"მეტროსადგურებში ხალხის დიდ ნაკადთან დაკავშირებული პრობლემის გადაჭრის ორი გზა არსებობს"
ქალაქ თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მეტროსადგურებში დამატებითი ჩამომსვლელ-ამომსვლელების შექმნასთან დაკავშირებით, თბილისის მერია აზიის განვითარების ბანკთან მუშაობს.
როგორც კახა კალაძემ განაცხადა, მოკლევადიანი პროექტი, რომელიც მეტროსადგურებში დამატებითი ტურნიკეტების დაყენებას გულისხმობს, სიტუაციას განმუხტავს, თუმცა პრობლემას სრულად ვერ მოაგვარებს.
„მეტროსადგურებში ხალხის დიდ ნაკადთან დაკავშირებული პრობლემის გადაჭრის ორი გზა არსებობს. ერთი არის მოკლევადიანი, რომელიც დამატებითი ტურნიკეტების დაყენებას გულისხმობს. ეს სექტემბრისთვის უკვე მზად უნდა იყოს. მე არ მგონია, რომ ეს პრობლემას მთლიანად მოაგვარებს. შეიძლება, გარკვეული შვება მისცეს, დაახლოებით 20-30%-ით, მაგრამ მდგომარეობს სრულად ვერ გამოასწორებს.
მეორე გეგმა სათადარიგო ამომსვლელ-ჩამომსვლელების შექმნას გულისხმობს. ეს პროექტი გრძელვადიანია და მასზე აზიის განვითარების ბანკთან ვმუშაობთ. საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების დახმარებით, აღნიშნული პროექტიც განხორციელდება”, - აღნიშნა კახა კალაძემ.
IPN