"შავი თმა რომ მქონდა, ყველას ბრაზიანი, ბუა, "ქუჩის ბიჭი" ვეგონე, თითქოს ეშინოდათ ჩემი. გავიღიავე და ახლა სხვა რამე ჰგონიათ"
ალექსანდრე ნასყიდაშვილი კლასიკური მუსიკის შემსრულებელია და წარმატებაც არაერთხელ იგემა. ახლახან ამერიკულ კონკურსში მიიღო მონაწილეობა და მეორე ადგილზე გასვლის შემდეგ, კონცერტზე გამოსასვლელად ოკეანეს მიღმა მიიწვიეს, სადაც ძალიან მიეჩქარება, რადგან გარდა იმისა, რომ საოცნებო ქვეყანაში მიდის, ამერიკაში მცხოვრები ადამიანებისთვის უნდა იმღეროს, იქ დედა ელოდება, რომელიც 10 წელია, არ უნახავს...
- კლასიკას ვმღერი. ამბობენ, რომ 4 წლამდე ლაპარაკი საერთოდ არ შემეძლო, მერე კი ლაპარაკიც და სიმღერაც ერთდროულად დავიწყე. ყოველთვის სიმღერისკენ მიმიწევდა გული, გამუდმებით ვღიღინებდი და დედამ გადაწყვიტა, მუსიკაზე შევეყვანე. ბაბუაჩემის მამა მღეროდა თურმე ძალიან კარგად და რა ვიცი, ალბათ ნიჭი მემკვიდრეობით მერგო. ოჯახში სმენა ყველას ჰქონდა, ხმის კი რა გითხრათ, მაგრამ დედა ხშირად მასმენინებდა გემოვნებიან მუსიკას...
- როგორც მითხარი, 9 წლისა ევგენი მიქელაძის სახელობის მუსიკალურ კოლეჯში მიგიყვანეს...
- დიახ და იქ ჩემი მასწავლებლები იყვნენ ეთერ წიკლაური, ანზორ აღლაძე და ჩემი კონცერტმaისტერი ირინა აღლაძე. ამ სასწავლებელში იყო ბევრი გართობა, სწავლა, შრომა. ძალიან არ მიყვარდა სოლფეჯიო, რადგან რთული ასათვისებელი გახლდათ, მაგრამ თავს ძალა დავატანე და ვისწავლე. 10 წლისა პირველად გამიყვანეს კონსერვატორიის მცირე დარბაზის სცენაზე და იმავე წელს, კონსერვატორიის დიდ დარბაზშიც მიმიწვიეს ორკესტრთან ერთად. მახსოვს, ძალიან ვნერვიულობდი, თან მიხაროდა, ბავშვური სიამაყე მომაწვა. სცენაზე რომ დავდგი ფეხი და ადამიანების მოღიმარი სახეები დავინახე, ყველაფერი დამავიწყდა, მოვდუნდი და უბრალოდ ვიმღერე, ამით მეც ვისიამოვნე. მუსიკა ჩემთვის მარტო სამუშაო, ჰობი, გართობა არ არის, ამით უდიდეს სიამოვნებას ვიღებ. მაშინაც, ჯერ კიდევ პატარა, ძალიან ამაყი ვიყავი, რადგან ვხვდებოდი, ეს იმ დროს ჩემთვის დიდი მიღწევა იყო. ამ ყველაფრისთვის დედაჩემის მადლობელი ვარ. მისი დამსახურებაა, ამ გზას რომ გავყევი, თორემ ხომ იცით, ბიჭები ცოტა ზარმაცები ვართ, რაღაც პერიოდი თავშიც გვიქრის (იცინის).
- მამას რა როლი ჰქონდა ამ ყველაფერში?
- მამასთან ერთად არ ვცხოვრობდი, თუმცა ფაქტია, მასაც ძალიან უხაროდა ჩემი წარმატებები. მასთან ერთად სიმღერა მიყვარდა და ერთად ხშირად ვმღეროდით.
- შენს ყველაზე დიდ წარმატებად რას მიიჩნევ?
- 11 წლისა "ანაბანაში" ვმონაწილეობდი და პირველი ადგილი ავიღე (ტელევიზიით გადიოდა ეს პროექტი). ჩემთვის, კლასიკური სიმღერების შემსრულებლისთვის ეს ცოტა სხვა გამოწვევა იყო, რადგან საესტრადო მუსიკას სხვანაირი მუშაობა და რაღაც დონეზე, ქორეოგრაფიაც სჭირდება. დაძაბულობას მიხსნიდნენ, რომ მემოძრავა, ერთ ადგილას არ ვმდგარიყავი. თავიდან გამიჭირდა და ვამბობდი, ეს ჩემი არ არის-მეთქი, მაგრამ პროექტზე იმდენად კარგი ადამიანები მუშაობდნენ, რომ საკუთარი თავის რწმენა შემმატეს და მერე, რეპეტიციაზე რომ მივდიოდი, თავი სახლში მეგონა, დაძაბულობას საერთოდ ვეღარ ვგრძნობდი, ვერთობოდი კიდეც. იმ წელს ბევრი კარგი ბავშვი გამოდიოდა, დიდი კონკურენცია იყო. ზოგადად, როცა კონცერტზე გავდივარ ან კონკურსში ვმონაწილეობ, ყოველთვის სწორად ვაფასებ სხვა მომღერლებს, რადგან არ არსებობს, ყველას აქვს რაღაც ისეთი, რაშიც სხვებზე ძლიერია და კონკურენტების ასეთი შეფასება თავადაც სტიმულს მაძლევს, რომ უკეთესი გავხდე. მოკლედ, ამ კონკურსში ყოფნისას ბევრი ვიშრომე და როცა გალა-კონცერტზე გამოაცხადეს, რომ პირველ ადგილზე გავედი, ეს ჩემთვის შოკი იყო...
- რუსეთში გამართულ ერთ-ერთ კონკურსშიც წარმატებას მიაღწიე...
- მაშინ 13 წლის ვიყავი. სანqტ-პეტერბურგში, ელენა აბრასცოვას კონკურსში მივიღე მონაწილეობა და მესამე ადგილზე გავედი. იცით, თავიდან ყველა რაღაცნაირად, უხეშად მიყურებდა და ეს ძალიან არ მომეწონა. ჩემზე რუსულად რაღაცებს ამბობდნენ და არ ვიმჩნევდი, რომ მესმოდა. როცა დედასთან მარტო დავრჩი, ვუთხარი: ამათ ვანახvებ, როგორ უნდა ქართველების აგდება-მეთქი. როცა ვიმღერე, მერე დავიწყე რუსულად ლაპარაკი და გაოცებულები ერთმანეთს უყურებდნენ. ამ დროსაც ძალიან ამაყი ვიყავი...
მუსიკის გამო ბავშვობიდანვე ბევრ რამეზე მომიწია უარის თქმამ. მზესუმზირა, ცივი წყალი და ასეთი რაღაცები ჩემთვის აკრძალული იყო. არადა, რასაც გიკრძალავენ, ის ხომ უფრო მეტად გინდა და ხანდახან მეც ვმაიმუნობდი, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ხმა გადამირჩა.
- ონლაინკონკურსებში ხშირად მონაწილეობ...
- დიახ, 2019-20 წლებში დავიწყე ონლაინკონკურსებში საკუთარი ძალების მოსინჯვა და პირველ, მეორე ან მესამე ადგილს გარანტირებულად ვიღებდი. 2022 წლის ზაფხულში ძალიან მომინდა, სადმე "ლაივში" მემღერა. მაინტერესებდა, ჩემი ხმა რამდენად იჟღერებდა ე.წ. მუტაციის შემდეგ და ხალხს მოეწონებოდა თუ არა. ამიტომაც მოვსინჯე და იტალიაში, ფესტივალზე წავედი, სადაც 400 კაცში "გავძვერი" და ბოლო დღეს, გალა-კონცერტზე გამარჯვებულების დასახელება რომ დაიწყეს, მართალია, თავდაჯერებულობა არ მაკლია, მაგრამ ცოტა არ იყოს, ავღელდი. მესამე ადგილზე არ დამასახელეს; მეორე ადგილზე ხუთი ადამიანი გავიდაო, რომ თქვეს და მეოთხე დასახელებულშიც არ იყო ჩემი გვარი, უკვე დავიძაბე, მაგრამ მერე "ალექსანდრე ნასყიდაშვილი" რომ გამოაცხადეს, საოცარი ემოცია დამეუფლა. მე ხომ ფაქტობრივად, 6-წლიანი პაუზის შემდეგ, პირველივე ჯერზე, თანაც ამდენ ადამიანს შორის ჩემი ადგილი დავიმკვიდრე. ეს კარგი შეგრძნება იყო.
- მალე ამერიკაში აპირებ გამგზავრებას...
- დიახ, ამერიკაში გამოცხადებულ კონკურსზე რომ გავიგე, იტალიიდან ახალი ჩამოსული ვიყავი. 2 თვე მქონდა ახალი სიმღერის დასამუშავებლად და გასაგზავნად. მოკლედ, გავგზავნე სიმღერა და განაჩენს ველოდი ძალიან დიდხანს, მთელი 3 კვირა. იმ პერიოდში ვერც ვიძინებდი. ერთ დღესაც, დილის 5 საათზე შევედი მეილის შესამოწმებლად და წერილი დამხვდა, სადაც ეწერა, რომ მეორე ადგილი ავიღე ჩემს ჟანრში. არ იცით, რა დამემართა: ავკივლდი, ავყვირდი სიხარულისგან და სახლში ყველა გავაღვიძე. 4000 კაცზე მეტი მონაწილე იყო და ამხელა ნაკადში მეორე ადგილი მერგო! მაშინვე დედას დავურეკე და ვახარე ეს ამბავი. ახლა ვემზადები, 2 კვირა დამრჩა წასასვლელად: უნდა გამოვიდე კარნეგი ჰოლში, სადაც ამ კონკურსის გამარჯვებულები კონცერტს ვმართავთ.
- ალბათ ამერიკაში დარჩენას გეგმავ...
- დიახ და ვაპირებ ჯულიარდის სკოლაში, ვოკალის ფაკულტეტზე ჩავაბარო. ვნახოთ, იმედია მიზანს მივაღწევ. ამერიკა, ბოლო-ბოლო, შესაძლებლობების ქვეყანაა და მეც შევძლებ იქ საკუთარი თავის დამკვიდრებას, ეს კი, როგორც ყოველთვის მეუბნებოდნენ მშობლებიც და მასწავლებლებიც, დიდი შრომის გარეშე არ გამოვა, მე კი შრომა არ მეზარება...
- დედაშენი ამერიკაშია, არა?
- კი, მეათე წელია არ მინახავს და მარტო ამიტომაც ღირს წასვლა. არ ვიცი, რა ემოცია მექნება, როცა ვნახავ. გამარჯვება სასიამოვნოა, მაგრამ დედის ნახვა, ეს ყველაზე მაგარია, რაც წინ მელის. უკვე პატარა აღარ ვარ, მაგრამ სიხარულისგან ბავშვივით რომ ვიტირებ, ეგ წინასწარ ვიცი...
- ცოტა რამ შენს იმიჯზეც მითხარი...
- აქ ცოტა არ იყოს, რთულად გვაქვს საქმე (იცინის).
- რას გულისხმობ?
- გარეთ ყოველთვის ყველა მე მიყურებს.
- იქნებ იმიტომ, რომ მოსწონხართ?
- არა, უფრო აგრესიულ გამოხედვას ვაფიქსირებ. მიყურებს უფროსი თაობა, 35-ს ზემოთ და პატარებიც, ჩემხელებიც. თმა "სხვა ფერი" გაქვს, სხვანაირი სტილი, ჯაჭვები გიკეთია, ყვითელი ზედა გაცვია, პირსინგი ან საყურე გაქვს? - ამის გამო ბევრჯერ მქონია კონფლიქტური სიტუაცია. მიწევს იმის მტკიცება, რომ ადამიანი არ უნდა განსაჯო მხოლოდ გარეგნობით. გაიარე ჩემი ფეხსაცმლით და მერე მიხვდები, როგორია ჩემი ცხოვრებაო, - ხომ გაგიგონიათ?! არ მიყვარს კონფლიქტური სიტუაცია და სულ ვცდილობ, სიტყვით მოვაგვარო პრობლემა, მაგრამ ზოგჯერ არ გამომდის... ხომ გითხარით, რომ დედა ჩემთვის პირველ ადგილზეა და ვიღაცამ ჩემი იმიჯის გამო მისი თავი რომ შემიგინა, ლამის გავგიჟდი, გადამეკეტა და... მერე მიხვდა ის ტიპი, რომ არ ვიყავი ნაზი ბიჭი, სწორ ადგილას ვერ მოხვდა. რას ვიზამთ, ასეთებიც ხდება. 30 წელს გადაცილებულ ადამიანებს თქვენობით ველაპარაკები, ასე აღმზარდეს და ვერც სხვისგან ავიტან უსაფუძვლო შეურაცხყოფას.
- რეალურად, რა არის შენთვის პირსინგი, საყურე, შეცვლილი თმის ფერი?..
- არაფერი, უბრალოდ, მომწონს ეს ყველაფერი. ბავშვობიდან როკი რომ მოგწონს, მერე იმიჯის შეცვლაც გინდება - ეს არის და ეს... ვერანაირ ვალდებულებას ვერ ვხედავ, ყველას აზრი გავითვალისწინო. იცით, შავი თმა რომ მქონდა, ყველას ბრაზიანი, ბუა, "ქუჩის ბიჭი" ვეგონე, თითქოს ეშინოდათ ჩემი. გავიღიავე და ახლა სხვა რამე ჰგონიათ.
- დედა რას გეუბნება ამ ყველაფერზე?
- დედაჩემი უკვე 60 წლის გახდა, მაგრამ საერთოდ არ ეტყობა ასაკი. ის თანამედროვედ აზროვნებს და ყველაფერში მხარს მიჭერს. ამისთვისაც ძალიან ვემადლიერები.
ლიკა ქაჯაია