სახალისო პედაგოგიკა
მასწავლებლის ცხოვრება სავსეა უჩვეულო სიურპრიზებით, რომელიც ბავშვებთან ურთიერთობას ახლავს. ნებისმიერი გამოცდილი პედაგოგი დაგიდასტურებთ, რომ მათი ყოველდღიურობა რთულია, მაგრამ ამავე დროს, სასიამოვნო მოულოდნელობებით აღსავსე...
ყველაზე ძვირფასი საჩუქარი
მაყვალა დავითაძე - ფილოლოგიის დოქტორი, წამყვანი მასწავლებელი:
1991 წლიდან დღემდე ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ვარ. ეს ჩემი ცხოვრებაა! ეს არის საქმე, რომლის გარეშე არსებობა ვერ წარმომიდგენია. მართალია, უმაღლეს სასწავლებელშიც ვასწავლი, მაგრამ ამ წლების განმავლობაში სკოლა ერთი დღითაც არ მიმიტოვებია. ცხადია, ამ წლების განმავლობაში არაერთი მოსწავლე მყოლია, რომლებმაც თავის დროზე გვარიანად მანერვიულეს, მაგრამ დღეს მათი ამბები ღიმილით მახსენდება:
1990-ინი წლებია. ჯერ კიდევ ახალბედა მასწავლებელი ვარ. არ გვაქვს შუქი, წყალი, გაზი... მასწავლებლებიც და მოსწავლეებიც ნახევრად მშივრები ვართ. პური და კარაქი ტალონებზეა... მაშინ ბევრმა პედაგოგმა მიატოვა სკოლა. კუპონები ბლომად მაქვს, თან მილიონერი ვარ და თან მშიერი, მაგრამ გაკვეთილებს ორ ცვლაში ვატარებ... მეორე ცვლის მეხუთე გაკვეთილი მეწყება და დერეფანში მეგობარი მეუბნება, მოხარშული კვახი მაქვს, წამოდი, ვჭამოთ, მოასწრებ გაკვეთილის დაწყებამდეო. მე ვიუარე, არა, ვინ იცის, ბავშვებს როგორ შიათ, ვერ შევჭამ, მიუხედავად იმისა, რომ ვგიჟდები კვახზე-მეთქი. მეორე დღეს შევდივარ გაკვეთილზე და რას ვხედავ: პირველ მერხზე გამოჭიმულა გოგიტა გოგიძე და წინ მოზრდილი კვახი უდევს.
- მასწავლებელო, ეს თქვენ მოგიტანეთ, ხომ გიყვართო? - გაბადრული და ამაყი გამომეტყველებით მითხრა. თურმე წინადღეს ჩვენ უკან მდგარა, ჩვენი დიალოგი მოუსმენია და ასე "ხელდამშვენებული" გამომეცხადა გაკვეთილზე.
ამ ამბის მეორე ნაწილსაც გეტყვით: გოგიტას დედას ყველაფერი ვუამბე და მადლობა ვუთხარი. ამ ქალმა შეიცხადა, უიმეეეე, ბებიამისს ააწაპნა, მთელი დღე ეძებდა და მეზობლებს წყევლიდა, კვახი როგორ მომპარეთო. მიუხედავად იმისა, რომ სახლიდან მალულად წამოიღო, ეს მაინც ყველაზე ძვირფასი საჩუქარი იყო ჩემთვის!
ჩიორას "ნიშნობა"
მესამეკლასელებს ვასწავლიდი და ერთი მოსწავლე მყავდა, მეტსახელად ჩიორა. ერთ დილას შევდივარ მის კლასში და ვამბობ, აბა, დავიწყოთ გაკვეთილი-მეთქი. უცებ ერთი ბავშვი წამოხტა და მითხრა, მასწ, რა დროს გაკვეთილია, ნიშნობა გვაქვს, ჩვენმა ჩიორამ ლიკა დანიშნაო. შევიცხადე, რას ნიშნავს დანიშნა-მეთქი?
- რასაო და, ოქროს ბეჭდები, სამაჯურები და ძვირფასი სამკაულები აჩუქაო.
მივედი ლიკასთან, აბა, მაჩვენე-მეთქი. ამოიღო ბავშვმა ჩამალული ნივთები და რას ვხედავ: ბეჭდები, სამაჯურები, საყურეები... მაშინვე გამოვართვი და გაკვეთილი რომ დამთავრდა, მშობელს დავურეკე. ქალი ცხარე ცრემლით ტიროდა: ახლა ვერ დაგელაპარაკებით, მაყვალა მასწავლებელო, პოლიცია გვყავს სახლში, გაგვქურდეს, ყველაფერი წაიღესო. "ახალდანიშნულ" ჩიორას ხელი დავავლე და ოქროსთან ერთად სახლში წავიყვანე. მივედით, ოქრო დედამისს მივეცი და ვუთხარი, რომ იმ დღეს მისმა შვილმა კლასელი "დანიშნა".
პოლიციელები ერთმანეთს აწყდებოდნენ სიცილით, ჩიორა კი ატირდა და დედამისს შესჩივლა, აბა, მარიკა რომ დანიშნეს გუშინწინ და ოქროები მოუტანესო? თურმე იმ დღეებში ოჯახში ნიშნობა ჰქონიათ, ბიჭს ეს ამბავი გულში ჩაუვარდა და გადაწყვიტა, თავისი სატრფოც მთელი კლასის დასანახავად დაენიშნა.
გაგრძელება ამ ამბავსაც აქვს: რამდენიმე წლის წინ აეროპორტის გზაზე მანქანით მივდივარ. ერთმა ავტომობილმა ჩამიარა, მერე კი წინ ჩამიდგა და მანიშნა, გაჩერდიო. გადავედი და ვკითხე, რა გნებავთ-მეთქი?
მაყვალა მასწავლებელო, ჩიორა ვარო... ლიკა ცოლად არ მომიყვანია, მაგრამ ჩემს ნიშნობაზე საცოლეს ბეჭედი რომ გავუკეთე, გამეცინა და ვთქვი, ერთხელ უკვე დავნიშნე ერთი გოგო, მაგრამ ის ნიშნობა მასწავლებელმა ჩამიშალა-მეთქი. სასიმამრო ლამის გაგიჟდა, რას ჰქვია, დანიშნული გყავდაო. საწყალი კაცი ძლივს დავაწყნარე, კინაღამ გამომაგდო სახლიდანო.
საკუთარ მახეში გაბმული "ჩიტი"
- მოსწავლე მყავდა, რომელსაც დედის მაგივრობას ძმა უწევდა. ძალიან ზარმაცი იყო და არაფერს სწავლობდა... ერთ გაკვეთილზე დავემუქრე: იცოდე, შენს ძმას დავურეკავ და დაგსჯის-მეთქი. დაურეკეთო, მითხრა და ტელეფონის ნომერი მაშინვე ჩამაწერინა. ამ ნომერზე ცოტა ხანში დავრეკე და "უფროს ძმას" ჩემი მოსწავლის შესახებ დაწვრილებით მოვუყევი. ნელ-ნელა ვხვდები, რომ ძმა კი არა, თავად ჩემი მოსწავლე მელაპარაკება. ჰოდა, მაშინვე გამიელვა ერთმა კარგმა აზრმა:
- მოდი, ასე მოვიქცეთ: წინადღეს დაგირეკავთ, როცა თქვენს ძმას გაკვეთილი უნდა ვკითხო და მოამზადებინეთ-მეთქი... კარგიო, ხალისით დამეთანხმა. ორი დღე ვადროვე, მესამე დღეს ისევ დავრეკე და ვუთხარი: ესა და ეს მასალა მოამზადებინეთ, ხვალ უნდა ვკითხო-მეთქი. მეორე დღეს მართლაც ვკითხე. გაკვეთილი კარგად ესწავლა და "დიდოსტატის მარჯვენიდან" მოზრდილი მონოლოგი სხაპასხუპით ჩამოარაკრაკა. მერე და მერე გამიტკბა და "უფროს ძმას" ყოველ მეორე დღეს ვურეკავდი. რაღა ბევრი გავაგრძელო, "ჩიტი" თავისი ხელით დაგებულ მახეში გაება და მთელი პროგრამა გადააბულბულა. ამასობაში, სასწავლო წელიც დასრულდა. კლასის ბანკეტზე ყველა ბავშვს ვთხოვეთ, გულახდილად მოეყოლათ სახალისო ამბები, რომლებიც სკოლაში სწავლისას გადახდათ.
ადგა ეს ჩემი ბიჭი და მეო, მაყვალა მასწავლებელზე უნდა გიამბოთ ერთი მაგარი ამბავიო... მე შევაწყვეტინე, სანამ შენ უამბობ, მე მინდა ვუთხრა შენს მეგობრებსა და მასწავლებლებს, როგორ წაგაკითხე და გასწავლე მთელი პროგრამა-მეთქი... ჯერ სახე შეეცვალა, მაგრამ მერე გაეცინა, მეგონა, გატყუებდით და თურმე აქეთ ვიყავი მოტყუებული და გაბითურებულიო. თურმე ბანკეტამდე ძმაკაცებში ტრაბახობდა, ძალიან მაგარი ხერხი ვიცი ნიშნის მისაღებადო. დღეს ის ბიჭი წარმატებული პიროვნებაა, რაც ძალიან მახარებს.
დაუვიწყარი კომპლიმენტი
ირაკლი მექვევრიშვილი - თბილისის 150-ე საჯარო სკოლის დირექტორი:
- მართალია, დირექტორი ვარ, მაგრამ ყოველთვის ვცდილობ ვიცოდე, რა ხდება სკოლაში, რა უჭირთ და რა ულხინთ ბავშვებს... წლების განმავლობაში ჩემი კოლეგებისგან ბევრი სახალისო ისტორია მომისმენია, ვეცდები, რამდენიმე მეც გიამბოთ:
ბოლო გაკვეთილი იწყებოდა და მეოთხე სართულის კიბეზე ავდიოდი, დაღლილი და გულაჩქარებული... კიბის თავთან დამხვდა მოსწავლე, რომელიც გაბრწყინებული სახით მომესალმა, ალბათ, უკვე მესამედ თუ მეოთხედ. პატარებმა ასე იციან - რამდენჯერაც გნახავენ დერეფანში, იმდენჯერ გესალმებიან.
რა დროს დილაა-მეთქი, ვკითხე და იცით, რა მიპასუხა? რა ვიცი, მასწ, კი ამოდიხართ ჩვენის სკოლის კიბეზე მზესავითო...
ეს სიტყვები ისეთი თბილი და გულწრფელი გამომეტყველებით მითხრა, რომ არასდროს დამავიწყდება. ყველანაირმა სტრესმა და დაღლილობამ ერთბაშად გამიარა!
ამინდის პროგნოზი
- როცა ბავშვები მოწყენილი არიან, ან ტირიან, ყოველთვის ვეუბნები, გაიღიმეთ, თორემ მოიღრუბლება და წვიმა წამოვა, თუ არ გაიღიმებთ, სულ ცუდი ამინდი იქნება-მეთქი. ერთ დღესაც კლასში შევედი, ძალიან ცუდ ხასიათზე ვიყავი, როგორც ჩანს, სახეზე მოწყენილობა და სიბრაზე ერთად მეხატა. ერთმა ბავშვმა, რომელიც წინა მერხზე იჯდა, მეორეს გადაუჩურჩულა: მასწავლებლის სახეზე ამინდის პროგნოზი მოჩანს - დილით წვიმდა, მაგრამ ახლა ქარბუქია მოსალოდნელიო.
ზოგიერთ პატარას ისეთი უშრეტი ფანტაზია და იმხელა სიყვარული აქვს, რომ ყველაზე გამოცდილ მასწავლებელსაც ჩააფიქრებს. მაგალითად, ჩემს ერთ მოსწავლეს ვთხოვე აეხსნა, რა იყო სიჩქარე. მცირე პაუზის შემდეგ ასეთი პასუხი მივიღე: სიჩქარე არის მანძილისა და დროის მიქსიო... მეორე მოსწავლეს ტესტის შედეგებს ვაცნობდი და ვუსაყვედურე, ეს საკითხი რატომ შეგეშალა, რამდენჯერ განვიხილეთ და ვიმეცადინეთ-მეთქი. მასწავლებელო, შენს თავს ვფიცავარ, ამ ტესტს პირველად ვხედავო, მიპასუხა.
იმ ბავშვებიდან ზოგიერთი უკვე რეალიზებული, ცნობილი ადამიანია. მასწავლებლის პროფესია ხომ ამითაც არის განსაკუთრებული: როცა შენი აღზრდილები იზრდებიან და წარმატებას აღწევენ, ხვდები, რომ ტყუილად არ გიშრომია.
ხათუნა ჩიგოგიძე