ციკლონი, რომელმაც კინაღამ წაგვიღო - კვირის პალიტრა

ციკლონი, რომელმაც კინაღამ წაგვიღო

ბათუმი საუცხოო ამინდით დახვდა საქართველო-ნორვეგიის პრინციპულ მატჩს (გარდა იმისა, რომ მიმდინარე შესარჩევ ციკლში ნორვეგიის ნაკრები ლამის მთავარი კონკურენტია ჩვენთვის, ვიკინგების შთამომავლებთან პირადი ანგარიშიც გვქონდა გასასწორებელი - აქამდე გამართული სამი მატჩიდან სამივე წავაგეთ). თუმცა მატჩის დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე ამინდი ერლინგ ჰოლანდის სისწრაფით შეიცვალა: ბათუმს (ცხადია, სტადიონსაც) ნამდვილი ქარიშხალი დაატყდა თავს - ძლიერმა ქარმა სახლებს­ სახურავები გახადა, დააზიანა ხეები, ავტომობილები, ადამიანები...

მოგვიანებით ნანახმა ვიდეოფირმა დაგვარწმუნა, რომ სანამ ბათუმში ციკლონი ბობოქრობდა, ქალაქში ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ადგილი სწორედ "ბათუმი არენა" იყო (თუ ყურადღებას არ მივაქცევთ ახლომდებარე მშენებარე შენობებიდან წამოღებულ დიდი რაოდენობით მტვერსა და სამშენებლო მასალას, მოედნის კიდეებთან განთავსებული ელექტრონული სარეკლამო დაფების წაქცევას, ნაგვით მოფენილ მინდორსა და რაც მთავარია, ქარის მიმართულებას, რომელიც პირველ ტაიმში სტუმართა სასარგებლოდ ქროდა. მატჩის დაწყებისთანავე ჩვენი განწყობაც ამინდივით სწრაფად შეიცვალა - ნორვეგიის ნაკრებმა ჩრდილოური ციკლონივით გადაუარა პირველ ნახევარში საშინლად მოთამაშე მასპინძელთა გუნდს!

ქარიშხალმა ადამიანები დააზიანა, სახლები და ავტომანქანები გააფუჭა, ნორვეგიასთან მატჩის პირველმა ნახევარმა კი - ქართველი გულშემატკივრის განწყობა.

საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია აქტიურად თანამშრომლობს სპორტულ ფედერაციებსა და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან. შედეგად, ჟურნალისტებს შესაძლებლობა აქვთ დაესწრონ როგორც საზღვარგარეთ, ისე საქართველოს სხვადასხვა ქალაქში გამართულ სპორტულ ღონისძიებებს. ბათუმში ჩვენი სტუმრობაც ამ თანამშრომლობის შედეგია და ეს პატარა წერილიც. ბევრის დაწერას არ ვაპირებ: რამდენიმე დღის წინ გამართული თამაშიც ყველამ ნახეთ და მატჩის შემდგომი შეფასება/კომენტარებიც. თუმცა "პალიტრამედიის" ფოტოკორესპონდენტ ვანო გორგიშვილის გადაღებული ჩინებული ფოტოებიდან რამდენიმეს მაინც ამოვარჩევ და მათთან ერთად რამდენიმე სიტყვით ჩემს მოკრძალებულ მოსაზრებასაც მოგახსენებთ ვილი სანიოლის გუნდის თამაშზე:

ჯერ ის ვთქვათ, რომ ჩვენი გუნდის თამაშის, სტუმართა სიძლიერისა და რაც მთავარია, მატჩის მიმდინარეობის გათვალისწინებით, შედეგით კმაყოფილი უნდა ვიყოთ. ნორვეგიული და მსოფლიო ფეხბურთის მთავარი ვარსკვლავის ერლინგ ჰოლანდის (გნებავთ, ერლინ ჰოლანის) არყოფნაშიც კი, ნორვეგიის ნაკრები ძლიერი მოთამაშეების ნაკლებობას არ უჩივის (ოდეგორი, სოლროტი, სოლბაკენი, ოსტიგორი, აურსნესი და სხვ.) მალაგაში 0:3 წაგების შემდეგ, სტალე სოლბაკენის გუნდს ფიორდების სუფთა ჰაერივით სჭირდებოდა ბათუმში გამარჯვება, დაწინაურებაც მალევე მოახერხა და ჩვენი იღბალი და მამარდაშვილი რომ არა, რამდენიმე ბურთის გატანა კიდევ შეეძლო. ნამატჩევს ამიტომაც ჩამოსტიროდათ ცხვირ-პირი და არც დაუმალავთ, ორი ქულის დაკარგვით საშინლად რომ არიან იმედგაცრუებული.

ოღონდ სკანდინავიელებმა თავისი იკითხონ, ჩვენ ჩვენი გასაჭირისა ვთქვათ: ბათუმურმა მატჩმა (განსაკუთრებით, საწყის 35 წუთში) კიდევ ერთხელ გვიჩვენა, რომ ჩვენი გუნდის საყრდენი ნახევარმცველები მეტოქეთა უმეტესობას სისწრაფეშიც ჩამორჩებიან და იმპროვიზაციაშიც. საყრდენს ორი ძირითადი ფუნქცია აქვს: თუ თამაშის "დალაგებას" და შეტევის წამოწყებას ვერ შეძლებს, მოწინააღმდეგის იერიშის ჩაშლა მაინც უნდა შეეძლოს. სამწუხაროდ, აბურჯანიას და კვეკვესკირისგან მსგავსი ვერაფერი ვნახეთ. უიღბლო მატჩი ნებისმიერ ფეხბურთელს ჰქონია, არც იმაში მეპარება ეჭვი, რომ ცდა არც ამ ბიჭებს დაუკლიათ, თუმცა... როცა მოთამაშეს არაფერი გამოსდის, საქმეში მწვრთნელი უნდა ჩაერიოს! ვილი სანიოლმა ვერც სასტარტო შემადგენლობა გამოიცნო (არადა, მონღოლეთთან მატჩში ნანახის შემდეგ პირიქით უნდა მომხდარიყო) და შეცვლებიც დააგვიანა. თუნდაც აბურჯანიას შეცვლა მეორე ტაიმის დასაწყისიდანვე შეიძლებოდა, ისევე როგორც ფლანგის მცველ(ებ)ის ჩანაცვლება. საბოლოოდ, სანიოლმა ერთი საათი აცალა შეგირდებს და ჯერ სათამაშო სქემა შეცვალა (სამ მცველს მეოთხე მიაშველა), მერე ზივზივაძის სახით დამატებითი თავდამსხმელიც ჩართო საქმეში, ინერტული დავითაშვილის ნაცვლად კი მარჯვენა ფლანგს საბა ლობჟანიძე დაამატა.

რადგან მონღოლებთან "გასეირნება" ვახსენეთ, ისიც ვთქვათ, რა მოგვცა ამ ამხანაგურმა შეხვედრამ: გამოჩნდა, რომ გოჩოლეიშვილს, გაგნიძესა თუ საზონოვს ნამდვილად შეუძლიათ ნაკრებისთვის სარგებლის მოტანა, მით უმეტეს, მაშინ, როცა მათ პოზიციაზე მოთამაშე თანაგუნდელებს თამაში არ "მისდით. სანამ ტრავმა არ მიიღეს, ვილი სანიოლი ვერც აზაროვს შეელია და ვერც აბურჯანიას. არადა, ნაკრების მარცხენა მცველის ნაცვლად შესულმა გოჩოლეიშვილმა ძალიან კარგად ითამაშა. აქვე, რადგან "ცრვენა ზვეზდას" ახალგაზრდა მცველი ვახსენეთ, ისიც ვთქვათ, რომ ირაკლი აზაროვს სერბულ კლუბში არც ისე ბევრი სათამაშო დრო ეძლევა და რადგან ნორვეგიასთან გამწესებას უპირებდა, სანიოლს შეეძლო მონღოლეთთან ამხანაგურ შეხვედრაში კონდიციისა და თავდაჯერების მოსამატებლად მაინც ეთამაშებინა.

ცალკე უნდა ვთქვათ ჩაკვეტაძეზე. გიორგიმ მონღოლეთთან რამდენიმე კარგი შანსი და პენალტი გააფუჭა, საბოლოოდ დუბლი შეასრულა, მაგრამ ყველა ვხედავთ, რომ ძველებური ფიზიკური და მენტალური ფორმისგან ჯერაც შორს არის. გვესმის, რომ ნახევარდაცვაში სტუმართა დომინაციის ფონზე, სანიოლი შეშინდა - შეძლებდა კი ამ კონდიციაში მყოფი ჩაკვეტაძე დაცვასა და შეტევაში თანაბარი პროდუქტიულობით თამაშს? გვესმის, საფუძვლიანი შიშია, თუმცა... გიორგი ერთ-ერთია იმ მოთამაშეთაგან, მატჩის ბედის გადაწყვეტა ერთი დარტყმით ან გადაცემით რომ შეუძლიათ. ნახევარმცველების უღიმღამო (რბილად რომ ვთქვათ!) თამაშის ფონზე არა მგონია, ჩაკვეს საქმის კიდევ უფრო გაფუჭება მოეხერხებინა. მიმაჩნია, რომ ჩაკვეტაძე 10-15 წუთს მაინც იმსახურებდა - თუნდაც ბოლო წუთებზე თამაშის "დასალაგებლად".

sporti2-1680449107.jpg

და ხვიჩა? თუ ვინმე მისგან მაინცდამაინც დუბლს ან ისეთივე კაშკაშა/შედეგიან თამაშს ელოდა, "ნაპოლის" მაისურით რომ მიგვაჩვია, გაიხსენოს, რამდენ ნორვეგიელს "იწებებდა" კვარა ბურთის მიღებისთანავე, რამდენს შრომობდა დაცვის დასახმარებლად, განსაკუთრებული მეთვალყურეობის მიუხედავად, მაინც რამდენი ხიფათის შექმნა მოახერხა და ა.შ. ოღონდ, თუ თანაგუნდელები ბურთის კვარაცხელიამდე მიტანას ან მისი ჭკვიანური გადაცემების სათანადოდ გამოყენებას ვერ ახერხებენ, ამასაც ხვიჩას ნუ დავაბრალებთ.

ვიმეორებ: ჩვენი თამაშის და მატჩის მსვლელობის ფონზე 1:1 კარგი შედეგია. კატასტროფული ნახევარი საათის განმავლობაში (და მეორე ნახევარშიც) სტუმრებს კიდევ რამდენჯერმე შეეძლოთ დაწინაურება. საბედნიეროდ, იღბალი, მამარდაშვილი და VAღ საჩვენოდ იყვნენ: საქართველოს ნაკრების მეკარემ ორ ეპიზოდში ფანტასტიკურად ითამაშა, სხვა შემთხვევებში კი ოდეგორი და ძმანი მისნი შეცდნენ.

ოდეგორი... ლონდონის "არსენალის" ნახევარმცველი საუცხოო ფორმაშია და ბათუმშიც გამორჩეული, ოღონდ ოდე-გორისა სკანდინავიელებმა თქვან, ჩვენ - ჩვენი გორისა: ჩვენი სტილის, რამაც ქართველთათვის ჩვეული ტექნიკური თამაშის წყალობით უნდა იპოვოს ხოლმე ღრიჭოები ნორვეგიის მსგავსად "დაპროგრამებულ", სათამაშო სქემებში გახლართულ მეტოქეებთან. ვნახეთ კიდეც, რომ სახიფათო შეტევები მოჰყვა სწორედ იმ იშვიათ ეპიზოდებს, როცა არასტანდარტულად თამაშს ვახერხებდით: კვარას გარღვევები, ზურიკოს გრძელი "სლალომი", საბა ლობჟანიძის ტექნიკური თამაში თუ სულაც გოლის ეპიზოდი, როცა დროული პასის შემდეგ მიქაუტაძემ კარგადაც გაიგდო ბურთი და ტექნიკურადაც დაარტყა.

ვიცით, რომ დიდი არჩევანი არა გვაქვს, მეტოქე ფეხბურთელების უმეტესობა კლუბების/ჩემპიონატების დონითაც გვჯობნის და ფიზიკური კონდიციებითაც. ამ ფონზე ნაკრების მწვრთნელი იძულებულია ხოლმე გამოცდილების ან სახელის გამო ამჯობინოს ფეხბურთელი უკეთეს ფორმაში მყოფ თანაგუნდელს, მაგრამ... როცა ნახა, რომ სასტარტო შემადგენლობამ არ გაამართლა, ფრანგ მწვრთნელს უფრო აქტიურად მართებდა საქმეში ჩართვა.

ჩრდილოეთიდან მოსულმა ციკლონმა კინაღამ ბათუმიც წაიღო და... საქართველოს ნაკრებიც. თუმცა მოპოვებული ქულის გარდა, ბათუმში კარგი ისიც ვნახეთ, რომ საქართველოს ნაკრების თავკაცმა თამაშის მსვლელობისას შეცვალა სათამაშო სქემა და შედეგიც მიიღო. ვილი სანიოლის სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ თავისივე შეცდომებზე თითქმის ყოველთვის სწავლობს. ეს იმედს გვიტოვებს, რომ ივნისის მატჩებში (კვიპროსსა და შოტლანდიასთან) უკეთ ვითამაშებთ.