„ცდა, რომ მწერლისთვის ჩირქი მოეცხოთ, კრახით დასრულდა“
"ასე შეიძლება ჩაწვე და გაგიჟდე, თუკი არ გადადგი ახლისკენ ნაბიჯი", - ამ სიტყვებით გამოხატა პოეტმა რატი ამაღლობელმა თავისი დამოკიდებულება თანამედროვე საქართველოს მიმართ. ქართველი პოეტები არასდროს ყოფილან გულგრილნი "ქართვლის ბედისადმი", მათი სტრიქონებიც ყოველთვის სამშობლოზე ფიქრით იყო შთაგონებული. გამონაკლისი არც XXI საუკუნის ქართული მწერლობაა. რატი ამაღლობელთან საუბარი სწორედ საქართველოსა და ქართულ მწერლობაზე დავიწყეთ:
- ინტერვიუს დასაწყისში ერთი "ამოჩემებული" შეკითხვა უნდა დაგისვათ: რომელ ეპოქას გაგონებთ ახლანდელი ვითარება?
- მსგავსი ვითარება იყო საქართველოში დაახლოებით ერთი საუკუნის წინ, გასაბჭოების წინა პერიოდში. იმდროინდელი საქართველო დაახლოებით იმავე გამოწვევების წინაშე იდგა, როგორიც ქართული სახელმწიფოს წინაშე ამჟამად დგას. იმედია, ახლა ყველაფერი მაშინდელივით არ დასრულდება, თუმცა იმ ეპოქასთან სერიოზულ განსხვავებასაც ვხედავ: ჩვენდა სამწუხაროდ, დღევანდელი ხელისუფლება მაქსიმალურად თანამშრომლობს რუსეთთან და ცდილობს სახელმწიფოებრიობის ციხესიმაგრე შიგნიდან გატეხოს. კიდევ კარგი, ჩვენი თავისუფლება ყოველთვის იყო დამოკიდებული მსოფლიო თანამეგობრობის პოზიციაზე. დღესაც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, რუსეთისგან განსხვავებით, მთელი ცივილიზებული სამყარო აღიარებს. თანამედროვე საქართველოში სიტუაცია ასეთია: ერთ მხარეს არის საქართველოს დამოუკიდებლობა და სწრაფვა ცივილიზებული სამყაროსკენ, ხოლო მეორე მხარეს - რუსეთი თავისი საოკუპაციო ჯარითა და მთავრობით, რომელიც ჩვენს ქვეყანაში რუსულ ინტერესებს იცავს და ატარებს - მე ასე ვხედავ საქართველოს, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ.
- კიდევ არის ერთი სერიოზული განსხვავება - ე.წ. ტროლ-ბოტები, რომლებიც ავტორიტეტების "გაშავებას" ცდილობენ და ხშირად კიდეც ახერხებენ. მათი ბოლო მსხვერპლი ყველასთვის საყვარელი მწერალი დათო ტურაშვილი გახდა.
- დათო ვერც "გააშავეს" და ვერც ავტორიტეტი შეუბღალეს. მიუხედავად იმისა, რომ ტროლ-ბოტებმა საზარელი ტყუილები გაუვრცელეს, მაინც არაფერი გამოუვიდათ, რადგან არა მგონია, დათო ტურაშვილს ქართველი ხალხის თვალში რაიმე დაჰკლებოდა. უბრალოდ, სიცრუესა და ცილისწამებაზე ადამიანებს განსხვავებული რეაქცია აქვთ: ვიღაც უფრო მომზადებული ხვდება და ცდილობს გულს არ მიაკაროს, ვიღაც უფრო ემოციურად აღიქვამს და გული სტკივა, როცა ასეთ უკიდეგანო უსამართლობას აწყდება. როგორც ყოველთვის, ჩვენმა საზოგადოებამ ჯანსაღი პოზიცია აჩვენა და დათო ტურაშვილს სრული თანადგომა გამოუცხადა. ცდა, რომ მწერლისთვის ჩირქი მოეცხოთ, კრახით დასრულდა. ტროლ-ბოტები როდესაც საზოგადოებისთვის ცნობილი სახეების დაკნინებაზე "მუშაობენ", ძალიან ცდილობენ სიმრავლის ილუზიის შექმნას, მაგრამ მათი შიში არავის აქვს, რადგან ბავშვებმაც კი იციან, რომ შეიძლება ათეულობით ექაუნთის მიღმა ორი ან სამი კაცი იდგეს. ვერავინ დამისახელებს სუფთა წარსულისა და დამსახურების მქონე ადამიანს, რომელსაც ეს კამპანია არ შეხებია. ტროლ-ბოტების "მოღვაწეობა" ყველაზე სამარცხვინო რამ არის თანამედროვე საქართველოში!
- როგორ ახერხებს ქართული მწერლობა, რომ კრიტიკულ მომენტებში ერთიანი იყოს?
- ალბათ, იმის გამო, რომ ლიტერატურული პროცესები ხელისუფლებაზე დამოკიდებული არ არის და მწერლობა კონიუნქტურისგან თავისუფალია. მართალია, მწერლებს შორისაც არიან პირები, რომლებიც მთავრობის "კოცონთან" თბებიან, მაგრამ მათი რიცხვი ცოტაა. მთლიანობაში კი ქართულმა ლიტერატურამ ბევრჯერ დაადასტურა თავისი ერთიანობა: ფრანკფურტის წიგნის ფესტივალთან დაკავშირებული პერიპეტიების დროს, ზვიად რატიანის საქმეზე და მაშინ, როცა "ლიტერას" ჟიურის შემადგენლობაში თეა წულუკიანმა თავისი ოდეერი ჩასვა. თანამედროვე ავტორებმა ყველა კრიტიკულ სიტუაციაში დიდი ერთიანობა გამოიჩინეს. ამით ჩვენი მწერლობა მისაბაძია: ადამიანები, რომლებიც ერთმანეთს ბევრ რამეში არ ეთანხმებიან, როცა საქმე საერთო საქმეს ეხება, ერთმანეთის გვერდიგვერდ დგანან. ეს უნდა შეძლოს ჩვენმა ხალხმაც ყოველთვის, როცა საქმე საქართველოს დამოუკიდებლობასა და ევროპულ არჩევანს შეეხება. ამ თვალსაზრისით XXI საუკუნის ქართული ლიტერატურა მისაბაძია.
- მაინც, რა მოიტანა მწერლობის "მოთვინიერებამ" და "მკაცრი ხელის" პოლიტიკამ.
- ვერც ვერაფერი. ერთადერთი, რასაც მაიღწიეს, მთარგმნელობითი და ლიტერატურული საქმიანობის შეფერხებაა. ნაცვლად იმისა, ინგლისში, საფრანგეთში, ევროპის სხვა ქვეყნებში გაგვეტანა ჩვენი კულტურა და ფრანკფურტის წიგნის ფესტივალის მსგავსი ღონისძიებები გაგვემართა, ყველაფერი დაბლოკეს. ლიტერატურული პროცესი დააბრკოლეს, თუმცა ვერავინ დააშინეს: თავისუფალ და მართალ სიტყვაზე უარს არც ერთი ჩვენგანი არ ამბობს.
- ხშირად ამბობენ, რომ კულტურის მინისტრი თავადაც ხელოვანი ან შემოქმედებით წრეებთან დაახლოებული ადამიანი უნდა იყოს. თქვენი აზრით, ეს სწორი მოსაზრებაა?
- კულტურის პოლიტიკა მთლიანად მთავრობის პოლიტიკაზეა დამოკიდებული. მთავარია, როგორ უყურებს ამ სფეროს მთავრობა და არა ერთი მინისტრი ან ერთი ადამიანი. საერთოდ, მინისტრი კონკრეტული ამოცანების შესასრულებლად არის მოვლენილი. ახლაც მან რაღაც შეასრულა, რაღაც ვერა. ეს "რაღაც" თავისუფლად მოაზროვნე ადამიანების დასჯა იყო. შეიძლება ვიღაც საუკეთესო მენეჯერი იყოს, მაგრამ მთავარია, რა ამოცანა აქვს: სწორი პოლიტიკის გატარება თუ სადამსჯელო ოპერაციის ჩატარება. ამ შემთხვევაში სადამსჯელო ოპერაციასთან გვაქვს საქმე.
- აუცილებლად უნდა გკითხოთ: რამ გამოიწვია საზოგადოების მწვავე რეაქცია, რომელიც ე.წ. აგენტების შესახებ კანონს მოჰყვა?
- ეს იყო საზოგადოების უპრეცედენტო მობილიზება. ახალგაზრდები ერთმანეთს ხელს უწვდიდნენ, ეხმარებოდნენ. საოცარი სოლიდარობა დავინახეთ, რადგან ამ საზოგადოებამ კარგად იცის: ჩვენი დამოუკიდებლობის გარანტია სწორედ ევროატლანტიკური თანამეგობრობაა. 30 წლის განმავლობაში თუკი სადმე რამე გაკეთებულა, სწორედ დასავლეთის დახმარებით. "აგენტების შესახებ" კანონის მიღება საქართველოს კიდევ უფრო დააშორებდა ცივილიზებულ სამყაროს. ყველაფერი იმისკენ იყო მიმართული, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის შანსი დაეკარგა და რუსეთის პირისპირ მარტო დარჩენილიყო - აი, რატომ გამოვიდა 7-8 მარტს ამდენი ახალგაზრდა ქუჩაში. აი, რატომ იყო ასე მნიშვნელოვანი ახალგაზრდების პროტესტი! ამიტომ გამოეხმაურნენ მარტის აქციებს თითქმის ყველა დასავლური სახელმწიფოს ლიდერები. სწორედ ხალხის პროტესტმა და დასავლეთის პოზიციამ აიძულა ხელისუფლება, უკან დაეხია.
- როგორ ხედავთ საქართველოს მომავალს - უიმედოდ გეჩვენებათ თუ პირიქით?..
- მე საზოგადოების კეთილგონიერების იმედი მაქვს. "კეთილგონიერებაში" ვგულისხმობ არა კომპრომისებს, არამედ თანამიმდევრულ, აუჩქარებელ ნაბიჯებს ჩვენი საუკეთესო მიზნების მისაღწევად. ქართული სახელმწიფოს წინსვლა და განვითარება შეუძლებელია, თუ ის მსოფლიოსგან იზოლირებული იქნება. უკეთეს მომავალს ვერ ავაშენებთ სანქცირებული, უპერსპექტივო პუტინის რუსეთის გვერდით! ამიტომ ჩვენი ხსნა მსოფლიო თანამეგობრობასთან ყოფნაშია.
ხათუნა ჩიგოგიძე