"ხშირია შემთხვევები, როცა პირი, ოჯახის წევრის თანხმობის გარეშე იღებს სესხს, შემდეგ ვერ იხდის თანხას და ბინა გადის აუქციონზე" - კვირის პალიტრა

"ხშირია შემთხვევები, როცა პირი, ოჯახის წევრის თანხმობის გარეშე იღებს სესხს, შემდეგ ვერ იხდის თანხას და ბინა გადის აუქციონზე"

მკითხველების შეკითხვებს პასუხობს სისხლის სამართლის საქმეების, ასევე სამოქალაქო და ბავშვთა უფლებებში ლიცენზირებული ადვოკატი თამარ ფირცხალავა.

„თანამესაკუთრის უფლება დაცული რომ იყოს, საჯარო რეესტრში თავიდანვე უნდა დაარეგისტრიროთ...“

- მე და ჩემმა მეუღლემ ბინა თანაცხოვრების დროს შევიძინეთ, მაგრამ ჩემი მეუღლის სახელზეა გაფორმებული. მინდა ჩემ გარეშე ვერ შეძლოს ბინის გასხვისება. როგორ მოვიქცე?

- კანონით, ქორწინების პერიოდში შეძენილი ბინა საკუთრების უფლებით ორივე მეუღლეს ეკუთვნის, მაგრამ თუ ბინა მხოლოდ ერთ მეუღლეზეა აღრიცხული, მაშინ მესაკუთრედ ითვლება ის, ვის სახელზეც ბინაა. მას უპრობლემოდ შეუძლია ბინის გაყიდვა. ამ დროს მყიდველი კეთილსინდისიერი შემძენი ხდება, რადგან ბინის მესაკუთრე კანონით არის ის, ვისზეც ბინაა აღრიცხული. მყიდველისთვის ბინის გადაფორმების შემდეგ თანამესაკუთრე, რომელსაც წილი საჯარო რეესტრში არა აქვს დაფიქსირებული, კეთილსინდისიერი მყიდველისგან ამ ბინიდან წილს ვეღარ დაიბრუნებს. მეორე მეუღლეს მხოლოდ და მხოლოდ ერთი გზა რჩება - ბინის მესაკუთრეს, ანუ თავისი ოჯახის წევრს, კომპენსაცია მისი წილის სანაცვლოდ მოსთხოვოს.

ასეთი დავები ხშირია სასამართლოში, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ძალიან ხშირად, როცა ბინა გაიყიდება, ბინის გამყიდველი, იმისთვის, რომ თავი აარიდოს კომპენსაციის გადახდას, აღებული ფულით არ ყიდულობს ისეთ ქონებას, რომელიც შეიძლება მის სახელზე დარეგისტრირდეს, ასეთ შემთხვევაში კი დაზარალებული თანამესაკუთრე კომპენსაციასაც ვეღარ იღებს­. ამიტომაც თანამესაკუთრის უფლება დაცული რომ იყოს, საჯარო რეესტრში თავიდანვე უნდა დაარეგისტრიროს მეორე მეუღლემაც თავისი თანასაკუთრების უფლება. ასეთ სიტუაციაში მისი თანხმობის გარეშე მეუღლე ბინას ვერ გაყიდის.

ამ უფლებით, წესით, უნდა ისარგებლოს ნებისმიერმა მოქალაქემ და საჯარო რეესტრში დაარეგისტრიროს თავისი წილი. შემდეგ თუ ბინა გაიყიდება, მყიდველს ვინც საჯარო რეესტრში თანამესაკუთრეებად არიან რეგისტრირებული, ყველა მათგანთან გაფორმებული ხელშეკრულება დასჭირდება. თუ ერთ პირზეა გაფორმებული, მხოლოდ ერთის თანხმობაა საჭირო, თუ რამდენიმეზე, ყველას თანხმობა. ყველას, ვისაც თანამესაკუთრის უფლებები აქვს და არა აქვს ეს რეალიზებული, ვურჩევ, აუცილებლად დარეგისტრირდნენ საჯარო რეესტრში, რადგან­ დღეს მოქმედი კანონით კეთილსინდისიერი შემძენის უფლებები უფრო დაცულია - თუკი ბინა გაიყიდა, მისი დაბრუნება გამორიცხულია. თუკი მოუნდებათ ბინის გაყიდვა და ორივე მხარე თანახმაა, ასეთ დროს ბინა გაიყიდება ჩვეულებრივ და მხარეები წილებს გაიყოფენ.

ხშირია შემთხვევები, როცა პირი, რომლის სახელზეც არის ქონება, ოჯახის წევრის თანხმობის გარეშე იღებს სესხს, ბინას ტვირთავს იპოთეკით, შემდეგ ვერ იხდის თანხას და ბინა გადის აუქციონზე. ამ დროს ოჯახის წევრები ამბობენ, რომ არ იცოდნენ ეს ამბავი და არ სურთ ბინიდან გასვლა. ასეთ ფაქტებს რომ თავი აარიდოს ოჯახის სხვა წევრმა, ამისთვისაც აუცილებელია თანამესაკუთრედ დარეგისტრირდეს.

ბინის მესაკუთრეს თანამესაკუთრის თანხმობა სესხის აღების დროსაც სჭირდება და თქვენ გარეშე ვერანაირ ოპერაციას ვერ ჩაატარებს. ამით კი თავს და თქვენს ქონებას დაიცავთ.

„მოქალაქეებს ვურჩევ, იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხი გასცენ, ასე უფრო დაცულები იქნებიან...“

- რა განსხვავებაა სესხისა და იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულებებს შორის? გააგრძელეთ კითხვა