"გაზაფხულის ეფექტი" უკრაინის ომში - კვირის პალიტრა

"გაზაფხულის ეფექტი" უკრაინის ომში

ოფიციალური კიევის განცხადებით, უკრაინის შეიარაღებული ძალები კონტრშეტევისთვის ემზადებიან, რუსულ ძალებს კი დიდი დანაკარგი აქვთ. როგორც სამხედრო ექსპერტები ამბობდნენ, თუ როგორ წარიმართება ომი, ამის შეფასება გაზაფხულზე იქნებოდა შესაძლებელი. რა რესურსი დარჩა რუსეთს და რა შეიძლება უკრაინამ დაუპირისპიროს, ამის შესახებ გენერალ-მაიორი, სამხედრო მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი ვახტანგ კაპანაძე გვესაუბრა:

- გაზაფხული აგვიანებს, ზამთარი გრძელდება და მის ეფექტზე მსჯელობა აპრილის მიწურულისკენ უფრო უპრიანი იქნება. თუმცა თუ უკრაინას საკმარისი რესურსი ექნება, წინასწარი სურათის დანახვა შესაძლებელი იქნება. ამჯერად იმის თქმა შეიძლება, რომ პოზიციური ბრძოლები გრძელდება, უკრაინა ბახმუტს არ თმობს. რუსები განაგრძობენ ბახმუტზე შეტევას, აქცენტი ქალაქის სამხრეთით და ჩრდილოეთით, კუპანსკისა და ავდეევკის მიმართულებებზე გადაიტანეს. ბრძოლები უკვე ბახმუტის ცენტრშია. ქალაქის დაახლოებით 75%-ს, ალბათ, რუსები აკონტრ­ოლებენ, ქალაქის ჩრდილოეთით მდებარე ქარხნები აიღეს. ამჟამად ბრძოლები ხორცის გადამმუშავებელ ქარხანასთან მიმდინარეობს. პასუხად უკრაინელებმა ააფეთქეს ადმინისტრაციის შენობა, უკან დაიხიეს და ცენტრალურ ბაზართან გამაგრდნენ. ასეა თუ ისე, ფაქტი ასეთია - თითქმის ნახევარწლიანი ცდის მიუხედავად, რუსებმა ბახმუტი ვერ აიღეს. ამ ქალაქს არავითარი სამხედრო დატვირთვა არა აქვს. ის მნიშვნელოვანი იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ იზიუმს რუსები გააკონტროლებდნენ, მაშინ სლავიანკსი-კრამატორსკის ალყაში მოქცევა შესაძლებელი იქნებოდა. ახლა კი რუსებმა ბახმუტი რომ წაიღონ, სამხრეთიდან ბევრად ძლიერად მომზადებულ რაიონს შუბლით უნდა დაეჯახონ. ასე რომ, მათთვის ბახმუტს სიმბოლური მნიშვნელობა ჰქონდა, ამდენი მარცხისა და მსხვერპლის შემდეგ შიდა აუდიტორიისთვის წარმატების წარმოსაჩენად სჭირდებოდათ. იმდენი თვეა ბახმუტს ეჯაჯგურებიან, თან იმხელა ძალითა და რესურსით, კიდევაც რომ აიღონ, გამარჯვებაში ვეღარ ჩაეთვლებათ დიდი ადამიანური და სამხედრო რესურსის დანაკარგის გამო. ამიტომ ცდილობენ სხვა მიმართულებაზე შეტევას, იქნებ რამე გამოუვიდეთ.

ახლა უკრაინისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია "სწორი იარაღის" დროულად მიღება. მაინც იმ აზრზე ვარ, რომ უკრაინელები რუსებს ამ პოზიციურ დაპირისპირებაში რომ არ ჩაჰყოლოდნენ, ზაპოროჟიეს მიმართულებით მაინც დარტყმითი დაჯგუფების შექმნას შეძლებდნენ. ახლა მთელი რესურსი ბახმუტის დაცვისკენ არის მიმართული. რუსეთი ფრონტის ხაზის გაფართოებას ცდილობს, რათა უკრაინელებმა ძალების კონცენტრაცია ვერ შეძლონ.

- უკრაინელი სამხედროების თქმით, კონტრშეტევისთვის აუცილებელია ამინდის შეცვლა და საჭირო იარაღი. რატომ ვერ მოხერხდა აქამდე იარაღის მიწოდება?

- ამინდს მართლაც დიდი მნიშვნელობა აქვს, მეტი გასაქანი ექნებათ. უეცრად­ დაეცა ტემპერატურა, თოვლი მოვიდა, მაგ­რამ აპრილის შუა რიცხვებისთვის, როდესაც დათბება, მანევრირება უფრო გაუადვილდებათ. თუმცა ამინდსა და სამხედრო ტექნიკასთან ერთად სჭირდებათ გადამზადებული ადამიანური რესურსი და მზადდება კიდეც რამდენიმე დანაყოფი დასავლეთში. რაც შეეხება სამხედრო ტექნიკას, ასე ნაწილ-ნაწილ მიწოდებული ისეთი ეფექტური ვერ იქნება. ჯავშანტექნიკის რაღაც ნაწილი მიიღეს გერმანიიდან, პორტუგალიიდან, ნორვეგიიდან, მაგრამ საჭიროა ამ ტექნიკის აკუმულირება, რათა ერთიანი დარტყმითი მუშტის შექმნა შეძლონ. რაც ახლა მიიღეს, არ არის ის რაოდენობა, რაც მათ სრულფასოვნად მოქმედების შესაძლებლობას მისცემს. არსებული მონაცემებით, რუსულ სატანკო ბატალიონზე ოდნავ მეტი და ამერიკულზე ოდნავ ნაკლები ტანკები მიიღეს, უფრო ზუსტად, ერთი ბატალიონი და მექანიზებული ბატალიონისთვის საჭირო ჯავშანტექნიკა და ქვეითთა საბრძოლო მანქანები, მაგრამ საკმარისი არ არის. დაპირებები არის და იმედია, კიდევ მიაწვდიან, მაგრამ სასურველია ეს დროულად მოხდეს, რადგან ჯავშანტექნიკას საარტილერიო მხარდაჭერაც სჭირდება და საჰაეროც. ჭურვების რაოდენობით ჯერ უპირატესობა რუსეთს აქვს - დღე-ღამეში 17-დან 20 ათასამდე ჭურვს ისვრის, უკრაინელები კი 5-დან 7 ათასამდე. სულ მცირე, თანაბარი რაოდენობა მაინც უნდა ჰქონდეთ, რომ შეტევაზე გადავიდნენ. ასევე საჭიროა სამხედრო მოიერიშეები და ავიაგამანადგურებლები, რომელთაც კი აწვდიან, მაგრამ არ კმარა.

- რუსეთი ჯერ კიდევ თავისი არსენალით­ იბრძვის თუ სხვადასხვა ქვეყნისგან ფარულად იღებს დახმარებას?

- თავისი რესურსიც აქვს და სხვა ქვეყნებთანაც ახერხებს მანიპულაციებს. ადამიანური რესურსი, ჯერ აქვს. რამდენიმე ხნის წინ საგაზაფხულო გაწვევაც გამოცხადდა, აპრილში დაახლოებით 147 ათასამდე კაცი უნდა გაიწვიონ. კი ამბობენ, ძალით არავინ მიგვყავს და რეზერვის მობილიზება მხოლოდ ნებაყოფლობითიაო, მაგრამ ზედიზედ იხსნება საკონტრაქტო პუნქტები, რათა სხვადასხვა ფორმით, რაც შეიძლება მეტი გაიწვიონ. სამეცნიერო და სპორტული დანაყოფების აღდგენასაც აპირებენ. ამასთან, "ვაგნერის" სამხედრო დაჯგუფებამ დაიწყო სპორტსმენებში კონტრაქტორების მიზიდვა და მოგროვება. ახალი ინიციატივაც წამოაყენეს - კონტრაქტორი ყოველ დაკავებულ კილომეტრზე 650 დოლარს აიღებს ბონუსად, რასაც გადაუხდიან თუ არა, არავინ იცის, მაგრამ ხალხის მისაზიდად იყენებენ.

რუსეთში უსახლკარო და ღარიბი სეგმენტი არ გამოილევა, ამ ე.წ. სპეცოპერაციაში მონაწილეობა მათთვის ქუჩაში ცხოვრების ალტერნატივაა. ასე რომ, ჯერჯერობით ცოცხალ ძალას საკმარისად აგროვებენ.

რაც შეეხება სამხედრო ტექნიკას, ის, რომ ბრძოლის ველზე თავდაცვისთვის თ-54 და თ-55-ები გამოჩნდა, მიანიშნებს, რომ თანამედროვე ტანკების წარმოება, გარემონტება და უკან დაბრუნება უჭირთ. რუსები აქტიურად იყენებენ მარაგებსაც. ამასთან, როგორც ვიცი, ჩრდილოეთ კორეას სურსათში უცვლიან საბრძოლო მასალას. აღჭურვილობას იღებენ ირანიდან და, დიდი ალბათობით, ინდოეთიდანაც.

- რუსეთმა დრონებზე მუშაობა გაააქტიურა. საუბარია, რომ თავადაც დაიწყებს მის წარმოებას.

- დიახ, ის დრონებს, მათ შორის ირანულ "შაჰიდებს", აქტიურად იყენებდა, თავადაც აქვს სადაზვერვო დრონები. მისი წარმოება ძნელი არ არის, ელექტროცეცხლის მართვის სისტემებისგან განსხვავებით, რომელთა წარმოებას, დიდი ალბათობით, ვერ შეძლებს, არა აქვს რესურსი. თუმცა რომც შეძლონ, ომში დრონი ისეთი გარდამტეხი ვერ იქნება, როგორც მთიან ყარაბაღში იყო, რადგან უკრაინას რადიოელექტრონული და ჰაერსაწინააღმდეგო ბრძოლის კარგი საშუალებები აქვს. საუბარია ჩინური ნახევარფაბრიკატების გამოყენებაზეც, რომელთაც რუსეთში დაასრულებენ.

ჩინურ დრონებს უკრაინაც იყენებს, ყირიმში დაბომბვებისთვის სწორედ ისინი გამოიყენეს. ასე რომ, ყოველთვის არსებობს მესამე თუ მეოთხე ქვეყანა, სადაც მათი შეძენა შეიძლება. რუსეთისთვის რეალისტური სამოქმედო გეგმაა როგორმე ამ ომიდან გამარჯვებული გამოვიდეს, მაგრამ მაქსიმუმი, რაც შეიძლება მისი რესურსებით შეძლოს, უკვე ოკუპირებული ტერიტორიების შენარჩუნებაა. მეტისთვის თავად იციან, რომ მზად არ არიან.

უკრაინისთვის ამ ეტაპზე უახლოესი სტრატეგიული ამოცანა უნდა იყოს აზოვის­ ზღვაზე გასვლა, ხერსონისა და ზაპოროჟიეს დაბრუნება, ანუ 2014 წლამდელი ვითარების აღდგენა. შემდგომში რა იქნება, ეს უკვე მსოფლიოს მხარდაჭერაზეა დამოკიდებული. ალბათ, მიდის გაცხარებული მსჯელობა, ადამიანური და მატერიალური თვალსაზრისით რა ფასი ექნება უკრაინის გამარჯვებას, ასევე, რა ეღირება რუსეთის დამარცხება. ახლა მთავარია, უკრაინამ გაიმარჯვოს და შემდეგ მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა უფრო ადვილი იქნება.

გახანგრძლივებული ომი დასავლეთს არ აწყობს. ავსტრიის პარლამენტში ვოლოდიმირ ზელენსკის გამოსვლისას ვიღაცებმა დარბაზი დატოვეს, ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მანიფესტაციები დაიწყო. რამდენიმე ქვეყანაში არჩევნები იწყება და რუსეთში, ალბათ, იმედოვნებენ, რომ რამდენიმეში შესაძლოა ისეთი ხელისუფლება მოვიდეს, რომელიც უფრო დამყოლი იქნება და უკრაინას როგორმე მოლაპარაკების მაგიდასთან დასვამს, მანამდე კი რუსეთი ცდილობს რაც შეიძლება მეტი ტერიტორია დაიპყროს, უკრაინა კი ოკუპირებული მიწების გასათავისუფლებლად იბრძვის.

- ალექსანდრ ლუკაშენკოს განცხადებით,­ ის მხარს უჭერს ბელარუსში ტაქტიკურ­-ბირთვული იარაღის განთავსებას. ამ გადაწყვეტილებით­ რუსეთი ცდილობს დასავლეთთან კვლავაც მუქარით ისაუბროს და თავის ხალხსაც დაანახოს, რომ სამეზობლო პოლიტიკაში ჯერ კიდევ მთავარი მოთამაშეა?

- დიახ, ორივე ფაქტორი მოქმედებს­ - პუტინი და მისი გუნდი მსოფლიოს აჩვენებენ, რომ უკრაინაში ომისა და ნატოს გაფართოების პარალელურად არც თავად სხედან გულხელდაკრეფილი. ძალიან აბრაზებთ შვედეთისა და განსაკუთრებით ფინეთის ალიანსში გაწევრება და რაღაცა ხომ უნდა დაუპირისპიროს?.. გარდა ამისა, ამ ნაბიჯით საბოლოოდ მიიბა ბელარუსი და ის ნატოს ქვეყნების სამხედრო სამიზნეში მოახვედრა. თუ მანამდე რუს მოსახლეობას უკიჟინებდნენ ნატოს საფრთხეზე, ახლა იმავე იდეოლოგიას ბელარუსებსაც მოახვევენ თავს. მოკლედ, ლუკაშენკო მზად არის პუტინს საფლავში ჩაჰყვეს.

რუსეთის გადაწყვეტილების კიდევ ერთი საფუძველი ევროპელების შეშინებაა­ - ხომ ხედავთ, რა ახლოს, მოგიტანეთ ბირთვული იარაღი. ეს უკრაინისთვის თქვენი ხელისუფლებების ერთსულოვანმა მხარდაჭერამ განაპირობა და ახლა თავად მიხვდით, ხვალ-ზეგ რა შეიძლება მოხდესო. რუსეთი ცდილობს ევროპის მოსახლეობაზე ფსიქოლოგიური ზეწოლა ტაქტიკური იარაღითაც გააძლიეროს. რუსეთი ამას გააკეთებს, მაგრამ რამდენად ექნება მისი გამოყენების თავი ან შესაძლებლობა, სხვა საკითხია.

თუ რუსეთი ხლართავს ვერაგულ გეგმებს, არც დასავლეთი უყურებს ამას მშვიდად - უკრაინა 95%-ით დასავლეთზეა დამოკიდებული, ჯერჯერობით, მსოფლიო ლიდერების მხარდაჭერა ურყევია. ამიტომაც არის, რომ რუსეთი კედლებს აწყდება შინ თუ გარეთ, ადამიანურ რესურსს არ ზოგავს, ხან ჩინეთს ეფლირტავება, ხან ირანს და არც ჩრდილოეთ კორეასთან თაკილობს საერთო ინტერესების პოვნას. მთავარია, დასავლეთმა ეს ერთობა შეინარჩუნოს და ჩამოყალიბდეს, რა ფორმით დაამარცხებს რუსეთს.