახი, მარანში საწნახელი და ქვევრები, ეზოში თონე და ქართულად მოჩუქურთმებული მაგიდა - ამ ყველაფერს პენსილვანიის შტატში, ფილადელფიის ახლოს მდებარე პატარა ქალაქ ბორისვილში დავით ცქიფურიშვილმა მოუყარა თავი. ბატონი დავითი პენსილვანიაში მეუღლესთან, მერი ჯავახიშვილთან ერთად, ოცი წლის წინ დასახლდა. სახლიც საკუთარი ხელით ააშენა და მარანიც, საწნახელიც თავად გამოთალადა ქვევრებიც ჩაყარა. ბორისშვილში მეუღლესა და ორ შვილთან, გრეგორისა და ნუცასთან ერთად ცხოვრობს, სამშენებლო კომპანია აქვს. როგორ მოახერხა საქართველოდან გადახვეწილმა კაცმა მამულის შეძენა ამერიკაში, რას საქმიანობდა სამშობლოში, ამის შესახებ ბატონი დავითი თავად გვიამბობს.
- ზვიად გამსახურდიას მმართველობის დროს ტყიბულის პრეფექტის მოადგილე ვიყავი. ზვიადს ბუნკერშიც ვიცავდი. გარე დაცვაში ვიდექი, იარაღით. როდესაც ხელისუფლებაში შევარდნაძე მოვიდა, მე და ჩემმა მეუღლემ საქართველო დავტოვეთ.
- ბუნკერში ზვიადის დაცვაში როგორ აღმოჩნდით?
- ტყიბულის პრეფექტურის რამდენიმე თანამშრომელი თავიდანვე ვატყობდით, რომ საქართველოში პროცესები რუსული სცენარის მიხედვით ვითარდებოდა და თბილისში ჩასვლა გადავწყვიტეთ. როდესაც არეულობა დაიწყო, ჩვენ უზენაესი საბჭოს შენობაში ვიყავით. 31 დეკემბერს მე, ტყიბულის მაშინდელი პრეფექტი და ქუთაისის დეპუტატი ლია კაცაძე ქუთაისში წავედით, რომ ქუთაისის მაშინდელი პრეფექტის, არჩილ კოსტავას შემცვლელი ჩაგვეყვანა. მერე ისე მოხდა, რომ ვეღარც თბილისში დავბრუნდით და ვეღარც ტყიბულში დავრჩით, ყველგან კიტოვანის გვარდია იდგა. საბოლოოდ ორი წლის განმავლობაში აჭარას ვაფარებდით თავს.
- რატომ აჭარას?
- იმიტომ, რომ ასლან აბაშიძე "მხედრიონს" აჭარაში არ უშვებდა. სანამ ზვიადს მოკლავდნენ, ცალკე შევარდნაძის ხალხი დაგვდევდა და ცალკე "მხედრიონი".
- როგორც პროცესების უშუალო მონაწილეს, დღევანდელი გადმოსახედიდან რისი თქმა შეგიძლიათ, როგორ მოახერხა რუსეთმა სამოქალაქო ომი გაეჩაღებინა იმ ქვეყანაში, რომლის ხალხიც ცოტა ხნის წინ ერთ მუშტად იყო შეკრული და ერთმანეთის დასაცავად რუსულ ტანკებს უპირისპირდებოდა?
- 200 წლის განმავლობაში ოკუპაციაში ნაცხოვრებ ერს სახელმწიფოებრიობის განცდა არ გვქონდა და ამით ისარგებლა მტერმა. დამოუკიდებლობა მერაბ კოსტავამ და ზვიად გამსახურდიამ მოგვიტანეს თავიანთი მხრებით. ჩემს თაობას ამისთვის არ უბრძოლია, სისხლი არ დაუღვრია და შესაბამისად, ვერც გავუფრთხილდით.

- და ემიგრაციაში წასვლა გადაწყვიტეთ.
- რთული სოციალური სიტუაცია იყო და გამოსავალი ქვეყნიდან გამგზავრებაში დავინახე. რატომ ამერიკა? იმიტომ, რომ ადვილი იყო დაფუძნება და პატიოსანი შრომით თავის გატანა. სამშენებლო ბიზნესი დავიწყე და უკვე 20 წელია, ამერიკაში ძველ სახლებს ვარემონტებ, ახალ სიცოცხლეს ვაძლევ. თავიდან მუშების დამხმარე ვიყავი, სამშენებლო ნაგავი გამქონდა ობიექტიდან. მერე ოსტატი გავხდი. 37 წლის ვიყავი, ამერიკაში რომ ჩავედი. არანაირი შრომა არ ვითაკილე და სამ წელიწადში იმდენს მივაღწიე, რომ საკუთარ ბიზნესს ჩავუყარე საფუძველი. დღეს უკვე ჩემი სამი უკრაინული და ერთი ბრაზილიური ბრიგადა მუშაობენ ნიუ-ჯერზის სხვადასხვა შტატში.
- ალბათ, ქართველებსაც ეხმარებით დასაქმებაში.
- რა თქმა უნდა, მაგრამ ქართველებს მეტი მოფერება სჭირდებათ.
- რას გულისხმობთ?
- ქართველები ამბობენ, არ გვიყვარს, როცა ვინმე რამეში გვიყენებსო. ჩემთვისაც ხშირად უთქვამთ, ჩვენი გამოყენება გინდაო, კი მაგრამ, თუ გამოუყენებელი ხარ, მაშინ ვის რაში სჭირდები, ფულს ტყუილად ვინ მოგცემს?! ყველას არა, მაგრამ ბევრ ახალჩამოსულ ქართველს აქვს ასეთი უცნაური წარმოდგენა. მერე ეს ქვეყანა ასეთებს ისე "აშალაშინებს", საკუთარი თავს ვეღარ ცნობენ.
- თქვენ რომ წახვედით ამერიკაში, მაშინ, ალბათ, ძალიან ცოტა ქართველი იყო.
- კი, თითო-ოროლას თუ შეხვდებოდით. მაშინ სამუშაო ადგილიც ბევრი იყო და არც ბინის დაქირავება ჭირდა. დღეს ძალიან ჭირს ორივე. ხშირად ქართველი პროცენტიან ვალს იღებს, მოდის აქ, მაგრამ სამსახურს თვეების განმავლობაში ვეღარ შოულობს და სასოწარკვეთილებაში ვარდება. ადრე ყველას ვეხმარებოდი, მაგრამ ბოლო დროს მათი რიცხვი იმდენად გაიზარდა, რომ ფიზიკურად ვეღარ ვახერხებ ყველას გავწვდე. სხვათა შორის, მხოლოდ მე არა ვარ ასეთ დღეში. დიდი ხნის წინ ჩამოსული ქართველები ხშირად ჩივიან, რომ ვეღარ აუდიან საქართველოდან ჩამოსული ნაცნობების დაბინავება-დასაქმებას. ისეთი შთაბეჭდილება მაქვს, რომ მთელი საქართველო მოდის და მოდის, ნეტავ ქვეყანაში ვინღა დარჩა?!
დასანანია, ახალგაზრდებიც რომ მიდიან. გარდა იმისა, ახლა აქ სამუშაო ადგილების ძალიან დიდი დეფიციტია, არის სხვა პრობლემაც, რაც არ უნდა კარგად აგეწყოს საქმე, ბედნიერი ვერ იქნები, მთელ ცხოვრებას თუ გაორებული გაატარებ. ხანდახან ჩემი ხელით გამოთლილი საწნახლისა და ჩემი ხელით ჩაყრილი ქვევრების დანახვაც კი აღარ მინდა. შეიძლება ჩემმა შვილებმა იპოვონ აქ ბედნიერება, იმიტომ, რომ აქ გაიზარდნენ, მაგრამ მე ვერა. ჩემი გრეგორი იმ სახლში დაიბადა და გაიზარდა, სადაც ახლა ვცხოვრობთ და ხშირად მეუბნება, რაც არ უნდა მოხდეს, ეს სახლი არ გავყიდოთო. მისთვის ეს მამულია, ჩემი გული კი ტყიბულის სახლშია... მე საქართველოში განვითარებულ მოვლენებს მტკივნეულად განვიცდი, ჩემი შვილი კი უფრო პრაგმატულად უყურებს ყველაფერს.
- ოჯახთან ერთად ჩამოხვედით აქ, თუ ცოლ-შვილი მოგვიანებით ჩამოიყვანეთ?
- მე და ჩემი მეუღლე წამოვედით, ორი წლის ქალიშვილი კი მშობლებთან დავტოვეთ. მაშინ არც "ფეისბუკი" იყო, არც მობილური და ძალიან გაგვიჭირდა. მერე გრეგორი შეგვეძინა და მცირედი შვება მოგვეცა, ოდნავ გაგვიქარწყლდა ჩვენი ნუცას მონატრება. კიდევ კარგი, გაგვიმართლა, გავიგეთ, რომ ერთ-ერთი საუნივერსიტეტო ქალაქის ვეტერინარულ ჰოსპიტალში პროფესიონალი სჭირდებოდათ. ვინაიდან ჩემს მეუღლეს ზოოვეტი ჰქონდა დამთავრებული, ბედი ვცადეთ. მერი დაასპონსორეს და აი, ასე გავხდით ამერიკის მოქალაქეები. მხოლოდ შვიდწლიანი განშორების შემდეგ მოვახერხეთ ნუცას ჩამოყვანა.
- გრეგორი და ნუცა ქართველები არიან თუ ამერიკელები?
- ორმოცდაათი ორმოცდაათზე. ჩვენზე გაცილებით ჭკვიანები და წესიერები არიან. ალბათ, იმიტომ, რომ უკეთეს ქვეყანაში გაიზარდნენ. ამერიკული წესებით იზრდებიან, მაგრამ ქართულ ტრადიციებსაც არ ივიწყებენ. მათ ბევრ ქართველ თანატოლსაც კი არ დაუწურავს ღვინო საკუთარი ხელით, ჩემი შვილები კი ჯერ კიდევ 15 წლის წინ საწნახელში წურავდნენ ღვინოს.

- საწნახელი ამერიკაში როგორ გააკეთეთ?
- ჩემი ხელით გავაკეთე სამი საწნახელი: ერთი ჩემს მარანში, ერთი რესტორანში და ერთიც ყვარელში გავატანე, მიშა სააკაშვილისთვის.
- თქვენი შვილები რას საქმიანობენ?
- ბიჭი ჯერ კიდევ კოლეჯში სწავლობს. გოგონა ფარმაცევტულ ლაბორატორიაში მუშაობს. ოცნებობს, რომ ბუნების დაცვისთვის გააკეთოს ლაბორატორია საქართველოში.
- ესე იგი, საქართველოში დაბრუნებაზე ფიქრობენ?
- მე არ მინდა მათი დაბრუნება დღევანდელ საქართველოში. ჩემი შვილები სამართლიან გარემოში ცხოვრებას მიეჩვივნენ. საქართველოში კი მათ ძალიან ადვილად მოატყუებენ, დაჩაგრავენ. ჩვენ მთელი ცხოვრება უსამართლობას ვუყურებდით და როგორღაც ვიტანდით, ესენი ვერ აიტანენ, შეიძლება მთელი ცხოვრება თავდაყირა დაუდგეთ, იდეალები დაემსხვრეთ. როგორც მშობელს არ მემეტება ჩემი შვილები უსამართლო გარემოში საცხოვრებლად. ჯერ არც მე ვარ მზად დასაბრუნებლად, იმისდა მიუხედავად, რომ მენატრება. სხვათა შორის, ქართველების უმრავლესობა ჩემსავით ყოყმანობს. აქ შრომა ფასდება, საქართველოში - არა. აქ ლაზიკას ჭაჭის ქარხანა გავხსენი. ადგილობრივი მთავრობის მესვეურები მოდიოდნენ და მეკითხებოდნენ, დახმარება ხომ არ გჭირდებათო. თავიანთი ინიციატივით მეხმარებოდნენ პროექტის სწორად დაგეგმარებაში. პოლიციის შეფი მოდიოდა და მეკითხებოდა, სამშენებლო მასალები ხომ არ გეკარგება, კრიმინალები ხომ არ გაწუხებენო. იცით, რატომ უხაროდათ ჩემი ამბავი? იცოდნენ, ხალხს დავასაქმებდი და იმიტომ.
- რამხელა ეზო გაქვთ, რომ ვაზის გაშენება შეძელით?
- ეზოში ოცდაათიოდე ძირი ვაზი მაქვს, თანაც ყველა ქართული ჯიშის. ღვინის დასაწურად ყურძენს კალიფორნიაში ვყიდულობ და ქართული წესით ვწურავ. ჩემს ეზოში ყოველ რთველზე, სულ ცოტა, ასი კაცი მაინც ვიკრიბებით. თუმცა ჩემი რთველი არ არის ქართველების შეკრების ერთადერთი ადგილი, საპროტესტო აქციებზეც ხშირად ვიკრიბებით.
- ამერიკაში საპროტესტო აქციებს მართავთ?
- როცა საქართველოში რამე არ მოგვწონს, იმას ვაპროტესტებთ. მე საქველმოქმედო ორგანიზაციის დამფუძნებელიც ვარ, ამერიკაში მცხოვრებ ქართველებს ვეხმარებით...
- რა არ მოგწონთ საქართველოში?
- ხელისუფლებაში ვინც მოდის, იმას წასვლა აღარ უნდა. აი, ამას მოჰყვება ყველა უბედურება. რა თქმა უნდა, არ მოგვწონს, რომ საქართველოს ახლანდელი ხელისუფლება ცდილობს ქვეყნის არჩეული დასავლური კურსი შეცვალოს და ქვეყანა რუსულ ჭაობში დააბრუნოს.
ხათუნა ბახტურიძე