"ზვიადი რომ ცოცხალი ყოფილიყო, ჩვენ სხვაგვარი საქართველო გვექნებოდა" - კვირის პალიტრა

"ზვიადი რომ ცოცხალი ყოფილიყო, ჩვენ სხვაგვარი საქართველო გვექნებოდა"

"მე სულ მგონია, როცა შენს ახლოს არა ვარ, შენ ჭკვიანად იქნები. მე, ერთის მხრივ, გული მტკივა, როცა შენი ბავშვობა­ თავდება, მეორეს მხრივ, მიხარია, რომ შენ, სადაცაა, ყველა ჩემს სურვილს გაიგებ და მხარში ამომიდგები. ალბათ, შენთვის დამიწერია და მითარგმნია მე ჰომეროსის სიტყვები: "ზევსს გეფიცები, აგელაი, ზევსს და მამაჩემის ტკივილებს". ჩვენ ვცხოვრობთ ძლიერ სერიოზულ დროში და აწი დროა, შენ სერიოზულად ემზადო, რათა გახდე ჩვენი ქვეყნის ღირსეული შვილი. გზაში გადავიკითხე შენი საყვარელი მუსიკოსების­ ბიოგრაფიები, ყველანი სიყრმიდანვე ემზა­დებოდნენ დიდი ამბებისათვის. გახსოვდეს,­ ეს ცხოვრება მოსაწყენია, თუ ადამიანი არ იწევს რაიმე მაღალი და ზემყარი ამბები­სათვის. ამის გარეშე სხვა ყველაფერი ემსგა­ვსებოდა იმ საცოდავ და უშინაარსო ცხოვრებას, რომელსაც ეწევიან ხოლმე მცენარეები და ცხოველები. თუნდაც, ჩემი გამწა­რებული ცხოვრებაც რომ აიღო, მე რომ დიდი იდეებისათვის მოლაშქრედ არ წარმომედგინა თავი, ვეღარ გავუძლებდი­ იმ ქარიშხლებს, რომელთა გადატანაც ასე თუ ისე შევძელი. შენი მამიკო", - ეს წერილი დიდმა მწერალმა კონსტანტინე გამსახურდიამ თავის 16 წლის ვაჟს, ზვიად გამსახურდიას მისწერა. მას შემდეგ მართლა ურთულესი ცხოვრების გავლა მოუხდა. წელს ჩვენი ქვეყნის ეროვნული გმირი, საქართველოს პირველი პრეზიდენტი, დისიდენტი, პოლიტიკოსი, პოეტი, მწერალი, ლიტერატორი, მთარგმნელი, ფილოსოფოსი,­ მეცნიერი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ნობელის მშვიდობის პრემიის ნომინანტი ზვიად გამსახურდია 84 წლის გახდებოდა. უდიდესია მისი წვლილი ჩვენი ქვეყნის­ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში. ზუსტად 32 წლის წინ, მისი პრეზიდენტობის დროს, სრულიად საქართველოს მოსახლეობამ მსოფლიოს გასაგონად განაცხადა, რომ მხარს უჭერს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას. მაშინ ამომრჩეველთა უდიდესმა უმრავლესობამ დადებითი­ პასუხი გასცა კითხვას: "თანახმა ხართ თუ არა აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებ­რივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე". სწორედ 31 მარტის რეფერენდუმის შედეგები დაედო­ საფუძვლად უზენაესი საბჭოს მიერ 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აქტის მიღებას.ზვიად გამსახურდია სკოლის ასაკიდან იყო ჩართული ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობაში. მერაბ კოსტავასთან ერთად იყო ორგანიზატორი 1987-1990 წლებში გამართული თითქმის ყველა მშვიდობიანი მასობრივი აქციის. იყო საქართველოს პრეზიდენტი 1991-1992 წლებში. 1993 წლის ოქტომბრის ბოლოს ის და მისი რამდენიმე მხარდამჭერი იძულებულნი გახდნენ თავი სამეგრელოს მთიანი ნაწილისთვის შეეფარებინათ. 1993 წლის 31 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტი ხობის რაიონის სოფელ ხიბულაში გარდა­იცვალა. მისი სიკვდილის მიზეზი ამ დრომდე უცნობია. 1994 წლის თებერვალში გროზნოში გადაასვენეს და იქ დაკრძალეს. 2007 წლის 1-ლ აპრილს ზვიად გამსახურდიას ნეშტი მთაწმინდის პანთეონში გადმოასვენეს და მას შემდეგ ყოველ წელს, 31 მარტს, ხელისუფლების წარმომადგენლები და მოქალაქეები მიდიან მის საფლავთან და პატივს მიაგებენ...

ჩვენ უფროს ვაჟს, კონსტანტინე (კოკო) გამსახურდიას ვთხოვეთ მამაზე ესაუბრა:

- ყველა საქართველოს მოქალაქეს ვულოცავ ამ დღეს. ნამდვილად დიდი დღეა, ამ დღეს, ფაქტობრივად, საფუძველი ჩაეყარა ქართულ სახელმწიფოებრიობას. ის გამარჯვება, რაც 9 აპრილის ღამეს ეროვნულ-განმათავისუფლებელმა მოძრაობამ მოიპოვა, სწორედ 1991 წლის 31 მარტს გაფორმდა. 9 აპრილი კი დამოუკიდებლობის დეკლარაციის გამოქვეყნებასთან ერთად ქართული­ სახელმწიფოს მატრიცის შექმნა იყო. ზვიად გამსახურდიას მთელი მოღვაწეობა, განსაკუთრებით 28 ოქტომბრიდან მოყოლებული ბოლომდე, ამ მატრიცის შექმნაა, რომელიც დღესაც ძალაშია. ქართული სახელმწიფო ავად თუ კარგად ფეხზე დგას თავისი მნიშვნელოვანი მიღწევებით და ეს სწორედ იმ პერიოდში გადადგმულ სწორ სახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებებსა და იმ მართებულ ნაბიჯებთან არის დაკავშირებული, რომელიც მაშინ გადაიდგა ურყევი თანამიმდევრული ნებით, გადაიდგა სამშობლოს სიყვარულით, წარსულის პატივისცემითა და მომავლის იმედით.

- როგორი მამა იყო ბატონი ზვიადი?

- ძალიან მზრუნველი და ყურადღებიანი. თვალყურს ადევნებდა ჩვენს ფორმირებას ადამიანებად და მასში შეძლებისდაგვარად ერეოდა. მან გვასწავლა პასუხისმგებლობის გრძნობა და შრომა.

- თქვენს ბავშვობაში როგორ აღნიშნავდით მამის დაბადების დღეს?

- ასეთი ტრადიცია იყო - მისი მეგობრები მოდიოდნენ. უპირველეს ყოვლისა,­ მერაბ კოსტავა და ის ბიჭები, რომლებიც გაერთიანებული იყვნენ ეროვნულ პატრიოტულ გასაიდუმლოებულ ორგანიზაციაში, რომელიც "გორგასლიანის" სახელით არის ცნობილი, რომლებმაც გაქანებული სტალინიზმის პერიოდში გაბედეს და მოუწოდებდნენ ადამიანებს საქართველოს დამოუკიდებლობისკენ. მათ გამოაფხიზლეს ადამიანები, თუმცა, რა თქმა უნდა, მაშინ ძალიან ბევრ ჩვენს მოქალაქეს ამის გაგონება­ არც სურდა. არ შეეძლოთ ამის გაგება... მერე "გორგასლიანი" აღარ არსებობდა, მაგრამ მათი ურთიერთობა ისევ გრძელდებოდა. ეს იყო კარგი ქართული ნადიმი, ხალასი იუმორის, საინტერესო მსჯელობების, შინაარსიანი სადღეგრძელოების დღე. სუფრაზე შესანიშნავად მღეროდნენ ზვიადი და მერაბი. ისინი ჩინებული მომღერლები იყვნენ. ისმოდა მრავალხმიანი ქართული სიმღერები და საგალობლები... მერე დაბადების დღეების აღნიშვნის დროც აღარ იყო. 1989 წლის 9 აპრილის წინ, 31 მარტს, უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში პირველად საჯაროდ აღინიშნა მისი დაბადების დღე. სადაც სეფესიტყვა წარმოთქვა მერაბ კოსტავამ. მაშინ მან ზვიად გამსახურდიას მოღვაწეობა შეაფასა. პრაქტიკულად ისე გამოვიდა, რომ ზვიად გამსახურდიას მოღვაწეობა ეს იყო ეროვნული მოძრაობის ბიოგრაფიაც, დიდწილად ემთხვეოდა. ამის შემდეგ 1991 წლის 31 მარტს გაიმართა ნადიმი, სადაც მაშინდელი ეროვნული მოძრაობის სრული შემადგენლობა იყო...

- რეფერენდუმის დღე თუ გახსოვთ?

- როდესაც რეფერენდუმი გამოცხადდა,­ ზვიად გამსახურდია იმ დღეს ნაკლებად ემოციური იყო, უხაროდა, მაგრამ ყველას მაინც გვაფრთხილებდა და ამბობდა, ბრძოლა ახლა იწყება, ყველაზე საშინელი მომენტები ჯერ კიდევ წინ არის, რადგან მტერი საქართველოს დამოუკიდებლობას არ შეეგუებაო. რუსთაველის ციტირებაც კი მოახდინა მაშინ თავის გამოსვლაში - სადაც ქრისტიან ბრძენზე საუბრობს რუსთაველი, რომელსაც ქონება სხვაგან აქვს, სხვაგან არის თვითონ და სხვაგან სძინავს...­ თითქოს გვამზადებდა ამ დიდი ბრძოლისთვის. ზვიადის და მერაბის პოზიცია ასეთი იყო - ჩვენ დამოუკიდებელ საქართველოს მოვესწრებით, მაგრამ ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ, რომ დავიცვათ, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება დამოუკიდებლობა წაგვართვანო.

- რეფერენდუმის შემდეგ როგორ აღნიშნავდა 31 მარტს?

- სამწუხაროდ, მხოლოდ ერთ წელს მოუწია მშვიდ ვითარებაში ამ დღის აღნიშვნამ თავის კაბინეტში. შემდეგ იყო დევნილობაში. მას მერე მხოლოდ ორი წელი იცოცხლა, გროზნოში იყო და, ცხადია, ალბათ, ცრემლით აღნიშნავდა. 1992 წლის 6 იანვრის შემდეგ ეს დღე ცრემლიანი დღე გახდა მისთვის, რადგან იმ ადამიანებმა, რომლებმაც დაამხეს საქართველოს ხელისუფლება, საქართველო წარსულში გადაისროლეს, რამდენიმე ათეული წლით დააბრკოლეს. ფაქტობრივად, 31 მარტისა და 9 აპრილის განეიტრალებაც სცადეს, მაგრამ არ გამოუვიდათ. ამის უკან იდგა რუსეთის იმპერია, რუსეთის იმპერიის გენშტაბი და ის ორგანოები, რომელთაც არ შეიძლება საქართველოსთვის სიკეთე სურდეთ...

- მამის გარდაცვალების შემდგომ თქვენ როგორ აღნიშნავთ ამ დღეს?

- მას შემდეგ ეს დღე გაიგივებულია რეფერენდუმთან და ვულოცავ ამ დღეს ყველა ქართველს. ქართველ ხალხს ყოველთვის უხაროდა ამ დღის აღნიშვნა. იყო ცეკვა-თამაში. ამ დღეს თბილისის ქუჩებში ადამიანები დიდი იმედებით აღვსილი გამოდიოდნენ. ეს იყო ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მუხტი. საოცრებაა, რომ უამრავი ჩვენი მოქალაქე, აბსოლუტური უმრავლესობა, დააკავშირა ერთმანეთს ერთი იდეითა და იმედებით... ცხადია, ეს არ შეგვარჩინეს მაშინ, იანვრის სამხედრო კრიმინალური გადატრიალებით... თუმცა მე მჯერა, რომ ისინი საქართველოს ვერ დამარცხებენ.

წელს ბერლინში, საქართველოს საელჩოში აღვნიშნავთ ამ დღეს. ჩემი უფროსი ვაჟი, დემეტრე შეასრულებს თავის კომპოზიციას. შვეიცარიაში ემიგრაციაში ყოფნის­ დროსაც ყოველთვის აღვნიშნავდით ამ დღეს. ვმღეროდით საგალობლებს ემიგრაციაში მყოფნი და ჩემ გვერდით ყოველთვის იყვნენ ჩემი შვილები. იმ წლებში­ ეს დღე საქართველოში ხშირად მიტინგით აღინიშნებოდა. 2000 წლამდე მიტინგებს არბევდნენ, მერე ნაკლებად, რადგან საქართველოს­ ოფიციოზმა შეცვალა­ პოზიცია - 1999-2000 წლებიდან უკვე ისინი ალაპარაკდნენ ამ დღის მნიშვნელობაზე და გამსახურდიას მოღვაწეობაც განსხვავებულად შეაფასეს.

gamsaxurdia2-1680445344.jpg

- წელს ბატონი ზვიადი 84 წლის გახდებოდა. თუ გიფიქრიათ, როგორი იქნებოდა­ ამ ასაკში, რას შეცვლიდა ქვეყნის ისტორიაში?

- ის რომ ცოცხალი ყოფილიყო, ჩვენ სხვაგვარი საქართველო გვექნებოდა. ჩვენ გვექნებოდა სულ სხვა პოლიტიკური სისტემა, მოწესრიგებული ეკონომიკა და რაც მთავარია, არ დაუშვებდა ასეთ ემიგრაციას. ყოველ შემთხვევაში, ამას მაქსიმალურად შეეწინააღმდეგებოდა. შექმნიდა მექანიზმებს, რომ ემიგრაცია მინიმუმამდე დასულიყო.

- გამოვიდა თქვენი წიგნი "სამშობლოსა და ერი-სახელმწიფოსთვის". გვიამბეთ ამ წიგნზე.

- წიგნზე ძალიან დიდხანს ვმუშაობდი­ და პრაქტიკულად ყველა საკითხი არის ჩაშლილი 116 თავსა და 6 ნაწილში. წიგნი დაახლოებით 750 გვერდია. შეიძლება ითქვას, მასში საუბარია ყველაფერზე. ზვიად გამსახურდიას ცხოვრების ყველა პერიოდზე არსებობს შეკითხვები და არის ცდა, რომ მათ პასუხები გაეცეს. ეს იქნება დისიდენტობისა და უფლებადამცველური მოძრაობის, უფრო ადრინდელი თუ შემდგომი პერიოდიც. ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა და მისი ორი გზა, ასევე საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადება, გადატრიალება, ემიგრაცია, უცხოეთში მოგზაურობა და დაბრუნება სამშობლოში, რომელიც მისი გარდაცვალებით დასრულდა. ოპონენტებსაც ვთავაზობ ამ წიგნს. შეიძლება ისინი არ დამეთანხმონ, მაგრამ მე ვცდილობ ისტორიული ფაქტები გადმოვცე ისე, როგორც ეს მოხდა რეალურად და თავად დავუტოვო ინტერპრეტაციის საშუალება მკითხველს. ვცდილობ ობიექტური ვიყო. ეს მნიშვნელოვანია. ასე რომ, მათთვისაც იქნება საინტერესო ბევრი რამ. წიგნში ბევრი ისეთი ამბავია, რომლებიც არ იცის საზოგადოებამ. მხოლოდ ამბები ან მოგონებები კი არ არის, ეს არის ჰიბრიდული წიგნი - არის მოგონებებიც, რომელიც მახსოვს როგორც უშუალო მონაწილეს, ამავე დროს არის ის საქმე, რომელიც მე მოვიკვლიე. ყოველთვის ვიკვლევდი სხვა მხარის მოსაზრებებსაც და ამ წიგნში მეორე მხარის არაერთი დოკუმენტი მაქვს გამოყენებული. მაგალითად, ისეთი, როგორიცაა შევარდნაძის ბიოგრაფია, ჯაბა იოსელიანის მემუარები, გენერლების მოგონებები და ა.შ. წიგნი გამოსცა გამომცემლობა L"პალიტრა L L"-მა და მისი შეძენა "ბიბლუსის" ქსელშია შესაძლებელი.

- გარდაცვალების საქმე დღემდე ბურუსით არის მოცულია. თქვენ პარლამენტში შექმნილ საგამოძიებო კომისიას ხელმძღვანელობდით. წიგნში ამ დეტალებზეც არის საუბარი?

- რასაკვირველია, არის მიზეზებიც და გარემოებებიც. დიახ, პარლამენტში მე ვხელმძღვანელობდი დროებით კომისიას. ეს იყო მომკვლევი კომისია, მაშინ ჩვენ არ მოგვცეს საგამოძიებო სტატუსი, ამით შეგვზღუდეს, თუმცა დიდი შრომა გავწიეთ.

- გამოძიება ბოლომდე მაინც არ მივიდა...

- ამას თანამიმდევრული პოლიტიკური ნება ესაჭიროება. ვფიქრობ, დადგება დრო და ეს საქმე ბოლომდე მივა. ჩვენ ამისთვის ბევრი რამ გავაკეთეთ.