„ჩვენი ქართული „შინ“ აქ მოვაწყვეთ“
12 წელიწადია მაკა ქობალია ოჯახთან ერთად ნიუ-ჯერზის შტატის ქალაქ ჰოთორნში ცხოვრობს. ახლახან ქართულ-ამერიკულ პროექტს "შინ" ჩაუყარა საფუძველი. პროექტის მიზანია ქართული ლიტერატურის, ხელოვნებისა და სამოქალაქო განათლების პოპულარიზაცია. პროექტს "შინ" იმიტომ დავარქვი, რომ მუდმივად სამშობლოსკენ გვაქვს თვალი და გულიო, მეუბნება. ჩასვლისთანავე მაკამ, ამერიკაში მცხოვრები ქართველი ბავშვებისთვის საკვირაო ქართული სკოლა გახსნა, ჰოთორნის ბიბლიოთეკა კი შეკოწიწებული ქართულენოვანი წიგნებით გაამდიდრა, რომელიც ნიუ-ჯერზის 77 ქალაქის ქართველი მკითხველისთვისაა ხელმისაწვდომი.
- მე და ჩემი მეუღლე ფარმაცევტები ვართ, მწვანე ბარათი მოვიგე და მთელი ოჯახი ამერიკაში წავედით. თბილად მიგვიღეს, მაგრამ მაინც რთული პერიოდი გავიარეთ. ისე მაწუხებდა ნოსტალგია, დილით თვალის გახელა არ მინდოდა. მერე ერთმანეთს მიჰყვა ჩემი შვილების წარმატება სკოლაში, პრეზიდენტის ჯილდოებიც მიიღეს და ამან გამომიყვანა მდგომარეობიდან. მეც დავიწყე ენის შესწავლა, მინდოდა ჩემი პროფესიით გამეგრძელებინა მუშაობა, ლიცენზია ავიღე და ერთი დიდი სააფთიაქო ქსელის, CVS-ს თანამშრომელიც გავხდი - 10 წელია ამ კომპანიაში ფარმაცევტის თანაშემწე ვარ. მეუღლე ამჟამად გარემოს დაცვაზე მუშაობს ნიუ-იორკის კომპანიაში.
- ქართული სკოლის შექმნის იდეის მაპროვოცირებელი რა გახდა?
- ქართული სკოლა 11 წლის წინ, ჩასვლისთანავე გავხსენი. ჩემს შვილები დღის 80%-ს ამერიკულ გარემოში ატარებდნენ, სახლში ინგლისურ ენაზე მეცადინეობდნენ, ქართული ენა ნელ-ნელა გადიოდა მათი ცხოვრებიდან. ეს მარტო ჩემი არა, ყველა ქართული ოჯახისთვის იყო პრობლემა. ჩემი იდეა რამდენიმე ქართველს გავუზიარე, მათაც აიტაცეს, მერე ფლაერები დავარიგეთ, შენობებზე პოსტერები გავაკარით, ბავშვებიც შეგროვდნენ და გავხსენით ქართული სკოლა. თავიდან გვინდოდა მისთვის "პატარა ქართველები" დაგვერქმია, მაგრამ საბოლოოდ მაინც "მაკას სკოლად" დამკვიდრდა. სკოლაში ბავშვები სწავლობენ წერა-კითხვას, ისტორიას და ქართულ სიმღერებს. უკვე კურსდამთავრებულებიც გვყავს. ყველა წერს, კითხულობს და საუბრობს ქართულად. გაზაფხულზე მოსწავლეებისა და მშობლების ინიციატივით შეგროვდა სოლიდური ტვირთი უკრაინელი ბავშვებისთვის. ბავშვებმა საჩუქრებთან ერთად თანატოლებს თავიანთი ნახატებიც გაუგზავნეს. გასულ სასწავლო წელს პროექტი გაკეთდა ქუთაისის ერთ-ერთ საშუალო სკოლასთან. სკოლის ერთ-ერთი უფროსკლასელი გამოემგზავრა საქართველოში ინტერნშიპით საზაფხულო სკოლაში, ინგლისურის მასწავლებლის ასისტენტად. ჰოთორნში მხოლოდ ორი ქართული ოჯახია, მაგრამ ირგვლივ პატარა ქალაქებია და სკოლაში იქიდან დადიან ქართველები.
- ქალაქის ბიბლიოთეკაში ქართულენოვანი წიგნები როგორ შეიტანეთ?
- თავდაპირველად, ქართველები წიგნებს ერთმანეთში ვცვლიდით. მერე ქალაქის ბიბლიოთეკის მენეჯერს ვთხოვე, ქართული წიგნებისთვის პატარა ადგილი გამოეყოთ. ეს იდეა აიტაცა იმ ქალმა, საქართველო არც იცოდა, სად არის, და მკითხა, თქვენი დამწერლობა თუ გაქვთ, ინფორმაცია მომაწოდეთ დამწერლობასა და ლიტერატურაზეო. როცა მეორედ მივედი, მას უკვე თავად ჰქონდა მოძიებული ინფორმაცია და ბიბლიოთეკის თანამშრომლები ქართულ სიტყვებსაც მეუბნებოდნენ. დამპირდნენ, ამ საკითხს ქალაქის მუნიციპალიტეტის საბჭოზე განვიხილავთო. მართლაც, რამდენიმე დღეში დამიკავშირდნენ და მითხრეს, თქვენი მოთხოვნა დაკმაყოფილებულია, წიგნებს თუ მოგვაწვდით, ამ პროექტის განხორციელებაში ხელს შეგიწყობთო. დავაანონსე და ვინც კი ქართველი იყო, ყველამ მოიტანა წლობით ნაფერები წიგნები. ქართული წიგნები ნიუ-ჯერზის ოთხი ქაუნთის 77 ბიბლიოთეკაში იქნება ხელმისაწვდომი. კოლექციაში შესულია ქართველი მწერლები და ასევე მსოფლიო ლიტერატურა ქართულად, რა თქმა უნდა, გვაქვს საბავშვო ლიტერატურაც. ნიუ-ჯერზის 77 ქალაქის ბიბლიოთეკის ვებგვერდზე რომ შედიან, ყველგან ჩანს ეს წიგნები. მსურველებს შეუძლიათ გამოწერა და 2 დღეში მათი ქალაქის ბიბლიოთეკაში მიუტანენ.
- რა არის თქვენი პროექტის მიზანი?
- პროექტის მიზანია ემიგრანტებისთვის შეიქმნას სივრცე, სადაც გაიმართება საინტერესო შეხვედრები მწერლებთან, მხატვრებთან, მსახიობებთან, მუსიკოსებთან. ამ სივრცეში ჩატარდება მინიკინოფესტივალი, გაიმართება ქართული მხატვრული და დოკუმენტური ფილმების ჩვენება და შეხვედრები ფილმის შემქმნელებთან, ასევე, ლიტერატურული საღამოები, გვექნება ქართული პოეზიის დღეები და მონოსპექტაკლებიც. ვფიქრობთ, პერიოდულად გავმართოYთ გამოფენები (მოწვეული იქნებიან როგორც ამერიკაში მცხოვრები მხატვრები, ასევე, მხატვრები საქართველოდან), ფოტოფესტივალები. ამავე სივრცეში პერიოდულად შეიკრიბებიან წიგნის მოყვარულები და ერთმანეთს შთაბეჭდილებებსა და რეკომენდაციებს გაუზიარებენ. ჩვენი პროექტის პირველი სტუმარი მწერალი დათო ტურაშვილი გახლდათ. დათომ 3 საათის განმავლობაში ისე საინტერესოდ ისაუბრა, ხალხს არ ეყო მასთან ურთიერთობა, ძალიან გაგვახარა. მალე ნანა ექვთიმიშვილის ფილმის "გრძელი ნათელი დღეების" ჩვენება გვექნება. ახლახან გალაკტიონის დღე გვქონდა. თუმანიშვილის თეატრის ყოფილმა მსახიობმა თამარ გეგეჭკორმა მინისპექტაკლი გააკეთა. ბილეთებს არ ვყიდით, შემოწირულობა კი პროექტს ხმარდება. დავიწყეთ გალაკტიონის ლექსების თარგმნა, ნუცა ნადირაშვილი გვითარგმნის, და წიგნს თბილისში გამოვცემთ, მერე გავაკეთებთ ამერიკულ-ქართულ ივენთს და გალაკტიონს ამერიკელ მკითხველამდეც მივიტანთ. ჩვენი პროექტის კოორდინატორია ემიგრანტი გვანცა კობაურიაც, რომელიც ძალიან მეხმარება. მალე ჩამოვიტანთ ბესო სოლომონაშვილის ფილმს "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში", ჩამოვა რეჟისორიც... 26 მაისს დამოუკიდებლობის დღეს აღვნიშნავთ, ღონისძიებაში ახალგაზრდებიც იქნებიან ჩართული.
- როგორია შორიდან დანახული საქართველო, სადაც დღეს მნიშვნელოვანი პროცესები მიდის და მისი ევროინტეგრაციის ბედი წყდება?
- აქედან ძალიან დაჩაგრული ჩანს ჩემი ქვეყანა. აქციების დღეებში ხშირად ვტიროდი, შვილმა, რომელიც 15 წლისაა, მკითხა, რა გატირებსო. ჩემს ქვეყანაზე ვდარდობ-მეთქი რომ ვუთხარი, ისე განიცადა, მაწყნარებდა და მეფერებოდა... ჩემს პროექტსაც "შინ" იმიტომ დავარქვი, რომ მუდმივად თქვენკენ გვაქვს თვალი და გული მოპყრობილი. ჩვენი ქართული "შინ" აქ მოვაწყვეთ... ემიგრანტები ჩვენს ბოლოს მაინც საქართველოში ვხედავთ, აქ ყველა ქართველი ამაზე ფიქრობს, უბრალოდ, არ დადგა ეს მომენტი, იმას კი არ ვგულისხმობ, რომ გამზადებულ და კარგ ქვეყანაში წავიდეთ, არამედ ისეთში, სადაც ჩვენს ენერგიას და ცოდნას რომ ჩავდებთ, დაგვიფასდება. როცა ხედავ, ამის შანსი არაა, ძალიან რთულია. ჩემი დილა საქართველოს საინფორმაციოებით იწყება, თვალს გავახელ თუ არა, მაშინვე იმას ვკითხულობ, საქართველოში რა ხდება.
- შვილებზეც გვიამბეთ...
- უფროსმა ნუცამ ბოსტონის, შემდეგ კი ინგლისისა და ჰოლანდიის უნივერსიტეტები დაამთავრა, ახლა ისევ ინგლისში მიდის ლიტერატურაში სადოქტოროს დასაცავად. დასვენების ერთი წელი ჰქონდა და საქართველოში ჩამოვიდა, კვლევას აკეთებს ლიტერატურაში ჰულბრაიტის პროგრამით. ნუცა ქალთა დაცვის სფეროშიც მუშაობს, ის გენდერული მეცნიერების მაგისტრიცაა. მეორემ, გიორგიმ, უნივერსიტეტში სპორტმენეჯმენტი დაამთავრა და "მანჩესტერ სიტის"” კომპანიაში მუშაობს, მესამე ალექსანდრე ბრაუნის უნივერსიტეტის სტუდენტია, ჟურნალისტიკაზე სწავლობს და მწერლობას აპირებს. კატო 15 წლისაა და ისიც ჩინებული მოსწავლეა, ჰაისქულშია, პარალელურად, სპორტსმენია, კალათბურთელი. ვამაყობ ჩემი შვილებით.