"მიხეილ სააკაშვილი, ფაქტობრივად, გადაადგილებას ვეღარ ახერხებს" - კვირის პალიტრა

"მიხეილ სააკაშვილი, ფაქტობრივად, გადაადგილებას ვეღარ ახერხებს"

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, კლინიკა „ვივამედის“ საჯარო განცხადებები ადასტურებს, რომ „ისინი მიხეილ სააკაშვილის აზრს გადაყვანასთან დაკავშირებით ეთანხმებიან.“

მისივე თქმით, ხშირად კლინიკა „ვივამედის“ განცხადებები და ყოფილი პრეზიდენტის ავადმყოფობის ისტორიის ჩანაწერები ერთმანეთს არ ემთხვევა.

„შეიძლება ითქვას, რომ მიხეილ სააკაშვილი ფაქტობრივად გადაადგილებას ვეღარ ახერხებს. მისი წონა უკვე 60 კილოგრამზე ქვემოთ არის ჩამოსული, ეს გიული ალასანიამ მითხრა. მან(სააკაშვილმა) მითხრა, რომ თუ რამეს მთავაზობენ მკურნალობის კუთხით ყველაფერს ვთანხმდებიო. დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება. ავადმყოფობის ისტორიაში მას არასდროს არ განუცხადებია რაიმე მკურნალობაზე უარი.

ამ საქმემ აჩვენა, რომ ჯობია წავიკითხოთ ავადმყოფობის ისტორიაში რა წერია, იმიტომ, რომ ხშირად კლინიკა „ვივამედის“ განცხადებები და ავადმყოფობის ისტორიის ჩანაწერები ერთმანეთს არ ემთხვევა. ავადმყოფობის ისტორია, თებერვლის თვის ჩათვლით, რაც ვნახე, მასთან ერთხელ არის ფსიქიატრი ნამყოფი. სასამართლო პროცესები მიმდინარეობდა, მერე ფსიქიატრის ჩანაწერი გაკეთებული არ არის. ხვალ დილით მივიღებ მარტის თვის ჩანაწერს და ვნახოთ.

გამოდის, რომ კლინიკა სააკაშვილის აზრს გადაყვანასთან დაკავშირებით ეთანხმება. ბოლო დღეებში, მე რაც მათ განცხადებებს ვუსმენ, ყოველ შემთხვევაში ეს შთაბეჭდილებები მრჩება. ჩემი მოსაზრებაა, რომ იუსტიციის სამინისტრო კლინიკა „ვივამედში“ მის „მკურნალობას“ გააგრძელებენ“, - განაცხადა ხაჭაპურიძემ.

ექსპრეზიდენტის ადვოკატის განმარტებით, სტრასბურგის სასამართლოში სარჩელის გაგზავნასთან დაკავშირებით „გადაწყვეტილება მიღებული არ არის.“

„ჯერჯერობით ასეთი გადაწყვეტილება მიღებული არ არის. მიხეილ სააკაშვილი სტრასბურგთან დაკავშირებით ჯერჯერობით არაფერს არ ამბობს. მე ველოდებით დამატებით დოკუმენტებს, თუ სარჩელი სტრასბურგში გაიგზავნება მას, რომ დავურთო. სააკაშვილმა მკითხა დოკუმენტები ხომ არ მიმიღია, მე ვუთხარი, რომ ჯერ არ მიმიღია, მეტი არაფერი უთქვამს“, - აღნიშნა ხაჭაპურიძემ.

ყოფილი პრეზიდენტის ინტერესების დამცველის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის პროცესში ჩართული ყოფილი ენდოკრინოლოგის, სოფო მებუკის მიერ გაკეთებული საჯარო განცხადებებთან დაკავშირებით მოკვლევა რეგულირების სააგენტოში დაწყებულია.

„სოფო მებუკეს მიერ გაკეთებული განცხადებებთან დაკავშირებით მოკვლევა რეგულირების სააგენტოში დაწყებულია და მას პასუხისმგებლობის აღება მოუწევს იმ უკანონო ქმედებებზე, რაც მან არაერთხელ განახორციელა მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ. ვგულისხმობ, როცა მან საჯაროდ მიხეილ სააკაშვილის პერსონალური ინფორმაცია არაერთხელ გააჟღერა, ამაზე მას ნებართვა მიხეილ სააკაშვილისგან არ ჰქონდა“, - განაცხადა ხაჭაპურიძემ.

IPN