"9 აპრილს მთელი საქართველოდან შევიკრიბოთ და ვუთხრათ - არა ბიძინა ივანიშვილს, არა რუსულ მთავრობას" - კვირის პალიტრა

"9 აპრილს მთელი საქართველოდან შევიკრიბოთ და ვუთხრათ - არა ბიძინა ივანიშვილს, არა რუსულ მთავრობას"

მნიშვნელოვანია, 9 აპრილს, 17:00 საათზე, მთელი საქართველოდან შევიკრიბოთ და ვუთხრათ - არა ბიძინა ივანიშვილს, არა რუსულ მთავრობას, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ქუთაისში, 9 აპრილის აქციის კამპანიის ფარგლებში გამართულ აქციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი არის რუსი ოლიგარქი, რომელსაც ქუთაისი სძულს.

"ჩემო მეგობრებო, ვინ თუ არა თქვენ, ყველაზე კარგად იცით, ვინ არის ბოროტი, რუსი ოლიგარქი, რომელსაც არ უყვარს საკუთარი ქვეყანა, რომელსაც არ უყვარს საკუთარი ხალხი, რომელსაც არ უყვარს საკუთარი ქალაქები, რომელსაც არ უყვარს პატრიოტი ხალხი. ვინ თუ არა თქვენ, ყველაზე კარგად იცით, რომ ბიძინა ივანიშვილს დიახ, სძულს ქალაქი ქუთაისი, წინააღმდეგ შემთხვევაში, საპარლამენტო ქალაქს, რეგიონული მნიშვნელობის ქალაქს როგორ წაართმევდა პარლამენტს, როგორ იტყოდა, რომ იქ არ უნდა იყოს არცერთი ადმინისტრაციული შენობა, როგორ შეიძლება, რომ ქუთაისელებისთვის წაერთვა შესაძლებლობა, განვითარება“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

მან ასევე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე ისაუბრა და მოსახლეობას 9 აპრილის აქციაზე მისვლისკენ მოუწოდა.

"არ შემიძლია არ ვთქვა, პუტინის პირადი ტყვეა, პრეზიდენტი სააკაშვილი. ვინ წუხს მის ჯანმრთელობაზე? საფრანგეთის პრეზიდენტი, უკრაინის პრეზიდენტი, 27ქვეყანა ევროკავშირის. მნიშვნელოვანია, 9 აპრილს, 17:00 საათზე, მთელი საქართველოდან შევიკრიბოთ და ვუთხრათ - არა ბიძინა ივანიშვილს, არა რუსულ მთავრობას“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ინფორმაციას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.

"ინტერპრესნიუსი"