"ფიროსმანი რომ ეგონათ, ნიკო გოცირიძე ყოფილა" - კვირის პალიტრა

"ფიროსმანი რომ ეგონათ, ნიკო გოცირიძე ყოფილა"

"რკინიგზის ისტორია

გენიალური მხატვარი ნიკო ფიროსმანი რკინიგზის თანამშრომელი იყო.

პირველად,1890 წელს, მეგობრის რეკომენდაციით მას რკინიგზის სადგურში დარაჯად დააწყებინეს მუშაობა, მაგრამ იგი სამსახურიდან გაათავისუფლეს უფროსთან მომხდარი კონფლიქტის გამო. მოგვიანებით, ისევ მეგობრის ჩარევით, ნიკო რკინიგზაში დააბრუნეს სატვირთო მატარებლის ღია პლატფორმის კონდუქტორად. თუმცა, სუსტი ჯანმრთელობის გამო, 1894 წელს მან თავისი ნებით დატოვა სამსახური. ფოტო, რომელზეც, სავარაუდოდ, ფიროსმანია აღბეჭდილი, “საქართველოს რკინიგზის” არქივმა შემოინახა" - იუწყებოდა საქართველოს რკინიგზის ოფიციალური გვერდი 2019 წლის 21 იანვარს...

263407191-233274472219889-382904696337616314-n-1680535732.jpg

"ეს კაცი, ფიროსმანი რომ ეგონათ, ნიკო გოცირიძე ყოფილა. დღეს აღმოვაჩინე გრიშაშვილის ძველ გამოცემაში", - ამ პოსტს კი სოციალურ ქსელში მკვლევარი გოგა ქართველიშვილი ავრცელებს. პოსტს "ხელოვნების სასახლის" დირექტორი გიორგი კალანდია ეხმაურება, რომელიც ამბობს, რომ ნამდვილად ნიკო გოცირიძეა და ორიგინალი ფოტო სასახლეში ინახება...

გოგა ქართველიშვილი „კვირის პალიტრას“ ნიკო გოცირიძის ფოტოს აღმოჩენაზე ესაუბრება და იმის შესახებ, თუ რა ხშირად ხდება შეცდომით ნიკო ფიროსმანის ფოტოს გავრცელება...

- თავიდანვე დარწმუნებული ვიყავი, რომ ნიკო ფიროსმანი არ იყო. არც ჰგავდა, არც თარიღები ემთხვეოდა, ეს ფოტოც სადღაც ნანახი მქონდა, მაგრამ ვერ ვიხსენებდი... დღეს გრიშაშვილის ძველი გამოცემა შევიძინე და ეს ფოტოა წიგნში. გრიშაშვილის ნაშრომია ამ მსახიობზე, სადაც მისი ბიოგრაფიაა, ფოტოებია სპექტაკლებიდან...

ნიკო გოცირიძე თეატრის ძველი თაობის მსახიობია.

gocir-1680533385.jpg

- ნაკლებად ცნობილი?

- იმ წლებში სპექტაკლებში იღებდა მონაწილეობას და მნიშვნელოვანი როლები აქვს განსახიერებული. მაშინ ცაგარელის პიესები იდგმებოდა...

- რატომ გაჩნდა ეჭვი, რით მიამსგავსეს?

- რკინიგზის ოფიციალურმა გვერდმა დადო ფოტო, რომელიც ძველ სტენდზე უპოვნიათ... იქაც ვწერდი, რომ ფოტოზე ნიკო ფიროსმანი არ იყო.

კლარის ფოტო არსებობს, რომელიც სიკვდილამდე ორი წლით ადრეა გადაღებული და ადამიანი რამდენიმე წელიწადში ისე ვერ დაბერდება, რომ ასეთი მსგავსება იყოს.

სამწუხაროდ, ბევრი ფოტოა, რომელიც ფიროსმანი ჰგონიათ. მათ შორის, ერთი ცნობილი ფოტოა, პეტრე სარაჯიშვილის გასვენებაში მყოფი ულვაშებიანი კაცის... 1914 წელს გადაღებული კლარის ფოტო გვაქვს ნიკო ფიროსმანის და სარაჯიშვილის დასაფლავებაზე სრულიად ახალგაზრდა ბიჭია ულვაშებით.

niko-gociridze-1680533424.jpg

ფიროსმანის მხოლოდ ორი ფოტო არსებობს. ერთი - ყმაწვილობის, სადაც, დაახლოებით, ოცი წლისაა და საპასპორტე ფოტოს ჰგავს; მეორე - ცნობილი, ულვაშებიანი ფოტო, რომლის ორიგინალიც აღარ არსებობს...

ფიროსმანი მხატვრებს რომ შეხვდა, დიმიტრი შევარდნაძემ აიძულა, წაიყვანეს, გადაიღეს და გაზეთ „ცნობის ფურცელში“ დაიბეჭდა.

სადაც კი ვრცელდება, ყველგან იმ გაზეთის ხარისხით.

ერთ ფოტოზე მამაკაცი, რომელიც ჩაცუცქულია მიცვალებულთან, საერთოდ არაქართველი გამოდგა, რომელიც, ასევე, ფიროსმანი ეგონათ. 1970-იან წლებში უარყვეს, რომ ფიროსმანი არ იყო. თუმცა ფიროსმანს იმ ტიპაჟით დღემდე ხატავენ...

(სპეციალურად საიტისთვის)