ვინ არიან ონლაინნარკობარონები?!
საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ერთობლივად ჩატარებული მასშტაბური სპეცოპერაციის შედეგად 58 პირი დააკავეს, მათ შორის 31 ნარკორეალიზაციის ბრალდებით (დაკავებულებს შორის 10 ქალია). განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა სპეცოპერაცია ერთდროულად ფონიჭალაში (4 ლოკაციაზე), კაბალსა და გორში ჩაატარეს. ბრალდებულების სახლებიდან ამოღებულია დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები - კოკაინი, ჰეროინი, MDMA, "მეტადონი" და სხვ. გამსაღებლები ნარკოტიკებს კონკრეტულ ადგილებში მალავდნენ, შემდეგ ფოტოებს იღებდნენ და შესაბამისი კოორდინატებით უგზავნიდნენ შეძენის მსურველებს. ნარკოდანაშაულთან ბრძოლის მექანიზმებზე იურისტი, ეროვნული და კორპორაციული უსაფრთხოების სასწავლო კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი ემზარ საბანაძე გვესაუბრება:
- პრობლემა ის არის, რომ საზღვარი გვაქვს გარღვეული - ძალიან იოლია საქართველოს ტერიტორიაზე ყველაფრის შემოტანა. ნარკოტიკულ საშუალებებს საქართველოში საზღვრის გარეშე ვერავინ შემოიტანს, საზღვარს შსს აკონტროლებს და გამოდის, არაჯეროვნად ასრულებს თავის მოვალეობას. ნარკოტიკების რეალიზაციისთვის არის ონლაინბაზარიც. თბილისში 5-6 ადგილია, სადაც ნარკოტიკების რეალიზაცია ხდება - ლოტკინის ტყე, ზღვის ტერიტორია და ა. შ. დიდი ალბათობით, მავანი შეთანხმებულია ნარკორეალიზატორებთან, რადგან შეუძლებელია საქართველოში ნარკორეალიზაცია ისე, რომ შსს-ს ამაზე ინფორმაცია არ ჰქონდეს. უბნებში რომ დაიაროთ, აშკარა ფორმებით ხდება ნარკოტიკების გასაღება. ყველამ იცის, ვინ არის ნარკორეალიზატორი, მაგრამ იჭერენ იმას, ვინც არ თანამშრომლობს სისტემასთან.
დაკავებებიც პერიოდულად იმიტომ ხდება, რათა აჩვენონ, ვმუშაობთო. საქართველო ნარკოტრანზიტული ქვეყანაა, ნებისმიერ ქვეყანას შეუძლია საქართველოს ნებისმიერი წერტილი გამოიყენოს ნარკოტიკის შემოტანა-გადაადგილებისთვის. შსს-მ დაიდოს რუკა და ნახავს, ავღანეთიდან წამოსული ნარკოტიკი რომელ ქვეყნებს გამოივლის და რა გზით შემოვა საქართველოში. საუბარია არა მარტო მძიმე, არამედ კლუბურ და სხვა ნარკოტიკებზეც, რომლებიც შესაძლებელია ბაქოდანაც, სომხეთიდანაც, შავი ზღვითაც, თურქეთიდანაც და ა.შ. შემოდიოდეს. შეუძლებელია შსს-მ არ იცოდეს, რა ხდება სარფის საზღვართან ან თბილისის ტყეებში. იჭერენ ახალგაზრდას, რომელმაც ნარკოტიკი ონლაინ შეუკვეთა და მას რეალიზაციისთვის ასამართლებენ. არადა, ვიღაცამ ხომ დადო ის ნარკოტიკი, იმას რატომ არ იჭერენ? ქვემო ფონიჭალა გაძეძგილია რეალიზატორებით. გინახავთ, ალბათ, იქაური სახლები. გაჭირვებული, უმუშევარი კაცი მარტო მწვანილის გაყიდვით ასეთ კაპიტალურ სახლს ვერ ააშენებს. ვერ დავიჯერებ, რომ შესაბამისი ორგანოები ცუდად მუშაობენ იქიდან გამომდინარე, რომ შსს-ს ძალიან კარგი თანამშრომლები ჰყავს, აქვს კარგი ტექნიკა საზღვრების გასაკონტროლებლად და მაინც თავისუფლად შემოდის და იყიდება ნარკოტიკები. რა უნდა ვიფიქროთ? დღეს რომ 31 კაცი დაიჭირეს, ნახევარზე მეტს საპროცესოს გაუფორმებენ, ჯარიმად დიდ თანხას გადაახდევინებენ და გამოუშვებენ. ეს იმისათვის კეთდება, რომ დაფიქსირდეს სტატისტიკა და აჩვენონ, ნარკოდანაშაულს ვებრძვითო.
- იქნებ მათ ითანამშრომლონ და დილერამდეც მიიყვანონ?
- რას ამბობთ, ზუსტად იმიტომ იჭერენ, დილერამდე რომ ვერ მივიდნენ. დილერი დიდი ფულის წყაროა და ვინმეს უნდა ფულის წყაროს გაქრობა? დილერები დღესაც და ხვალაც სასათბურე პირობებში იქნებიან, დაიჭერენ იმ პატარა თევზებს, რომლებიც ისე მომრავლდნენ, ნარკოტიკების მოძრაობის გაკონტროლებას უკვე ხელს უშლიან.
- პროცენტულად თუ არის ცნობილი, რამდენი ნარკოტიკი შემოდის, რამდენი მზადდება ადგილზე და როგორია გასაღების სქემა?
- საქართველო დღეს პატარა ნარკობაზარია. ვინ იტყვის, რამდენი შემოდის?
გასაღების სქემა ყველა ნარკოტიკზე სხვადასხვანაირია. ამ ბოლო დროს ტრენდული გახდა ონლაინგასაღება - მოქალაქეები სპეციალურ საიტებზე შედიან, უკვეთენ და იღებენ ნარკოტიკს. მერე იჭერენ მესამე პირს. მაგალითად, იქსმა შეუკვეთა ნარკოტიკი იგრეკს, რომელიც შემკვეთს უგზავნის ფოტოს და მიუთითებს მისამართს, სადაც ნარკოტიკი დევს. შუამავალი, რომელიც მითითებულ ადგილზე დებს ნარკოტიკს, არსად არ ჩანს. ამ იქს-პიროვნებამ შემდეგ მოინდომა იგრეკის გადაგდება (ანუ გამომგზავნი რეალიზატორის), რომელიც გაბრაზდა და შსს-ში შედის ინფორმაცია, რის საფუძველზეც რეალიზაციის მცდელობისთვის აკავებენ იქსს, რომელმაც რეალიზატორის გადაგდება გადაწყვიტა. აქ სქემის ერთი ჯაჭვია. ასე რომ, იჭერენ მესამე პირს, პირველსა და მეორეს - არა. ამ სისტემაში ყველაზე ცუდი ის არის, როცა ადვოკატი პოლიციელს უსვამს კითხვას, საიდან შემოგივიდა ოპერატიული ინფორმაციაო, ის წყაროს მალავს. ერთი მხრივ, კარგია, მაგრამ მეორე მხრივ, ეს კორუფციის ბუდეა.
- შსს-ს იატაკქვეშა ლაბორატორიებზეც ექნება ინფორმაცია?
- რასაკვირველია, ვერ დავიჯერებ, რომ ჩვენი სამართალდამცავი ორგანოები ისეთი უვიცები და სუსტები არიან, ეს ინფორმაცია არ ჰქონდეთ. თუ არ იციან და ვიღაც ამ უკანონობას სჩადის, წარმოიდგინეთ, რა დიდი შესაძლებლობა ეძლევათ მტრულად განწყობილ ქვეყნებს, ჩვენთან ისეთი დაჯგუფებები შექმნან, რომლებითაც საქართველოს მთლიანობა საფრთხის ქვეშ დადგება - თუკი პატარა საამქროები ვერ გამოავლინე, თუ ვიღაც ქიმიკოსმა შეძლო შენი გაცურება, ჩვენ გარშემო ვეებერთელა ქვეყნების სპეცსამსახურები რაღას იზამენ?
- ნარკოპოლიტიკის გამკაცრების აუცილებლობას თუ ხედავთ?
- ნარკოპოლიტიკა გასამკაცრებელია. რაც არ უნდა დიდი თანხა გადაიხადოს, ნარკორეალიზატორების გარეთ გამოშვება არ შეიძლება. არც მინიმალური სასჯელი უნდა იყოს. ამასთან, უნდა ხდებოდეს ნარკორეალიზატორის ქონების კონფისკაცია - პირი, რომელიც ფულს სხვისი სიცოცხლის მოსპობით შოულობს, სათანადოდ უნდა დაისაჯოს. ისედაც პატარა ერი ვართ და შეხედეთ, ბავშვები რა დღეში არიან - დაახლოებით 60 ათასამდე მძიმე და 300 ათასამდე მსუბუქ ნარკოტიკზე დამოკიდებული გვყავს. ეს ხომ უბედურებაა?!
დღეს პირდაპირ თბილისის სკვერებში, მოედნებზე ყიდიან ნარკოტიკებს და არ მჯერა, რომ პოლიციამ ეს არ იცის. ჩანს, ვიღაც ამით ხეირობს.
ახლა ამ დაკავებულ 31 ნარკორეალიზატორს ჯარიმად დიდ ფულს გადაახდევინებენ. ზუსტად იციან, ვის რამდენი აქვს გაყიდული და ვის რამდენი შეიძლება ჰქონდეს სახლში. მერე ისინი გამოვლენ და გააგრძელებენ "მუშაობას". ერთხელ სამაგალითოდ რომ დაისაჯოს, მეორედ ამას აღარ გაბედავს, მაგრამ ხომ ვხედავთ, იჭერენ და 6 თვეში ან 1 წელში თავისუფალია.
შსს-ს ვურჩევდი, აქცენტი არა ნარკომომხმარებლებზე, არამედ ნარკორეალიზატორებზე გადაიტანოს. ამ უწყების სახელს ისინი აკნინებენ და არა მომხმარებლები, რომელთაც მკურნალობა სჭირდებათ. სამინისტროს სახელის შენარჩუნება თუ უნდა, არ გამოუშვან რეალიზატორები, მაგრამ როცა დიდი ფული ტრიალებს ან სამინისტრომ რა გააკეთოს? უბრალო პოლიციელმა როგორ ჩაატაროს სხვადასხვა ღონისძიება, თუკი ზემოთ არა აქვს მწვანე ანთებული?
დავით ვადაჭკორია, კლინიკა "ნეოგენის" ხელმძღვანელი, ნარკოლოგი, მედიცინის დოქტორი:
- პანდემიის პერიოდში შეფასება არ მომხდარა და არ არსებობს ახალი სტატისტიკა, რამდენი ნარკოდამოკიდებულია ქვეყანაში. ძველი მონაცემებით, მძიმე ნარკოტიკების (ინტრავენური) მომხმარებელი სადღაც 50 ათასის ფარგლებშია. ახლა შესაძლოა რიცხვი გაზრდილია კიდეც. ნარკომოხმარების ზრდას ბევრი ფაქტორი განაპირობებს და რაც მთავარია, ნარკოტიკის ხელმისაწვდომობა. არსებობს ონლაინბაზარიც, რომლის გაკონტროლება ძალიან ძნელია. ერთ-ერთი ფაქტორი ისიცაა, რომ ქვეყანაში ჯერ არ ჩამოყალიბებულა მწყობრი პრევენციული სისტემა, რომლის მეშვეობითაც ჩატარდება სამუშაო სკოლებში, უმაღლეს სასწავლებლებში, რათა ახალი მომხმარებლების რაოდენობა არ გაიზარდოს.
მთელი ანკლავებია, სადაც ნარკოტიკული საშუალებები საღდება. უპირველესად უნდა გაძლიერდეს მუშაობა გამსაღებლებისა და ქვეყანაში ნარკოტიკული საშუალებების შემოდინების აღსაკვეთად. სხვათა შორის, ზოგ შემთხვევაში საქართველო მსოფლიო ნარკოტრაფიკის სატრანზიტო დერეფნადაც კი განიხილება. აქედან გამომდინარე, ქვეყანაში ნარკოსაშუალებების შემოდინება რომ შემცირდეს, დიდი მუშაობაა საჭირო.
მეორე ფაქტორი, რაც ყველაზე მძიმე ტენდენციაა არა მარტო საქართველოში, არის სტიმულატორების მომხმარებელთა ზრდა - კოკაინის, "ამფეტამინისა" და სხვა ნარკოტიკის, რომლებიც გაცილებით სახიფათოა, ვიდრე ჰეროინი, ბუპრენორფინი და სხვები, რაც ძალიან მაშფოთებს. "ამფეტამინი" და კოკაინი რამდენიმე წლის წინ არ იყო საქართველოს ბაზარზე, ახლა კი მათი რაოდენობა საგრძნობლად გაზრდილია. იგივე ითქმის "ამფეტამინზეც", რომელიც უმძიმესი ნარკოტიკია და მისი მომხმარებლის მართვა გაცილებით რთულია, ვიდრე ჰეროინის, ბუპრენორფინის და ა.შ. მომხმარებლის. ამ ჯგუფის მომხმარებელთა რიცხვი ძალიან გაიზარდა (უფრო ახალგაზრდებში). ისიც შემაშფოთებელია, რომ მომხმარებელთა შორის არიან 19-20-21 წლის გოგონებიც, რომლებიც არა მარტო მარიხუანასა და ბუპრენორფინს, არამედ "ამფეტამინსაც" მოიხმარენ მოწევით თუ ინტრავენურად, რაც ძალიან საშიშია ჩვენი გენოფონდისთვის. გაზრდილია კლუბური ნარკოტიკების - LSD-MDMA-ს და სხვათა მოხმარებაც. ისინი ონლაინბაზრის მეშვეობით ვრცელდება. პრობლემა მძიმდება სტიმულატორების მოხმარების გამოც.
იმას, რომ ნარკოტიკის მომხმარებელთა რიცხვი გაიზარდა, რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს: 1. ქვეყანაში არ მიმდინარეობს სწორი პრევენციული მუშაობა; 2. მოზარდებთან არასწორად მიდის ინფორმაცია, ცნობიერების ამაღლებაში დიდი ჩამორჩენა გვაქვს; 3. ნარკოტიკის ხელმისაწვდომობა და ამ პრობლემის მართვა.
პანდემიის პერიოდში იყო ინფორმაცია იატაკქვეშა ლაბორატორიების ჩამოყალიბებასა და იქ "ამფეტამინის" წარმოებაზე, რაც არცთუ ისე რთულია. ამასთან დაკავშირებით რამდენიმე წლის წინ ინფორმაცია თვითონ შსს-დან გავრცელდა. ახლა ეს პრობლემა უფრო გამწვავდა, ვინაიდან "ამფეტამინი" მასშტაბურად შემოედინება ქვეყანაში. უახლოეს პერიოდში თუ რაღაც რადიკალურად არ შეიცვალა, შეიძლება უმძიმესი კატასტროფის წინაშე დავდგეთ. ამ პრობლემასთან ბრძოლა ძალიან რთულია, რასაც, სამწუხაროდ, შსს ვერ ერევა.