"დავით კეზერაშვილი უფრო "ქართულ ოცნებას“ ეხმარება, ვიდრე ოპოზიციას..."
დავით კეზერაშვილი უფრო "ქართულ ოცნებას" ეხმარება, ვიდრე ოპოზიციას - მთელი ოპოზიციური პროცესის დისკრედიტაცია მოხდა იმის გამო, რომ "ნაციონალური მოძრაობის" სათავეში კეზერაშვილ-მერაბიშვილი აღმოჩნდნენ, - ამის შესახებ "გირჩის" დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
ხვიჩიას თქმით, კეზერაშვილისადმი მისი რჩევა იქნებოდა, რომ ქვეყნის პოლიტიკიდან საერთოდ წასულიყო, ისევე როგორც "ნაციონალური მოძრაობის" ბევრმა სხვა ლიდერმა უნდა გააკეთოს.
"სხვა რა უნდა აწყობდეთ, "ქოცებს"?! თუ მართლა "ქოცებს" ებრძვი, ის არ უნდა დაუშვა, რომ ყველაზე დისკრედიტირებული აღმოჩნდე ოპოზიციის მხარეს და დისკრედიტირების მიზეზი იყო. ზოგადად, არსებული ოპოზიციური კონსტრუქცია, რომელიც კეზერაშვილის ფულზე და "ნაცების" შიგნით ვანოს რეპუტაციაზე დგას, ჩემი აზრით, "ქოცების" დამარცხების პროცესს აზიანებს კი არა, ხელს უშლის. თუ რაიმე ინარჩუნებს ხელისუფლებას, "ნაცების" მტრის ხატია - სააკაშვილი რომ ციხეშია, ეს ხატი სათანადოდ მაინც არ გამოიყურება. ამიტომ საჭიროა მისი გაძლიერება ისეთი ფიგურებით, როგორიც მერაბიშვილ-კეზერაშვილია. ამაში ხელი "ქოცებს" არ უნდა შეუწყონ.
ჩვენ დავით კეზერაშვილთან არც კომუნიკაცია გვქონია და არც თანამშრომლობის სურვილი გაგვაჩნია, რადგან ჩვენთვის თავისუფლება უფრო მნიშვნელოვანია. თუ ფულს ვინმე გაძლევს, ფულს თავისუფლების სანაცვლოდ გაძლევს და ჩვენ მზად არ ვიყავით, თავისუფლება კეზერაშვილის ფულის გამო დაგვეთმო", - განუცხადა ჟურნალისტებს იაგო ხვიჩიამ.
ambebi.ge