ლიბერთი მცირე მეწარმეობის განვითარებისთვის რეგიონებში - კვირის პალიტრა

ლიბერთი მცირე მეწარმეობის განვითარებისთვის რეგიონებში

ავსტრიის განვითარების სააგენტოსა და Mercy Corps Georgia-ს პროექტი, რომელსაც პარტნიორობას ლიბერთი უწევს, უკვე ერთი წელია მიმდინარეობს და მთელი საქართველოს მასშტაბით ახალგაზრდა ბიზნესმენებისა და ბიზნესით დაინტერესებული 18-დან 35 წლამდე პირებისთვის ფინანსური განათლების ამაღლებასა და მათ ხელშეწყობაზეა ორიენტირებული.

პროექტის ფარგლებში გადამზადდა 700-ზე მეტი ბენეფიციარი, რამდენიმეეტაპიანი კონკურსის შედეგად კი გამოვლინდა 15 გამარჯვებული, რომელთაც ბიზნესის განვითარებისთვის გრანტები გადაეცათ.

არასამთავრობო, კერძო და საჯარო სექტორის ჩართულობით მიმდინარე ერთობლივი პროექტი "ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის" კიდევ ორ წელიწად-ნახევარი გაგრძელდება და ზემოთ აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფებს, მათ შორის ეთნიკურ-რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებს, მაღალმთიანი სოფლების მკვიდრებს, ეკომიგრანტებს, იძულებით გადაადგილებულ და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს საშუალებას მისცემს, მასში მონაწილეობა მიიღონ და თავიანთი შესაძლებლობები გამოავლინონ.

პროექტი ფარავს შემდეგ რეგიონებს: ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, მცხეთა-მთიანეთი და სამცხე-ჯავახეთი.

როგორც ლიბერთიში აცხადებენ, რეგიონის განვითარება, მისი გაძლიერება და მიმზიდველობის ზრდა რთული და ხანგრძლივი პროცესია, მაგრამ ის ძირითადი ღერძია, რომელიც ქვეყნის განვითარებას უდევს საფუძვლად, "ამიტომ ნებისმიერი წვლილი, რომელიც სოფლის განვითარებაში იქნება შეტანილი, ქვეყნის კეთილდღეობისთვის ფასდაუდებელი კაპიტალდაბანდებაა".

კომპანიაში განმარტავენ, რომ რეგიონებიდან ახალგაზრდების მაღალი გადინების პირობებში მათთვის საკუთარი საქმის დასაწყებად ხელშეწყობა ის წინა პირობაა, რომელიც არათუ რეგიონის დატოვების სურვილს გაუქრობს ახალგაზრდებს, არამედ დასარჩენად მიიზიდავს კიდეც მათ.

გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონიალზე ლიბერთის მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორმა ვაჟა მენაბდემ ყველა მონაწილეს მიულოცა პროექტის წარმატებით დასრულება და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა: "მოხარულები ვართ, რომ უკვე მე-8 თვეა, ამ შესანიშნავ პროექტში ვმონაწილეობთ. ჩვენი აზრით, პროექტის ყველა მონაწილე გამარჯვებულია, რადგან მთავარი ის კი არ არის, ვინ მიიღო პრიზი, არამედ მნიშვნელოვანია ის უნარები, რომლებიც სხვადასხვა ტრენინგისა და შეხვედრის შემდეგ შეიძინეს.

ვფიქრობ, სხვადასხვა რეგიონში მცხოვ­რები ახალგაზრდები, რომლებმაც­ პროექტში მიიღეს მონაწილეობა, თავიანთი ბიზნესსაქმიანობით მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ როგორც ეკონომიკაში, ასევე მომავალი განვითარებისთვის ფლაგმანები იქნებიან და ჩვენ მზად ვართ, მომავალშიც ვითანამშრომლოთ მათთან", - განაცხადა ლიბერთის მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორმა ვაჟა მენაბდემ.

პროექტის მომდევნო ეტაპზე დამატებით 15 გამარჯვებული გამოვლინდება, ხოლო საგრანტოდ აკუმულირებული თანხა 1.5 მლნ ლარს შეადგენს.

"ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის" (RDYE) პროექტის დირექტორი უჩა ვარამაშვილი განმარტავს, რომ მათი მიზანია, საქართველოს 4 რეგიონის მასშტაბით ახალგაზრდებს შეუქმნან ახალი შესაძლებლობები და ამ გზით გამოიწვიონ გარკვეული პოზიტიური ეკონომიკური ცვლილებები ადგილზე.

"ეს პროცესი მოიაზრება რამდენიმე კომპონენტის მიწოდებით: პირველი და მნიშვნელოვანი არის ახალგაზრდებისთვის სამეწარმეო კომპეტენციის განვითარება, რომელიც ცოდნის გარდა მოიაზრებს უნარებს, შესაბამის დამოკიდებულებებს, ღირებულებით მიმართებებს და აძლევს ასევე იმის რწმენას, რომ თვითონ შეუძლიათ შეცვალონ რეალობა, გააკეთონ პოზიტიური საქმე როგორც საკუთარი თავისთვის, ისე თემისთვის. ამ პროცესში უნდა ითქვას ასევე, რომ ერთ-ერთი დამატებითი მოტივატორი არის ხოლმე ფინანსური მხარდაჭერის კომპონენტი და გაძლიერებული უნარებისა და ცოდნის ფონზე აღნიშნული მათ ეხმარება, რომ როგორც არსებული საწარმოები ან ბიზნეს- საქმიანობა გააძლიერონ, ასევე წამოიწყონ მათ შორის ახალი ინიციატივები.

პროექტის ფარგლებში გვქონდა ძალიან კარგი შესაძლებლობა, 15 გამარჯვებული გამოგვევლინა, რომელთაც ფინანსურად დავუჭირეთ მხარი. დამატებით კერძო სექტორის წახალისებისთვის სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდმა თავის პარტნიორებთან ერთად მე-16 ბენეფიციარს გაუწია ფინანსური მხარდაჭერა", - განაცხადა უჩა ვარამაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, პროექტის პირველ ფაზაში მონაწილეობა მიიღო 700-ზე მეტმა ბენეფიციარმა, რაც იმას ნიშნავს, რომ წამოწყების მიმართ ინტერესი და ჩართულობა მაღალია.

ლიბერთის მიკრო და მცირე ბიზნესის დაკრედიტების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ხათუნა ჭელიძის განცხადებით, ლიბერთისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა, რომლის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი განათლების ხელშეწყობაა. შესაბამისად, კომპანიამ აღნიშნულ პროექტში აქტიურად ჩართვაც სწორედ ამ მიზნით გადაწყვიტა.

"პროექტში ჩართულობით ჩვენ შევქმენით სპეციალური სატრენინგო მოდული სახელწოდებით "ფინანსური წიგნიერების ამაღლება", რომლითაც შევეცადეთ საბაზისო დონეზე უნარ-ჩვევები გვესწავლებინა ბენეფიციარებისთვის. დასაწყისში ტრენინგი ჩავუტარეთ Mერცყ ჩორპს-ის შერჩეულ ტრენერებს და შემდეგ უკვე ჩავერთეთ ინტენსიური გადამზადების პროგრამაში.

საინტერესო იყო რამდენიმე საკვანძო საკითხი: ერთი მხრივ, საბაზისო უნარების გადაცემით შევეცადეთ, ყველა მონაწილისთვის გვესწავლებინა, რას უნდა მიაქციონ ყურადღება, როდესაც დასჭირდებათ ფინანსური სექტორის მხარდაჭერა, ეს იქნება საბანკო სფერო თუ ნებისმიერი ფინანსური ინსტიტუტი და რა უნდა იცოდნენ იმ პროდუქტებისა და მომსახურების შესახებ, რომლითაც შეძლებენ, თავიანთი ბიზნესიდეების განხორციელების დროს ყველა შესაძლო რისკი მინიმუმამდე დაიყვანონ. შევეხეთ, ორმხრივი პასუხისმგებლობის საკითხსაც, ერთის მხრივ, ფინანსური ინსტიტუტის პასუხისმგებლობა და უფრო მეტიც, ვალდეულებაა, რომ მომხმარებელს, მის საჭიროებებზე და შესაძლებლობებზე მორგებული პროდუქტი შესთავაზოს და მეორეს მხრივ, მომხმარებლების პასუხისმგებლობაა, მიზნობრივად სწორად გახარჯოს ფინანსური რესურსი, იქნება ეს სესხი, თუ გრანტის სახით მოპოვებული თანხა, რათა შეძლონ ბიზნესის გაფართოება და საბოლოო ჯამში, შემოსავლების ზრდა" განმარტა ხათუნა ჭელიძემ.

liberty-1-1680511935.jpg
ხათუნა ჭელიძე და უჩა ვარამაშვილი სტუმრად გადაცემაში „საქმე“

როგორ არის შესაძლებელი პროექტში მონაწილეობის მიღება?

როგორც პროექტის დირექტორი უჩა ვარამაშვილი განმარტავს, პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლია ოთხივე რეგიონში მცხოვრებ ბიზნესით დაინტერესებულ ახალგაზრდებს, რისთვისაც მათ ლიბერთის "ფეისბუქგვერდზე" მოცემული მარტივი ფორმა უნდა შეავსონ. პროექტის წარმომადგენლები დაინტერესებულ პირებს თავად დაუკავშირდებიან.

მისივე თქმით, პროექტი სხვადასხვა საქმიანობის სფეროს ითვალისწინებს, მათ შორის: სოფლის მეურნეობას, ტურიზმს, ინოვაციებს, წარმოებას და სხვა.

"ვცდილობთ, მაქსიმალურად მოვერგოთ იმ ინიციატივებს, რაც ახალგაზრდებისგან მოდის და განსაკუთრებულად წავახალისოთ მათი განვითარების პროცესი. თუნდაც ერთი შექმნილი პრეცედენტი, რომ ადგილზე გამოვიდა რაღაც და ვითარდება, სხვა ადგილობრივებისთვის და არამარტო, ინსპირაციის წყარო ხდება ხოლმე", - განმარტა უჩა ვარამაშვილმა.

რა სამომავლო გეგმები აქვს ლიბერთის და როგორ გააგრძელებს ის განათლების ხელშეწყობას?

ლიბერთის მიკრო და მცირე ბიზნესის დაკრედიტების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ხათუნა ჭელიძის ინფორმაციით, კომპანიას საქართველოს მასშტაბით ყველაზე დიდი ქსელი აქვს, რაც მოსახლეობამდე ინფორმაციისა და სერვისის სწრაფად და მარტივად მიტანაში ეხმარება. მისი თქმით, პროექტის მონაწილე ყველა ბენეფიციარს საშუალება ექნება, საკუთარ რეგიონში ლიბერთის წარმომადგენლებისგან ფინანსური რჩევები მიიღონ, რაც ბიზნესის სწორად განვითარებაში დაეხმარებათ.

"ჩვენი ამ პროექტში ჩართულობის ინტერესი გამოიწვია იმან, რომ ლიბერთიში ჩვენი მიმართულების უმთავრესი სეგმენტი მცირე მეწარმეები არიან, რომელთაც ძალიან სჭირდებათ არამხოლოდ ფინანსურ რესურსებზე წვდომა, არამედ რჩევები და კონსულტაციები, ფინანსურ თემებზე. შესაბამისად, ჩვენი კორპორატიული სოციალური პასუხსიმგებლობის ფარგლებში, ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ ფინანსური წიგნიერების ამაღლების კუთხით მუშაობა", - აღნიშნა მან.ლიბერთი პროექტის ბოლომდე რჩება მისი პარტნიორი. ასევე, განათლების ხელშეწყობისა და ბიზნესის განვითარებისთვის აგრძელებს მოსახლეობისთვის სხვადასხვა საინტერესო პროდუქტისა და პროექტის შეთავაზებას.

(R)