ომში "დაჭკვიანებული" ბომბებიც ერთვებიან - კვირის პალიტრა

ომში "დაჭკვიანებული" ბომბებიც ერთვებიან

ომი მხოლოდ მოწინააღმდეგე მხარეების სამკვდრო-სასიცოცხლო დაპირისპირება როდია, ომში ერთმანეთს შეიარაღების სხვადასხვა სახეობა და ტიპებიც "ეჯიბრებიან". მაგალითად, ჭურვისა და ჯავშნის ორთაბრძოლის ისტორია უკვე მესამე საუკუნეს ითვლის, ხოლო საზენიტო საშუალებებისა და საფრენი აპარატების დაპირისპირება კი ას წელზე მეტია გრძელდება.

რუსეთ-უკრაინის ომმა, რომელიც მეორე წელია მიმდინარეობს, ერთი ძალზე საინტერესო და მნიშვნელოვანი რეალობა გამოაჩინა - საჰაერო თავდაცვა ჯერჯერობით ჯაბნის ავიაციას და ამ უკანასკნელს უკრაინის ცაში, მათ შორის ფრონტის ხაზის თავზე, თავისუფლად "განავარდების" საშუალებას არ აძლევს.

1-ლი აპრილის ჩათვლით, ომის დაწყების შემდგომ, უკრაინის ციდან ჩამოგდებულია (რაც ფოტოვიდეომასალითაა დადასტურებული) 78 რუსული სამხედრო თვითმფრინავი, 80 შვეულმფრენი და 207 უპილოტო საფრენი აპარატი. უკრაინის ავიაციამ კი ამავე პერიოდში დაკარგა 62 თვითმფრინავი, 30 შვეულმფრენი და 93 დრონი.

მებრძოლი მხარეების ავიაციის რეალური დანაკარგი, სავარაუდოდ, ცოტათი მეტია, რადგან ყველა ჩამოგდებული თვითმფრინავისა და მით უმეტეს, დრონისთვის არ გადაუღიათ ფოტო ან ჯერ არ აუტვირთავთ ინტერნეტში, მაგრამ მიუხედავად ამისა, არ შეიძლება ჩაითვალოს, რომ გინდ რუსულ და გინდ უკრაინულ ავიაციას ძალიან დიდი საბრძოლო დანაკარგი აქვთ 13-თვიანი ფართომასშტაბიანი და ინტენსიური საბრძოლო მოქმედებების შედეგად. გავიხსენოთ, აგვისტოს ომის სულ სამ-ოთხ დღეში რუსებმა ქართულ ცაში ექვსი საბრძოლო თვითმფრინავი დაკარგეს, სამი კი ისე დაზიანდა, რომ აღდგენას აღარ დაექვემდებარა.

რას უნდა მოასწავებდეს ეს ციფრები? იმას, რომ საჰაერო თავდაცვის სიძლიერის გამო ორივე მხარე ერიდება უკრაინის ცაში ავიაციის ინტენსიურად გამოყენებას, მით უმეტეს, დიდ სიმაღლეებზე.

რუსი ოკუპანტები ფრონტის ხაზიდან ღრმა ზურგში უკრაინული ქალაქებისა და ინფრასტრუქტურის დასაბომბად მხოლოდ ფრეგატებიდან, წყალქვეშა ნავებიდან და სტრატეგიული ბომბდამშენებიდან გაშვებულ ფრთოსან რაკეტებს იყენებენ, რომლებიც სტარტს უკრაინის ტერიტორიიდან ასეულობით კმ-ის დაშორებიდან იღებენ, ისევე როგორც კამიკაძე-დრონებისა და ბალისტიკური რაკეტები.

samx2-1680448587.jpg
რუსული პლანირებადი საავიაციო ბომბი, რომლის გამოყენება რუსმა ოკუპანტებმა ამ წელს დაიწყეს უკრაინის ფრონტის ახლო სიღრმეში, რადგან საბჭოურ უმართავ ფუგასურ საავიაციო ბომბ ФАБ-500 М62-ზე ნახევრად კუსტარულად დამაგრებული გასაშლელი ფრთები მას მხოლოდ 15 კმ-ზე ფრენის საშუალებას აძლევს

რუსეთის გენშტაბი ვეღარ ბედავს უკრაინის ტერიტორიის სიღრმეში პილოტირებული ავიაციის გაგზავნას, რადგან მათი ჩამოგდებისა და რუსი მფრინავების დაღუპვის ან ტყვედ აყვანის ალბათობა ძალზე მაღალია, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც დასავლეთმა დიდი ყოყმანის შემდგომ, ბოლოს და ბოლოს მაინც დაიწყო უკრაინელებისთვის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების (მათ შორის თანამედროვე ტიპების) მიწოდება.

უკრაინის ღრმა ზურგში მშვიდობიან ქალაქებზე მასირებული საჰაერო იერიშების მიტანა რუსებს კი შეუძლიათ ირანული კამიკაძე-დრონებით, მაგრამ იგივე ტაქტიკა უშუალოდ ფრონტის ხაზზე ან მის ახლო ზურგში არაეფექტურია. იქ მცირე სამხედრო ობიექტის უზუსტესი დარტყმით განადგურებაა საჭირო, რაც მხოლოდ მართვადი საავიაციო დაზიანებების საშუალებებით, რაკეტებითა და ბომბებითაა შესაძლებელი, თანაც ისე, რომ რაკეტის გამშვები ან ბომბის ჩამომგდები თვითმფრინავი მოწინააღმდეგის საჰაერო თავდაცვის მოქმედების ზონაში არ შევიდეს.

რუსული ავიაცია ისედაც იყენებს მარ­თვად საავიაციო რაკეტებს ფრონტის ხაზზე, მაგრამ ეს ძალზე ძვირად ღირებული სიამოვნებაა, მით უმეტეს, იმ რუსეთისთვის, რომელსაც მრავალმხრივი სანქციები აქვს დაწესებული და უჭირს ელექტრონული დეტალების (რომლებიც აუცილებელია რაკეტების სამართავი რადიოელექტრონული აპარატურის დასამზადებლად) დიდი პარტიების შეძენა დასავლეთში.

რუსმა სამხედროებმა შედარებით ადვილი გამოსავლის გამოძებნა დაიწყეს და ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან უხვად შემორჩენილ უმართავ საავიაციო ბომბებზე გასაშლელი ფრთების კონსტრუქცია დაამონტაჟეს, რის შემდეგაც ეს 500 კგ-იანი ბომბი თვითმფრინავის პილონიდან ჩამოგდებისას ქვასავით კი არ ეშვება მიწისკენ, არამედ გაშლილი ფრთების მეოხებით რამდენიმე ათეულ კმ-ზე პლანირებს, ჯი-პი-ესის ან "გლონასის" გლობალური სანავიგაციო თანამგზავრული სისტემის საშუალებით იმართება და მიზანს რამდენიმე მეტრის სიზუსტით ხვდება. ეს მაშინ, როცა უმართავი იგივე ნახევარტონიანი საავიაციო ბომბი ჩამოგდების შემდეგ მიზნიდან ასიოდე მეტრშიც თუ აფეთქდა, მფრინავს შეაქებენ ზუსტი დაბომბვისთვის.

samx3-1680448587.jpg

რაკეტა-ბომბის "ნაჯვარი" GLSDB-ების მასობრივად გამოყენება უკრაინელებისთვის უფრო მომგებიანი იქნებოდა, რადგან ის არ მოითხოვს თვითმფრინავების ჩართვას - მისი გაშვება შეიძლება "ჰაიმარსების" მობილური სარაკეტო დანადგარიდან

საბჭოური უმართავი ბომბები მათი "დაჭკვიანების" ანუ გასაშლელი ფრთებისა და მართვის სისტემის დაყენების შემდეგ უხეშად გამოჩორკნილის შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ დიდ ზიანს აყენებენ უკრაინელებს, რადგან რუსი პილოტები ასეთ ბომბებს ფრონტის ხაზიდან ან უკრაინის საზღვრიდან მოშორებით აგდებენ და არ შედიან უკრაინელების საზენიტო რაკეტების მოქმედების ზონაში. სამაგიეროდ, "დაჭკვიანებული" და "ფრთებასხმული" ნახევარტონიანი ბომბი 15 კმ-ზე მაინც პლანირებს ჰაერში და მიზანთან ძალიან ახლოს ვარდება.

დროში დაემთხვა, რომ უკრაინელებმაც, თავის მხრივ, დაიწყეს ანალოგიური პლანირებადი საავიაციო ბომბების გამოყენება, ოღონდ არა ნახევრად კუსტარულების, არამედ პენტაგონის მიწოდებული JDAM-ER-ების.

JDAM-ER მაღალი სიზუსტის პლანირებადი საავიაციო ბომბია, რომელიც კონსტრუირებულია ამერიკულ უმართავ საავიაციო ბომბებზე მართვადი კომპლექტის დაყენებით და მოიცავს GPS-სა და მართვის ორგანოებს, გასაშლელი ფრთების ჩათვლით.

10-12 კმ სიმაღლეზე და 1 000 კმ/სთ სიჩქარით მფრენი თვითმფრინავიდან ასეთი "მოჭკვიანებული" ბომბის ჩამოგდებისას მან შეიძლება 70-72 კმ მანძილი დაფაროს და მიზანს ათიოდე მეტრის სიზუსტით მოხვდეს, რაც უკრაინელებს კარგ საშუალებას მისცემს რუსი ოკუპანტების მნიშვნელოვანი ობიექტები ზუსტად დააზიანონ ფრონტის ხაზის ახლო ზურგში, რადგან უსაფრთხოებიდან გამომდინარე უკრაინელი პილოტები ფრონტის ხაზს 40-50 კმ-ზე ახლოს ვერ მიუახლოვდებიან. თუმცა არც ამ მანძილის დაცვაა გარანტია, რადგან რუსები მოდერნიზებული გამანადგურებლებიდან იყენებენ შორმფრენ "ჰაერი-ჰაერი" კლასის მართვად რაკეტებს, რომლებსაც საჰაერო სამიზნის ჩამოგდება 200 კმ-ზეც შეუძლიათ, მით უმეტეს, თუკი უკრაინული Миг-ი 10 კმ სიმაღლეზე ავა "ჭკვიანი" ბომბის რაც შეიძლება შორ მანძილზე "სატყორცნად".

შესაბამისად, თუკი უკრაინელმა მფრინავებმა ამ ამერიკული მართვადი პლანირებადი ბომბების ჩამოგდება ბევრად დაბალი სიმაღლეებიდან დაიწყეს, რათა რუსების რადიოლოკატორებმა ადრეულად არ აღმოაჩინონ, მაშინ JDAM-ER-ები ბევრად ნაკლებ მანძილზე, შეიძლება 30-40 კმ-ზე თუ იფრენენ.

JDAM-ER-ებს მასობრივად გამოყენების შემთხვევაში უკრაინელებმა შეიძლება "ჰაიმარსების" საბრძოლო გამოყენების წარმატებას გადააჭარბონ, რადგან თუკი "ჰაიმარსის" მართვად რაკეტაში მხოლოდ 90 კგ ასაფეთქებელი ნივთიერებაა, "დაჭკვიანებული" საავიაციო ბომბი იმავე სიზუსტით სამიზნეს 240 კგ ტროტილისა და ჰექსოგენის ნარევით "ესტუმრება".

მაგრამ აქაც არის ერთი უმთავრესი ნიუანსი - JDAM-ER-ების აქტიურად გამოსაყენებლად უკრაინელებს სჭირდებათ საბრძოლო თვითმფრინავები, რომელთა კატასტროფულ სიმცირეს განიცდიან და არც დასავლეთი იკლავს თავს მათთვის ამ შეიარაღების მისაწოდებლად.

ამასთან, თვითმფრინავების ჩამოგდება ან აეროდრომზე განადგურება ბევრად ადვილია საჰაერო დაზვერვისთვის, ვიდრე სამხიდიანი "ჰაიმარსის" აღმოჩენა ტყეში თუ ქალაქის ქუჩებში. შესაბამისად, უკრაინელებს ძალზე წაადგებოდათ რაკეტა-ბომბის "ნაჯვარი" GLSDB.

ამერიკელმა და შვედმა ინჟინრებმა საინტერესო გამოსავალს მიაგნეს - მათ აიღეს "ჰაიმარსის" 227 მმ კალიბრის რაკეტის სამარშო-სარაკეტო ძრავა, მასზე დაამაგრეს პლანირებადი საავიაციო ბომბი GBU-39 და ამ სიმბიოზს უწოდეს GLSDB - ხმელეთიდან გასაშვები მცირე დიამეტრის ბომბი.

რაკეტის ძრავისა და საავიაციო ბომბის "ნაჯვარი" სტარტს "ჰაიმარსის" დანადგარიდან იღებს, განსაზღვრული სიმაღლის მიღწევის შემდეგ 130 კგ-იანი ბომბი შორდება სარაკეტო ძრავას, ხსნის ორიგინალური კონსტრუქციის ფრთებს და იწყებს პლანირებას უძრავი მიზნისკენ, საითაც გზას GPS-ის დახმარებით იკვლევს. არსებობს ამ ბომბის გაუმჯობესებული ვარიანტებიც, რომლებიც აღჭურვილი არიან ინფრაწითელი და აქტიური რადიოლოკაციური დამიზნების სისტემებითაც, რაც უკვე მოძრავი სამიზნის დიდი სიზუსტით დაზიანების საშუალებასაც იძლევა.

ამ პლანირებადი საავიაციო ბომბის ჩვეულებრივი ვარიანტი, რომელიც ძალიან დიდი რაოდენობითაა დამზადებული, მხოლოდ 40 ათას დოლარამდე ღირს, რაც ბევრად იაფია იმავე 150 კმ-ზე მფრენი "ჰაიმარსის" ER GMLRS-ის ტიპის თანამედროვე რაკეტაზე.

GLSDB-ის კიდევ ერთი, ძალზე მნიშვნელოვანი უპირატესობა ისიცაა, რასაც "ჰაიმარსის" ყველაზე "ჭკვიანი" რაკეტაც კი ვერ შეძლებს - თუკი მოწინააღმდეგის პოზიცია მთის უკანა კალთაზეა, მისი დაზიანება რაკეტით ურთულესია, რადგან რაკეტის ფრენის ტრაექტორია მკვეთრად ვერ შეიცვლება მთის წვერის გადაფრენის შემდეგ, GLSDB-ისთვის კი ეს პრობლემა არ არის, რადგან სარაკეტო ძრავას მოცილებული საავიაციო ბომბი პლანირებას იწყებს, უპრობლემოდ შეუძლია მკვეთრი მანევრის შემდეგ უკან გამობრუნდეს და მთის კალთაზე შეფარებულ მოწინააღმდეგეს ზურგიდან (საიდანაც არავინ ელოდება) დაეცეს.

მოკლედ, რუსეთ-უკრაინის ომი დაწყებიდან მეორე წელს უფრო რთულ ფაზაში გადადის. ბრძოლებში შეიარაღების ახალ-ახალი სახეობები და ტიპები ერთვება, რომლებიც მეტი დამაზიანებელი ძალითა და გაზრდილი სიზუსტით გამოირჩევიან.