სად შეიძლება საქართველოში ფულის ჩადება?! - კვირის პალიტრა

სად შეიძლება საქართველოში ფულის ჩადება?!

ახლახან საქართველოს ბიზნესასოციაციამ გამოაქვეყნა ბიზნესმენების გამოკითხვა, სად აპირებენ რეინვესტირებას. როგორც გამოიკვეთა, მათთვის ე.წ. რეალური სექტორი კვლავ არაპოპულარული მიმართულებაა. აქცენტი ისევ მშენებლობაზე, ვაჭრობასა და მომსახურებაზე კეთდება. არადა, ეკონომისტები მუდმივად ამბობენ, რომ რეალური სექტორი ანუ წარმოება ქვეყნის მდგრადი ეკონომიკური განვითარებისთვის უმთავრესია. რეალურად, რა მდგომარეობაა ამ მხრივ საქართველოში, რატომ ვერ ხერხდება წარმოების სათანადოდ განვითარება და საამისოდ რა პოტენციალი არსებობს, ამ საკითხებზე ეკონომიკის პროფესორს სოსო არჩვაძეს ვესაუბრეთ:

- ეს მაინც ერთი კონკრეტული სოციალური სეგმენტის აღქმული და შეფასებული მდგომარეობაა. ამიტომ ჭეშმარიტებად მისი მიჩნევა ცოტა გადაჭარბებულად მეჩვენება. ფართოდ უნდა შევხედოთ, საზოგადოებაში როგორი ეკონომიკური მდგომარეობაა, როგორია ეკონომიკური განვითარების ვექტორის აღქმა და ამის მიხედვით ვილაპარაკოთ, რადგან ნებისმიერი ხელისუფლება, რომელიც ხელს უწყობს ამა თუ იმ მიმართულებას, ბლოკავს ნეგატიურ გარე ფაქტორებს და ხელს უწყობს პოზიტიურ ინდიკატორებს. ის, როგორც წესი, უკვე მოქმედებს არა კონკრეტული სოციალური ჯგუფების ინტერესების მიხედვით, არამედ მთელი საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე. 1990-იან წლებში ერთი ქართული გაზეთი წერდა, ჩვენი გამოკითხვით მედიაში ლიდერები ჩვენ ვართო - თუ საკუთარ მკითხველში ჩაატარებ გამოკითხვას, ცხადია, ამ შედეგს მიიღებ.

- სტატისტიკური მონაცემებს თუ გადავხედავთ, რა სურათი გვაქვს?

- ფორმალურად და ოფიციალური სტატისტიკით, საყვედური ნამდვილად არ გვეთქმის, რადგან ინვესტიციების დინამიკა თვალში საცემია. 2022 წელს რეკორდულ ნიშნულს - 2 მილიარდს გადააჭარბა ფულადი მასის შემოდინებამ. ჯამში ყველაფერი ეროვნული ვალუტის კურსის გამყარებაზე მოქმედებს, თანაც გამყარება გაცილებით სწრაფად წავიდა, ვიდრე რეალური ეკონომიკის ზრდა, ორჯერ და მეტად გადაუსწრო. ამას აქვს უდავოდ დადებითი და ასევე უარყოფითი ნიშნებიც და ეს პროცესი დასარეგულირებელია, რათა ეკონომიკური ზრდის ტემპი და დინამიკა არ დავკარგოთ, იმავდროულად კი გვქონდეს მეტი წონა და გავლენა საერთაშორისო ასპარეზზე. საბოლოო ჯამში ქვეყნის ეკონომიკა და მოსახლეობის კეთილდღეობა იმაზეა დამოკიდებული, რამდენად წონადი იქნება ჩვენი წარმომადგენლობა მსოფლიო ბაზარზე.

- სწორედ ეს არის საინტერესო, თუ მსოფლიო ბაზარზე როგორ უნდა ვიყოთ წარმოდგენილი, რუსეთის უკრაინაში ომის გამო შემოსული ფული რამდენად სტაბილური ფაქტორია ეკონომიკის განვითარებისთვის?

- ქვეყნის ეკონომიკური განვითარება მდგრად რეჟიმში, ფაქტობრივად, გაცილებით ადრე გადავიდა, ვიდრე რუსეთი უკრაინაში ომს დაიწყებდა. შეგახსენებთ, რომ 2021 წელსაც გვქონდა სოლიდური ორნიშნა ეკონომიკური ზრდა და ეს ტენდენცია ომის დაწყებამდეც გრძელდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობის კრიტიკა უწყვეტ რეჟიმში გაისმის, მან მაინც მოახერხა მშვიდობის შენარჩუნება, რაც მთავარი ფაქტორი თუ გარემოება გახდა ბიზნესისა და საერთოდ, ეკონომიკური ცხოვრებისთვის. მშვიდობას ალტერნატივა არ გააჩნია, მერე მოდის აღმშენებლობაცა და განვითარებაც, ცხადია, თავისი შეცდომებით, მაგრამ ეს გაცილებით უკეთესი მდგომარეობაა, ვიდრე განადგურების რეჟიმში ყოფნა.

- ეს ზრდა რის ხარჯზეა? არის ეს რეალური სექტორის განვითარება, გრძელვადიან პერსპექტივაზე თუ ვისაუბრებთ?

- რეალური სექტორიც იყო და მომსახურებისა და ვაჭრობის სექტორიც. თუმცა ღირებულებით გამოხატულებას თუ ავიღებთ, დღეს მომსახურების სექტორის წილი ჩვენს ეკონომიკაში გაცილებით მაღალია. თუმცა ამას არსებითი მნიშვნელობა არა აქვს, რადგან ღირებულებითი თეორიისა და ეროვნულ ანგარიშთა სისტემის მიხედვით, აბსოლუტურად არა აქვს მნიშვნელობა, ეროვნული პროდუქტი მომსახურების სექტორში ფორმირდება თუ რეალურში. აქ ერთი მომენტია - მომსახურების სექტორის მოწყვლადობა გაცილებით მაღალია, ვიდრე რეალური სექტორისა. მაგალითად, ზამთრის სეზონზე თუ დიდი ხნის განმავლობაში თოვლი არ მოვიდა, ტურისტული ნაკადი წყდება და აქედან დამატებითი ღირებულების ფორმირება გაცილებით ნაკლებია. რეალურ სექტორში ეს მოწყვლადობა გაცილებით ნაკლებია, მას მულტიპლიკატორული ეფექტი აქვს. მაგალითად, სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამუშავებით მიღებული დამატებითი ღირებულება გაცილებით მაღალია, ვიდრე მომსახურების სექტორისა. ამიტომაც რეალური სექტორი მეტი მდგრადობით გამოირჩევა და საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში სახელმწიფომ მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს მის განვითარებას, თანაც არა ზოგადად, არამედ ისე, რომ ცალკეულ რეგიონებს ამ მიმართულებით სერიოზული წარმატების მიღწევის საშუალება მისცეს. წარსულს ჩაჰბარდა 100-120 წლის წინანდელი პერიოდი, როდესაც ჭიათურის მანგანუმს მსოფლიო ბაზრის 55% ეკავა. დღეს მანგანუმიც თუ მარმარილოც საქართველოში მოიპოვება და ამ მიმართულებით ბუნებრივი რესურსების კომპლექსური ათვისება და წარმოება საკმაოდ პერსპექტიულ მიმართულებად მიმაჩნია. ამიტომაც ეკონომიკური განვითარება უნდა მოდიოდეს არა იმდენად მომსახურებაზე, არამედ ადგილობრივ წარმოებაზე, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სატრანსპორტო ფუნქცია უფრო გაიზრდება. ადგილობრივი წარმოების ანუ რეალური სექტორის განვითარებისთვის საქართველოს კარგი რესურსები აქვს და ამ მიმართულებით მეტი მუშაობაა საჭირო. ცხადია, ეს მოითხოვს მუშახელის სათანადო კვალიფიკაციას, მოითხოვს ტექნოლოგიებს და სწორედ ამაში ინვესტიციებმა გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულოს. ჩვენ გვჭირდება ისეთი ინვესტიციები, რომლებიც მაღალ დამატებით ღირებულებას შექმნის და მოგვცემს საშუალებას, დავასაქმოთ მეტი ადამიანი, ვაწარმოოთ მეტი ღირებულების პროდუქცია და მსოფლიო ბაზარზე რაც შეიძლება ძვირად ღირებული პროდუქციის გატანა შევძლოთ.

- ამბობთ, რომ რეალურ სექტორში კარგი პოტენციალი გვაქვს. დღეს ამ სექტორის განვითარებას რა უშლის ხელს, ბიზნესი ინვესტიციებს აქ რატომ არ დებს?

- ბევრი რამ არის დამოკიდებული მოგების მიღების სიჩქარეზე. მაგალითად, სოფლის მეურნეობაში წრებრუნვა გაცილებით მეტ დროსა და ძალისხმევას მოითხოვს, ვიდრე, მაგალითად, ვაჭრობაში. ამიტომ დროის ფაქტორი ცალსახად მოქმედებს. მშენებლობის სექტორი, საბჭოთა პერიოდთან შედარებით, 3-4-ჯერ დაჩქარდა, იმიტომ, რომ კერძო ბიზნესი ვერ იტანს კაპიტალის დიდი ხნით გაჩერებას, მან მოგება უნდა მოუტანოს მფლობელს, სოფლის მეურნეობაში კი ბიოლოგიური პროცესები მიმდინარეობს და ვერ დააჩქარებ, თანაც რისკებთან არის დაკავშირებული - გვალვასთან, სეტყვასთან და სხვ. ამიტომ შემთხვევითი არ არის, რომ სოფლის მეურნეობა ყველაზე მეტად საჭიროებს ინვესტიციებს, მაგრამ, მასზე სულ ცოტა, 50-ჯერ ნაკლები ინვესტიცია მოდის, ვიდრე ეკონომიკის დანარჩენ სექტორებში.

- ქვეყანაში ბიზნესს არა აქვს რესურსი, რომ ინვესტიცია რეალურ სექტორში, თუნდაც სოფლის მეურნეობაში ჩადოს?

- სტატისტიკის სამსახურისა და ეროვნული ბანკის მონაცემებით, ჩვენი შიდა რესურსების წილი ინვესტიციებში გაცილებით მაღალია, ვიდრე უცხოური ინვესტიციებისა. პროპორცია დაახლოებით 70/30-ზეა. უბრალოდ, უცხოური, ასე ვთქვათ, "სელებრითია" და ამიტომ უფრო ჩანს.

- "სელებრითობის" გამო თუ უცხოეთიდან ერთბაშად შეიძლება უფრო მეტი შემოვიდეს და ამიტომ ჩანდეს?

- უცხოეთიდან შემოდის იქ, სადაც ის ფიქრობს, რომ მისი უკუგება გაცილებით მაღალი იქნება. ჩვენ კი დაბანდებები გვჭირდება ისეთ დარგებში, სადაც შესაძლებელია უკუგება სწრაფი და ასეთი მაღალი არ იყოს. სოფლის მეურნეობა და უძრავი ქონება რომ შევადაროთ, ამ უკანასკნელზე გაცილებით მეტი ინვესტიცია მოდის.

- რეალურ სექტორში ინვესტიციების გასაზრდელად ხომ შეიძლება დამატებითი შეღავათები დაწესდეს ან სხვა საშუალება მოიძებნოს?

- მთავრობას ყოველთვის შეუძლია შეღავათების მიცემა გინდ სექტორულ, გინდ დარგობრივ ჭრილში. მაგალითად, სოფლის მეურნეობისთვის ისეთი შეღავათების დაწესება, რაც წარმოებას გაზრდის, თუნდაც ტექნოლოგიების სახით. ასევე შესაძლებელია შეღავათები საგადასახადო თუ კრედიტების გაცემაში. სასურველია შეიქმნას სპეციალიზებული აგრარული ბანკი, რომელიც შეღავათიან, დაბალპროცენტიან სესხებს გასცემს მხოლოდ და მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო წარმოებისა და პირველადი გადამუშავებისთვის. მთავარია მონდომება და კრეატიულობა და შემდეგ გზები და ფორმები მოიძებნება.

- დღეს არსებული ეკონომიკური მდგომარეობა ხელისუფლებას რის საშუალებას აძლევს და რისი გაკეთება შეიძლება?

- ორი მომენტია - ადამიანები და ბიზნესები რეაგირებენ სტიმულებზე. სტიმულის ერთ-ერთი ფორმაა მაქსიმალურად შეღავათიანი ფისკალური პოლიტიკა, მაგრამ, მეორე მხრივ, ასეთი შეღავათები გულისხმობს გადასახადების შემცირებას, ბიუჯეტის შევსება კი გადასახადებზეა დამოკიდებული. თუ გვინდა ბიუჯეტმა დააფინანსოს ბევრი სოციალური პროგრამა, ინფრასტრუქტურული და სხვა სახის პროექტები, ვერ გადავუკეტავთ არხს, საიდანაც ივსება ანუ გადასახადებს. ამიტომაც, როცა ხელისუფლების წინაშე დგას მიმდინარე ამოცანა, დღეს დაეხმაროს ყველაზე გაჭირვებულ ფენას, მოახდინოს სწრაფი რეაგირება ამა თუ იმ პრობლემაზე, იქნება ეს სტიქია თუ სხვა დაუგეგმავი გამოწვევა, მაშინ ვეღარ ფიქრობ იმაზე, რომ იმ ბიზნესს მისცე შეღავათი, რომელიც შედეგს რამდენიმე წლის შემდეგ მოგიტანს. ყველაფრის მიუხედავად, სტიმულირების ბევრი მექანიზმი არსებობს. თუნდაც გადასახადების შემცირება, მოგების იქნება თუ დღგ და ამით სტიმულს მივცემთ, მაგრამ მერე როგორ შეივსება ბიუჯეტი?

- მხოლოდ მრეწველობისთვის შეიძლება რამე შეღავათის, თუნდაც დროებითის დაწესება, ჯდება თუ არა ეს ევროკავშირის სტანდარტებში და თუ შესაძლებელია, რატომ არ იყენებენ ამ მექანიზმს?

- რა თქმა უნდა, შეიძლება. ყველა დიაგნოზს თავისი წამალი სჭირდება. ეს დაკავშირებულია კონკრეტული პროდუქციისა და კონკრეტული რაიონის განვითარებასთან; ან უცხოელი ინვესტორებისთვის რაღაც ისეთით დაინტერესებასთან, რაც მათ უბიძგებს კაპიტალის საგრძნობი ნაწილი კონკრეტულ სფეროში დააბანდონ.

- რომელი დარგია საქართველოში პერსპექტიული, სად შეიძლება ფულის ჩადება?

- ფულის ჩადება ყველგან შეიძლება. 1980-იანი წლების ბოლოსთვის ჩვენ წარმოების 106 დარგი გვქონდა. ვაწარმოებდით პროდუქციას ელმავლებით დაწყებული, საბაგირო გზების ბაგირებით დამთავრებული. მერე ყველაზე მძიმე დარტყმა სწორედ მრეწველობამ მიიღო. აქ ბევრი რამის აღორძინება შეიძლება, დაწყებული მანქანათმშენებლობით, დასრულებული კვების პროდუქტებით, რაც რეგიონებში ტრადიციებს უკავშირდება. განვითარება ყველა მიმართულებით შეიძლება, მაგრამ რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა სტატისტიკური მონაცემები, რომ ჩვენ მოსახლეობის რიცხოვნობის მიხედვით კლებად რეჟიმში ვართ, ხოლო მოსახლეობა თბილისშია თავმოყრილი ისე, რომ ლამის გადაადგილება შეუძლებელი გახდა. ამიტომ ისევ და ისევ სლოგანის დონეზე შეიძლება თქმა, რომ უნდა წახალისდეს ის ბიზნესი, რომელიც, პირობითად, თავისუფლების მოედნიდან შორს იქნება. რეგიონებში ცხოვრება უნდა იყოს არა მარტო ეგზოტიკური, არამედ ეკონომიკურად მიმზიდველი, რათა ადამიანს იქ საქმიანობა უხაროდეს, შექმნას დოვლათი და თვითონაც ეკონომიკურად კმაყოფილი იყოს.საბჭოთა პერიოდში ქართველი ახალგაზრდები სამუშაოდ ბამზე, ყამირზე მიდიოდნენ, რადგან ეკონომიკური დაინტერესება იყო, და რატომ არ შეიძლება ჩვენც შევქმნათ ისეთი მექანიზმი, რომელიც რეგიონებს დაუბრუნებს მოსახლეობას და ეკონომიკურადაც გაძლიერდება. XIX საუკუნის დასაწყისში რაჭაში 4-ჯერ მეტი ადამიანი ცხოვრობდა, ვიდრე თბილისში, ახლა კი რაჭა ყველაზე ხანდაზმული რეგიონია. არადა, რაჭას დიდი პოტენციალი აქვს. სწორედ ამ მიმართულებით უნდა ვიმუშაოთ, რათა წავახალისოთ და მეტი სტიმული მივცეთ ადგილობრივ წარმოებას და მაშინ დოვლათიც მეტი იქნება და სტრატეგიული და ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებიც გადაწყდება. პრობლემა იმდენად აქტუალურია, რომ ამაზე ხელისუფლებასთან სპეციალისტების მონაწილეობით მუდმივად უნდა იმართებოდეს შეხვედრები, რათა გამოსავალი მოიძებნოს.

რუსა მაჩაიძე